ზვიად გამსახურდია


სასწორთვალა და უწონადი ხმის ჭაბუკი

(წინასწარმეტყველური იგავი)


იყო ერთი კაცი. ამ კაცს თვალებში სასწორი ჰქონდა, რომელსაც შეეძლო მხოლოდ ხმის აწონა. ქვეყანაში, სადაც იგი ცხოვრობდა, მზე არ ამოდიოდა, ყოველივე ყინულით იყო დაფარული, ამიტომ ყინულეთი ერქვა ამ მხარეს. ქვეყანას მართავდა მეფე, რომელიც თავის კარისკაცებად ღებულობდა მხოლოდ ისეთ ხალხს, რომელთან იცოდნენ თავიანთი ხმის წონა. ხმა კი აიწონებოდა მხოლოდ სასწორთვალას თვალებით. ასე რომ, ამ კაცთან ოველდღე მოდიოდნენ მნახველნი და სთხოვდნენ აეწონა მათი ხმა. იმდენად უცნაური იყო ეს ქვეყანა, აუწონლად არავის ესმოდა არც საკუთარი და არც სხვისი ხმა. ასე რომ, ადამიანები ვერას აგებიდნებდნენ ურთიერთს სასწორთვალას დაუხმარებლად.

სასწორთვალა შემოუშვებდა კაცს თავის დარბაზში, რომელსაც ვერცხლის ჭერი ჰქონდა და ოქროს იატაკი. აქ თაროებზე სასწაროთვალას ხელ-ფეხი, გული და შიგნეული ელაგა, ყელგან თითო ნაწილი იდო მისი, ხოლო თავი არსად ჩანდა.

შემდეგ იგი დააკვირდებოდა მნახველს და ეტყოდა: “მომიყევი შენი სიზმარი” და რა მოუთხრობდა მნახველი სიზმარს, სასწორთვალა აიღებდა საკუთარ ენას, დაანთებდა ჩირაღდანივით (ვინაიდან მის სახელმწიფოში მხოლოდ მან იცოდა, რა იყო ცეცხლი), შემდეგ ჩასდებდა ამ ჩირაღდანს თავისივე მკლავისაგან გაკეთებულ შანდალში, ახლოს მოუხმობდა მნახველს, ყურში ჩასჩურჩულებდა რაღაც საიდუმლოს , ულვაშის თითო ღერს გამოართმევდა და გაისტუმრებდა.

ხელმწიფე აწინაურებდა ამგვარ ხალხს, მამულსაც უბოძებდა, კარზედაც ღებულობდა, მაგრამ დიდხანს როდი გრძელდებოდა მათი ბედნიერება. ქალაქის განაპირას იყო ბეწვი ხიდი, რომელსაც სიცილის ხიდი ერქვა. ამ სახელმწიფოში წესად ჰქონდათ: როდესაც ვინმე მოათავებდა ხელმწიფის სამსახურს და მოისურვებდა მის დიდებულად გახდომას, უნდა გასულიყო ქალაქიდანმ გაევლო სიცილის ბეწვის ხიდი, გადაეარა ცოფიანი კატების მინდორი, რომელიც მის მიღმა მდებარეობდა, აქ თუ ფრთები გამოებმებოდა, გადაეფრინა ცივი თუთიყუშის კლდეზე, თავს მოევლებოდა ათასწლოვან კიპარისს და, თუ არ გადაიქცეოდა კიპარისის გირჩად, კვლავ მობრუნებულიყო ქალაქში.

დიდებულობის სურვილი თითქმის ყველას ჰქონდა, ამიტომ მრავალი სცდიდა ბედს, მაგრამ ვინც კი გავიდა ქალაქიდან, ყველას ან სიცილის ბეწვი ჩაუტყდა და ჩავარდა თაღლითი მძივების მდინარეში, ან გაითოშა ცივი თუთიყუშის კლდეზე, ან კიპარისის გირჩად გადაიქცა და გახმა. გირჩებს კი ყოველდღე ჰკორტნიდა მელისყურა არწივი, რომელიც მახლობელი კლდის თხემზე ცხოვრობდა. მხოლოდ სამმა კაცმა მოახერხა უკან დაბრუნება და ესენი აქცია ხელმწიფემ სამ მთავარ დიდებულად.

