ბასილ მელიქიშვილი
გველების ტბა
თავი ა
ჰიმნი ვაჟასადმი
"გველი ხატის იასაულია".
(ხალხური თქმა)
მიიღე ქებად ეს სიტყვები, ვაჟა, ბრმა ვაჟავ.
შენი მომწვარი სახე მაგონებს დავით გარეჯის უდაბნოს გათენებისას. შენი თვალი,
-- ამომშრალი თვალი, ტურფა გირხას თვალია. და დარჩება ხალხში ამბად. ვინმე ფშაველი
მელექსე ჩაიმღერს გირხას და შენს სიყვარულზე. თინიბექაის ქალაი ცხვრებს დაამონებს
თქვენზე ატირებული.
ეხლა -- კი მე ვწერ და ვწერ -- ვწუხვარ. ზერავ, ძვირფასო ზერავ, მომასვენე.
ვწერ და ეხლა მაინც მომასვენე.
ესე იქნება კვანძი და დაწყება ლეგენდის.
ვაჟავ, იყავ უდაბნოში -- ის არ იყო საჰარა -- არც აზიის ხმელი უდაბნო, ის იყო
უდაბნო აქ, ფშავეთში -- საქართველოში, უდაბნო, რომელიც მხოლოდ ამ ლეგენდამ გაჩვენა.
გაგიტაცა გამოქვაბულმა კლდემ, სადაც ხალხის თქმით, გველი -- ოქროსფერი გველი
ნატვრის თვალს ათამაშებს.
კარებთან ჰნახე კაცის ჩონჩხი. თავის ქალა სავსე იყო გველებით. კლდე გადმოლეწვას
აპირებდა. მაღლა დაერგათ ლეღვი, ფოთლებგამხმარი.
ჰნახე ოთახის სანათური ჩამოემტვრია მზეს. ავარვარებულ ოთახში მოგესმა სისინი,
მწარე სისინი. ძირს იყო შედედება გველების. მიწას გაჰკვროდნენ. ჩახვეულებს შეედედებინა
ტბა ოთახში. შუაზე, ქართველ წმინდანის ქანდაკებაზე, გადახვეულიყო დედოფალი მათი.
მზის იასაული, ”გ ი რ ხ ა”.
აღელდა ტბა გველების. ასტეხეს ტკბილი ჰიმნი. ჰიმნი ჯადო ,,სტეჯი”. ო, სად ისმის,
სად.
შეკრთი -- საშინელია. არა, ვაჟავ, აქ იქნება შენი ზიარება. -- მაშინ გადაეშვა
გველების ტბაში. გაიპო ტალღათ მლოცველ გველების გუბე და ჩაგიკრეს გულში და მოინათლე.
მზე გააფთრებული დააცხრა ოთახს, აუწო კანი გველებს, მაშინ მოჰხვიე ხელი ქანდაკებას
და დედოფალი, ძვირფასი დედოფალი, ბელადი და ქურუმი -- მლოცველ გველების გადმოგეხვია.
გადმოგეხვია გველი. მწვანე გველი, ჩაფუფქულ თვალებით შუბლზე შეამჩნიე პატარა
გვირგვინი.
ჩაგსტვენდა ტკბილად ყურში თავის სახელს. ,,ო, გირხა, გირხა, რა ძნელია შენი
სახელის თქმა. იგი იწვის ცეცხლში. სტკბები მისი ეშხით, მისი ალერსით. კვლავ
სტეჯი -- ჰიმნი დიადი და გაქორწინეს გირხაზე, შენ ეზიარე ხატს -- გაქორწინეს
გირხაზე, რომლის თვალები თვით ლაშარსაც შეაშფოთებს, გადმომდგარს საქართველოს
სიმაღლით, ლაშარს -- შენ ძმადნაფიცს.
დაგიკოცნა გირხამ თვალები და დაგბნიდა ვნებამ. მზე დაგაცხრათ ნეფე-დედოფალს
და აგატოკათ. ატირდა ტბაც გველების. ისინი ხომ მისი იასაულები არიან, შენ მათი
სიძე -- მათ საიდუმლოს ნაზიარები.
გამოხველ მთვრალი, დაბნედილი და თმებში შეგამჩნიეს ბალახები გველის და ყურებში
გეწყო კვერცხები მათი. და თვალები შენი ჩაფუფქულიყო. ჩამშრალიყო -- როგორც ტურფა
გირხასი.
