ქართლის ცხოვრება


ლეონტი მროველი

სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა
ტომი 1
თბილისი 1955

ნაწილი პირველი: ცხოვრება ქართველთა მეფეთა


ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი

ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Leontius Ruensis - Vitae regum Iberorum

[თავი მეოთხე]

[თავი მეხუთე]

მეოცდაოთხე მეფე მირიან, ძე სპარსთა მეფისა. ხოსროიანია


აწ ვაჴსენოთ ცხოვრება მირიანისი, ძისა ქასრე არდაშირისი სასანიანისა

ვითარცა შეიწყნარა მეფემან ქასრე ვედრება ქართველთა, და შეჰრთო ძესა მისსა მირიანს ასული ქართველთა მეფისა და მისცა ქართველთა მეფედ ძე მისი და დასუა მცხეთას. და მისცა ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი. და იყო მირიან მაშინ წლისა შჳდისა. და თანა ჰყვა ქასრე მეფესა დედა მირიანისი და არა დაუტევა იგი მირიანის თანა, რამეთუ უყუარდა დედა იგი მირიანისი ვითარცა თავი თჳსი, არამედ დაუტევა მამა-მძუძედ და განმგებელად წარჩინებული ერთი, რომელსა ერქუა სახელად მირვანოზ. და დაუტევა ორმოცი ათასი მჴედარი სპარსი რჩეული, და არა დასხნა ქართლისა საზღვართა სპარსნი იგი ფიცისა მისთჳს, რომელ ფიცებულ იყო ქართველთად, არამედ დასხნა ჰერეთს და მოვაკანს და სომხითს. ხოლო უბრძანა მირვანოზს, რათა სპარსთა მათგანი რჩეული შჳდი ათასი მჴედარი ყოვლად-ვე ქალაქსა შინა იპყრას მცველად ძისა მისისა. და ესრეთ დამზავა ქართველთა, რათა კარნი და ციხენი და ქალაქნი ყოველნი იპყრნეს ლაშქრითა სპარსითა: და სხუა სიმრავლე სპარსთა არა იყოს ქუეყანასა შინა ქართლისასა თანა-აღრეულად; "და იყოს შვილი ჩემი ორსა-ვე სჯულსა ზედა: მამათა ჩუენთა ცეცხლის-მსახურებასა და თქუენთა კერპთასა", რამეთუ პირველ-ვე ამას ზედა მოეცა ფიცი.

და წარვიდა მეფე და წარიხუნა ყოველნი ჴევნი კავკასიანთანი და დასხნა ყოველგან მთავარნი, და უბრძანა მათ ყოველთა, რათა იყვნენ მორჩილ ძისა მისისა მირიანისსა, და უბრძანა მირიანს, ძესა თჳსსა, და მამა-მძუძესა მისსა მირვანოზს, რათა ჰბრძოდიან ხაზართა, და წარვიდა მეფე სპარსეთად.

ხოლო ამან მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მოამტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი. და აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შჳდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყუარნა ქართველნი, და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავა ენა ქართული. და ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა, კეთილად იპყრნა ქურუმნი კერპთანი, და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მას კერპთასა, და შეამკო საფლავი ფარნავაზისი. ხოლო ესე ყოველი ქართველთა სათნოებისათჳს ქმნა, და კეთილად იპყრნა ქართველნი ნიჭითა და ყოვლითა დიდებითა. და შეიყუარეს იგი ყოველთა ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა. და მეფობდა ესრეთ მირიან მცხეთით გაღმართ ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრს.

ხოლო იქმნა რა მირიან თხუთმეტისა წლისა, მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისა, და ამას ზედა დაესრულა ქართლს შინა მეფობა და დედოფლობა ფარნავაზიანთა მეფეთა. მაშინ შეწუხდეს ყოველნი ქართველნი სიკუდილსა ზედა დედოფლისა მათისასა, არამედ დაადგრეს ერთგულებასა ზედა მირიანისსა, რამეთუ არღარა ვინ იყო ყოვლად-ვე ნათესავი ფარნავაზიანთა, რომელი-ცა ღირს იყო მეფობასა ქართველთასა. და ესრეთ შეიტკბეს ამის მიზეზისათჳს მეფობა მირიანისი.

