ქართლის ცხოვრება


ლეონტი მროველი

სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა
ტომი 1
თბილისი 1955

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი

ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Leontius Ruensis - Vitae regum Iberorum


ნაწილი პირველი: ცხოვრება ქართველთა მეფეთა


თავი მეორე


თავი [მესამე]

შემოსლვა ალექსანდრესი [და მეფენი ფარნავაზიანნი]

ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქუეყანასა საბერძნეთისასა, ქუეყანასა, რომელსა ჰქჳან მაკედონი, ძე ნიკტანებისი, მეგჳპტელისა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი წიგნსა ბერძენთასა.

ამან ალექსანდრე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავლით, და შევიდა სამჴრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად. და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათჳს არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს, ვითარცა მჴეცნი და პირუტყუნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უჴმ არს. და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდთ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით, დაუკჳრდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს მას და ენება რათა-მცა აღმოფხურნა იგინი ქალაქებისა მისგან, არამედ მას ჟამსა ვერ უძლო, რამეთუ პოვნა ციხენი მაგარნი და ქალაქნი ძლიერნი. კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი, და დაეშენნეს იგინი-ცა ქართლს.

შემდგომად ამისსა განძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქუეყანა, და აღმოვიდა ქუეყანასა ქართლისასა. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერტჳსი მტკურისა, ოძრჴე მოკიდებული კლდესა ღადოსსა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქჳან ჭოროხი, ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე-დიდი და ზანავი, უბანი ურიათა, და რუსთავი, და დედა-ციხე სამშჳლდე, და მტუერის-ციხე, რომელ არს ხუნანი, და კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი. და განუყო ლაშქარი თჳსი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა, და თჳთ დადგა მცხეთას. და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქუემოთ, და თჳთ დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსა ჰქჳან ნასტაკისი.

ხოლო მტუერის-ციხესა და თუხარისსა არა ჰბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე. ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა. განუწყრა ალექსანდრე და არღარა ინება ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და რქუა მათ: "ვინათგან მაგინეთ მე, ესე არს ნაცვალი თქუენი, რათა დაგჴოცნე ყოველნი". და მოიცვა ქალაქი სარკინე, და ვერა სადეთ განერა ერთი-ცა კაცი. ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ თუე. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და განჴურიტეს კლდე იგი, რომელი ლბილ იყო და ადვილად საჴურეტელი. და განკრბეს ჴურელსა მას სარკინელნი ღამე, და შეივლტოდეს კავკასიად, და დაუტევეს ცალიერად ქალაქი.

დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყუევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი კაცი ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქჳან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი, და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერის-თავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა.

და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმან-ცა ასწავა და ამხილა, არამედ თჳთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა. და წარვიდა ალექსანდრე.

ხოლო ამან აზონ მოარღჳვნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი; და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხჳრისასა; და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლით, მცხეთა მტკუარსა ზედა. და ესენი მომტკიცნა, და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოარღჳვნა ზღუდენი, და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთითგან და ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისი-ცა, და მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი.

და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგჳპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია, და თორმეტ წლამდის მოვლო ყოველი ქუეყანა, თორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. და მეთოთხმეტესა წელსა ალექსანდრიას შინა მოკუდაო იგი, უსწორო დიდი ჴელმწიფე და ვითარ მოკუდებოდა იგი, სიცოცხლესა-ვე შინა მისსა განუტევნა ყოველნი მთავარნი, რომელნი შეპყრობილ და დამონებულ იყვნენ მისგან. და იგინი წარვიდეს თჳს-თჳსად ქუეყნად, ვითარცა ბრძანებულ იყო.

მერმე მოიყვანნა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნეს სახელით: ანტიოქოზ, ჰრომოს, ბიზინტიოს და პლატონ.

და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია.

ხოლო ჰრომოს მისცა თრიმიკოსი, და უჩინა კერძო დასავლეთისა. და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი.

და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის-თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქჳან კოსტანტინეპოლი.

ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას.

და მოკუდა ალექსანდრე.

ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთ-მსახურებად, და შექმნნა ორნი კერპნი ვეცხლისანი: გაცი და გაიმ. და მონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა. იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: "ყოველმან ქართველთაგანმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი". და ჰყოფდეს ჰრომნი იგი ესრეთ ქართველთა ზედა, და ვინ-ცა-ვინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, მოკლიან იგი. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა. და ესე აზონ მათ ჰრომთა-ცა ზედა იყო მესისხლე, და მოესრნეს მრავალნი მათგანნი. ცხოვრება ფარნავაზისი რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა, ქართლოსიანი

მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ. ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის-წული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ-იყო.

ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თჳსსა.

ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე ჴელოვანი. და იმალვიდა იგი სიკეთესა თჳსსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათჳს. ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: "შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ თავისა შენისა სიკეთესა, ნუ უკუე მოგკლან შენ".

და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: "შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი ჴელისაგან აზონისა.

და დაამტკიცეს განზრახვა ესე, წარსლვა ასპანისა. ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევება საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წარსლვა. მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რე-ცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო ჴელი მისი, მოჰჴოცა ცუარი პირსა მ[ზ]ისასა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკჳრდა, და თქუა: "სიზმარი იგი, ესე არს, მე წარვალ ასპანს, და მუნ კეთილსა მივეცემი".

ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი, გარდაჴდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა-მცა დაყო მუნ ღამე და დილეულ-მცა წარვიდა.

ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქჳთა ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წჳმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამთარღჳა კარი ქუაბისა მის, რათა-მცა მუნ შიგა დაიმშრალა წჳმისა მისგან, და შევიდა ქუაბსა მას. და იხილა მუნ-შინა განძი მიუწდომელი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა მიუწდომელი.

მაშინ ფარნავაზ განკჳრდა და აღივსო სიხარულითა. და მოეგონა სიზმარი იგი, და დაჰკრძალა კარი ქუაბისა ეგრეთ-ვე. და მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა თჳსსა და ორთა დათა მისთა. და მას-ვე ღამესა წარმოვიდეს სამნი-ვე იგი საჴედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თჳსსა. ხოლო ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთ-ვე აღმოქმნიან კარი ქუაბისა მის. და ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა.

მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის თანა და რქუა: "მე ვარ ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა, და არს ჩემთანა ხუასტაგი დიდ-ძალი. აწ ინებო, რათა მით ხუასტაგითა მოვიდე შენთანა, და ვიყვნეთ ჩუენ ძმა და ვიჴმაროთ ჩუენ ხუასტაგი იგი ორთა-ვე. გამოუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერის-თავსა, და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი".

მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და რქუა: "აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნი-ცა გამოგუერთნენ. რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნი-ცა აზონისგან".

მაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა სიხარულითა, და რომელი შესაძლებელ იყო განძისა მისგან წარიტანა თანა, და დედა-ცა და დანი მისნი მისთანა. და მივიდა ქუჯის თანა და რქუა მას ქუჯი: "შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი".

მაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ არა სთნდა ხარკისა მიცემა აზონისა და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლნეს სპანი. ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოკრიბნა.

მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი რომელ დარჩეს აზონს, ვერ-ღა-რა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა.

ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი. და მას-ვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა.

ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუენი დიდ-ძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თჳსად, და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის-თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს.

ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მჴედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უჴმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერის-თავნი ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური. და ეწყვნეს მუნ, და იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი. და მოსწდეს ორგნით-ვე ურიცხჳ. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს.

და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონის-ცა, და იქმნა სიმდიდრე გარდარეული.

ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა. მაშინ ფარნავაზ მისცა დაჲ თჳსი ოვსთა მეფესა ცოლად, და მეორე დაჲ თჳსი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა იგი ერის-თავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი.

მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერის-თავნი რვანი და სპასპეტი.

ერთი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ. და ამან-ვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.

და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.

მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.

მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.

მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.

მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.

მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერის-თავი ეგრისისა.

ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო.

ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა.

და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი.

ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოჴრებულნი ალექსანდრესგან, ამან აღაშენნა.

და ვერ-ღა-რა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა.

და ამან-ვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთჳს. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთჳს აღმართებულისა.

ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამეოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ. და მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა. და ყოველნი დღენი მისნი, რაჲ დაჯდა, მშვიდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი.

ხოლო თუენი გაზაფხულისა და სთულისა არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თუენი ზაფხულისა -- წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.

ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.

და რათგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდეს კაცსა თჳნიერ რომელ შესწირიან კერპსა მსხუერპლად. იყო განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათჳს ფარნავაზისსა და იტყოდეს ამას ყოველნი: "ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიჴადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქუელითა, სიმჴნითა და სიმდიდრითა.

ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ.

და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.

და მოკუდა ფარნავაზ, და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა.

მეორე მეფე საურმაგ

და ამის წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ.

მას ჟამსა შინა ზრახვა ყვეს ერის-თავთა ქართლისათა და თქუეს: "არა კეთილ არს ჩუენდა, რათა-მცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ ჩუენ საურმაგ, და ვიყვნეთ ჩუენ თავის-უფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა ვინ-ცა-ვინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესრეთ ყოფითა უფრო განვისუენებთ". განამტკიცეს განზრახვა და მოკლვა საურმაგისი.

ხოლო იგრძნა საურმაგ, და წარვიდა ფარულად და ივლტოდა, წარიტანა თანა დედა მისი და მივიდა ქუეყანასა დურძუკთასა დედის ძმათა მისთა თანა

მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი წარვიდეს და მივიდეს დურძუკეთს-ვე, და რქუეს საურმაგს: "დიდი კეთილი დგას ჩუენ ზედა მამისა შენისა. ამისთჳს ვართ ჩუენ მტკიცე ერთგულებასა შენსა".

მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დის-წულსა მისსა, და ითხოვა შეწევნა. ხოლო იგი სიხარულით წარვიდა შუელად მისა და საურმაგ შეიკრიბა დურძუკეთი-ცა, და წარმოემართა ქართველთა ზედა. და ვერ-ვინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრა ქართლი, და მოსრნა განდგომილნი მისნი; და რომელთა-მე შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი. ხოლო ტყუენვასა მას ხაზართასა ყოველნი-ვე მშჳდობით დარჩომილ იყვნეს, სიმაგრისაგან ქუეყანისა, და ვერ-ღა-რა იტევდა დურძუკეთი.

მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანნა იგინი ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარნი, და რომელნი-მე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხუანი დასხნა მთიულეთს, დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი, და ესენი დაიპყრნა მისანდობელად თჳსად, დედულნი.

და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ. და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა. და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა.

და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველის ერის-თვისა. და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ეშუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავითგან ცოლისა მისისა, დედის დის-წული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქუა სახელი მირვან. და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთაო სამშჳლდისა და ერთი ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამის დის-წულსა თჳსსა.

მეფობდა საურმაგ ბედნიერად მრავალთა წელთა. და მოკუდა საურმაგ, და მეფე იქმნა მის წილ შვილებული მისი მირვან.

მესამე მეფე, მირვან, ნებროთიანი

ესე მირვან იყო ტანითა სრული, შუენიერი, ძლიერი, მჴნე და ქუელი. ამისსა მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყუარული ფარნავაზისი და საურმაგისი; და გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი, და გაერთნეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი, მოტყუენეს კახეთი და ბაზალეთი.

მაშინ მირვან მეფემან მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი სპანი, მჴედარი და ქუეითი, და ყოველნი კავკასიანნი იყვნეს სარწმუნოდ მორჩილებასა ზედა მირვანისსა, რომელნი გარდამოვლინებულ იყვნეს საურმაგ მეფისაგან, თჳნიერ ჭართალთასა. შემოკრიბნა ესე ყოველნი და წარემართა დურძუკეთს. შეკრბეს დურძუკნი და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზასა მას.