ერთ დღეს ამ ქვეყნის მეფესთან მივიდა მისანი და უთხრა:

“დრო მოდის, როდესაც მოვაჭრეებმა ადგილი უნდა დაუთმონ ცეცხლის ხაბაზებს. ამ ხაბაზებს თავის ქალებში ექნებათ თორნე, გულის კვესით შეძლებენ ენაზე ცეცხლის წაკიდებას და ამგვარად გამოაცხობენ თორნეში უკვდავების პურს. ხმა საერთოდ აღარ ექნებათ მათ. მართალია, მათი ცეცხლი უხმოდ იმღერებს, მაგრამ იგი გააუფასურებს შენი კარისკაცების მჭექარე ხმებს. ხმის სახელმწიფოს ცეცხლის სახელმწიფო შესცვლის, ხოლო თავად შენ სიცილის ხიდზე მოგიწევს გასვლა”.

“ჰო, მაგრამ ვინ განახორციელებს შეუძლებელს?”-ჰკითხა შეშფოთებულმა ხელმწიფემ მისანს.

”უწონადი ხმის ჭაბუკი”,-მიუგო მისანმა.

”ჰო, მაგრამ ვინ დასძლევს მაგ ჭაბუკს?”-ჰკითხა ხელმწიფემ.

”ვინც ასწონის მის ხმას”,-უპასუხა მისანმა და გაქრა.

ხელმწიფემ მაშინვე შეჰყარა დარბაზის ერნი და გაანდო ყოველივე, რაც მისანმა ამცნო. წინ წამოდგა სამი დიდებული და სიტყვა ითხოვეს. პირველმა დიდებულმა თქვა: “მე ვიცი ეგ ჭაბუკი, მზის მიუვალ კოშკში ცხოვრობს. არავის უნახავს, მისი აუწონავი ხმა კი მრავალს სმენია. ჯადოსნურ ჩანგს აჟღერებს. მისი თორმეტსიმოვანი ჩანგი ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ბრინჯაოს, ტყვიის, ვერცხლისწყლის და რკინის ხმებს აფრქვევს. ეს ლითონები ფრთოსნებად იქცევიან ჭაბუკის სიმღერაზე, ხოლო ფრთოსნები გარს უვლიან კოშკს შვიდფერი ნათებით. კოშკის საძირკველი ვარსკვლავეთშია, ხოლო სახურავი-სულეთში. ჭაბუკის მეგობრები არიან გველი, არწივი და მზისფორეჯოვანი კალმახი”.

მეორე დიდებულმა თქვა: “მზიური რაშით დაქრის იგი ზეცაში, ელვის ლახტი უპყრია ხელთ. შვიდფერი მშვილდით ესვრის ცეცხლოვან ისრებს მიწაზე მიყინულ კიბოებს. თუ კიბო დასჭრა ისარმა, მშვენიერ ლოტოსად გადაიქცევა იგი”.

მესამე დიდებულმა თქვა: “იგი მოგონების მთაზე ზის, აქედან სამას სამოცი წყრთის მანძილზე. არწივი ჰყავს მოშინაურებული, რომელიც მელისყურა არწივს ემტერება. ვისაც ეს არწივი მოიტაცებს, ის გახდება მისი მერიქიფე”.

”თქვენ ვინ გამცნოთ ეს ყოველივე?”-ჰკითხა ხელმწიფემ.

პირველმა დიდებულმა უთხრა: “გეტყვი ალიონზე”. მეორე დიდებულმა უთხრა:”გეტყვი დილით”. მესამე დიდებულმა კი უთხრა:”გეტყვი შუადღეზე”.

დაღამდა თუ არა, ხელმწიფემ მოიხმო სასწორთვალა. იგი მოვიდა.

”სასწორთვალავ, რა მიხსნის სიცილის ხიდისაგან?”-ჰკითხა ხელმწიფემ.

”ოხვრა”,-მიუგო სასწორთვალამ.

”რა დაჰბადებს ოხვრას?”-ჰკითხა ხელმწიფემ.

”მოგონება”.

“რისი მოგონება?”

”სიცილისა”,-იყო პასუხი.

”სასწორთვალავ, რა გვიხსნის ჭაბუკისაგან?”

”რომელი ჭაბუკისაგან?”

”უწონადი ხმის ჭაბუკისაგან”.

სასწორთვალა დადუმდა.