ო, გირხა, გირხა, შენ ტურფა და ვნებიანი ხარ. და შენ გაახელე ვაჟა ტლანქი --
ვაჟა ძვირფასი. მე დაგიწერ ქებას, საგალობლებს, ოდებს და წმინდა იამბიკოებს
და ვემთხვევი შენ სიმწვანეს. შენ გიწნავენ გრძნეულები ჯაგარს გიხატავენ საყურეებს,
რომ უფრო აანთო ვაჟა -- რომ უფრო აუწო გული მას.
ქედი დახარა ლაშარმა. ვაჟავ, შენია ბედი და შენი იყო ბედი და მოხვედ როგორც
იასაული მზის. მოხვვდ ნამზეურევი. ყოველთვის მიდიოდი ტაძარში გველების, რომ
გენახა გირხა -- სძალი ლაშარის, იქ ყოფნის დროს შენ იყავ მადალი და ბედნიერი,
ნატვრის თვალივით, რომელსაც გველები ათამაშებენ მზის გულზე. გველები ქრისტე
ღმერთის მიერ განდევნილნი... ებრაელმა წმინდანებმა წყეული რომ უწოდეს.
ო. გირხა, გირხა, მზე ელავს შენთვის. შენ გიყვარს ის და გიყვარს რასაც მზის
სუნი აქვს...
გველებს გიყვართ საქართველო. ის ხომ გველია, ნინოს ჯვარზე დახვეულ თმებივით
დაგრეხილი. ის გვირგვინოსანია, როგორც გირხა და გიყვართ საქართველო, რადგან
იქ მღერიან. გველების ჰიმნს სტეჯის. იქ სვანების ყიყვი გათრობთ. იქ მთიულების
ფშაური გბნიდავთ, და ჰხედავთ ღვთისმშობლის ხატზე ოქროს გველს.
ვაჟავ, წამოხვედ უდაბნოდან და წამოგყვა გირხა, გირხა ტკბილი ბერების წყევლასავით.
შეგეგებათ, ლაშარი. თავაშვებულ ცხენით. რომლის ფაფარში ბუდე აქვთ გველის ბახალებს.
თავი ბ
დედის დაღარული ძუძუები
ხელისგულზე ერბოკვერცხი რომ მოიწო,
დედის ამაგს მაინც ვერ გადაიხდი.
(ხალხური)
ღამით აქოთდა ჩარგოლა ფშაველები გააღვიძა საშინელმა წივილმა და მოხვედ ისევ
ფშავეთში და მოხვედ დაგვირგვინებული გველებით გველების ქვეყანაში.
შენმა დედამ ნახა დაცლილი ჰინები. ტასტებში ეყარა გველის პერანგები რძის საფასეთ.
დედამ იგრძნო შვილის მოახლოება და ძუძუებ-გადმოყრილი გაეგება. თან გამოჰყვა
ბუხრიდან კვამლი და სახლის ანგელოზი ბამბაში გახვეული ბრიალა თვალებით.
დაეცი მუხლზე ვაჟავ და ეამბორე დედის ფეხებს. მას დოს სუნი ასდიოდა. შენი უბიდან
ამოძვრა გირხა. ყელზე მოეხვია დედას. დედას არ უწივლია, მან იცნო გირხა.
ის შენი დაბადების დროს გამოჩნდა თაროში ლაშარის ხატთან. ჩაეხვია აკვანს და
ჩაიკრა ყრმა ვაჟა.
დედამ არ იწივლა -- მასში იყო გველისა. მისი სახე ღელის სიპების ავარვარებას
აეწო.
-- “შვილო, ძვირფასო, მოხვედა მშვიდობით?”
მიგელულა თვალები და უთხარი.
-- “დედი შენი ხმა მესმის, როგორც ორღანოს ჩატკბილება კათოლიკურს ტაძარში. დედი,
შენი სახე გავს გველის პირში ჩამხრჩვალ მზეთუნახავს, ინდოეთის ტომმა რომ გააღმერთა.
დედი, შენი სახე დამწვარია, როგორც არმაზის ხეობა. დედი, შენი ძუძუები საქართველოს
მთებივით დაღარულია და ვამჩნევ მასზე ხალებს. მოვედ, რომ ერბოკვერცხი მოგიწო
ხელისგულზე, მოვედ, რომ შენი ჭირები გადავატარო ჩემს ზურგზე. დედი, მოვედ, შენი
მონა და მომყვა გირხა ხატის იასაული, ლაშარის მხევალი. მე ვარ ხატი. მე ვარ
მბრძანებელი და მოთაყვანე ბუნების.