მაშინ მირვან გარდაჴდა ცხენისაგან, მივიდა ქუეითთა თანა თჳსთა, და წარუძღუა წინა ქუეითთა, ზურგით შემოადგინნა მჴედარნი, და მოვიდა კართა მათ შინა, ვითარცა ჯიქი სიფიცხითა, ვითარცა ვეფხი სიმჴნითა, ვითარცა ლომი ზახილითა. იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი. ხოლო მირვანს ვერ ჰკუეთდა მახჳლი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სიპსა, და დგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე. და გაგრძელდა მათ შორის. მიუდგეს უკან ქართველნი, მოსრნეს და ტყუე ქმნეს. და შევიდა მირვან დურძუკეთს, და მოაოჴრა დურძუკეთი და ჭართალი. და შეაბნა კარნი ქჳტკირითა, და უწოდა სახელად დარუბალ. და დაჯდა მირვან მცხეთას, მეფობდა ნებიერად და უშიშად.

იყო კაცი მიმნიჭებელი კეთილისა უხუად, და შეიყუარეს იგი ყოველთა მკჳდრთა ქართლისათა. და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა.

ამის-ზე მიიცუალა ანტიოქისა მეფობა ბაბილონს. და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხითს რომელსა ერქუა არშაკ. ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თჳსი ძესა არშაკისსა, არშაკს. და მოკუდა მირვან, და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი ფარნაჯომ.

მეოთხე მეფე, ფარნაჯომ, ნებროთიანი

ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი.

ამისა შემდგომად შეიყუარა სჯული სპარსთა, ცეცხლის მსახურება, მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლის-მსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქჳან მოგუთა, და იწყო ცხადად გმობად კერპთა. ამისთჳს მოიძულეს იგი მკჳდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი საშოება აქუნდა კერპთა მიმართ. მაშინ შეითქუნეს ერის-თავნი ქართლისანი უმრავლესნი, და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა და რქუეს: "მეფე ჩუენი გარდაჴდა სჯულსა მამათა ჩუენთასა, არღარა მსახურებს ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, შემოიღო სჯული მამული და დაუტევა სჯული დედული. აწ არღარა ღირს არს იგი მეფედ ჩუენდა მოგუეც ძე შენი არშაკ, რომელსა უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩუენთა. გუაშუელე ძალი შენი, და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლის სჯულისა, და იყოს მეფედ ჩუენდა ძე შენი არშაკ და დედოფლად ჩუენდა ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩუენთა."

მაშინ სთნდა სომეხთა მეფესა განზრახვა ესე. გაგზავნა მოციქული მათი პასუხითა კეთილითა და რქუა მათ: "უკეთუ ჭეშმარიტად უბიწოთა გულითა გნებავსთ მეფედ თქუენდა ძე ჩემი, თქუენ ყოველთა ერის-თავთა მომეცით მე მძევალი, და მიგცე ძე ჩემი მეფედ თქუენდა, და ყოვლითა-ვე ნიჭითა აღგავსნე".

მაშინ ერის-თავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები და განაცხადეს განდგომა ფარნაჯომისი. მაშინ, სომეხთა მეფე ყოვლითა ძალითა მისითა წარმოემართა ქართლს. ხოლო ფარნაჯომ მეფემან მოუწოდა სპარსთა და მოიყვანნა სპარსნი ძლიერნი და რომელნი-მე დარჩომოდეს შემოკრიბნა ქართველნი-ცა. ხოლო ერის-თავნი ქართლისანი განდგომილნი მიმგებნეს სომეხთა მეფესა ტაშირს, და მუნ შეკრბა სიმრავლე სომეხთა და ქართველთა. ხოლო ფარნაჯომ მიეგება მუნ-ვე ტაშირს.

იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი, მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ (!), რამეთუ იძლია ფარნაჯომ სომეხთა და ქართველთაგან. და მოიკლა ფარნაჯომ და მოსრეს სპა მისი. ხოლო ძე ფარნაჯომისი მირვან, წლისა ერთისა ყრმა, წარიყვანა მამა-მძუძემან მისმან, და ივლტოდა სპარსეთს. ხოლო სომეხთა მეფემან მოსცა ძე თჳსი არშაკ.

მეხუთე მეფე, არშაკ, არშაკუნიანი

დაჯდა მეფედ არშაკ, და დაიპყრა ყოველი ქართლი; და მეფობდა იგი ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა. და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას.

მოკუდა არშაკ, და მეფე იქმნა ძე მისი არტაგ.

მეექუსე მეფე. არტაგ. არშაკუნიანი

და ესე მეფე არტაგ ორ წელ ოდენ მეფობდა. და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა მოვიდეს ერის-თავნი სპარსთანი, სპითა დიდითა, ძიებად სისხლისა ფარნაჯომისა და სპათა მათ სპარსთასა, რომელნი აწყუედილ იყვნეს ფარნაჯომის თანა. ვერ წინა-აღუდგა მათ არტაგ, მეფე ქართველთა, რამეთუ დიდ იყო ძალი სპარსთა, არამედ განამაგრნა ციხენი და ქალაქნი. და მოვლეს სპარსთა ყოველი ქართლი, და მოაოჴრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი ვერა-რომელი წარიღეს, და წარვიდეს.

მოკუდა არტაგ და დაჯდა მის წილ ძე მისი ბარტომ.

მეშვიდე მეფე. ბარტომ, არშაკუნიანი

ამან მეფემან ბარტომ უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა.

ხოლო აღზარდეს სპარსთა ძე ფარნაჯომისი მირვან, რომელი სიკუდილსა მას ფარნაჯომისსა წარეყვანა მამა-მძუძესა მისსა, რომელი ვაჴსენეთ პირველ. ესე მირვან იყო კაცი ქუელი, მჴნე, მჴედარი, და მრავალ-გზის გამოიცადა იგი ბრძოლასა თურქთა და არაბთასა.

ამან მირვან შეკრიბნა სპანი ძლიერნი სპარსეთს, წარემართა ქართლს, და მოუგზავნა მოციქული ერის-თავთა ქართლისათა, და რქუა მათ: "მოიჴსენეთ სიყუარული მამის მამისა, მირვანისი, და კეთილი მისი თქუენდა მომართ. დაღაცათუ მამამან ჩემმან შემოიღო სჯული უცხო თქუენ შორის და მისგან-ცა გაქუნდა კეთილი. სამართლად მოიკლა მამა ჩემი, რამეთუ ვერ კეთილად იპყრა სჯული მამათა თქუენთა, და აწ ნუ არს საურავი და შიში გულსა თქუენსა სიკუდილისათჳს მამისა ჩემისა, რამეთუ სჯულისა დატევებისათჳს მოჰკლვენ მამანი შვილთა და ძმანი ძმათა, და არა იძიების სისხლი სჯულისა დატევებისათჳს მოკლულთა. მე ვარ შვილი მეფეთა თქუენთა ფარნავაზიანთა დაღაცათუ აღზრდილ ვარ სპარსთა თანა, არამედ ვარ მე სჯულსა ზედა მამათა თქუენთასა, და ვესავ მე ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, და სასოებითა მათითა წარმართებულ ვარ ძიებად მამულისა ჩემისა, აწ ითუალეთ ჩემგან დიდება და კეთილი".

