თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია

ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1, თბილისი 1955

ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით:
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ტექსტის აკადემიური ორიგინალის მისამართი: Chronica Kharthliana



მატიანე ქართლისა




მეორმოცდახუთე მთავარნი ქართლისა, იოვანე და ძმა მისი ჯუანშერ, ძენი წმიდისა მოწამისა არჩილ მეფისანი, ხოსროიანნი




შემდგომად ამისსა, რაჟამს აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ. წარვიდა იოვანე ეგრისად და წარიტანა თანა დედა და ორნი დანი თჳსნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დაშთეს ქუეყანასა ქართლისასა და კახეთისასა. არამედ უმრწემესი დაჲ მისი იყო სახითა შუენიერ. და მიესმა სიშუენიერე მისი ხაზართა მეფესა ხაკანს; მოუგზავნა მოციქული და ითხოვა შუშან ცოლად, და უქადა შუელად სარკინოზთა ზედა. რაჟამს მოიწია მოციქული ხაკანისა, მიუმცნო ჯუანშერ ძმასა თჳსსა და დედასა. ხოლო მათ არა ინებეს და უთხრეს: "უკეთუ უღონო იქმნეს ყოფა ჩუენი, უმჯობეს არს, რათა შევიდეთ საბერძნეთად და მივმართოთ ქრისტიანეთა, ვიდრე-ღა-რა შეიგინოს შვილი ჩუენი წარმართთა მიერ". და შუშან-ცა აგინა ხაზართა მეფესა.

შემდგომად სამისა წლისა მოგზავნა ხაკანმან სპასალარი თჳსი ბლუჩან; გამოვლო გზა ლეკეთისა და შემოვიდა კახეთად; მოადგა ციხესა, რომელსა შინა იყვნეს ჯუანშერ და დაჲ მისი შუშან, და მცირედთა დღეთა წარიღო და ტყუე ყვნა იგინი; შემუსრა ქალაქი ტფილისი, წარტყუენა ქართლი და ყოველი ესე ქუეყანა.

და ვითარ წარემართა გზასა დარიალანისასა, დღესა ერთსა რქუა შუშან ძმასა თჳსსა: "უმჯობეს არს ჩემთჳს სიკუდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრე-ღა-რა შევიგინო წარმართთა მიერ". და ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი; რამეთუ იყო თუალსა მას ქუეშე წამალი სასიკუდინე, და მუნქუეს-ვე მოკუდა.

წარვიდა ბლუჩან ხაკანისა, მიჰგუარა ჯუანშერ და მიუთხრა სიკუდილი დისა მისისა შუშანისი. ხოლო იგი განუწყრა არა-მიტანებისათჳს გუამისა მისისა, რომლისა წადიერ იყო ხილვად შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი, და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყჳდეს თავი მისი ბოროტად. და ვითარ დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შჳდი, განუტევა. ნიჭითა დიდითა ხაკანმან და წარმოგზავნა ქუეყანად თჳსად.

ხოლო ამიერითგან იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხუასროანთამან. პირველად, უფლება სარკინოზთა განდიდნა და მიერითგან მიეცა ყოველი ესე ქუეყანა ჟამითი-ჟამად რბევასა და ოჴრებასა. მეორედ, იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას. და უკეთუ ვინ-მე გამოჩნდის შვილთა შორის ვახტანგისთა, რომელი-მცა ღირს იყო მეფედ, იქმნის შემცირებულ სარკინოზთაგან. რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად საყოფლად თჳსად; მიიღებდეს ხარკსა ქუეყანისა ამისგან, რომელსა ჰქჳან ხარაჯა. რამეთუ განგებითა ღმრთისათა სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა განდიდნა ნათესავი აგარიანთა.

და განეფინა ქადაგება მაჰმად უსჯულოსა და მრავალი ერი შეუდგა მას შემდგომად მისსა გამოვიდეს სპარსნი და პონტომდე მოიწინნეს, და ყოველი კაბადუკია დაიპყრეს ღ~ჲვ.

ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი ნათესავი ბაგრატონიანთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი, და აბრალა დედამან მისმან მოყვანება მისი ცოლად: არა-თუ-რე კეთილად მეცნიერი იყო, ვითარმედ არიან იგინი ნათესავნი დავით წინასწარმეტყუელისანი, რომელი-იგი ჴორციელად მამად ღმრთისად იწოდა. და ვითარ იხილა ძის ცოლი თჳსი, შეუყუარდა, აკურთხა და დალოცა.

და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი მრავალნი, მოვიდა ამირა აგარიანი, რომელი მთავრობდა სომხითს, ქართლს და ჰერეთს, სახელით ხუასრო; ამან აღაშენა ტფილისი ქალაქი, მოოჴრებული ხაზართაგან.

ხოლო რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერის-თავი აფხაზთა, სახელით ლეონ, ძმის-წული ლეონ ერის-თავისა, რომლისად მიეცა სამკჳდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ. და შემდგომად ამისსა ჯუანშერ-ცა მიიცვალა.

არამედ სიცოცხლესა-ვე ჯუანშერისსა იცვალა ადარნასე ბაგრატონიანმან ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქუემოსა ტაოსა, და ციხეთაგან-ცა რომელნი ჰქონდეს შვილის-შვილთა ვახტანგ მეფისათა. და წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა.

რამეთუ მამა მისი ნერსე, ძე ვარაზ-ბაკურ ანთიპატრიკისა და ამის ვარაზ-ბაკურის მამა, სახელით გუარამ კურაპალატი, ძე პირველისა სტეფანოზისი და ძმა დემეტრესი, -- ესენი გარდაცვალებულ იყვნეს; და ძმანი ამის ადარნასესნი, სახელით ფილიპე და სტეფანოზ, იგინი-ცა მომკუდარ იყვნეს.