ხოლო მირიან მეფემან ჰმატა კეთილსა ქართველთასა, და მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტოით, ასული ოლიღოტოსისი, სახელით ნანა. და იწყო ბრძოლად ხაზართა, და მარადის ჰბრძოდის: ოდეს-მე გაადგიან მირიანს ლეკნი და მათ გამოიყვანიან რა ხაზარნი თანა-შემწედ მათდა, მიეგების მათ წინა მირიან ჰერეთს ანუ მოვაკანს და მუნ ეწყჳს მათ; და ოდეს-მე დურძუკთა და დიდოთა მოირთნიან და გამოიყვანიან ხაზარნი, მაშინ ეწყჳს და ვერ-ოდეს სძლეს ხაზართა, და ყოვლად-ვე მირიან სძლის. და ესრეთ მრავალ-გზის გარდაიჴადა წყობა ხაზართა.

და უფროსი ლაშქრობა მისი იყვის დარუბანდს. რამეთუ მოვიდიან ხაზარნი და მოადგიან დარუბანდს, რათა-მცა წარიღეს და განაღეს კარი ფართო, და მუნით იწყეს გასლვად სპარსთა ზედა. ხოლო ოდეს მოვიდიან ხაზარნი დარუბანდს, მაშინ წარვიდის მირიან შუელად დარუბანდისა: ოდეს-მე უომრად მიჰრიდიან ხაზართა მათ მირიანს, და ოდეს-მე ბრძოლითა აოტნის.

ხოლო ვითარ იქმნა მირიან წლისა ორმეოცისა, მაშინ მოკუდა მამა მისი, სპარსთა მეფე, და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ სპარსეთს ძმა მირიანისი ურწემესი, რომელსა ერქუა ბარტამ. და ვითარცა ესმა ესე მირიანს, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, შეიკრიბნა და წარემართა ბაღდადს, რათა-მცა დაჯდა საყდართა მამისა მისისათა. მაშინ ძმამან მისმან შეიკრიბნა სპანი ურიცხუნი და მიეგება ბრძოლად ჴევსა მას ზედა ნასიბისასა. და ვითარ-ცა იხილეს მოხუცებულთა და მარზაპანთა სპარსეთისათა, ვითარმედ მახჳლი დაეცემის ურთიერთას, აღდგეს მათ შორის მოციქულად და ბჭედ, და დასჯერდეს ორნი-ვე მეფენი ბჭობასა მათსა. და დასხდეს რა ბჭობად, მაშინ მირიან იტყოდა სარჩლად: "პირმშო შვილი ვარ მე მამისა ჩემისა და საუფლისწულოდ ებოძნეს ქუეყანანი უცხონი მკლავითა წახმულნი, და მუნ ყოველნი დღენი ჩემნი დამიყოფიან ბრძოლასა შინა ხაზართასა, და მრავალ-გზის სისხლითა ჩემითა დამიცავს სპარსეთი ხაზართაგან. ამისთჳს ჩემი არს საყდარი მამისა ჩემისა".

ხოლო ბარტამ იტყოდა ამისთჳს, ვითარმედ: "თუ-მცა პირმშო მირიან არს, არამედ ნაშობი არს მჴევლისა, და ნაშობსა მჴევლისასა ეყოფის სუედ რომელ მას მიხდომიან სამეფონი. ხოლო მე ნაშობი ვარ ჰინდოთა მეფისა ასულისა, სპარსთა დედოფლისა, და მოგისმენია ანდერძი მამისა ჩემისა, და მოგინახავს, რამეთუ ჴელითა მისითა დამადგა გჳრგჳნი თავსა ჩემსა".