ხოლო ერის-თავთა ქართლისათა არა შეიწყნარეს ბრძანება მირვანისი, არამედ ყოველნი მივიდეს წინაშე ბარტომ მეფისა. ხოლო მცირედნი ვინ-მე ქართველნი, არა წარჩინებულნი, წარვიდეს და მიერთნეს მირვანს.

ხოლო მეფემან ბარტომ შემოკრიბნა ყოველნი სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება იგი ხუნანს. და იპყრა იგი ზურგად, ქალაქი ხუნანი. მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ბერდუჯისასა. და იწყეს ბრძოლად, და გამოჩნდეს ორთა-ვე შორის მუნ ბუმბერაზნი. იყვნეს ყოველთა დღეთა ბუმბერაზთა ბრძოლანი თუესა ერთსა: ოდეს მათ სძლიან, და ოდეს-მე ამათ სძლიან.

ხოლო ამას თუესა შინა ერთსა ამან მირვან თავის-თავითა მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი. და არა-ვინ გამოჩნდა ქართველთაგანი და სომეხთაგანი მძლე მირვანისი; და ვერ-ცა-ღა თჳთ ბარტომ მეფე ებრძოდა მას, რამეთუ არა იყო ბარტომის თანა გოლიათობა.

მაშინ ბარტომ მეფემან განაწყვნა სპანი თჳსნი, და მიმართა ყოვლითა სპითა მირვანს, და მუნით მირვან მოეგება სპითა ყოვლითა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ. და იძლივნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთაგან, და მოკლეს ბარტომ, მეფე ქართველთა.

ხოლო ამას ბარტომ მეფესა არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი, და სიცოცხლესა-ვე მისსა მოეყვანა ეგრისით ძის-წული ქუჯისი, სახელით ქართამ, რომელსა შესდგმიდა ფარნავაზიანობა, ფარნავაზის დისა ქუჯის ცოლისაგან და დედისა მისისა, საურმაგის ასულისა ქუჯის ძის ცოლისაგან. და ამის ქართამისდა ეგრისით მიეცა ასული თჳსი ცოლად ბარტომ მეფესა, და აღეღო ესე შვილად. და ესე ქართველთა სათნოებისათჳს ექმნა ბარტომს, რამეთუ ქართველთა დიდი სათნოობა აქუნდა ფარნავაზიანთა მიმართ; და არა უნდა სხჳსა ნათესავისა მეფობა რომელსა-მცა არა შესდგმიდა ფარნავაზიანობა.

ხოლო ესე ქართამ, ძედ შვილებული ბარტომ მეფისა, მას-ვე წყობასა მოიკლა ბარტომის თანა. ხოლო ცოლი მისი, ასული ბარტომისი, უძლები დარჩა, ივლტოდა და წარვიდა სომხითს და მუნ შვა ყრმა და უწოდა სახელად ადერკი, და იზრდებოდა იგი მუნ.

ხოლო ვითარ მოკლა მირვან ბარტომი, და შემოვიდა ქართლად და დაიპყრა ყოველი ქართლი; და რომელნი დაშთომილ იყვნეს ერის-თავნი ქართლისანი ციხეთა და სიმაგრეთა შინა, მისცა მათ ფიცი და აღთქმა, და გამოიყვანნა ყოველნი; და მძლავრებით გამოიყვანა ცოლი ბარტომისი სამშჳლდით და შეირთო ცოლად, რომელი შვილი იყო არშაკუნიანთა-ვე. და დაჯდა იგი მცხეთას.

მერვე მეფე. მირვან

და ნებიერად მეფობდა მცირედ-ჟამ და მოკუდა. და დაჯდა მის წილ ძე მისი არშაკ.

მეცხრე მეფე, მეორე არშაკ. ძე მირვანისი. ნებროთიანი

ხოლო ესე არშაკ მეფე იყო დედით არშაკუნიანი და მამით ნებროთიანი და ფარნავაზიანი. ამან არშაკ განაშუენა ნელქარ, ქალაქი კახეთისა, რომელ არს ნეკრესი, და ჰმატა სიმაგრესა უფლის-ციხისასა. და იყო ესე ძლიერი ძალითა, დიდი და გოლიათი.

ხოლო ესე ადერკი, ძე ქართამისი, ასულის წული ბარტომ მეფისა, რომელი ვაჴსენეთ ზემოთ, აღზარდეს სომხითს. და იყო კაცი ასაკით შუენიერი, ტანით დიდი და გოლიათი, მრავალ-გზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი, და სახელოვან ქმნილ იყო იგი.

ამან ადერკი მოითხოვნა სპანი სომეხთა მეფისაგან, და მოსცნა მას, და წარმოემართა არშაკს ქართველთა მეფესა ზედა, დედის ძმასა თჳსსა. ხოლო არშაკ შემოკრიბნა ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, მოირთო ძალი სპარსეთით და მიეგება წინა.

და შეკრბეს ორნი-ვე სპანი თრიალეთს და დაიბანაკეს მახლობელად ერთმან-ერთისა. სთხოვა ბრძოლა თავის-თავ არშაკ ადერკის, ხოლო ადერკი სიხარულით აღიჭურა საჭურველითა შუენიერითა, და აღჯდა ტაიჭსა და რქუა სპათა თჳსთა: "განმიმაგრეთ ზურგით-კერძო ჩემი, და ნუ შესძრწუნდებით". და განვიდა ეგრეთ-ვე არშაკ, შეიჭურა და განვიდა განწყობილთა შორის.