მეორმოცდაექუსე კურაპალატი ქართლისა. აშოტ. ძე ადარნასესი, ბაგრატოანი




შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. რამეთუ მათ-ვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქცა მოუძლურებული და განწბილებული. მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს, და მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი, და განდიდნა აშოტ კურაპალატი. ხოლო ტფილისს არა-ვინ დარჩა სარკინოზთაგანი თჳნიერ ალი შუაბის ძისა. და გრიგოლი მთავრობდა კახეთს.

მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან, და უშუელა თევდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა. მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშუელეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილელმან. და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე.

შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ იზიდის ძე არაბიელი, და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი. და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწ-ცა იხი/ლვების ვითარცა ახალი.

ხოლო კუალად-ცა ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა. და ვითარ წარვიდა ხალილ, დაუტევა ამირად ალი შუაბის ძე. მას ჟამსა შეითქუნეს გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა და შემდგომად ამისსა დასუეს ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური. კუალად მეორედ მოვიდა იგი-ვე ხალილ არაბი. შეებნეს გარდაბანელნი, გავაზს; და გააქციეს ხალილ, და მოსწყდა სიმრავლე ფრიადი.

კუალად დაჯდა ამირად ტფილისს საჰაკ ისმაელის ძე. ხოლო ხალილ მოვიდა მესამედ, და მოკლეს ჯავახეთს და ძე მისი მოჰამედ მოვიდა ქართლს. მოერთო მას ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა, და მისცა მას ქართლი.

მეორმოცდაშვიდე კურაპალატი, ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა და ძმა ადარნესესი და გუარამისი. ბაგრატოანი




ხოლო ამან ბაგრატ და ძმათა მისთა დაიპყრეს არტანუჯით გამოღმართ მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, და მორჩილობდეს სარკინოზთა. ხოლო ვითარ მოვიდა მოჰამედ ქართლს და მიერთო მას ბაგრატ კურაპალატი, მაშინ გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რეჴს, ხოლო მოჰამედ და ბაგრატ წარიღეს უფლისციხე. და მოვიდეს კახნი გარდაბანელნი შუელად საჰაკისა; შეიბნეს რეჴს და იყო ბრძოლა მათ შორის: არ-ცა იგინი გაიქცეს და არ-ცა იგინი, ვიდრემდის გაიყარნეს. აიყარა მოჰამედ და წარვიდა ბარდავს.

ხოლო ამან ბაგრატ გააჩინა და განაწესა კათალიკოსი აფხაზეთს ქრისტეს აქეთ ყ~ლ.

აქა ჟამამდის გარდასრულ იყვნეს წელიწადნი მოჰამედის გამოჩინებითგან, რომელმან სარკინოზთა სჯული დაუდვა, ორას ცხრამეტნი.

მაშინ მოვიდა ბუღა თურქი მონა ბაღდადით რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყუე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი. და მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა სააკ: მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოჴრნა ყოველნი არენი მისნი. და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინა-აღმდგომად მისა, და დადგა კუერცხობს. ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳსი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ. და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.

კუალად უკუ-მოქცეულთა დაუდგეს წინა გარდაბანელნი ჯუარის-გუერდსა, და ავნეს დიდად ლაშქარსა. ვითარ ცნა ბუღა, აღიყარა მუნით და მოვიდა ჭართალეთს, და დადგა მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამოდა შესლვასა ოვსეთად, და შევიდა ცხავატამდის. ხოლო აბულაბაზ სომეხთა ერის-თავმან და გუარამ აშოტის ძემან მიუწერეს მთიულთა, რათა არა შეუშუან. ხოლო მათ გაწირნეს მძევალნი მათნი. უშუელა ღმერთმან: რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგეს წინა და შეებნეს. მოსცა ღმერთმან ძლევა, და მოკუდა ურიცხჳ ერი სარკინოზთა; და ცხენმან მათმან ძოვა იელი, და დაიჴოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლება, რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ასოცი ათასი.

შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს და შეიპყრა ხუცისა ვინ-მე ძე, რომელი გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი. განაღო კარი დარუბანდისა და გამოიყვანნა ხაზარნი, სახლი სამასი, და დასხნა იგინი შანქორს. დარიალანით გამოიყვანნა ოვსნი ვითარ სახლი ასი, და დასხნა იგინი დმანისს, და ენება ზაფხულის შესლვა ოვსეთად. ხოლო ამირმუმნმან ვითარ ცნა, ვითარმედ ხაზართა, ტომთა მისთა, ზრახავს, მოუვლინა ბუღას, რათა დაუტეოს ქართლი ჰუმედს, ხალილის ძესა. და წარვიდა ბუღა, და ამირობდა ჰუმედ, ხალილის ძე. და გარდაადგინა ამირამან მან ჰუმედ და დაადგინა ისე შიხის ძე, ნათესავი ჰუმედისი-ვე.

და ქორეპისკოპოსი იყო გაბრიელ დონაური, ძმა სამოელ ქორეპისკოპოსისა. და წარვიდა ისე, და მოვიდა სხუა ამირა, აბრაჰამ. და მოვიდა კუალად ამირად ხალილის ძე ჰუმედ, და უფროს ნებიერად დაიპყრა ყოველი ესე ქუეყანა: სომხითი, ქართლი და რანი.

და წარვიდა ხალილის ძე, და დადგა ამირად კაცი სააკის მონათაგანი, სახელით გაბულოც. ხოლო გუარამ, ძემან აშოტ კურაპალატისამან, შეიპყრა გაბულოც და წარსცა საბერძნეთად: რამეთუ განდიდებულ იყო გაბულოც და დაემორჩილნეს გარდაბანელნი.