ხოლო მათ გაბჭეს და მისცეს მეფობა სპარსეთისა ბარტამს, ხოლო მირიანს გულის-სადებად მისცეს ბარტამისგან ჯაზირეთი, და შამის ნახევარი, და ადარბადაგანი. და ესე ყოველი ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს ზედა მოურთეს. და წარმოვიდა მირიან. ხოლო ვიდრე-ღა მირიან ჯერეთ იყო მუნ, გარდამოვლეს ოვსთა ფეროშ და კავტია და განრყუნეს ქართლი. ხოლო მირიან გარეს-გარ გარდავიდა ოვსეთს, მოტყუენა ოვსეთი და მიუწია ხაზარეთამდი, და გარდამოვლო გზა დვალეთისა და მოვიდა შინა.

და შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელთა ჩუეულებისაებრ მოვიდეს ხაზარნი ბრძოლად დარუბანდისა. ხოლო მირიან წარვიდა შუელად დარუბანდისა, და ვიდრე იგი მუნ იყო წყობად ხაზართა, მაშინ უკუე მეფე გუთთა სპითა ურიცხჳთა შევიდა საბერძნეთს. ხოლო მეფე ბერძენთა შეკრბა სპითა დიდითა და წინა-აღუდგა. მაშინ მეფემან გუთთამან სთხოვა თავის-თავ ბრძოლა კეისარსა. ხოლო კეისარსა ვერ ძალ-ედვა ბრძოლა მისი. ხოლო მაშინ მუნ იყო სპათა თანა ბერძენთასა ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ, რომელი ვაჴსენეთ ზემო: აღზრდილ იყო იგი საბერძნეთს, და იყო იგი გოლიათი. მას ჟამსა შინა იყო იგი სპასა თანა ბერძენთასა, და იგი გამოარჩიეს ყოველთა სპათა ბერძენთა, და შემოსეს იგი შესამოსლითა და საჭურველითა კეისრისათა, და კეისრის სახედ გაუგზავნეს ბრძოლად გუთთა მეფესა. გამოვიდა მუნით გუთთა მეფე და მიეტევნეს ურთიერთას ბრძოლად: სძლო თრდატ და ჴელად შეიპყრა, და იოტეს ბანაკი გუთთა. ხოლო კეისარმან მისცნა სპანი თრდატს და გამოგზავნა სომხითს, მამულსა თჳსსა. გამოვიდეს სომხითს და გამოასხნეს სპანი ერის-თავნი მირიანისნი.

მაშინ მირიან შეიქცა წყობისაგან ხაზართასა, და მოიყვანა სპარსეთით თჳსი მისი, ნათესავი მეფეთა, სახელით ფეროზ; და მან მოიტანა თანა სპა დიდი. და ამას ფეროზს მისცა მირიან ასული თჳსი ცოლად და მისცა ქუეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორი-ვე კერძი, და დაადგინა იგი ერის-თავად მუნ. და სხუა-ცა ძალი მოირთო სპარსეთით და უწყო ბრძოლად თრდატს. ხოლო ოდეს მოირთის ძალი თრდატ საბერძნეთით და მომართის მირიანს, და მას ვერ ძალ-ედვის წინა-აღდგომად, და გაამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და მოვლის თრდატ ქუეყანა მისი. და ოდეს განძლიერდის მირიან სპარსეთით, მაშინ ვერ წინა-აღუდგის თრდატ, და მოვლის მირიან სომხითი. და ესრეთ დაუცხრომელად იყვის შფოთი მათ შორის წელთა მრავალთა, და არა-ვინ იპოვა ოდეს სპარსთა შორის მარტოდ-მბრძოლი თრდატისი. და სახელოვან იქმნა იგი ყოველსა ქუეყანასა, და სძლო ყოვლად-ვე მბრძოლთა მისთა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი ცხორებასა სომეხთასა.

შემდგომად ამისსა მეფე იქმნა სპარსეთს მესამე ძმა მირიანისი და ბარტამისი, რომელმან მოუვლინა მირიანს მოციქული და რქუა: "რათა შევკრბეთ, და გარდავლოთ სომხითი, და შევიდეთ საბერძნეთად". მაშინ გამოვიდა სპარსთა მეფე, და მიეგება მირიან, და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ, ვითარცა თივანი ველთანი და ფურცელნი ხეთანი სიმრავლითა. და გარდავლეს სომხითი და ვერ წინა-აღუდგა თრდატ, არამედ განამაგრნა ციხე-ქალაქნი. და წარტყუენეს სომხითი და შევიდეს საბერძნეთად. და ვერ წინა-აღუდგა მათ ბერძენთა მეფე კოსტანტინე და შთავარდა მწუხარებასა დიდსა.