აღიზახნეს ორთა-ვე ჴმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთას. და იწყეს ორთა-ვე გურემად ოროლითა, და ვერა ჰკუეთდეს საჭურველსა ერთმან-ერთისასა. და ბრძოლისა სიგრძესა შინა განუტყდა ოროლები, აღმოიღეს ჩუგლუგები და იწყეს ბრძოლად ჩუგლუგებითა. ოდეს უსეთქნიან ჩუგლუგი იგი საჭურველსა ზედა მათსა, ჰგუანდის ჴმა იგი ჴმასა მას უროს მჭედლისასა, რომელი ეცემის გურდემლსა; და ჴმა ზახილისა მათისა მსგავს იყო ქუხილისა.

მაშინ ვერ სძლეს ურთიერთას, დაშურეს და უკუ-დგეს იმიერ და ამიერ. შეღამდა დღე იგი და განისუენეს ორთა-ვე, და დილეულ კუალად გამოვიდეს და აღიღეს მშჳლდები, და იწყეს რბევად და სრვად ერთმან-ერთისა. ჰკრა ადერკი ისარი მკერდსა არშაკისსა და ვერ-ღა-რა უფარა სიმაგრემან საჭურველისამან; განვარდა ზურგით, და ჩამოვარდა არშაკ ცხენისაგან.

შემოიქცა ადერკი მსწრაფლ, და მივიდა სპათა თანა სომხითისათა, და რქუა მათ: "გაფუცებ ღმერთთა თქუენთა, ნუ განმარტებთ მახჳლთა თქუენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნი არიან ჩემნი. და აწ მე ვარ მეფე მათი, ძალითა და შეწევნითა თქუენითა". ისმინეს სომეხთა ვედრება მისი და დაადგრეს ადგილსა ზედა.

შემოიქცა და მოვიდა ადერკი მახლობელად ქართველთა სპათასა. და ჴმა უყო ჴმითა მაღლითა: "მე ვარ შვილი მეფეთა თქუენთა, და სუესა ჩემსა მოუცემია მეფობა ჩემდა. აწ მიიღეთ ჩემგან კეთილი და სიხარული. აჰა ესე-რა აღარა მოუშვნე სპანი სომეხნი თქუენ ზედა".

მაშინ მიუგეს ქართველთა: "შენ გამოსჩნდი უმჯობესი ყოველთა შორის ნათესავთა ფარნავაზისთა. რათგან მოკუდა მეფე ესე ჩუენი, აწ შენ ხარ მეფე ჩუენი; და ვმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუეცა საზღვარად მეფისა ამის ჩუენისა შვილი-ვე მეფეთა ჩუენთა, გოლიათი და სახელოვანი".

და გარდაჴდეს ყოველნი ქართველნი, დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ადერკის. და მშჳდობით შეკრბეს ერთად სომეხნი და ქართველნი და სპარსნი რანისანი, და მოიღეს ქართველთა გჳრგჳნი არშაკისი, და დაადგეს ადერკის და წარმოიყვანეს.

მეათე მეფე, ადერკი, ძე ბარტომისი. არშაკუნიანი

და ამან ადერკი დაიპყრა ყოველი ქუეყანა ქართლი და ეგრისი. და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თჳსი ცოლად და დაჯდა მცხეთას და მეფობდა კეთილად: ოცდაათის წლისა მეფე იქმნა და ორმეოც და ჩვიდმეტ წელ მეფობდა.

ხოლო პირველსა-ვე წელსა მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა. და მოვიდეს მისსა მოგუნი ძღუნისა შეწირვად, და მათ მოგუთა შესლვასა იერუსალემს მოვიდა ამბავი მცხეთას, ვითარმედ "სპარსთა იერუსალემი წარტყუენეს-ო". და ურიანი რომელნი მცხეთას იყვნეს, იქმნა მათ შორის გლოვა და ტირილი. და შემდგომად მეორესა წელსა სხუა მოვიდა ამბავი, ვითარმედ "სპარსნი იგი არა წარტყუენვად მოვიდეს იერუსალემს, არამედ აქუნდა ძღუენი ყრმისა ვის-მე შობილისათჳს". და განიხარეს ურიათა მცხეთელთა.

და შემდგომად ამისსა, ვითარ გარდაჴდეს წელნი ოცდაათნი, მოვიდეს მოციქულნი ურიათა იერუსალემით ურიათა თანა მცხეთელთა, ვითარმედ: "რომლისათჳს-იგი მოვიდეს მოგუნი და შეწირეს ძღუენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა. და აწ წარმოგჳვლენიან ჩუენ მოციქულნი ყოველთა თანა ურიათა, რათა მოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი, და განვიკითხოთ და განვბრჭოთ მას ზედა. და აწ თქუენგან-ცა წარმოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი მანდით,

ჩანართი

რათა სჯული მამათა ჩუენთა შეუცვალებელ ვჰყოთ და დავამტკიცოთ, და მცნება მოსესი აღვასრულოთ, რათა ახლითა მით სჯულითა რომელ რას-მე გჳქადაგებს არა შეაცთუნნეს უმარტივესნი ვინ-მე სჯულისა ჩუენისანი, ხოლო სიკუდილითა-ცა მისითა შური ვიძიოთ.

მაშინ უკუე წარვიდა ელიოზ, კაცი მოხუცებული. ხოლო ესუა მას დედა ტომისაგან ელი მღდლისა, და კუალად ერთი და. ხოლო წარმავალსა მას ევედრებოდა დედა ძესა თჳსსა, ვითარმედ: "წარვედ უკუე შვილო საყუარელო წოდებასა მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა ესე ხოლო, რომელსა გამცნებ შენ, დაიმარხენ, ნუ უკუე შეერთჳნ ცნობა შენი განზრახვასა მას მათსა ბოროტსა, და ნუ-ცა ვიდრე-მე ეზიარები დათხევასა სისხლისა მის მისისასა ნუ, შვილო ჩემო, გევედრები, ნუ რამეთუ უეჭუელად უწყოდე, ვითარმედ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა, რომელსა პირველითგან-ვე მოესწავებოდეს.

და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა.