და ბრძოდა აშოტ მამის ძმის-წულსა მისსა, ძმასა გუარამისსა. ხოლო გუარამს დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, და არტანი. და ჰბრძოდა სარკინოზთა: ზოგ-ჯერ სძლის გუარამ და ზოგ-ჯერ სარკინოზთა. ხოლო გუარამ განუყვნა ქუეყანანი ძმათა თჳსთა ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თჳსსა სომეხთა მეფესა.

და შემდგომად ამისა გარდაიცვალა ადარნასე, ძმა ამის გუარამისა და ძე აშოტ კურაპალატისა.

გარდაიცვალა ბაგრატ კურაპალატი, ძმა ამის ადარნასესი, ქორონიკონსა ე~ვლ, და დაუტევნა სამნი ძენი: დავით, აშოტ და ადარნასე.

გარდაიცვალა ესე ადარნასე ქორონიკონსა ჟ~დ.

გარდაიცვალა აშოტ, ძმა ამის ადარნასესი და ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ე.


მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერის-თავად ჩიხას ძე დემეტრესი, და ვითარ გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა ბაგრატ, რომელი იცნობების ექსორია-ქმნილობით. და ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი, ერის-თავი ჩიხისა. და მცრუა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა, და შთააგდეს ბაგრატ ზღუასა. ხოლო ღმერთმან განარინა იგი, და მიიწია ქალაქად კოსტანტინეპოლედ. და მოჰგუარა მეფემან იოვანე ძესა თჳსსა ადარნასეს ცოლი, ასული გუარამ აშოტის ძისა. და მოკუდა იოვანე, მეფე აფხაზთა, და მეფობდა მის წილ ძე მისი ადარნასე. და შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდე-კართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე.

თეოდოსი მეორე გარდაიცვალა ცოლ-შვილიანად, და დაჯდა მეფედ გიორგი, რომელსა საუფლისწულოდ ჰქონდა აღწეფი. ამისთჳს ეწოდა მას გიორგი აღწეფელი. თეოდოსიმ იბატონა ოცდაშჳდი წელი.

მეორმოცდარვე მეფე, კურაპალატი დავით, ძე ბაგრატ კურაპალატისა. ბაგრატოანი


ხოლო ამას დავით კურაპალატსა აღუდგა მტრად ნასრა, ძე გუარამ მამფლისა, რომელი იყო მამის ძმა ამის დავითისი.

ხოლო ნასრა, ძე გუარამისი, და გურგენ იყვნეს აფხაზთა კერძ, ხოლო დავით და ლიპარიტ უშუელდეს სომეხთა, და იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა. მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ.


ხოლო ამან დავით კურაპალატმან აღაშენა ეკლესია ხახულისა.

და ვითარ მოკუდა კახთა ქორეპისკოპოსი გაბრიელ დონაური, დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა არევმანელი, კაცი ბრძენი და საქმის-მეცნიერი.

მას ჟამსა, ვითარცა მოიტყუა ნასრა ძემან გუარამისმან დავით ძე ბაგრატისი, მამის ძმის-წული მისი, და მოკლა იგი

ჩანართი

ქორონიკონსა რ~ა, და დაუტევა ძე სახელით ადარნასე, რომელი მეფე იქმნა შემდგომად მამისა თჳსისა.

გარდაიცვალა აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, მისა აშოტ დიდისა ქორონიკონსა პ~ზ. გარდაიცვალა სუმბატ მამფალი არტანუჯელი, ძმა აშოტ კეკელასი და ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რ~თ.

გარდაიცვალა ძე ამის სუმბატისა, დავით მამფალი მონაზონ-ქმნილი, ქორონიკონსა რ~ჲგ. გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთ-ერის-თავი, ძე მის დავით მამფალ-მონაზონისა, ქორონიკონსა ს~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ.

გარდაიცვალა ესე ბაგრატ, ძე სუმბატისი და ძმა დავითისი, ქორონიკონსა ს~ჱ, მას-ვე წელსა, რომელსა წელსა მოკუდა მამა მისი სუმბატ, და დაუტევნა ძენი ორნი: გურგენ და სუმბატ. ხოლო გურგენ დაუტევა ძე ერთი, სახელითდემეტრე; და სუმბატ დაუტევა ძე ერთი, სახელით ბაგრატ.გარდაიცვალა გურგენ კურაპალატი, ძმა სუმბატ მამფალარტანუჯელისა და ძე ადარნასესი, ძმისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რ~ია.

გარდაიცვალა აშოტ კუხი, რომელმან აღაშენა ტბეთი საეპისკოპოსო, ძე მის გურგენ კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~ლჱ.

გარდაიცვალა ადარნასე ერის-თავთ-ერის-თავი, ძე გურგენ კურაპალატისა, ძმა აშოტ კუხისა, ქორონიკონსა რ~ივ, და დაუტევნა ორნი ძენი: დავით ერის-თავთ-ერის-თავი და გურგენ ერის-თავთ-ერის-თავი.

გარდაიცვალა ეს გურგენ ერის-თავთ-ერის-თავი, ძმა დავით ერის-თავისა, ქორონიკონსა რ~ჲა. გარდაიცვალა ბაგრატ მამფალ არტანუჯელი, ძე სუმბატ მამფალ-ანთიპატი არტანუჯელისა, ძისა ადარნასესი, და ძმა დავით მამფალ მონაზონ-ქმნილისა, ქორონიკონსა რ~კთ.

გარდაიცვალა ადარნასე-ყოფილი და მონაზონ-ქმნილი ბასილი, ძე მის ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~ჲე.

გარდაიცვალა აშოტ, ძმა ადარნასე მონაზონ-ქმნილისა და ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~ნთ.