ხელმწიფემ კვლავ გაუმეორა კითხვა.

”ჩემი აუწონავი არ არსებობს არაფერი ამქვეყნად”,-მიუგო სასწორთვალამ და გაქრა.

ხელმწიფეს იმედი მიეცა და დაიძინა.

მეორე დილით ქალაქს მოადგა ერთი უბრალო მწყემსი ბიჭი, ცალ ხელში კომბალი ეჭირა, მეორეში კი-აბგა. ქალაქში შიშიანობა იყო, ამიტომ მეფეს მოჰგვარეს ყმაწვილი.

”ვინ ხარ?”-ჰკითხა ხელმწიფემ.

”ერთი უბრალო მწყემსი ვარ”,-იყო პასუხი.

”კი მაგრამ, ცხვარი სადა გყავს?”

”ვისაც კომბალს შევახებ, ყველა ჩემი ცხვარი გახდება”,-უთხრა მწყემსმა.

”ყველა?”-ჰკითხა ხელმწიფემ.

”ყველა, ოთხი კაცის გარდა ამ ქალაქში”,-მიუგო მწყემსმა.

”ვინ არიან ეგენი?”

ვისაც შენ უსმენ, ხელმწიფეო!”

”მაშ, მეც მაგათში ვარ?”

”არა, შენ არ უსმენ შენს თავს, ხელმწიფეო!”

”შენ ვინ გამოგგზავნა?”

”შენ თვითონ მეფეო!”

”რისთვის?”

”შესარიგებლად”

”ვინ უნდა შეარიგო?”

”შენ უნდა შეგარიგო შენსავ თავთან”.

ხელმწიფემ მოიხმო სამი დიდებული.

”ვინ არის ეს კაცი?”-ჰკითხა მათ.

”არ ვიცით”,-მიუგეს დიდებულებმა.

”მწყემსია”,-უთხრა ხელმწიფემ ხელმწიფემ.

”დაგიმტკიცოს”,-თქვეს დიდებულებმა.

ჭაბუკი მწყემსი გამოვიდა მოედანზე და ხალხში გაერია. შემდეგ დაუწყო ხალხს საუბარი, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას, ვინაიდან მისი ხმა ჯერ არ აეწონა სასწორთვალას. ამიტომ არავის ესმოდა ჭაბუკისა; მაგრამ მალე დაიწყეს ჯგუფ-ჯგუფად შეგროვება მის გარშემო, ვინაიდან, სადაც იგი დგებოდა, ყინული იწყებდა დნობას და არნახული, ცხოველმყოფელი სითბო ეფინებოდა გარემოს, თუმც მზე არ ანათებდა იმ ქვეყანაში არასდროს.

ხელმწიფე შეშფოთდა, რადგან იცოდა, რომ ყინულის დადნობა მისი მეფობის დასასრულს მოასწავებდა. შეჰყარა კარისკაცები და უთხრა: “ჩქარა ავლაგმოთ ეს თავხედი, თორემ ხალხს თავგზას აუბნევს, ამასობაში უწონადი ხმის ჭაბუკიც მოვა და შავი დღე დაგვადგება. კარისკაცები შეცვივდნენ სასახლეში, გამოიტანეს ლითონის საყვირები, მოიშველიეს ჯარი და დასცეს ნაღარა, მაგრამ მწყემსის ხმა უფრო გაძლიერდა და კიდევ უფრო მეტი ხალხი შეგროვდა მის გარშემო. რაღაც კარისკაცებისთვის გაუგებარი სიტყვებით მიმართავდა ხალხს, რაც კარისკაცებს კიდევ უფრო მეტად ახელებდა. რა დაინახეს, არაფერი გამოდისო, მოინდომეს ქვით ჩაქოლვა მწყემსისა, მაგრამ დასწვდნენ თუ არა ქვებს, ქვები ვარდებად გადაექცათ ხელში. ამასობაში მწყემსის ხელში აყვავდა კომბალი, მან დაუარა თავის გარშემო შეყრილ ხალხს და, ვისაც კი მიაკარა კომბალი, ყველა ოქროსმატყლიან ვერძად აქცია. ამის დანახვამ მთლად გაახელა ხელმწიფე და კარისკაცები და ახლა დიდი თოკი გამოიტანეს მწყემსის შესაკრავად, მაგრამ დახე საოცრებას: თოკი ხელიდან გაუსხლტათ, მწყემსს შემოერტყა გარს და უზარმაზარ გველად გადაიქცა, რომელმაც კუდი პირში დაიჭირა და ზღუდედ შემოევლო მწყემსს და მთელ ფარას.

