ქართლის ცხოვრება


ლეონტი მროველი

სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა
ტომი 1
თბილისი 1955

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი

ტექსტის აკადემიური ვერსიის მისამართი: Leontius Ruensis - Vitae regum Iberorum


ნაწილი პირველი: ცხოვრება ქართველთა მეფეთა


ვიწყო მოთხრობად ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა


[თავი პირველი]

[ამბავი რვათა ძმათა]

პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა -- ამათ თჳსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მათ მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხჳ, რამეთუ ესხნეს ცოლ-მრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის-შვილნი ძეთა და ასულთა მისთანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა.

ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა.

ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანნა შჳდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.

ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამჴრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ. ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკჳდრა მუნ.

ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქჳან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა. და უწოდა სახელი თჳსი ჰერეთი. და მის გამო ჰქჳან ჰერეთსა ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქჳან ხორანთა.

ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღჳს ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი; დასავლით ზღუა; [ჩრდილოთ] მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა, არამედ არცა იყო კაცი კავკასიასა ჩრდილოთ; და უმკჳდრო იყო ქუეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისთჳს გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღჳთგან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად. და მისცა კავკასის ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასისა, დასავალით.

ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა მამისა თჳსისა თარგამოსისთა, და დაიპყრა ქუეყანა ჩრდილოთ, ვითა დამიწერია: სამჴრით მთით ორეთისითგან, აღმოსავლით ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლით ვიდრე ზღუადმდე პონტოსა. და ამათ შჳდთა-ვე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. და ესე რვანი-ვე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა, რომელი იყო პირველი მეფე ყოვლისა ქუეყანისა.

შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შჳდთა მათ გმირთა, შემოკრიბნა და რქუა მათ: "მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩუენისა. აწ შეწევნითა დამბადებლისათა ვიყვნეთ არა-ვისა მონა, და არა-ვის ვმსახუროთ თჳნიერ ღმრთისა დამბადებელისა". ეწამნეს შჳდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს განზრახვა იგი; და განუდგეს ნებროთს და არ-ღა-რა მისცეს ხარკი. და ეზრახნეს სხუათა ვიეთმე ნათესავთა, და დაუორგულდეს სხვანი-ცა ნათესავნი.

მაშინ განუწყრა ნებროთ, და შემოკრიბნა გმირნი მისნი და ყოველნი რომელნი ერჩდეს სპანი მისნი, და მომართა თარგმანოსიანთა (!). ხოლო ჰაოს მოუწოდა შჳდთა-ვე გმირთა და ყოველსა-ვე ნათესავსა თარგამოსისსა. და შეეწივნეს სხუანი-ცა ვინ-მე ნათესავნი დასავლეთისანი: შეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსა მასისისასა. და ვითარ მოადგა ნებროთ ქუეყანასა ადარბადაგნისასა, და დადგა მუნ და წარავლინნა გმირნი სამეოცნი და მათ თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა.

ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნეს შჳდნი იგი გმირნი ძმანი ჰაოსისნი სპითა ძლიერითა. ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკანით, ზურგით. იქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკი, რომელი ემსგავსა სასტიკებასა ჰაერისასა. რამეთუ მტუერი ფერჴისა მათისა ვითარცა ღრუბელი სქელი; ელვა აბჯრისა მათისა ვითარცა ელვა ცისა; ჴმა პირისა მათისა ვითარცა ჴმა ქუხილისა; სიმრავლე ისართა და ტყორცა ქვისა მათისა ვითარცა სეტყუა ჴშირი, და დათხევა სისხლისა მათისა ვითარცა ღუარი სეტყუათა. განძლიერდა ბრძოლა მათ შორის, და მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ.

ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშის-ცემდა ჴმითა საზარელითა, რომელი მსგავსი იყო მეხის ტეხისა. მაშინ სძლეს თარგამოსიანთა და მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნი. ხოლო შჳდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი -- ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან, კავკასან, ეგროს -- ესენი დარჩეს ცოცხლებით თჳნიერ წყლულებისა, და ძლევა-შემოსილნი ჰმადლობდეს ღმერთსა.

ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძო ყოვლითა ძალითა მისითა. ხოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათა ოდენნი: განმაგრდა იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუეშე კერძო ნებროთ; და იყო იგი ჭურვილი რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდე. და აღჴდა გორასა ერთსა ზედა ზრახვად ჰაოსისა და ეტყოდა დამორჩილებასა-ვე მისსა, რათა სთნდეს მიქცევა მისი. ხოლო ჰაოს რქუა გმირთა მისთა: "განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი, და მივეახლო ნებროთს".

და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგით. მაშინ დაეცა ნებროთ, და იოტა ბანაკი მისი. და განთავისუფლდეს ნათესავნი თარგამოსისნი. და მაშინ ჰაოს ჰყო თავი თჳსი მეფედ ძმათა თჳსთა ზედა და სხუათა-ცა ნათესავთა ზედა, მახლობელთა საზღვართა მისთასა. ხოლო შჳდნი-ვე ესე ძმანი წარვიდეს თჳს-თჳსად ქუეყანად, და იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. ხოლო აქამომდის დავწერეთ ამბავი ესე რვათა-ვე ძმათა.

თავი მეორე