გარდაიცვალა დავით ერის-თავთ-ერის-თავი, ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა და ძმა ადარნასე-ყოფილ ბასილისა, ქორონიკონსა რ~კჱ.

გარდაიცვალა გურგენ ერის-თავი, ძმა ამის დავით ერის-თავთ-ერის-თავისა და ძე ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~მგ.

გარდაიცვალა გურგენ ძე მის გურგენ ერის-თავისა, ძისა ბაგრატ მამფალ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რ~პჱ.

ხოლო ვიწყოთ ჩუენ პირველი-ვე ამბავი იგი დავით კურაპალატისა, რომელი მოკლა ნასრი, მამის ძმის-წულმან მისმან, ძემან გუარამ მამფალისამან.


ხოლო ნასრას შეუკრბეს მტერად სომეხნი, ლიპარიტ და ქართველნი, და აშოტ ძმა დავითისი, და მათ თანა სარკინოზნი. და შეებნეს ნასრას და გააქციეს, და მიუხუნეს ციხენი. და წარვიდა საბერძნეთს წინაშე ბერძენთა მეფისა.

და მოკუდა გუარამ ძე აშოტისი, და დამარხეს ოპიზას, მეორედ მისგან აღშენებულსა.

მერმოცდაცხრე მეფე. ადარნასე. ძე დავით მეფე-კურაპალატისა. ბაგრატოანი


და დასუეს ქართველთა მეფედ ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, ხოლო ამან ადარნასე მეფობასა შინა მისსა აღაშენა ბანა, ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.


ხოლო ბაგრატ, ძე აფხაზთა მეფისა დემეტრესი, შესრულ იყო საბერძნეთად, კოსტანტინეპოლედ, და მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი, და მოგზავნა ზღჳთ და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად, და მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი. და შეირთო ცოლი მისი ცოლად, ასული გუარამისი; და გამოიყვანა ბაგრატ აფხაზთა მეფემან ნასრა ცოლის ძმა მისი საბერძნეთით და მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრა შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრჴე, ჯუარის-ციხე და ლომსიანთა, გუარამისი-ვე აღშენებული.

მოვიდეს გურგენ და ადარნასე, ძე დავითისი; უშუელეს სომეხთა, შეიბნეს მტკუარსა ზედა; იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი, და ერის-თავი აფხაზთა.

ხოლო ფადლა ქორეპისკოპოსი განძლიერდა და დაიმორჩილნა გარდაბანელნი, და შემდგომად მისსა დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად; და იპყრობდეს ქართლს აზნაურნი.

მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი; გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხესა, და მოიღეს პალან-კურდანი, აღმოაგეს ზემო-კერძო და წარიღეს ციხე ჴერჴითა. ხოლო კეთილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუ-მოსცა უფლისციხე და ყოველი ქართლი.

ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუსაჯისი, რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა. რამეთუ მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ სომეხთა მეფემან ვერ დაიდგნა ზარისა მისისაგან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა, და მუნ იყოფოდა.

და მოვიდა აბუსაჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი, მოვიდა და მოადგა უჯარმოს. შიგა დგა სამასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა. და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმიდეს, დააგდეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნი-მე წარვიდეს და რომელთა-მე ეწივნეს და დაჴოცნეს, ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუეწნეს. რაჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური და თქუეს: "რომელი ბაკი იყო, მუნ შინა ფიცხლად შეგუებნეს; და რომელი ციხე არს, იგი უკაცურად დაუგდიათ". აღიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედ-ვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღჳვნეს.

ხოლო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონე მისი, მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა; და ჰკითხა მან: "ვინ გაწჳა აქა მოსლვა?" და უთხრა: "მაწჳა დედამან ჩემმან". და თქუა: "არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა". და შეუყუარდა სიკეთისა მისისათჳს და განუტევა, გარნა ბოჭორმა თჳთ დაიჭირა.

შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოჴრა ქართლი; და ვიდრე იგი შემოვიდოდა, მოარღჳვნეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ. შევიდა მუნით სამცხეს, და მოაოჴრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგჳსასა. და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით, მოვიდა ყუელს, მოადგა გარე და უწყო ბრძოლად.

იყო მუნ შინა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ; ებრძოდა შიგნით გამოღმართ ყოველთა დღეთა მოყუასთა თჳსთა თანა. და ვითარ წარიღეს ციხე იგი, შეიპყრეს წმიდა გობრონ და აწამეს, რომლისა წამება მისი ვრცელად აღწერა წმიდამან მამამან ჩუენმან სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმან.

აღიყარა მუნით და წარვიდა დვინად ქალაქად. მოვიდეს და უთხრეს, ვითარმედ სუმბატ მეფე შევიდა ციხესა კაპოეტისასა; მსწრაფლ აღიყარა და მიუმცნო ლაშქარსა თჳსსა, რათა ყოველი კაცი, რომელი პოვონ ცოცხალი, გამოიყვანონ მის წინაშე მოვიდა და მოადგა ციხესა კაპოეტისასა; და ციხოვანთა დედა-წული რომელი პოვა გარეგნით, დაიპყრა ჴელთა. ამისთჳს გამოსცეს ციხე და შეიპყრეს სუმბატ; წარიყვანა დვინს, ჩამოჰკიდა ძელსა და მოკუდა. შემდგომად ამისა, ვითარ გარდაჴდეს წელნი რა-ოდენნი-მე და მოეშენა ქუეყანა, მაშინ უჴმო კჳრიკე ქორეპისკოპოსმან კოსტანტი აფხაზთა მეფესა; ჩავიდეს ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედათ-კერძო, და კჳრიკე ქუემოთ. და ვითარ მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა, პარასკევის ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, და კჳრიკეს ორჭობი. ვითარ დაიზავნეს, და შემოიქცეს. მოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, ილოცა ალავერდს წმიდის გიორგის წინაშე, და შემოსა ხატი მისი ოქროთა. ხოლო ლაშქარი მისი უმრავლესი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან, და წარვიდა ქუეყანად თჳსად.

