ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 2, თბილისი 1959
ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ორიგინალის მისამართი: Zhamtaaghmc
ჟამთააღმწერელი
[ასწლიანი მატიანე]
მესამეოცე მეფე ლაშა-გიორგი
ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ძისა მისისა გიორგისდა რომელსა ლაშობითცა უწოდა იყო წლისა ათცამეტისა რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა. ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო ლაშა ათრვამეტისა წლისა. დაუტევა მეფობა ძესა თჳსსა, ხოლო ნათესავსა ქართველთასა ცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რამეთუ ცხოველნიცა ჩასრულ იყვნეს ჯოჯოხეთს მკჳდრნი სამეფოსა მისისანი, და ეგრეთცა ჯერ იყო.
შემდგომად მისსა დაიპყრა მეფობა ძემან თამარისმან ლაშა-გიორგი. რამეთუ იყო ტანითა ძლიერი, მჴნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება; და უმეტეს ამისთჳს განლაღებულ იქმნა, რამეთუ დაემორჩილნეს ყოველნი წინააღმდგომნი მისნი კეთილად მოჴსენებულსა და ღმრთის-მოყუარესა დედასა მისსა, დაუშფოთველად და წყნარობით დაეტევა სამეფო თჳსი, და ყოველნი მახლობელნი მათნი მოხარჯე შეექმნნეს, ვითარ განძელნი და მიმდგომნი ნახჭევნელნი და კარნუქალაქელნი, და სხუანი მრავალნი ძღუნითა და ხარკითა მოვიდოდიან მისა. მას ჟამსა იშუებდა, იხარებდა, და ყოველგნით იყო შუება და მხიარულება.
მაშინ იწყეს განძით განდგომა და არღარა მოსცეს მეფესა ხარკი, ხოლო ამისმან მცნობელმან მეფემან ლაშა მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და ამერთა, მჴარგრძელსა ივანეს, რომელსა მაშინ პატივი ათაბაგობისა მინებებოდა დედისა მათისა თამარისგან, რამეთუ იყო ათაბაგობა ისრე განდიდებული, [რომელ] იყო უმეტეს სხუათა ერისთავთასა: ესე იყო ვაზირი კარსა მეფისასა. მაშინ თქუა მეფემან, ვითარმედ: "ვინათგან მეფეთა შორის ბრწყინვალემან და სანატრელმან დედამან ჩემმან დამიტევა მეფობა, ყოველნი წინააღმდგომნი პაპათა და მამათა ჩემთანი მოხარაჯედ შექმნა და დღეისმომდე მორჩილნი ბრძანებისა ჩემისანი არიან. აწ განძისა ათაბაგსა საწუნელ უქმნიე. და ხარკისა არღარა ნებავს მოცემა; მე ესრეთ განმიზრახავს, რათა შური ვიგო განძასა ზედა და თქუენ შრომასა შეგამთხჳო. რამეთუ ძალითა და თანადგომითა თქუენითა დაუცემია სანატრელთა პაპათა და მამათა ჩუენთა დიდთა სულტანთა ძლიერებანი, და აწ მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვიმჴედროთ განძასა ზედა, რათა სხუათა მტერთაგან არღარა საწუნელ ვიქმნნეთ. შეწევნითა ღმრთისათა და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა და სიქველითა თქუენითა ვსძლოთ მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა".
ვითარცა ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, განიხარეს და დაუმტკიცეს. და რქუეს, ვითარმედ: "დიდი ნუგეშინისემა მოგუემატა ღმრთისა მიერ რამეთუ გპოვეთ ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა ღმრთისათა და ძალითა თქუენითა დავიმორჩილნეთ ურჩნი მეფობისა თქუენისანი, და შევანანოთ ყოველთა ურჩება თქუენი".
მაშინ დაამტკიცეს ლაშქრობა, და განძის დარბევასა წარემართნეს თჳთ მეფე სპითა დიდითა. ვერ წინააღუდგეს განძელნი, და მოაოჴრეს ქუეყანა განძისა: აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და მოადგეს ქალაქსა განძისასა, და მრავალ დღე ებრძოდეს, და ყოველთა დღეთა გამოვიდიან ქალაქისა კარსა ბრძოლად ჩალიბად, აქათცა და მუნითცა ურჩეულესნი ებრძოდიან. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლად ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი.