მეთერთმეტე მეფენი ბარტამ და ქართამ, ძენი ადერკი სომეხთ მეფისა. არშაკუნიანნი

და მეფობდეს შემდგომად მისსა ძენი მისნი. ხოლო ამათსა მეფობასა უესპასიანოს ჰრომთა კეისარმან წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელთა-ვე ურიათა თანა, რომელთა თანა ერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯუარ-ცმასა უფლისასა განუტევეს ურიათა უფლისა ჩუენისა იესოს წილ.

და მეფობდა ესე ბარტომ და ქართამ მშჳდობით და სიყუარულსა ზედა ერთმან-ეთისასა. ესუა ძე ბარტომს, რომელსა ერქუა კაოს, და ქართამს ესუა ძე სახელით ფარსმან. და მოკუდეს ადერკის ძენი ბარტომ და ქართამ. და შემდგომად მათსა მეფე იქმნეს შვილნი მათნი: არმაზს -- ფარსმან და შიდა ქალაქსა -- კაოს.

მეთორმეტე მეფენი ფარსმან და კაოს, ძენი ბარტოსი და ქართამისა, არშაკუნიანნი

ხოლო ადერკისითგან ვიდრე ამათ მეფობამდე იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა. და უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდეს სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა. მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი იგი მეფე იარვანდ. და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა, და მოუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკურამდე და დასხნა წუნდას შინა კაცნი მჴეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა წუნდასა სახელად ქაჯატუნი, რომელი-ესე ითარგამნების დევთა-სახლად. და ვერ იძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარი, და მოკუდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს.

და დასხდეს მეფედ შემდგომად მათსა შვილნი მათნი, არმაზს აზორკ და შიდა ქართლსა არმაზელ.

მეთოთხმეტე მეფენი, ამაზასპ და დეროკ, ძენი აზორკ და არმაზელისნი, არშაკუნიანნი

და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი: არმაზს -- ფარსმან ქუელი და შინა ქართლსა -- მირდატ.

მეთხუთმეტე მეფენი, ფარსმან ქუელი და მირდატ. ძენი ამაზასპისა და დეროკისი, არშაკუნიანნი

აქამომდე ესე მეფენი ყოველნი ორ-ორნი იყვნეს მოყურობასა ზედა: ერთგან მოყუარენი ვისნი-მე და ერთგან მტერნი ვისნი-მე. მაშინ ამან მირდატ ქართველმან მოიყვანა ცოლი სპარსი, ნათესავი მეფეთა, და წუევითა სპარსთათა მტერ ექმნეს ფარსმან ქუელსა არმაზელსა, და განიზრახა მუხთლად სიკუდილი ფარსმან ქუელისა. და მოხადა მირდატ ფარსმან ქუელსა სახლსა თჳსსა რე-ცა მიჯლიშად და განცხრომად. რომელი-ესე უთხრა ვინ-მე ფარსმანს და განაკრძალა. ხოლო იგი არღარა მივიდა.

მიერითგან იქმნეს მტერ ურთიერთას, და მირდატს შეეწეოდეს სპარსნი, ხოლო ფარსმანს სომეხნი. და ესე მირდატ იყო კაცი ურვილი და მოსისხლე, ხოლო ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მჴნე მჴედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უჴორცო და ყოვლითა-ვე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა. ესე უყუარდა მირდატის კერძთა-ცა ქართველთა და სძულდა მირდატ მესისხლეობისა და მედგრობისა მისისათჳს და გამოერთნეს უმრავლესნი მირდატისა-ცა კერძნი, ემძლავრა ფარსმან ქუელი და აოტა მირდატ მეფე. და წარვიდა მირდატ სპარსეთად.

ხოლო იყო მაშინ სპასპეტი ფარსმან ქუელისა, ეგრეთ-ვე ქუელი და გოლიათი, სახელით ფარნავაზ, ესე ფარნავაზ ძუძუს-მტე იყო ფარსმანისი, სარწმუნო, ერთ-გული და მისანდობელი. და იგი დაადგინა შიგა ქართლსა, ადგილსა მირდატისსა. და ყოვლად-ვე იყვის ფარნავაზ სპასპეტი ქართლსა შინა, ხოლო მეფე ფარსმან ქუელი იარებოდის და განაგებდის სამეფოსა თჳსსა.

მაშინ მირდატ გამოიყვანნა სპარსნი, სპანი ძლიერნი, და მომართა ფარსმანს, ხოლო ფარსმან შემოკრიბნა სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება იწროთა რკინის-ჴევისათა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა დღეთა მრავალთა ; და უკეთუ გამოჩნდის ბუმბერაზი სპარსთა შორის, რომელსა ვერ ებრძოდიან ბუმბერაზნი ქართლისა და სომხითისანი, მას ზედა განვიდის თჳთ მეფე ფარსმან, ანუ სპასპეტი მისი ფარნავაზ, და ესრეთ აჯობიან და სძლიან. და მას ბრძოლასა შინა მოკლა ფარსმან მეფემან ჩჳდმეტი ბუმბერაზი სპარსთა, ხოლო სპასპეტმან მისმან ფარნავაზ მოკლა ოცდასამი.

მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელით ჯუმბერ, რომელი ლომსა ჴელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლა თავის-თავ მეფესა ფარსმანს. ხოლო ფარსმან ქუელი სიხარულით აღიჭურა და განვიდა. და აღიზახნეს ორთა-ვე ჴმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ბრძოლად ჴრმლითა. და ჴმა ბრძოლისა მათისა ემსგავსა ჴმასა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა, და მოიქცა სპისა თჳსისა კერძო, და ჴმა-ყო ჴმითა მაღლითა და რქუა მათ: "აჰა, ლომნო მძჳნვარენო, ცხოვარნი დასეტყჳლნი!"

მაშინ მიეტევნეს ქართველნი და სომეხნი სპარსთა ზედა, აოტნეს და მოსწყჳდნეს და ტყუე ყვნეს ურიცხუნი, და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და წელსა მეორესა კუალად მოვიდა მირდატ სპითა უძლიერესითა. ხოლო ფარსმან ქუელმან შემოკრიბნა სპანი თჳსნი, მჴედარნი და ქუეითნი, და დადგა მცხეთას ქალაქსა შინა, რამეთუ არა ჰყვნეს სპანი მირდატის სპათა ოდენნი. მოვიდა მირდატ და დადგა ჯაჭუს, და ეგრეთ ყოველთა დღეთა იბრძოდიან ბუმბერაზნი. და ბრძოლასა მას შინა მოკლა ფარსმან მეფემან თავის-თავ თორმეტი ბუმბერაზი, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ თექუსმეტი ბუმბერაზი.

მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა თჳსისათა არღარა განახა სიმრავლე სპარსთა, არამედ. განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თჳსითა, და დაესხა. და მოსცა სუემან მისმან ძლევა: აოტა ბანაკი მათი და მოსწყჳდნა ურიცხუნი. და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და მიერითგან განითქუა სახელი ფარსმან ქუელისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი. და წინა-მძღუარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და სომხითისათა. და იწყო ბრძოლად სპარსთა და შესლვად სპარსეთს. და ვერ-ღა-რა-ოდეს ვინ წინა-აღუდგა ფარსმან ქუელსა.

მაშინ სპარსთა გება-ყვეს სიმარჯუე ესე, რამეთუ მოიყვანეს მზარეული ერთი, და აღუთქუეს .მას კეთილი დიდი, და რქუეს ესრეთ, ვითარმედ: "წარვედ და შემწყნარე ფარსმან ქუელსა, და წარიტანე შენ თანა წამალი სასიკუდინე, და შეუზავე საჭმელსა თანა მისსა და შეაჭამე". ხოლო წარვიდა მზარეული იგი და ყო ეგრეთ, ვითარცა უთხრეს სპარსთა მათ. და ესრეთ მოკლა ფარსმან მეფე ქუელი.

მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან ვიდრე გლახადმდე. და იტყებდეს ყოველნი თავთა თჳსთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხდიან მგოსანნი გლოვისანი, და შეკრბიან ყოველნი და აჴსენებდიან სიმჴნესა და სიქუელესა, და სიშუენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქუელისასა, და იტყოდიან ესრეთ: "ვაჲ ჩუენდა, რამეთუ მოგჳძინა სუემან ბოროტმან, და მეფე ჩუენი, რომლისაგან ჴსნილ ვიყვენით მონებისაგან მტერთასა, მოიკლა იგი აცთა მგრძნებელთაგან, და აწ მივეცენით ჩუენ წარტყუენვად ნათესავთა უცხოთა".

მაშინ გამოვიდეს სპარსნი, და გამოიტანეს თანა მირდატ, და დაიპყრეს ქართლი, და მისცეს მირდატს ნაწილი მისი. ხოლო ნაწილი ფარსმანისი თჳთ დაიჭირეს, და დაუტევეს ერის-თავი არმაზს. ხოლო ფარნავაზ სპასპეტმან წარიყვანა ცოლი და ძე ფარსმან ქუელისა, და ივლტოდა, და მივიდა სომხითს. რამეთუ სომეხთა მეფისა ასული იყო ცოლი ფარსმანისი. და დაიპყრეს ქართლი მირდატ და ერის-თავმან სპარსთამან. ხოლო მეგრნი დადგეს ერთ-გულობასა ფარსმანის ძისასა.

ხოლო მას ჟამსა მოყუარე იყვნეს სომეხნი და ბერძენნი. მაშინ სომეხთა მეფემან მოირთო ძალი ბერძენთაგან, და წარმოემართა ბრძოლად სპარსთა და ქართველთა. მიერთნეს მეგრნი, და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ. მაშინ მირდატ და ერის-თავმან სპარსთამან მოირთეს ძალი სპარსეთით. ხოლო სომეხნი და ბერძენნი და მეგრნი შთავიდეს შიგა ქართლს, და მუნ მიეგებნეს სპარსნი და ქართველნი მდინარესა ზედა, რომელსა ჰქჳან ლიახჳ. და მუნ იქმნა ბრძოლა მათ შორის ადგილსა, რომელსა ჰქჳან რეჴაჲ. და მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, და მოკლეს მირდატ და ერის-თავი სპარსეთისა, და მოსრნეს სპანი მათნი.

მეთექუსმეტე მეფე, ადამი, ძე ფარსმან ქუელისა, არშაკუნიანი

და დასუეს მეფედ ძე ფარსმან ქუელისა, რომელსა ერქუა ადამი. და სამ წელ ოდენ მეფობდა და მოკუდა. და დარჩა ძე მისი წელიწდისა ერთისა ყრმა; და ვიდრე აღიზარდებოდა ყრმა იგი, მეფობდა დედა ადამისი, ცოლი ფარსმან ქუელისა, რომელსა სახელი ერქუა ღადანა.

და ვითარ აღიზარდა ძის-წული ფარსმან ქუელისა, სახელით ფარსმან-ვე, მეფობდა იგი.

მეჩვიდმეტე მეფე, ფარსმან, ძე ადამისი, არშაკუნიანი

ხოლო მეფობდა ესე ფარსმან ყოველსა ქართლსა ზედა, და ესუა ძე, და უწოდა სახელად ამაზასპ. და შემდგომად ამისსა მოკუდა ფარსმან, და შემდგომად მისსა მეფობდა ძე მისი ამაზასპ.

მეთვრამეტე მეფე, ამაზასპ, ძე ფარსმანისი. არშაკუნიანი

ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქუელისა. და ამისსა მეფობასა გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი დიდნი გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ იგრძნა ამაზასპ მეფემან გარდამოსლვა ოვსთა ვიდრე გარდამოვლამდე მთისა. მოვიდეს ოვსნი და დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არა სადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქისა მცხეთისა შემუსრვად მოსრულ იყვნეს.

მაშინ ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა. და მოვიდეს ერის-თავნი აღმოსავალისანი: ერის-თავი კახეთისა, ერის-თავი ხუნანისა, ერის-თავი სამშჳლდისა. და შემოკრბეს მჴედარნი სპასპეტისანი; და ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერის-თავისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთ კერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი.

მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს; მათგან კიდე რომელი გარე მეომრად განვიდოდეს, იყო ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლად-ვე. და მაშინ სხუა რომელი ჰყვა მჴედარი ათი ათასი, და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა, ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქჳან საფურცლე. და იპყრა ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა.