“მწყემსია, მწყემსი”,-ამბობდა შეშფოთებული ხელმწიფე.

”არა”,- მიუგეს კარისკაცებმა,- ჯადოქარია და თავგზას გვიბნევს”.

ამასობაში ვერძებს რქებს შორის ანთებული კელაპტრები ამოუვიდათ, ციდან შვიდფერად აელვარებულ კამარად წამოვიდნენ ფრთოსნები და დაასხდენნ ანთებულ კელაპტრებს, მაგრამ ფრთოსნები არ დასწვა ცეცხლმა, არამედ უფრო ააელვარა, ისე გაბრწყინდა იქაურობა. ხალხი ვერ სცნობდა ურთიერთს, იმდენად გამშვენიერდა ყველა. მხოლოდ ხელმწიფის კარისკაცები გაშავდნენ და მაჯლაჯუნებს დაემსგავსნენ. ამასობაში, მწყემსის უბრალო ტანისამოსი ელვისაგან დაწნულს დაემსგავსა, სახე მზესავით გაუბრწყინდა, თვალები ვარსკვლავთა უელვარესი გაუხდა, შემდეგ მოიმარჯვა შვიდფერი მშვილდი და დაუშინა ცეცხლის ისრები ირგვლივ შემოჯარულ გათოშილ კიბოებს, რომელან გაეგოთ მისი მოსვლა და ჯგუფ-ჯგუფად მოიწევდნენ მოედნისაკენ. ქვით მოპირკეთებული მოედანი ხასხასა, მწვანე ბალახმა დაფჰარა,. ლივლივა თეთრი ლოტოსებით დამშვენდა მინდორი; ბალახს ალი ედებოდა აქა-იქ, დაწვით კი არავის წვავდა.

მაშინ კი მიხვდა ხელმწიფე, რომ მის სამეფოს უწონადი ხმის ჭაბუკი ესტუმრა. აფრინა კაცი სასწორთვალასთან. იგიც დაიძრა თვალების რაჩხუნით, მაგრამ რა მიუახლოვდა მოედანს, დაბრმავდა, დაეცა მიწაზე და გადმოაგდო შავი ენა, რომელიც სრულიად დანახშირებულიყო წარმავალი, უმადლო ცეცხლისაგან.

ახლა სამი დიდებული მოიხმო ხელმწიფემ. მათ დანახვაზე უწონადი ხმის ჭაბუკი შეიცვალა. იგი ისეთივე უბრალო მწყემსად გადაიქცა, როგორიც იყო მოსვლის ჟამს. დიდებულების დანახვაზე გველმაც გახსნა წრე და მიუშვა ისინი მწყემსთან. ფრთოსნებმაც დასტოვეს ოქროსმატლიანი ვერძები, კელაპტრებიც ჩაქრნენ. დიდებულებმა გამოსტაცეს ჭაბუკს აყვავებული კომბალი, რომელიც მაშინვე გახმა, ბორკილი დაადეს ქედზე, წაიყვანეს და უზარმაზარ ხაროში ჩააგდეს, შემდეგ მიწით ამოავსეს ხარო. მერმე წავიდნენ, მორეკეს ხიდის გამოღმიდან ცოფიანი კატები, შეუსიეს ცხვრებს და მუსრი გაავლეს. სისხლის ტბა დადგა მოედანზე. გველიც ნაკუწ-ნაკუწად აქციეს კატებმა, დიდებულები სახეგაბადრულნი დაბრუნდნენ ხელმწიფესთან.

”მოვიშოროთ ტვითმარქვია,-უთხრეს მათ მეფეს,-ახლა კი მხსნელად მოევლინება შენს სამეფოს უწონადი ხმის ჭაბუკი”.

”მაშ, ეს არ იყო ის ჭაბუკი?”-ჰკითხა ხელმწიფემ.

”არა”,-მიუგეს დიდებულებმა.

”მითხარით, ვინ გითხრათ, რომ ეგ არ არის უწონადი ხმის ჭაბუკი?”.