შემდგომად მცირედთა დღეთა გარდაიცვალა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, და იშლებოდა ქუეყანა აფხაზეთისა ჟამ რა-ოდენ-მე. რამეთუ ესხნეს ძენი ორნი კოსტანტი მეფესა: 1 ერთი უხუცესი და მეორე, რომელი უშვა მეორემან ცოლმან, უმრწემესი. უხუცესსა ერქუა გიორგი, უმრწემესსა ბაგრატ. / და იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი, რომელი თჳთოეულად ჰპოვო ცხოვრებასა მათსა.

ხოლო ესე ბაგრატ სიძე იყო გურგენ ერის-თავთ-ერის-თავისა; უშუელდა გურგენ ყოვლითა ძალითა მისითა. ვიდრე არა მიიცვალა ბაგრატ, არა იყო მშჳდობა და შემდგომად სიკუდილისა მისისა მიიღო სრულობით მეფობა აფხაზთა გიორგი მეფემან. იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმჴნითა და ახოვნებითა; ღმრთის-მოყუარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხჳ და მდაბალი, და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული. ამან განაგნა და განაწყუნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა მისსა: აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ, და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტჳლთათა.

მას ჟამსა გარდაიცვალა კჳრიკე ქორეპისკოპოსი, და დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა, ძე კჳრიკესი; ამან აღაგო ციხე ლოწობანთა. ამას-ვე ჟამსა მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უჴმობდეს საჯობით, და მოტყუენეს კახეთი, და დაწუეს ჯუარი და მცხეთა, და შეიქცეს; და წარვიდეს და წარიტანეს თანა ჯუარი პატიოსანი დაჭრილი. და შეედვათ სნება მუცლისა, და გულის-ხმა ყვეს, რომელ ჯუარისაგან ევნოთ. შეკრიბნეს ნაწილნი და წარმოსცნეს ჯუარსა. ჩაკრიბნეს ბუდესა შინა და აღმართეს ადგილსა-ვე თჳსსა

და ჰერეთსა-ვე, მეფობამდე იშხანიკისსა, პირველნი ყოველნი იყვნეს მწუალებელნი; ხოლო იშხანიკ დის-წული იყო გურგენ ერის-თავთ-ერის-თავისა, და დედამან მისმან მოაქცივნა მართლ-მადიდებელად, დინარ დედოფალმან. და სალართა დაეპყრა მაშინ ბარდავი და ადარბადაგანი.

ხოლო გიორგი აფხაზთა მეფემან მისცა ქართლი ძესა თჳსსა უხუცესსა კოსტანტის.

ჩანართი

რამეთუ მაშინ გარდაცვალებულ იყო მეფე ადარნასე, ქორონიკონს რ~მგ. და გარდაიცვალა ძე ამის ადარნასე მეფისა, აშოტ კურაპალატი, ქორონიკონსა რ~ოდ. გარდაიცვალა ძმა ამის აშოტ კურაპალატისა, მეფე დავით, ქორონიკონსა რ~ნზ. გარდაიცვალა ყმა ამათი და მე ადარნასე მეფისა, ბაგრატ მაგისტროსი კურაპალატი, ქორონიკონსა რ~ჲე.

გარდაიცვალა ძე ამის ბაგრატისა, ადარნასე კურაპალატი, ქორონიკონსა რ-პა. გარდაიცვალა ბაგრატ, ძე ამის ადარნასე კურაპალატისა, ქორონიკონსა რ~პთ.

გარდაიცვალა დავით ერის-თავთ-ერის-თავი, ძმა ამის ბაგრატისა, ქორონიკონსა რ-პვ.

გარდაიცვალა სუმბატ მეფე-კურაპალატი, ძე ადარნასე მეფისა, და ძმა დავით მეფისა, ქორონიკონსა რ~ოჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ რეგუენი, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მეფე იქმნა, და ადარნასე კურაპალატი.

გარდაიცვალა ესე ადარნასე კურაპალატი ქორონიკონსა ს~გ

. გარდაიცვალა ძე ამის ადარნასესი, დავით დიდი კურაპალატი, აღსავსე სიკეთითა, რომლისა ამბავი ქუემო-რე სიტყუამან ცხად ჰყოს, ქორონიკონსა ს-კა.

გარდაიცვალა მამის ძმა ამის დავით კურაპალატისა და ძე სუმბატ მეფე-კურაპალატისა, ბაგრატ მეფე რეგუენი, ქორონიკონსა ს~იდ.

გარდაიცვალა ძე ამის ბაგრატ მეფე რეგუენისი, სუმბატ, ქორონიკონსა ს~იბ, და არა დაუშთა შვილი.


მეორმოცდაათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფისა


და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თჳსისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალი აზნაურნი.

ხოლო გიორგი მეფემან ვითარ დაიდასტურა განდგომა ძისა თჳსისა, და გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა თჳსითა, და მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ქორეპისკოპოსი, და მოადგეს უფლისციხეს. და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერა-რას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავლად დგეს შიგნით. ზოგსა დღესა შეიბნიან ცხენითა, და ზოგსა დღესა ქუეითნი.