და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა. და განვიდა ამაზასპ მშჳლდითა, და იწყო სროლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა; ეზომ შორით ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეიტყუებოდა და არ-ცა ინახვებოდა სიშორითა, თუ ყოვლად აქუს მშჳლდი. და მან ჰკრის ისარი, რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან. და მას დღესა შინა ამაზასპ თავის-თავითა მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი რჩეული და ცხენი მრავალი. და სხუათა-ცა ბუმბერაზთა ამაზასპისათა მოკლნეს ბუმბერაზნი მრავალნი ოვსთანი; და დასდვეს დიდი ვნება ოვსთა ზედა.

მას დღესა შინა შემოვიდა ამაზასპ ქალაქად მჴედრითა სპითა, ხოლო ქუეითნი იგი დგეს მუნ-ვე ადგილსა ზედა კართა შინა. და ღამესა მას მოემატნეს მჴედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერის-თავთა მათ სისწრაფითა.

და ვითარ განთენდა, კუალად განვიდა მუნ-ვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი. და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, რომელსა ერქუა სახელი ხუანსუა; იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა. აღიზახნეს ორთა-ვე და მიეტევნეს ურთიერთას; და პირველსა-ვე მისლვასა სცნა ოროლნი ამაზასპ, და განავლო ზურგით, და მოკლა იგი. და აღმოიჴადა ჴრმალი, და მიეტევა სხუათა-ცა ბუმბერაზთა, და მოკლნა ორნი სხუანი-ცა, შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მჴედრებით-ურთ. ხოლო ქუეითნი დგეს მუნ-ვე კართა შინა, და მას ღამესა კუალად მოემატნეს მჴედარნი.

ხოლო განიზრახეს დასხმა ოვსთა; და განვიდა და დაესხა ოვსთა, განთიადისა ჟამსა, მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი, და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი.

და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეკრიბნა სპანი თჳსნი ყოველნი, და გარდავიდა ოვსეთს. და ვერ-ვინ წინა-აღუდგა და მოტყუენა ოვსეთი, და მოვიდა შინა გამარჯუებული.

და შემდგომად ამისსა შეექმნა სილაღე, და იწყო მესისხლეობად, და მოსწყჳდნა მრავალნი წარჩინებულნი. და ამისთჳს მოიძულეს იგი ერმან ქართლისამან. და მტერ ექმნა იგი სომეხთა, და შეიყუარნა სპარსნი.

მაშინ განდგეს ერის-თავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერის-თავნი ეგრისისანი, ერთი ოძრჴისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა. ეზრახნეს ესე სომეხთა მეფესა, და ითხოვეს ძე მისი მეფედ, რამეთუ დის-წული იყო ამაზასპისი. მაშინ სომეხთა მეფე ძალითა მრავლითა წარმოემართა ქართლად, და მოირთო ძალი საბერძნეთით-ცა. და ეზრახნეს ოვსთა-ცა, ხოლო ოვსნი სიხარულითა წარმოვიდეს, რამეთუ მესისხლე იყო ამაზასპ მათი. და გარდამოვლეს გზა თაკუერისა, და მოვიდეს ერის-თავთა თანა ეგრისათა.

მაშინ ამაზასპ მოუწოდა სპარსთა, და მოვიდეს სპარსნი ძლიერნი. და შეკრიბნა ქართველნი-ცა, რომელნი დარჩომოდეს. მაშინ ოვსთა და მეგრთა გარდამოვლეს მთა მცირე, და შეკრბეს იგინი და ერის-თავნი ქართლისანი განდგომილნი, და მოვიდეს ესე ყოველნი წინაშე სომეხთა მეფისა.

ხოლო წარმოემართა ამაზასპ, და მოეგება იგი გუთის-ჴევს და არა-ვინ იპოვა ეგე-ოდენთა მათ სპათა შინა ბერძენთა, სომეხთა, ოვსთა, მეგრთა და ქართველთა მარტოდ-მბრძოლი ამაზასპისი, არამედ ეწყვნეს ურთიერთას სპანი იგი. და იქმნა ბრძოლა მათ შორის: იძლია ამაზასპ, და ივლტოდა სპა მისი. და მოკლეს ამაზასპ, და მოსრეს სპა მისი, და დაიპყრეს ქართლი. და დაუტევა სომეხთა მეფემან ძე თჳსი ქართლისა მეფედ, რომელსა სახელი ერქუა რევ, დის-წული ამაზასპისი.

მეცხრამეტე მეფე, რევ, არშაკუნიანი

ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა.

ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რა-მე სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და აქუნდა რა-მე სიყუარული ქრისტესი. და ამან მეფობასა შინა მისსა არღარა-ვის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლვა, რომელსა-იგი ამისსა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირვიდეს მსხუერპლად ყრმათა; და ვიდრე იგი იყო მეფედ, არღარა-ვინ კვლიდა ყრმათა კერპთათჳს, არამედ ცხურისა და ზროხისა შეწირვა განუწესა. ამისთჳს-ცა ეწოდა მას რევ მართალი. და მეფობდა ესე რევ კეთილად, და მოკუდა რევ.

მეოცე მეფე, ვაჩე, ძე რევისა. არშაკუნიანი

და შემდგომად.ამისსა მეფობდა ძე მისი ვაჩე.

მეოცდაერთე მეფე, ბაკურ, ძე ვაჩესი. არშაკუნიანი

და შემდგომად ვაჩესსა მეფობდა ძე ვაჩესი ბაკურ.

მეოცდაორე მეფე, მირდატ, ძე ბაკურისი, არშაკუნიანი

და შემდგომად ბაკურისა მეფობდა ძე ბაკურისი, მირდატ

მეოცდასამე მეფე, ასფაგურ, ძე მირდატ მეფისა, არშაკუნიანი

და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი ასფაგურ.

ამან ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა.

ხოლო ალექსანდრეს მეფობითგან ესე ყოველნი მეფენი მეფობდეს ქართლს და იყვნეს კერპთ-მსახურ. და ესე ასფაგურ იყო უკანასკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა. და ამის-ზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი, რომელმან მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი, რომელი იცნობების არდაბირობით, ვითარცა წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა.

ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსარო. და ამან კოსარო სომეხთა მეფემან უწყო ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთა, და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა.

და პირველსა-ვე შესლვასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და მიერითგან ვერ-ღა-რა წინა-აღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყუენვა სპარსეთისა.

ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი.

თავი მეოთხე