მე მინდა ვეამბორო შენს ძუძუებს, რომ აგიშრო, რომ აგიწმინდო დაღარვა მასზე.
ველი შენ ბარაქიან ხონჩაზე ხინკალს და ლუდს.
მან შეგიწვია სახლში, ბუხართან ჩამოჰჯექ. გიყვარდა ბუხართან ჯდომა და ბოლისაგან
აწვა თვალების. ამ დროს შენ უმზერდი დედის დამჭკნარ სახეს და ცხრა ნაწნავ თმებს.
და ეხლაც ხშირად დაჰჯდები ბუხართან. საკიდელზე ჩამოეშვება გირხა და გიკოცნის
თვალებს. შენ იბნიდები და საღამოთი საქონლიდან მოსული დედა გნახამთ ჩახვეულებს
შენა და გირხას. მაშინ დედა დაუდგამს სძალს პინას და ლაშარის ხატთან ჩამოქნილ
სანთლებს აანთებს.
ფშაველების ბინები აივსო გველებით. ქალებმა დაუდგეს რძე და მორთეს ბუტბუტი,
ააგუზგუზეს კერა. ჯერ მზე არ ამოსულიყო. ცისკარისას აღრიალდნენ ზარები ლაშარის,
ფშაველებს მოესმათ ,,სტეჯი”.
იგინი გამორბოდნენ შენსკენ, ვაჟავ. ნახეს სასწაული. გნახეს გირხა და შენ. ხალხო,
გაიგეთ? გირხა ლამაზია? -- როგორ ძნელდება აღწერა. ლამაზია, როგორიც უნდა იყვეს
ვნებიანი მწვანე გველი. დაეცნენ შენს ფეხთით და ქალამნების თასმების მაგივრად
პატარა გველები ნახეს.
შენ უთხარ: -- “ხალხო და ჯამათნო, მე ვარ ბედი და დაწინაურება თქვენი. თენდება,
ხალხო, თენდება და გამოჩნდება გერგეტზე არწივი. ნისლის წინამორბედი -- გადმოვა
ნისლიც. წადით ლაშარს, ნახამთ მის დროშას, გველებდახვეულს. იქ იქნება, გირხაც
-- თაყვანი ეცით ბატონს... იგი სძალია თქვენი, იგი მხევალია ლაშარის.
მე დამლია მისმა ტრფობამ და თქვენც დასტკბით. ხალხი ეწვია ლაშარს.
ხშირად გირხა გაგიტაცებდა-კე ხევში. გაჩვენებდა თავის ბახალებს. იგინი დედასა
ჰგავდნენ, ჯაგარი არ ესხათ. ექვსი მამალი იყო, მეშვიდე ქალი -- ნარინჯის გვირგვინიანი.
დედაზე მეტი და მომავალი დედოფალი ზერა -- ბავშვი ზერა.
თვალები უბრწყინავდა გირხას. ო, რა კარგი იყო მაშინ გირხა. ის ჰგავდა დედაშენს.
ისიც დედა არის. მისი აქეცებული კანი დედაშენის ძუძუებივით დაღარულიყო.
ტკბილო და დაღარულო დედის ძუძუებო! კარგი იყო გირხა ამაყი დედა -- დედა ზერასი,
მწვანე თვალება ზერასი. პატარა დედოფლის.
თავი გ
რაყიფნი
”ცხვარი მტერია გველის”.
(ხალხური)
შეჰყევი ჭინჭრიანს ღელეზე. გიყეარდა, როცა ჭინჭარი გსუსხავდა და ტაფობის ბოლოს
ხმელ წიფელთან ნახევი ლელა, ლელა, როგორც ლელი ტბისა, ლელა მთის ასული.
მას ეძინა. ძონძები მძლივს უფარავდნენ სიყრმვს. ნაწნავები შორს გაეტყორცნა.
მისი წამწამები გირხას ჯაგარსა ჰგვანდა. ხრამიდან ამოსული სვია გადახვეოდა მის
ბარძაყს. აგანთო ვნებამ და ზედ დაეკარ. დაჯიჯგნე, დაიბნელე სიყრმე.
