თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია

ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი

ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Leontius Ruensis - Vitae Nino


ლეონტი მროველი

მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ

[გაგრძელება]

[წინა ნაწილი]


წიგნი რომელი მოუწერა პატრიაქმან ჰრომისამან და ბრანჯთა მეფემან ნინოს და მეფესა მირიანს და ყოველსა ერსა ქართლისასა


მათ დღეთა შინა მოვიდა წიგნი ჰრომით, წმიდისა პატრიაქისა, ნინოს და მეფესა და ყოველსა ერსა ქართლისასა. და მოავლინა ბრანჯი დიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად, და ამის ნეტარისა ნინოსგან ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. აქუნდა წიგნი ბრანჯთა მეფისა ნინოს-ცა თანა: რამეთუ მამისა მისისაგან ნათელ-ეღო ბრანჯეთს. და ესე ყოველი მისმენილ იყო იერუსალემით და კოსტანტინეპოლით, ვითარმედ ქუეყანასა მას ქართლისასა მიეფინა მზე სიმართლისა. ამისთჳს სანატრელი წიგნი მოუწერა, რათა-მცა ეუწყნეს აქანი იგი სასწაულნი სუეტისა მის და მაყულოვნისა, და ძალი იგი კურნებისა. ესე ყოველი იხილა და მოისმინნა სასწაულნი იგი ბრანჯმან დიაკონმან, რომელნი ქმნილ იყვნეს მცხეთას, და განკჳრვებული ადიდებდა ღმერთსა; წარიღო წიგნები და წარვიდა.

მაშინ რქუა მეფემან წმიდასა ნინოს და ეპისკოპოსსა: "მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახჳლითა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნეთ ძესა ღმრთისასა და ვათაყუანნეთ პატიოსანსა ჯუარსა". მაშინ რქუეს: "არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახჳლისა აღება, არამედ სახარებითა და ჯუარითა პატიოსნითა უჩუენოთ გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა.

და წარვიდა წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარატანა მეფემან ერის-თავი ერთი. მივიდეს და დადგეს წობენს, და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყუთა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყრელთა. და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლის-ღება. მაშინ ერის-თავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახჳლი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.

გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს. ხოლო ფხოელთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს. და სხუანი-ცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღება. ამისთჳს წარკრბეს იგინი და შესცთეს, და რომელნი-მე უკანასკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან და რომელნი-მე მათგანნი დარჩეს წარმართობასა-ვე შინა დღეს-აქამომდე.
ხოლო წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისა. და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რა-ოდენნი-მე. და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ; და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო წმიდა ნინო არა ერჩდა. მაშინ წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა. და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთხუეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდე ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა, და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა.

და ეტყოდეს სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნელი და მათ თანა ერის-თავნი და მთავარნი ჰკითხვიდეს, თუ "ვინა ანუ სადათ მოხვედ ამა ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენდა, ანუ სადათ-მე იყო აღზრდა შენი, დედოფალო; მაუწყე ჩუენ საქმე შენი. რასა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო სანატრელო, რამეთუ ესე-რა გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყუელნი პირველ ძისა ღმრთისა, და შემდგომად მოციქულნი თორმეტნი და სხუანი სამოცდაათნი, და ჩუენდა არა-ვინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ, და ვითარ იტყჳ, ვითარმედ ტყუე ვარი მე, ანუ ვითარ უცხო".

მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და თქუა: "ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მჴევლისათა. აწ გაუწყო-ცა, რამეთუ ესე-რა მოსრულ არს სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოება თქუენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან".

მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნელმან: იწყოსიტყუად წმიდამან ნინო, ხოლო იგინი წერდეს. და წარმოუთხრა ყოველი, რომელი ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა მეფესა იაკობ მღდელი, რათა შემდგომად იოვანესსა იგი იყოს ეპისკოპოს. მაშინ იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსადა შევედრა სული თჳსი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა, დასაბამითგანთა წელთა ხუთიათას რვაას ოცდათურამეტსა.

მაშინ შეიძრნეს ორნი-ვე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი, მიცვალებასა ნინოსსა. მუნ მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსა-ვე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, რამეთუ მუნ ითხოვა თჳთ დაფლვა მეფისაგან, შეხედვებითა ღმრთისათა: სიმდაბლისათჳს ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხი იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათჳს დაფლეს მუნ.

და ვითარ აღასრულა ესე ყოველი ღმრთივ-განბრძნობილმან მირიან მეფემან, განამტკიცა ყოველი ქართლი და ჰერეთი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა, ერთარსებისა ღმრთისა დაუსაბამოსასა, დამბადებელისა ყოვლისასა; და განმტკიცდეს სრულსა სარწმუნოებასა ზედა.