ხოლო მეფესა ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი იყვნეს; რამეთუ ერთ-კერძო მჴარგრძელნი დგეს, და ერთ-კერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი, ქართველნი და თორელნი, ერთ-კერძო აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთ-იქითნი ზედმოკიდებით ურთიერთას. ხოლო მაშინ ვითარ მოვლიდა მეფე, იცნეს იგი, და მსწრაფლ განახუნეს კარნი ქალაქისანი, და ვითარ მჴეცნი ზედა მიუჴდეს. და იხილა მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განმჴნობითა სპათა მათთათა, ეგრეთვე სპანი მეფისანი, სიკუდილად განმწირველნი თავთა მათთანი, ეტყოდეს: "სიკუდილამდის ვიღუაწოთ, და დავდვათ თავი სასიკუდილოდ, და არა ვარცხჳნოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა" და მყის მიეტევნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნეს პირსა მახჳლისასა უმრავლესნი რჩეულნი განძისანი. თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლისა თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა განეწესნეს.
ხოლო ვითარ იხილეს სიმჴნე მათი განძელთა, სწრაფით ივლტოდეს პირისაგან მათისა, და სდევნეს ვიდრე კართამდე ქალაქისად, და მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად, და უმრავლესნი ტყუე ყვეს და ზოგნი მოსრნეს.
ხოლო ამისნი მხილველნი დედანი ძლიერად იცემდეს მკერდსა მათსა და საყელოსა თმითურთ იფხურიდეს, და განაძლიერეს ყივილი და ზრიალი ყოველგნით. ესმა რა ესე ყოველგნით გარე მოდგომილთა ლაშქართა, მეფესა მომართეს მსწრაფლ.
ხოლო მეფე უვნებელად დაცული ღმრთისა მიერ, იგი და მისნი წინამბრძოლნი თავადნი სახელოვანნი მოეგებნეს. რომლისათჳს დიდებულნი მებრძოლნი და ლაშქარნი დაამტკიცებდეს არღარა ყოფად მოლაშქრედ და არცა ყოფად კარსა მეფისასა. ხოლო მეფე იგი ჰუნისაგან ჩამოჴდა და ევედრა, უმეცრებით ქმნულისათჳს შენდობა ითხოვა. და ესრეთ მივიდეს კარვად მეფისა სიხარულითა, და მსგეფსამდის მხიარულება და გაცემა იყო ლაშქართა ზედა.
ესრეთ შემჭირდა ათაბაგი განძისა და ევედრა, რათა განუჩინონ ხარკი პირველი, რომელი ისმინა მეფემან და უკუსცა ტყუენი, ფასითა და მრავლითა ძღუენითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა რა ვეცხლითა. მივიდა თჳთ მეფე ტფილისს, და აღავსო საქართველო საბოძვრითა. რამეთუ იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხჳ და არავისთჳს მოშურნე, მლოცველ, მმარხველ, და განმკითხველ და მოწყალე. არამედ უკანასკნელ მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთათა; ვითარცა სოლომონისთჳს წერილ არს, რომელი შეაცთუნეს დედათა, ეგრეთვე ესე უწესოთა კაცთა, ვითარცა ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს. ვითარ განისუენებდა ნადირობითა, და მსმურთა თანა მიდრკა სიბოროტედმი, ვითარცა წერილ არს ისრაილთათჳს: "დასხდა ერი იგი ჭამად და სმად, და აღდგეს სიმღერად".
ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვნებამან სიბილწესა უმეტეს გარდარია. განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედის წესთა მასწავლელნი, შეიყუარნა თანამოჰასაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ ესეოდენ უსახურებად მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღჳნისა თაფლუჭისა, ტფილის[ს] მყოფი, წარიყვანეს რინდთა თანა, რათა მუნ განიძღონ სიბილწე თჳსი. ხოლო რინდნი, მეფისა მისლვასა არ მგონებელნი და ღჳნით უცნობო-ქმნილნი, ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს.
ამისნი მცნობელნი თავადნი საქართველოსანი, ფრიად მწუხარენი, და უმეტეს ივანე ათაბაგი და ვარამ გაგელი ზაქარიას ძე განეყენებოდეს დარბაზს ყოფისაგან. "არა თავს ვიდებთო, ეტყოდეს, შენსა მეფედ ყოფასა, უკეთუ არა განეყენო ბოროტთა კაცთა სიახლესა და ავსა წესსა, რომელსა იქმ". ხოლო მეფემან შეინანა და აღუთქუა სიმტკიცეთა მიერ არარასა ქმნა თჳნიერ მათისა განზრახვისა. დაღათუ აღასრულებდა, არამედ ძლიერებდა მტერი უჩინო, ვერ არწმუნეს ცოლისა სმა, ვითარცა არს გულისთქმისა მიერ შემწველობა დედათა მიმართ. მისრულმან კახეთს სოფელსა ერთსა, ველისციხესა, იხილა ქალი ფრიად ქმნულ-კეთილი, და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ და დამვიწყებელმან დავითის და ურიის ცოლისა მიმართისა საქმისამან მსწრაფლ თჳსად მიიყვანა და შეიყუარა ფრიად. და მუცლად იღო დედაკაცმან მან და შვა ყრმა, რომელსა უწოდეს სახელად დავით. ესე დავით იგი არს, რომელი შემდგომად დიდთა განსაცდელთა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს.