უცებ იწივლა ქალმა და შენს მკლავზე დაიწყო გრეხა. დაინახე მისი მიბნედილი თვალები
და აცახცახდი. მოზიდე ნაწნავები და ნახე ჩახვეული -- ამაყი, მოღუშული გირხა.
მას დაეკბინა რაყიფი, დაადგა თავზე ლელას და მწარე ღიმილით დაჰყურებდა. შენ
ამოსწუწნე ჭრილობიდან შხამი, მაგრამ დაგვიანდა. სამი ვარსკვლავის ამოსვლის შემდეგ
გარდაიცვალა შავთვალა. დამარხე. დაიწვი გული ცრემლებით. შეუმყე საფლავი დეკა
და ღვიის ფოთლებით, ისე როგორც შენ გინდა საფლავის მოხატვა, იმ დამეს იქ დარჩი
და გესმოდა სტვენა და ჰიმნი სტეჯი.
მოღუშულს თაროზე ლაშარის ხატთან დაგხვდა გირხა და მისი შვიდი შვილი. დედას რძე
მიერთმია. გველები შეესივნენ საქათმეებს, ისინი ეძებდნენ ქურცინებს.
გირხას შვილები თქვენი სახლის იასაულები არიან. ღამეა. გესმის
ჩუმი და ბოხი სტვენა. თაროდან არის და შენ ჩირაღნის შუქზე ნახევი ლაშარის ხატთან
ვნებაავსილი ფაფარ ალეწილი გირხა ჩახვეოდა ჭრელს მამალს გველს. მოგწყდა გულს.
გახელდი, გაგიჟდი -- იგრძნო მამალმა, გიყურებს და უყურებ -- ბუხრიდან ცხელ აწითლებულს
შამფურს დასწვდი და დადაღე რაყიფი. ხახახახახა, რა გიხარიან, რომ ის შენ ფეხებთან
გდია მკვდარი.
გირხა აიტკრიცა -- მოლბა, გადმოგეხვია მკლავზე, ჩაგსტვინა.
--”რისთვის, ჩემო, რისთვის? ის ლამაზი იყო.
--”ლამაზი იყო ლელაც”.
მოისმა ჯადოქრული სტეჯი და მოსკდა ღვარად ჯოგი გველების,
აიტუზნენ, კედელს აეკვრნენ. აიკლეს სისინიო ბინა. საომრად გაემზადნენ, სისხლი
სწყუროდაო. ერთი წამი და შენი ძვალიც აღარ იქნებოდა. გირხა გაწყრა, აელვარდა
მისი გვირგვინი, მონებმა თავი დახარეს, გაიკრიფნენ.
გირხამ დაგათრო და ვნება, გველური ვნება მოგერია. ჩაიკარ იგი გულში და დაივიწყე
ყველაფერი. დილით მამალმა ცხვარმა კინაღამ გაგლიჯა გირხა -- მძლივს გადარჩა
-- აკანკალებული აგეკრო მკლავზე -- ლაშარის ხატთან დასვი.
ცხვარს ჩახედევი თვალებში. ამღვრეოდნენ.
--,,რათ ემტერები, რათ გველებს? ისინი მზის მოციქულნი არიან”.
შეატყე, რომ ცხვარიც გირხას ეშხს დაეწო, ვერ გაუძლებს-კე გველის ტანის წყობას
ცხვარი და მისთვის უნდა გაგლეჯა მისი.
თავი დ
სიყმის შვილი მთისა
ჰე მთებო, მთებო, თქვენ, ისევ თქვენა,
თორო არ ძალმიძს ამდენ ჭირთ თმენა.
ვაჟა ფშაველა
ნისლი ჩამოწვა სოფელში. ის გაგონებს შენს ბავშვობას, ბარად, გიმნაზიაში.
მოგაგონდა: გაკვეთილიდან რომ მოგიტაცა, შეგიყვარა, ჩაგიკრა, ჩაგკოცნა. მათმა
ალერსმა კინაღამ კლდეზე გადაგჩეხა. ნისლი წამოვიდა. როგორც აღა-მაჰმად-ხანის
ლაშქარი, ჩამოწვა ჩარგალში და კვამლი დაჰხარა ძირს. მოგიტაცა კვლავ წამით. შენთან
გაჩნდა გირხაც, მხრებზე გადაგაწვა გრძნეული.