მაშინ გიორგი მეფემან აბირნა აზნაურნი საზუერელნი ესრე სახედ: "გამოვედ ჩუენ წარგიყვანოთ აფხაზეთად, შენ დაჯედ მეფედ და მამა შენი დარჩეს გარეგნით". ხოლო მან დაიჯერა და მიენდო, გარნა აზნაურნი იგი,რომელნი უდგეს თანა, უშლიდეს საქმესა ამას, და მან არა ისმინა მათი. გამოვიდა ღამე ტივითა მტკუარსა, და ვითარ განეწურა პირსა მტკურისასა, ვერ-ღა-რა დაითმინეს და მიეტევნეს შეპყრობად. და ვითარ იგრძნა ზაკულება მათი, შეაქცივნა ტივნი გარე, რათა-მცა შევიდა ციხესა-ვე. ვერ-ღა-რა დაიმორჩილნეს ტივნი და ჩაჴდეს ადგილსა, სადა ტივნი დადგებოდეს. შეიქმნა ჴმა, გამოვიდა მეფე და ყოველი ლაშქარი; დაიცვეს ციხე გარეშემო, და რაჟამს განთენა, იწყეს ძებნად. ხოლო იგი გამოსრულ იყო წყლით, და შესრულ იყო ნაპრალსა კლდისასა, და მუნ დამალულ იყო. პოვა იგი კაცმან ვინ-მე უნდომან, შეიპყრეს და მოჰგუარეს მეფესა, და მეფემან გააპატიჟა ბოროტად: პირველად თუალნი დასწუნეს და მერმე გამოყუერეს, და მოკუდა.

ხოლო აზნაურნი, რომელნი დგეს ციხესა ძინა, მინდობით გამოიყვანნა, და ტბელნი განუტევნა მშჳდობით, და გაგზავნნა იგინი ასფურაგანს.

გარდაიცვალა ფადლა ქორეპისკოპოსი, და დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად. ამისა შემდგომად გადგეს აზნაურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა. გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოსწუა და ასწყჳდა, და წარვიდა თჳსად-ვე ქუეყანად. კუალად დადგა ატენს და ძე მისი ლეონ იყო ერის-თავად ქართლისა; და აწჳა ყოველი ლაშქარი კუალად შთასლვად კახეთად. ვითარ ცნა კჳრიკე, რამეთუ ვერ დაუდგებოდა, მოვიდა მათ წინაშე. და კუალად ენება გაპარვა ზაკჳთ, შეიპყრა ჴელთა და წარვიდა კახეთად, რათა-მცა დედა-წული მისი აკრიბა ჴელთა. გარდაეხუეწნეს, რამეთუ აცნობეს აზნაურთა ქართველთა.

მოერთო შურტა, ძმა კჳრიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფესა, და მოუტანა თანა ციხე მისი უჯარმო; და ეუფლნეს სხუათა-ცა ციხეთა კახეთისათა თჳნიერ სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა.

ლოწობანნი ჰქონდეს ივანე არშის ძესა, და გამაგრდა შიგან, გაწირა პატრონი. აუგეს შურის-ციხე და დააყენნეს შიგან ლაშქარნი. და ციხე მარანისა ჰქონდა მაშინ ხახუასა, არშის ძესა-ვე, ძმასა ივანესსა; ლამოდა მსგავსად ძმისა თჳსისა მკლავითა დაჭირვასა. მივიდა მეფე, უბრძანა შებმა ლაშქართა. ხოლო მათ წარიღეს ჴერჴითა და ხახუა მოიყვანეს შეპყრობილი წინაშე მეფისა; და მეფემან წარსცა პყრობილად ჯიქეთს.

ციხე ნახჭევანისა ჰქონდა ფადლას, ძესა კჳრიკესსა. იგი-ცა გამაგრდა შიგან. ვითარ იხილა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან, რამეთუ არღარა იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა, და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა. ხოლო ლეონ, ძე მეფისა, არა ლამოდა განტევებასა კჳრიკესსა, რამეთუ არ-ცა პირველ შეპყრობასა იყო ნება მისი, გარნა არა უსმინა მამამან მისმან. და კჳრიკე ესე პირი ითხოვა, რათა მას ზამთარსა არა აღიღონ ციხე ბოჭორმა, და შემდგომად აღვსებისა წარვიდეს და ნება სცეს. ამისთჳს აღიღეს ციხე ნახჭევანისა და შვილი ერთი უმრწემესი, დავით, მძევლად, და განუტევეს დღესა ლამპრობასა.

წარვიდა მეფე აფხაზეთად, და შევიდა კჳრიკე ბოჭორმას; ეკაზმოდა და ლამოდა შემდგომად აღვსებისა წარსლვასა. მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხჳლოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური სხუა, და მიერთნეს კჳრიკეს. დაუწყეს ბრძოლად ციხეთა, და მცირედთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი; დაარღჳვნეს შურის-ციხე და ლოწობანთა, და კუალად ეუფლა კჳრიკე მამულსა თჳსსა.

მოვიდეს და უთხრეს გიორგი მეფესა წაღება კახეთისა დაუმძიმდა დიდად, და აბრალა ყოველთა ვინ-ცა-ვინ აწჳა გაშუება კჳრიკე ქორეპისკოპოსისა. და ვითარ ამას შინა გარდაჴდა ზამთარი, კუალად გაგზავნა ლაშქარი თჳსი, და ძე მისი ლეონ უჩინა წინა-მძღურად. და მივიდა და მოწუა კახეთი, და მას-ვე ლაშქრობასა შინა მოართუეს ამბავი: მიცვალება დიდისა და ღმრთის-მოყუარისა გიორგი მეფისა. მაშინ მოუწოდა ლეონ კჳრიკე ქორეპისკოპოსსა; და შეკრბეს ბაზალეთს, ტბისა პირსა, თჳთო ცხენოსნითა, და იუბნეს დღე ერთი, ვიდრემდის განუცხადა მიცვალება მამისა თჳსისა. და აჰკიდა სიყუარული, და უქადა ძისა მისისა სიძობა. და ვითარცა ესმა ესე კჳრიკეს, გარდაჴდა ცხენისაგან, და თაყუანის-ცემითა მისცა მადლი, და განიხარა ზავი და სიყუარული, და უფროს პირი მზახობისა.

შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თჳსსა, რამეთუ მაშინ-ვე შთავიდა აფხაზეთად. და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი მსგავსად მამისა მისისა. იყო იგი-ცა ღმრთის-მოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა. და ვითარ ეუფლა მამულსა თჳსსა, აღუსრულა აღთქმა თჳსი კჳრიკე ქორეპისკოპოსსა, და მისცა ასული თჳსი ცოლად ძესა მისსა. და შემდგომად მცირედისა მოკუდა ასული ლეონისი.

კუალად იწყო მტერობად კჳრიკესა და ძებნად კახეთისა; გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგჳს პირსა, ასწყჳდა მუხნარი, ხერკი და ბაზალეთი, და მას-ვე ლაშქრობასა დასნეულდა, შეიქცა გარე და მოკუდა.

შემდგომად მისსა დაჯდა დემეტრე მეფედ, ძმა ლეონისი, და ეუფლა ქართლსა. და ვითარ მოიწყო სამეფო თჳსი, გარდაჴდეს ამას შინა ჟამნი. და იყო ძმა მისი თეოდოსი საბერძნეთს, უჴმეს კაცთა ვიეთ-მე ამის ქუეყანისათა, რათა გამოვიდეს ძმასა თჳსსა ზედა. რამეთუ სიცოცხლესა-ვე დიდისა გიორგი აფხაზთა მეფისასა გაეგზავნეს ორნი შვილნი საბერძნეთს, თეოდოსი და ბაგრატ, რათა მუნ იზრდებოდიან, ამისთჳს რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ჴდომა.

გამოვიდა თეოდოსი საბერძნეთით, მოვიდა სამცხეს, და დადგა მარგის მერეს, უჴმობდა მესხთა აზნაურთა, იკრებდა ლაშქართა და ლამოდა მკლავითა თჳსითა აღებასა მამულისა თჳსისასა. ხოლო დემეტრე მეფემან წარავლინა ლაშქარი თჳსი, დაესხნეს უგრძნეულად და გააქციეს თეოდოსი. წარვიდა ქართლს და მიმართა ადარნასეს, ძამელსა მთავარსა; შეიყვანეს იგი ძამის ციხესა და მუნით გამოღმართ ეძიებდა საქმესა თჳსსა.

მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თჳსი, მოადგეს ციხესა ძამისასა, და ჰბრძოდეს სამ თუე ოდენ. და ციხით გამოღმართ ევნებოდეს ფრიად. და ვითარცა მისჭირდა ციხოვანთა, ითხოვეს ფიცი და სიმტკიცე, რათა განუტეონ თეოდოსი და წარვიდეს მშჳდობით. და მათ მიინდვეს იგი, და .გაგზავნეს მშჳდობით. წარვიდა წინაშე დავით კურაპალატისა, და მუნ დაყო წელიწადი ერთი.

ხოლო ესე დავით კურაპალატი იგი არს, რომლისა სიკუდილი ზემო-რე აღგჳწერია, ს~კა ქორონიკონს-ზე, რომელი იყო ძე ადარნასე კურაპალატისა, ძისა სუმბატ მეფე-კურაპალატისა, რომელი იყო ბაგრატოანი.

და კუალად წარმოვიდა ტაოთ და მოვიდა კახეთად. მაშინ მოუგზავნა მოციქული დემეტრე მეფემან თეოდოსის და კჳრიკე ქორეპისკოპოსსა და რქუა: "რათგან მოვიდა ძმა ნემი საბერძნეთით, არა დაილევის ჩუენ შორის ბრძოლა, სიტყჳთა კაცთათა; აწ შუა-მდგომელობითა შენითა მომანდევ ძმა ჩემი, და ვიყვნეთ ორნი-ვე სწორად უფალ მამულსა ჩუენსა, ვითარცა ვიშვენით უწინარეს მე და ლეონ; და აღიღე ჩემგან სიმტკიცე და შუა-მდგომელნი, და შენგან დიდად დავიმადლო საქმე ესე". ვითარ ცნა კჳრიკე ქორეპისკოპოსმან სიტყუა დემეტრე მეფისა, მოიყვანა თეოდოსი და აწჳა მინდობა მისი, და ეტყოდა: "მე ვიყო მეძიებელი სისხლისა შენისა". და თეოდოსი მიანდო ძმასა თჳსსა და გაგზავნა.

მაშინ წარიყვანეს იგი ფიცითა და სიმტკიცითა, რომლითა ეფუცნეს წინაშე სუეტსა ცხოველსა კათალიკოსი, მღდელთ-მოძღუარნი და დიდებულნი ყოველნი. და ვითარ მოვიდა თეოდოსი წინაშე ძმისა თჳსისა, დაყვნა დღენი მცირედნი. ხოლო დემეტრე მეფემან დაივიწყა შუა-მდგომლობა ღმრთისა და კაცთა, და შემართა ფიცთა გატეხა: შეიპყრა თეოდოსი და დასწუნა თუალნი. და ვითარ იხილეს ესე მყოფთა მამულისა მისისათა, ძიება ყვეს ძმისა მათისა, რომელსა ერქუა ჭალა-მეფე, და ვერ შეუძლეს ამისი ქმნა, რამეთუ დემეტრე მეფე იყო მჴნე და ახოვანი. და რაჟამს აღესრულა დემეტრე მეფე, იხილეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელ არღარა დარჩა მკჳდრი აფხაზეთისა და ქართლისა, გამოიყვანეს თეოდოსი, და დასუეს მეფედ.

მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლისციხესა. და იყო მათ ჟამთა ერის-თავი ქართლისა ივანე მარუშის-ძე, კაცი ძლიერი და ერ-მრავალი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის-წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელ/სა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი. ესე-ვე ივანე მარუშის-ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ. და ვითარცა მოისმინა დავით კურაპალატმან სიტყუა ივანე მარუშის-ძისა, წარმოემართა ძალითა თჳსითა ყოვლითა, და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი.

მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქუაჴურელთა; მოეგება წინა ქართლის ერის-თავი ივანე მარუშის-ძე, აღიღო მისგან უფლისციხე, და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს, რამეთუ არა ესუა შვილი დავით კურაპალატსა, და ბაგრატ, ძე გურგენისი, გაეზარდა შვილად თჳსად.

ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდნა ყოველთა მეფეთა ტაოსთა.

რამეთუ ამათ ჟამთა შინა განუდგა მეფესა ბერძენთასა სკლიაროსი და ყოველი ჴმელით კერძი დაიპყრა; მეფენი და დედოფალი შეწყუდეულ ყვნა ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა. ამას რა შინა იყვნეს. განიზრახეს, ვითარმედ: "ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არა-ვინ არს"3 დაწერეს წიგნები ვედრებისა და წარმოგზავნეს ქართველი თორნიკე რომელ მყოფ იყო დიდსა ლავრასა შინა მთა-წმიდისასა, მონასტერსა დიდისა ათანასესსა, დავით კურაპალატისა თანა, რათა შემწე ეყოს მათ.

იხილა რა ესე კურაპალატმან, ფრიად განიხარა და წიგნები ბერძენთა მეფისა მიითუალა, და ყოველი-ვე საქმე თორნიკ[ე] გააცადა რომლისათჳს-ცა განზრახვა ქმნეს, (და) რათა ლაშქარნი წარგზავნენ საბერძნეთს, და სპასალარად თორნიკე განაჩინეს. ხოლო თორნიკე კურაპალატისა და თავისი წიგნები ბერძენთა მეფეთა წინაშე წარსცა და ყოველი-ვე ნება კურაპალატისა აუწყა. და მაშინ მისცნეს მეფემან ბერძენთამან ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი კურაპალატსა, რათათავის სიცოცხლეში აქუნდეს.

და აზნაურთა შვილნი მძევლად ითხოვნა დავით კურაპალატისაგან. და მისცა მძევლად უფლისწელნი. და კუალად ითხოვნა: ცოლის ძმათა მამისა იოანესთა ძე მისი ეფთჳმე მიგუარეს მეფესა ბერძენთასა ესე რა ცნა იოანე, უნდა თუ არა, უნებლიეთ თავი თჳსი გამოაცხადა და სამეუფოდ ქალაქად აღვიდა და ვინათგან მეფენი მეცნიერ იყვნეს აბუჰარბისა, რომელ იყო სიმამრი მამისა იოანესი, და იოანესდა-ცა ფრიადი სიყუარული აჩუენეს მის ზედა, და კეთილად მოიკითხეს. და ამისა შემდგომად განგრძობილად სიტყჳს-გება იქმნა შორის იოანესსა და სიმამრისა მისისა ეფთჳმესთჳს. რამეთუ არა ენება მოცემა მისი, და ფრიად აბრალა მას იოანე, ვითარმედ: "რა არს ესე? ნუ-უკუე შვილ არა გესხნეს-ა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით ვითარცა შვილთა თჳსთა, და შვილი ჩემი ვითარცა ობოლი მძევლად გასწირეთ, გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ". და ესრეთ განგებათა საღმრთოთა და ბჭობითა მეფეთათა თჳსი შვილი მიიყვანა და კუალად ულუმბოდ-ვე მიიქცა.

ხოლო თორნიკ[ე] მოუწერა კურაპალატსა: "ვიცით, რომელ ღმერთი შეგეწევის და ნურა-რას ორგულობ; და ოდეს ღმერთმან წარგიმართოს, ყოველნი წინა-აღმდგომნი ჩუენნი დატყუენენ, და ყოველი-ვე ნატყუენავი მათი შენი იყოს" რომლისათჳს-ცა მისცა კურაპალატმან თორმეტი ათასი მჴედარი რჩეული, და შეწევნითა ქრისტესითა აოტა სკლიაროსი, და ვიდრე სპარსეთად-ვე მეოტად წარიქცია. და მერმე შეიქცა სიტყჳსაებრ მეფეთასა და ტყუე ყვნა ყოველნი დიდებულნისაბერძნეთისანი, და მონაგები მათი იავარ-ყო, და რომელი-მე ლაშქართა განუყო, და რომელი-მეთჳთ დაიმჭირა ნატყუენავი ფრიადი და დიდ-ძალი: ოქრო, და ვეცხლი, და სტავრა, და სხუა ესე-ვითარი, და უკუნ-იქცა, და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა.


რამეთუ იყო პირველად ღმრთის-მოყუარე და გლახაკთ-მოწყალე, მდაბალი მშჳდი და ძჳრ-უჴსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხჳ, კაცთ-მოყუარე და ფიჩოსანთ-მოყუარე, ყოველთათჳს კეთილის-მყოფ/ელი და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისა, / წმიდა ეკლესია ხახულისა.

და ვითარ შეიქცა მუნით გარე, დაუტევნა უფლისციხეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ. მას ჟამსა იყო ბაგრატ ჯერეთ ასაკითა თჳსითა უსრულ, ამისთჳს თანა-განმგებელად დაუტევა მამა მისი გურგენ. შემოკრიბნა ქართველნი აზნაურნი და უბრძანა: "ესე არს მკჳდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანა-შემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი" და დაყვნა დღენი მცირედნი და წარვიდა ტაოს.


გაგრძელება

ქართლის ცხოვრება