მაშინ კეისარსა კოსტანტინეს რომელ ჰყვა მძევალი, ძე მირიანისი, რომელსა ერქუა ბაქარ, გამოგზავნა იგი მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა, და მოუწერა ესრეთ: "მე, კოსტანტინე მეფე, თჳთ-მპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენული და მერმე გამოჴსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერე შენდა ღმრთივ-განბრძნობილისა და ჩემთანა-ვე ახალ-ნერგისა, მორწმუნისა მეფისა მირიანისსა. იყავნ შენ თანა მშჳდობა და სიხარული! ვინათგან იცან შენ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიჴმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუა-მდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩუენდა წინა-მძღურად, გულითა მოსავთა მისთა, და შუა-მდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივ. და შვილი შენი შენდა-ვე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე; და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშჳდობისა იყავნ შენ თანა მარადის; განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა".

მოვიდა ბაქარ, ძე მეფისა მირიანისი, და მოციქული კოსტანტინე მეფისა მცხეთას. აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და მადლობდეს ღმერთსა, ნიჭთა სრულთა მომცემელსა.

მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესია საეპისკოპოსო და აღასრულა სატფურება მისი მრავლითა დიდებითა. და მოქცევითგან მირიან მეფისათ მეოცდახუთესა წელსა მოკუდა ძე მისი რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომლისადა-ვე მიეცა მეფობა სიცოცხლესა-ვე მისსა. და დაფლეს აკლდამასა-ვე, / რომელი თჳთ მას-ვე რევს აღეშენა.

და მას-ვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელი-ცა აღესრულა. და მოიყვანა ძე მისი ბაქარ და ცოლი მისი ნანა, და რქუა ნანას: "აჰა ესე-რა, მე წარვალ ვინა-ცა მოვედ, დავმადლობ მრავალ-მოწყალესა ღმერთსა, დამბადებელსა ცისა და ქუეყანისასა, რომელმან წარტყუენული ეშმაკისაგან მიჴსნა მე პირისაგან ჯოჯოხეთისა, და ღირს მყო მე მარჯუენით მის თანა. შენ, ნანა, უკეთუ გეცეს-ღა მოცალება ცხოვრებისა ჩემისა შემდგომად განყავ სამეფო განძი ჩუენი ორად, და მიიღე სამარხავსა ნინოსა, განმანათლებელისა ჩუენისასა, ჟამთა შეცვალებისათჳს, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი; რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირ არს". ეგრეთ-ვე დავედრა ეპისკოპოსთა, რათა ადიდონ დიდება მის ადგილისა, "რამეთუ ღირს არს პატივის-ცემასა".

ხოლო ძესა თჳსსა რქუა: "შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათლად და სიკუდილი ცხოვრებად. შენდა მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა. ღმერთმან დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან დაგამტკიცენ შენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა. იწურთიდი ყოვლად-ვე მცნებათა ძისა ღმრთისათა, და დაადგერ სრულიად მათ ზედა: და სახელსა ზედა ქრისტესსა სიკუდილი ცხოვრებად გიჩნდინ, რომლითა წარუვალი ცხოვრება მოიგო. და სადა პოვნე ვნებანი იგი ცეცხლისანი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ, და ნაცარი შეასუ რომელნი მათ ესვიდენ. და ესე შვილთა-ცა შენთა ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიათა-ცა შინა-ვე დაილევიან. ხოლო შენ ამას შეუდეგ გულითა შენითა, და თავი შენი შევედრე ძესა ღმრთისასა, პირველ ჟამთა შობილსა, და განკაცებულსა, და ვნებულსა ჴსნისათჳს ჩუენისა. და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა სძლო მტერთა, ვითარცა აქუს ჩუეულება გულითა მოსავთა მისთა. და პატივს-ცემდი სუეტსა მას ცხოველსა ღმრთივ-აღმართებულსა, და იყავნ ყოვლითურთ სასოება შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლვა შენი ძილად საუკუნოდ სარწმუნოებასა ზედა სამებისასა".

და მოაყვანებინა ჯუარი იგი წმიდისა ნინოსი, რომელი პირველითგან აქუნდა, და ჩამოჰკიდა გჳრგჳნი სამეფო ჯუარსა მას. და მოიყვანა ძე თჳსი ბაქარ. და თავსა მისსა გამოსახა .სახე ჯუარისა; და აღიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან და დადგა თავსა ძისა თჳსისასა. და აღესრულა მირიან მეფე, და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სუეტსა სამხრითსა, ჩრდილოთ-კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღმრთივ-აღმართებულისა მის სუეტისა. და მეორესა წელსა მოკუდა ნანა დედოფალი, და დაეფლა მას-ვე სუეტსა დასავალით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო.


გაგრძელება მეფეთა ცხოვრებისა

დაბრუნება ისტორიის განყოფილებაში