მასთან ყოფნის დროს შენ ხედავდი შორს, ძალიან შორს, ცის იქით
ვარსკვლავებს იქით. მასთან ყოფნის დროს შენ გაუსწარ ასწლებს. გესმოდა ყველა,
როგორც მინდიას, მინდიას -- გველის მჭამელს. გესმოდა მთის ლაპარაკი, მისი კვნესა
ნისლის ჩამოზიდვის დროს. გაჰყევით ბექს შენ და მეუღლე. დაიგრიხნენ თქვენს წინ
მუხის ფესვები -- მათ ნიადაგი გამოსცლოდათ. წყეულო ბედო! მუხა დაენაფოტებინათ
-- და შენში ჩაჯდა მაშინ მინდია -- შემოგეხვიათ ნისლი -- მოუმწვარ ხავიწივით
გირხა ჩაისვი გულში -- მან იგრძნო ნისლების სუსხი. კანკალმა აიტანა.
შემოგბღავლა ხმელმა წიფელმა. ის ხომ ძველი გმირია, მზეს რომ ეომებოდა, სხივებს
ამტვრევდა -- ნახევარი ქუჩი კლდისა, ქუჩი, ბენტერა, სიკვდილი რომ არ იცოდა,
რა იყო, ხშირად უნახავხარ მონადირეს მაღლა მთაზე -- გიყვარს სიმაღლე -- იქიდან
ბარზე ბრძანებლობდი, ვითა შაჰ-აბასი სიონის გუმბათიდან. შენ მთის სიმადლე გაცოცხლებდა.
იგი ჩუმია, როგორც ცხვარი. უდაბნოს ვეფხივით გაინაბება-კე. უდაბნოს ვეფხივით
მტერზე თავდასაცემად გამზადებულივით.
მაგრამ მძიმეა მისი აბობოქრება. მთის ჭექა რისხვაა საქართველოსი. შენ გიყვარს
მთა და მისი ყველა თუ რამ არის და მას უყვარხარ, მოგიტაცა სტუდენტის სკამიდან.
იქ გელოდა რუსული ქუდი. უყვარხარ, როგორც ქართველ კაცს სიყმის შვილი. და შენ
მთის პირმშო ხარ და გირხა სძალია მისი. გირხა მზის მოციქულია, მთა კი მზეს ეტრფის.
მზის სინაზე ახელებს-კე ლომს. მთა ხომ დედაშენის დაღარული ძუძუებია, მზის კოცნისაგან
ატკრეცილი, გაშავებული -- გიყვარს მთაზე თვით წიპლიანი, ფერდებგამხმარი, უშნო
მგელიც. უმანკო ცხოველების სისხლით მოსვრილი ლოდი, ბენტერა ქუჩის სიკვდილი რომ
აჩვენა. ფრთებდამტვრეული არწივი -- სიამაყე მთისა. ფრთიანი გველი, თვით მსუნაგი
და ყრანტალა სვავი, ხევში რომ გალეშილა. მოუხმე მინდიას, უბედურს კვირიას და
მის დობილს, ლელას. მოუხმე ბერს ლუხუმს, სუმელჯს, სხვებს, სხვებს, ჯამრულს,
ალუდას აფშინას და მათ, ვისაც დასტირე სიკვდილის დროს. ვისთვისაც დაისრისე შენი
ბრმა თვალი და გადისროლე იქით -- წინ. მათ პოვნას ასწლები უნდა, მათ შეხედვას
ცეცხლის თვალები.
გირხამ დაგაწიწკნა ბალანი მკერდზე. და წახვედით სოფლისკენ -- ღელეზე თვალებჩაცვივნულ
კოშკიდან მოისმა სტეჯი -- აქ უყვართ გველებს ლოცვა ღამურებთან ერთად, მოგსხლტა
გირხა და დაეშო კოშკისკენ. შენ წამოხველ მარტო. ნისლი აიწურა მთებიდან. კვლავ
მზე. სოფელთან დაგხვდა იამზე. თვალი მთისა -- სიამაყე ჩარგალასი.
ცხრა ნაწნავი კოჭებს სწვდებოდა. მიყვარს ქალი, რომელსაც გრძელი თმები აქვს.