როდესაც შესაღამოვდა, პირველმა დიდებულმა უთხრა ხელმწიფეს: “მე ეს მითხრა საწორთვალამ”.

როდესაც შეღამდა, მეორე დიდებულმა უთხრა ხელმწიფეს: “მე ეს მამცნო ცივი კლდის თუთიყუშმა”.

ხოლო შუაღამისას მესამე დიდებულმა გაანდო ხელმწიფეს: “მე კი ეს მამცნო მელისყურა არწივმა”.

მეორე დილით არნახული მუსიკის ჰანგებმა გამოაღვიძეს ხელმწიფე და დიდებულები. ღა გამოვიდნენ, საოცრად შეცვლილი დახვდათ ქალაქი. სად იყო ყინული და პირქუში ამინდი! სივრცე შვიდფერად გალობდა. თორმეტხმად ასხივებდნენ მიწაზე ჩამოსული გაცოცხლებულ მნათობთა დასები. ვერძების ნასისხლარზე უცნაური გარეგნობის ხალხი ამოსულიყო. თაის ქალები თორნეებად ქცეოდათ, აღარც აბედი სჭირდებოდათ, აღარც კვესი, გუით ინთებდნენ ენებს, ხოლო ენით თავისქალის თორნეებს, საიდანაც ნელსურნელება იქვეოდა ენით უთქმელი.

”უკვდავების სახაბაზო”,-ეწერა ქალაქის გალავანს ფიქრის ასოებით.

მეფემ უცნაური სისუსტე იგრძნო. კარისკაცებმა უკან დაიხიეს. უეცრად ცა გაიხსნა და გამოჩნდა ცეცხლის მერანზე ამხედრებული შვიდფერმშვილდოსანი ჭაბუკი. “დაუბრუნდი შენს თავს, მეფეო”,-დაუძახა მან მეფეს, ხოლო დიდებულებს მიმართა: “გასწით თქვენს ქალაქში”.

მეფე სიცილის ხიდისაკენ გაემართა. ხიდის თავთან მისანი დაუხვდა, რომელმაც უწინასწარმეტყველა ჭაბუკის გამოჩენა. მეფე დააკვირდა მისანს და სასწორთვალა შეიცნო. მას აღარ ჰქონდა თვალებში სასწორი, სასწორი ახლა ხელთ ეპყრა მას, ხოლო ემორე ხელში ახალი, ჯერაც აუნთებელი ჩირაღდანი ეკავა. “ვერავინ ასწონის მის ხმას,-უთხრა მან მეფეს,-არც ამათი გამომცხვარი პური აიწონება, ხოლო მათი ცხოველმყოფელი ცეცხლი იმედის მომცემია”.

მეფემ ხიდზე შედგა ფეხი. დიდებულებსაც სურდათ მიჰყოლოდნენ, მაგრამ სასწორთვალამ შეაჩერა ისინი. “თქვენთვის ეს ხიდიც დაკეტილია. თქვენი გზა სხვა მიმართულებით მიდის”. და უჩვენა მათ დავიწყების მდინარე.

ხელმწიფემ გაიარა ცოფიანი კატების მინდორი, მათ ნაცვლად გრანიტის ლომები დაუხვდა, შემდეგ ცივი თუთიყუშის კლდე, რომელიც თეთრი ფარშავანგის მინდვრად ქცეულიყო, და შეეკედლა კიპარისის ჩეროს, რომელსაც ჩამოეხსნა მელისყურა არწივი.

დიდებულემა თაღლითი მძივების ქალაქში დაივანეს, რომლის გალავანსაც აწერია: “დავიწყების ქალაქი”. ამ ქალაქის სივრცეა ცოფიანი კატების გადმობრუნებული ტყავი, შუა ქალაქში მოედინება მდინარე, რომელსაც ჰქვია: “გამდნარი ცივი კლდის თუთიყუში”, ხოლო ქალაქის მკვიდრთათვის ყოველდღიურად იდგმება წარმოდგენა: “მელისყურა არწივი-ოცნება”. ამბობენ, სასწორთვალას თავი და გული დავიწყების ქალაქშია, ხოლო ხელ-ფეხი და შიგნეული უკვდავების სახაბაზოში, ხოლო თავად სასწორთვალა არსად არ არის, არც იქ არის და არც აქ.



დაბრუნება