და ვითარ იწყეს ტყუენვად საბერძნეთისა, მაშინ არწმუნეს მეფესა კოსტანტინეს კაცთა ვიეთ-მე ღმრთის-მსახურთა და რქუეს ვითარმედ: "ვიხილეთ საკჳრველება ქრისტესი და ძლევა მტერთა მოსავთა მისთაგან, ვითარ ყოველნი მოსავნი ქრისტესნი წარძღუანებითა ჯუარისათა სძლევენ მტერთა მათთა". ხოლო კოსტანტინე მეფემან ირწმუნა მათი, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ბერძენთასა, ნათელ-იღო კოსტანტინე, და წარმოიძღუანა სახე ჯუარისა, და ეწყო მტერთა სპარსთა მათ ურიცხუთა სპითა მცირითა, და ძალითა ქრისტესითა აოტა ბანაკი მათი, და მოსრა სიმრავლე მათი.

და ივლტოდეს ორნი-ვე იგი მეფენი მცირედითა მჴედრითა, და მიუდგა უკანა კოსტანტინე, და შევიდა საზღვართა მათთა. და სპარსთა მეფე შევიდა სპარსეთად მეოტი, ხოლო მირიან დადგა ქართლად და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. უღონო იქმნა მირიან და შეეშინა სრულიად ოტებასა ქართლით, რამეთუ აწყუედილ იყვნეს წყობასა მას შინა ყოველნი წარჩინებულნი მისნი, სპარსნი და ქართველნი. და ამისთჳს-ცა წარგზავნა მოციქული წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა მისგან მშჳდობა, და აღუთქუა მას მსახურება და განდგომა სპარსთაგან და შემოდგომა მისდა. რომელი-ესე სთნდა კოსტანტინეს, რამეთუ შიში აქუნდა კუალად-ცა სპარსთა მეფისაგან და შემწეობისათჳს დაეზავა მირიანს. და აღიყვანა შვილი მირიანისი მძევლად, რომელსა ერქუა ბაქარ, და დაამოშურნა თრდატ და მირიან, და ამზახნა ურთიერთას. რამეთუ მოსცა თრდატ ასული თჳსი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ. და განუჩინა საზღვარი მირიანს და თრდატს ესრეთ: რომელთა ქუეყანათა მდინარენი დიან სამხრეთით და მიერთვიან რაჴსსა, ესე ქუეყანანი თრდატის კერძად დაყარნა; და რომლისა ქუეყანისა მდინარენი ჩრდილოთ დიან და მიერთვიან მტკუარსა, ესე მირიანის კერძად დაყარნა. და ესე რა განუგო კოსტანტინე მეფემან და შუამდგომელ ექმნა მათ, და წარვიდა თჳსად სამეფოდ.

და მეფობდა მირიან მუნ ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს. და აქუნდა ეგრისი-ცა ვიდრე ეგრის წყლამდე; და მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას, რევ და ცოლი მისი სალომე, ასული თრდატისი, და ცხოვნდებოდეს იგინი უჯარმას. ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისსა, აქუნდა ქუეყანა, რომელი ზემო თავსა ვაჴსენეთ მიცემულად მირიანისგან, და იყო იგი მუნ ერის-თავად.

მას ჟამსა მოსრულ იყო წმიდა და ნეტარი დედა და ემბაზი ჩუენი ნინო, და დაეყო მცხეთას შინა სამი წელი და განეცხადა ქება ქრისტეს სჯულისა, და იქმოდა კურნებათა თჳნიერ წამლისა, და ჴმა-მაღლად იწყო ქებად სჯულსა ჭეშმარიტსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა.

[შემდეგი: მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ]

[გაგრძელება მეფეთა ცხოვრების]

დაბრუნება ისტორიის განყოფილებაში