ორი წლის ბავშვივით რომ ტიკტიკებს. იამზემ გაგიტაცა, ვაჟავ
ღამეა, თხების ბაკთან შეჰხვდი იამზეს. ქალმა ვეღარ მოასწრო გაქცევა. დანებდა
შენს მკლავებს, შენმა მოუპარსავმა წვერმა დაჩხვლიტა მისი ლოყები:
შვლის ტყავის პერანგი დაუხიე და დაინებიე. ბაკის კარებთან დაინახე ხის ბეჭი,
რომელიც მონადირეს მისცა ბედის მწერალმა -- ვინ იცის, რას გეტყვის შენს ბედზე
ბეჭი.
იამზე დაგაფრინდა და მკერდიდან ხორცი ამოგაგლიჯა კბილით ძუ აფთარივით. ზმორება
დააწყებინა, მის დატენილს ძუძუებს ჩახვეოდა გირხა და სწუწნიდა. ამოსწუწნე ჭრილობა
იამზეს და მაშინ იგრძენ გაციება მისი კანის. გირხა შემოგეხვია კისერზე, დაგიკოცნა
ბრმა თვალი და ჩაგსტვინა!
-- “მწველი იყო და ნაზი იამზე -- მეც ვეღარ გავუძელ”.
-- “ახ, წყეულო და ტკბილო გირხა, რისთვის მოჰკალ. ის მე მიყვარდა”.
გირხამ იამზეს ნაკბენი ალოკა მკერდიდან, თხებმა გამოიტირეს მწყემსი.
მთვარემ გერგეტი გადმოლახა და გასწია ქოხისაკენ.
თავი ე
გველის ვნება
გრძნობ, თითქოს შეგეჯავრა გირხა. მაინც გიზიდავს. ლაშარის ხატთან ნახევი ზერა
და ძმანი მისნი და ხის ბეჭი აელვებული. საწყალი მონადირე -- თოფი ხრამში რომ
გადააგდო. ბეჭი მან დასტოვა. ბუხართან დაჯექი, საშინელი სევდიანი ხარ. ჩუმი
სტვენა -- ქვაბის საკიდელზე გამოჩნდა გირხა და შავი მამალი გველი ჩაკრულები.
მათ ტუჩები შეეწებებინათ. გირხა იწოდა ვნებით -- ალმური ასდიოდა, ჩამოშორდა
მამალი და გალექილი გაიშალა მიწაზე. კვლავ -- შამფურით გინდა მოსპო მოცილე,
მაგრამ... ჩააფრინდა გირხა შლეგი ვნებიანი და დაგლიჯა გველი. მისი თვალები ამოგლიჯა,
მისი კბილები შეინახა. გიხარიან და გიკვირს. სისხლიანი გირხა მკლავზე შემოგაცივდა.
-- ,,წყეულო და ტკბილო გირხავ -- რასა ნიშნავს?” და ჩაგსტვინა გრძნეულმა: ,,მე
ვეღარ ავიტანე ჟინი მისი -- ასეთია ვნება გველების” -- და ხშირად დაინახავდი-კე
გირხას... იკლავდა ვნებას და სპობდა მამლებს. ეხლა შეიშალა გირხა, როგორც ახალგაზრდა
მონაზონი ვნებააშლილი. შენმა ძვირფასმა დედამ პინით რძე მიართო. არ მიეკარა
-- სანთლები აუნთო.
მეზობლის ქალი სადღობლისათვის თქვენსა მოვიდა, შეგეხეჩა ოთახში -- იქ იყო გირხაც,
ამრეზილი, ფაფარაწეწილი. ლამაზმა ქალაშავამ დაიფარა თავშალით თვალები.
შენ გინდა ჩაყლაპვა მისი. სტვენა გირხასი -- აილეწა, შეიშალა, გაემზადა მისახტომად
-- ო, რა კარგი იყო მრისხანე, იასაული ხატის. ქალი წივილით გავარდა. ესიამოვნა,
დაწყნარდა. ხშირად ატყობდი, ვნებიანობის დროს შენ გაგლეჯასაც აპირობდა-კე, ზერამ
ხის ბეჭი თაროდან გადმოგიგდო -- შეკრთი. ზერას გამოჩენაზე ისმოდა სტეჯი გირხასი.
წყეული იავნანა.
გირხა, ძვირფასი მეუღლე, მოვიდა შენთან. შეიშალა ვნებისაგან -- ჩაიკარ და დატკბით
-- დაიბნიდე -- გირხა გაგიჟდა ისე როგორც მამალ შავ გველთან ალერსის დროს --
გახტა განზე და მოსავარდნათ გაემზადა. გაგგლეჯავს, ვაჟავ, საბრალო ვაჟავ, შავი
გველივით. წინანდელ კუროებსავით.