ესე ყრმა აღზრდად მისცა დასა თჳსსა რუსუდანს, რომელი იგიცა მხოლო ესუა თამარსა, რომელთა ძმებრივისა და დებრივისა სიყვარულისა უმეტესობა აქუნდა ურთიერთას.
ამათ წარმართებულობათა და დაწყნარებულობათა შინა იყო მეფე და ყოველგნით ნიჭი და ძღუენი მოუვიდოდეს მოხარკეთა მიერ კარვად მეფისა. მხიარულითა პირითა მოვლიდის სამეფოსა თჳსსა განსაგებელთა საქმეთათჳს. გარდავიდის ქუეითი აჯამეთს, ნადირობდის ცხუმს და აფხაზეთს, და განაგნის საქმენი მანდაურნი. და სთუელთა შთავიდის ტფილისს, ხოლო საზამთროდ დადგის დურს სომხითისასა, და მიერ ბრძოდის განძელთა. ზაფხულის აღვიდის თავად მტკურისად და დადგის კოლას. და მოვიდოდიან წინაშე მისა მოხარკენი ძღუნითა ხლათით და საბერძნეთით.
ამით განსუენებასა შინა მყოფმან არა ინება ქორწინება ცოლისა. ამისთჳს შეკრბეს კათალიკოსნი, ეპისკოპოსნი და ვაზირნი და მოაჴსენებდეს: "არა ჯერ არს, რათა მჴევალი გესუას და არა ცოლი, ვითარცა დასწერს მოციქული პირი ქრისტესი პავლე: "ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელ. ხოლო მსიძავნი და მემრუშენი საჯნეს. ღმერთმან". ხოლო მეფესა არა ენება, არცა უსმინა. ამისთჳს წარგუარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს. ხოლო არცა მაშინ ექორწინა მეუღლესა, არამედ ეგო უქორწინებელად.
რამეთუ იყო ესე ლაშა-გიორი მჴნე, ა\ხოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი, თავჴედი, თჳთბუნება, ვითარცა მითქუამს, უხჳ, სახიობის მოყუარე, ღჳნის მოყუარე და გემოთ-მოყუარე. და მშჳდობა იყო სამეფოსა შინა მისსა, და შექცეულ იყო სმასა და ჭამასა, რომლისათჳს დასწერენ მამანი, ვითარმედ: "სამნი არიან მიზეზნი ვნებათანი, რომელთაგან იშვებიან ყოველნი ბოროტნი: გემოთ-მოყუარებანი, ვეცხლისმოყუარება და დიდების-მოყუარება; ამათნი პირმშონი არიან: სიძვანი, მრუშებანი, რისხვა, მწყნარობა, ამპარტავნება". ამათ ბოროტთაგან გამოვლენ ჴორცთმოყუარებანი, უწესოდ ნებისა მიდევნებანი, რომლისა თჳთოეულად არა არს ჟამი აღწერად, ვითარცა წინასწარმეტყუელიცა იტყჳს: ჭამა იაკობ, განძღა, განსხნა, განსუქნა, და დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი, და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა".
ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველთასა, რამეთუ განძღეს და იშუებდეს და უწესოებად მიდრკეს სიძვათა შინა და მთრვალობათა უგუნურნი კაცნი მეფის კარსა ზედა არა-ყოფისა-ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი. დაღათუ კათალიკოსთა ორთავე და თავადთა ამის სამეფოსათა. და უმეტს ივანე ათაბაგსა უმძიმდათ საქმე ესე, არღარა ინებეს მას თანა სამარადისო ყოფა, არამედ განეშორეს და თჳს-თჳსად იყოფოდეს. ამისთჳს აღმოსცენდეს მიზეზნი, ცოდვათა სიმრავლითა, საქართველოსა მოოჴრებისანი, რომელი ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.
გაგრძელება
ქართლის ცხოვრება