იგრძენ, რომ ის გაცოფდა, ძველი გირხა აღარ იყო. შამფურით, ცხელი შამფურით გაუჭეჭყე
ლამაზი თავი, აუტუსე ბრდღვიალა გვირგვინი -- შენ დაასწარ.
-- ჰა, რა ჰქენი? -- გირხა მოჰკალ? ტკბილი, როგორც ანდამატი მთისა, მზე დაგეცა
თავზე და დაგარეტიანა. ქოხის კედლები გადმოსკდომას აპირებდნენ.
-- რა ჰქენი, ვაჟავ, ბრმა ღმერთო -- საბრალო ხატო, გირხა მოჰკალ -- ხა, ხა,
ხა, ხა, გირხა აღარ არის -- ესე ეწერა ხის ბეჭში, რა ვქნა, ლეგენდა ამას ამბობს.
გარბი გაწეწილი, რეტიანი, გარბი ბარში. თვალებგამორეცხილი ღრიალებ დაჭრილ დათვივით.
გინდა დაიდაღო გული იმავე შამფურით. ვერ მოგიხერხებია.
მოკვდა გირხა -- აივსო ფშაველების ბინები გველებით, მათ დაუდგეს რძე და მორთეს
ბუტბუტი -- დედაშენმა დაიწო თვალები სძლის გამოტირებით.
ლაშარის ხატი, თაროს რომ ესვენა, ატოკდა. მოკვდა გირხა, მზის იასაული, ლაშარის
და.
ჩაეკიდა პინაში ზერა, მგლოვიარე წმინდანი ზერა და გარუჯულ
ტუჩებით დაიწყო რძის ჭამა.
ო, ზერავ, ზერავ, შენა ხარ წინამძღვარი ლაშარის ყმების. გირხავ -- ძვირფასო
დედავ -- მოვსძებნი შენს საფლავს და დაგაყრი დამწვარ ქვას, ღელის ქვას, დევის
ნაფეხურებს, კოპალას გასროლილს.
ზერავ, გეძებ, გეძებ -- და ვერ მიპოვნიხარ -- გნახავ ჩემი სოფლის ბოლოზე --
და ბეთანიას დავგვირგვინდებით. ბეთანიას, სადაც მივალთ-კე ყოველ წელს სალოცავად.
ჩემი მოძღვარი და ძმობილები ბეთანიას გაგატარებთ თამარ მეფის ნავალზე. ჩვენ
შარშან რომ გამოვიტირეთ. ზერავ, ჩემი აკვანი დაილეწა, მე კეფა გამიტყდა -- ნიშანი
ეხლაცა მაქვს. დედამიწამ გველი ამიხატა ზედ -- გეძებ, რომ შენმა ალმა დამწოს,
ზერავ, სულელო ზერავ.
ამას იტყვის ასწლების შემდეგ ჩემი ლეგენდაც.
თავი ვ
რა გვითხრა ლეგენდამ
გირხამ წაიღო ყველა -- დაჰკარგე ბედი. მთა აღარ გიკარებს -- აღარ გეშვება გირხას
თვალები. როგორ მოგწყურდა ჰიმნი სტეჯი, გირხას ალერსი. ხედავ გირხას, გეხუტება
გულში. ახ, ის აღარ არის -- რასა გრძნობ ეხლა, ვაჟავ -- არც შენ იცი -- ძნელია
ეხლა თქმა. რა კარგი იქნებოდა, გირხას ოქროსფერი ჯაგარი და მწვანე პერანგი გქონდეს
-- მას მაინც ჩაჰკოცნიდი. შენი ბრმა თვალი ამაზე ფიქრობდა ყოველთვის, ესე სჯობიან
თქმულებისათვის, რომელიც მარტო მე ვიგრძენ.
საწყალო ვაჟავ, წამლებმა აგინთეს სხეული. სავადმყოფოს ოთახმა გამოგიხჩო ლაღი
სული, გაგაბრაზეს-კე, ჰექიმის მწვანე სათვალეები -- საწყალი გირხა -- ატუსული
გვირგვინი აღარ გეშვება.
უხმობ შენს სულებს მთიდან -- ლუხუმს, ბერ ლუხუმს. მინდიას,
გველ დახვეულ მინდიას.
მოდის მინდია, დამთხვეული მინდია, დინჯი მინდია, ხევსურთ ბელადი გველი! ჰა!
გველი ახვევია კისერზე! გირხაა? არა -- შენ გინდა, ვაჟავ, შეამჩნიო ზერა?
მინდია მოდის როგორც ჯოგი გველების. სად არიან გველები, მათი სტეჯი. ჰა, სად
არის გირხა? გირხა, შენ დაეცი მინდიასავით. შენ უნდა მოკვდე.
ლეგენდამ გვითხრა?
კინაღამ დაგახრჩო ოთახმა -- რა მეჯავრება გამომწყვდევა ოთახში სილაღის. ვაჟავ,
შენ სილაღე ხარ მთიულ ჯიხვის. შენ სილაღე ხარ არწივის, შავი არაგვის და ოთახი,
ოხ, ოთახი გახრჩობს, ზიზღი ოთახს -- სწუხარ -- ფანჯრები ჩალეწე -- ჰაერი მაინც
არ არის. ჰე, მთებო, მთებო, თქვენ, ისევ თქვენა, თორემ არ ძალმიძს ამდენ ჭირთ
თმენა. ხა, ხა, ხა, ხა, ხა -- ჰაერი მაინც არ არის. დააფრინდი საწოლის მოაჯირს,
შეამტვრიე კბილები. რაღა ხარ შენ? არაფერი -- შენ დაჰკარგე გირხა. ვაჟავ, ვაჟავ,
შენ უნდა მოჰკვდე.
შენ უნდა მოჰკვდე, როგორც მინდია -- გრძნება დაჰკარგე. საიდუმლო გაიხსნა --
შენ უნდა მოჰკვდე.
მე გნახე -- თვალები ამოეცალათ -- თვალები, რომლებიც გირხას ათრობდა -- ტუჩები
მოეჭამათ, ტკბილი ტუჩები. მკერდს გიწუწნიდნენ ექვსი ვაჟი გირხასი -- შენს განიერ
შუბლზე მოკეცილიყო ახალგაზრდა დედოფალი გველებისა ზერა -- ზერა ნარინჯის გვირგვინოსანი.
ო, შურისძიებავ! ო, წყევლავ ხის ბეჭის! დაილეწა ხის ბეჭიც. შური იძიეს შვილებმა
გირხასი, შენი მეუღლესი, წესია გრძნეულების, შენ დაგხრეს მათ.
ზერავ. თქვენ ტრიუმფი გაქვთ, თქვენ ხარობთ მკვდარ კაცზე, რომელიც უყვარდა დედაშენს.
ზერავ, ვღრიალებ ყოველ საღამოს. მე ვტირი, ნარინჯის გვირგვინი ჩემს თვალში ჩაკვდა.
რა იყო კარგი გირხასი და რა არის, წყეულო, შენი კარგი? არ ვიცი, არ ვიცი, არ
ვიცი.
თავი ზ
რა უნდა გვიამბოს ხალხმა
ჯამათნო, უამბეთ ყველას, უამბეთ. ვაჟა აღარ არის, მთა იკლაკნება სიმწრით. ნისლები
ხომ აღარ გადმოსულა კარგა ხანია, ღამე სოფელს მგლების ღმუილი აბეზრებს თავს.
გახელებული არწივები დასტვენდნენ მთას.
საბრალო ქუჩი და ხმელი წიფელი -- მთებს გაუმართლდათ მოლოდინი. ვაჟავ. შენმა
დედამ დაიწვა თვალები. ძუძუებგადმოყრილი ეძგერა თაროს, დაისხა გირხას შვილები
მკერდზე და დაახვრვინა ძუძუები.
ქუჩო ბენტერავ, ეგრე უნდა სიკვდილი!
ფშავლის ქალებმა ცხრა ნაწნავი დაიჭრეს. ცეცხლში დასწვეს. დედამ მოიტანა ხევიდან
თავის ქალა ვაჟასიო, -- ამბობენ ხალხში, -- ლაშარის ხატთან დაასვენა. ზერა შემოევლებოდა
ქალას ზედ და სწერდა, სწერდა ჩემს ბედს _ ვეძებ, რომ ამოვიკითხო. ვეძებ, რომ
ვნახო ზერა, გიპოვნი იქ, იქ, უდაბნოში, გამხმარ ლეღვზე. ოჰ, გნახავ -- კი?
1925 წელი. თიბათვე.