მარიამ ლორთქიფანიძე
აფხაზები და აფხაზეთი
გამომცემლობა «განათლება»
თბილისი
1990
ნარკვევი მიზნად არ ისახავს აფხაზეთისა და აფხაზების ისტორიის გადმოცემას. მისი ამოცანა უფრო ვიწრო და კონკრეტულია, სახელდობრ: ცნებების «აფხაზეთი» და «აფხაზები»-ს მნიშვნელობის წარმოჩენა სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვაენოვან წერილობით წყაროებში.
აფხაზეთის ასსრ მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ისტორიულ და თანამედროვე დასავლეთ საქართველოში.
დასავლეთ საქართველოს და, კერძოდ, მისი შავი ზღვის სანაპიროს უძველესი ეთნიკური რუკის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაგრამ ეს თვალსაზრისები იმდენად შორეულ ეპოქას ეხება (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები), რომ კონკრეტულ ეთნოსზე მსჯელობის შესაძლებლობა გამორიცხულია, ხოლო ძვ. წ. II ათასწლეულიდან, როდესაც ვითარება შედარებით უფრო ნათელი ხდებოდა, დასავლეთ ამიერკავკასიაში უმთავრესად ქართველური მოსახლეობა ივარაუდება.
ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე ანტიკურ ხანამდე ამ ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, რომ აქ არსებობს საერთო კოლხური, ე.ი. ქართველური კულტურა. ამ დიდი კულტურის შიგნით, სპეციალისტთა დასკვნით, გამოიყოფა ცალკეული რეგიონალურ-ლოკალური ვარიანტები, მაგრამ მთლიანობაში ის კოლხური კულტურაა1 . ძვ.წ. II და I ათასწლეულებში ქართველური (საკუთრივ სვანური) ეთნიკური ელემენტი ფართოდაა გავრცელეული დასავლეთ საქართველოს როგორც მთიან, ისე დაბლობ ზონაში. რისი ერთ-ერთი საბუთია ქ. ცხუმის (სოხუმის) სახელწოდების ქართველური (სვანური) რცხილადან წარმომავლობა2 .
ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ძველი ბერძნული მითოლოგიის მონაცემები არგონავტოთა კოლხეთში მოგზაურობის შესახებ და ლინგვისტურ კვლევაზე დამყარებული მოსაზრება არგონავტთა აქ მოსვლის დროისათვის (ძვ. წ. II ათასწლეული), ე.ი. ბერძენ-კოლხთა უძველესი კონტაქტების ხანაში, აქ ქართველური ენის არსებობის შესახებ3.
აღნიშნულ დებულებას მთლიანად უჭერს მხარს ანტიკური წერილობითი წაყაროების (ჰეკატე მილეტელი, ძვ. წ. VI ს., ჰეროდოტე ძვ. წ. V ს., სკილაქს კარიანდელი, ძვ. წ. IV ს., სტრაბონი, ძვ. და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა და სხვა) მონაცემები, რომელთა საფუძველზე საკითხის სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში კოლხეთის სამეფო მოიცავდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს დაბლობს. ამასთანავე, კოლხებით ძირითადად დასახლებული ჩანს მიწა-წყალი დიოსკურიამდე (სოხუმი), რომლის შემდეგ იწყება ეთნიკურად შედარებით უფრო ჭრელი სამყარო, სადაც კოლხებთან ერთად იხსენიებიან კერკეტები, კორაქსები და სხვა ტომები, რომელთაც მკვლევართა ნაწილი ჩრდილოკავკასიური წაროშობის ტომებად თვლის. დასავლეთ საქართველოს უძველესი ეთნიკური რუკის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტსაც, რომ II საუკუნის ავტორები ფლავიუს არიანე და კლავდიუს პტოლემაიოსი ნიკოფსიასთან (თანემედროვე ტუაფსე) ასახელებენ გეოგრაფიულ პუნქტს ლაზიკას. ანგარიშგასაწევია ისიც. რომ არიანე ამ პუნქტს «ძველ ლაზიკას» უწოდებს, რაც აქ უძველესი დროიდან კოლხურ-ლაზური მოსახლოების არსებობის უტყუარი მოწმობაა4
ანტიკური წყაროების მონაცემების საფუძველზე სრულიად აშკარაა, რომ ძვ. წ. VI - I სს. თანამედროვე აფხაზეთის ასსრ მიწა-წყალი მთლიანად მოქცეულია კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. ამასთანავე, აფსარიდან დიოსკურიამდე (სოხუმი), როგორც უკვე ითქვა, ცხოვრობდნენ საკუთრივ კოლხები, რომლის შემდეგ იწყებოდა შედარებით ჭრელი ეთნიკური სამყარო, სადაც კოლხებთან ერთად და სხვა ტომებიც მოსახლეობდნენ (ქართველურთან ერთად შეიძლება არაქართველურნიც, ჩრდილოკავკასიურნი). კოლხების ჩრდილოეთით - მთებში მოსახლეობდნენ სვანები, რომელნიც დიოსკურიამდეც ვრცელდებოდნენ5 .
ახ. წ. I – II საუკუნეებიდან დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე იხსენიებიან აფსილები და აბაზგები6 . საკითხი იმის შესახებ, თუ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე I - II სს. მოხსენიებული აბაზგები და აფსილები რა დროიდან მოსახლეობენ აქ, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგი მკვლევარის აზრით, ისინი უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ აქ, მაგრამ, რადგან კოლხურ ისტორიულ-ეთნიკურ-კულტურულ სამყაროში შედიოდნენ, უფრო ადრიანდელ წყაროებში მათ ვერ პოვეს ასახვა. მკვლევართა ნაწილის აზრით, აქ ისინი სწორედ ამ დროიდან ჩნდებიან, როდესაც ივარაუდება ჩრდილო კავკასიიდან ადიღური ტომების ჩამოსახლება7 . აზრთა სხვადასხვაობაა ამ აფსილ-აბაზგთა ეთნიკური კუთვნილების შესახებაც. მკვლევართა ნაწილი მათ ქართველურ ტომებად, ხოლო ნაწილი ჩრდილოკავკასიური მოდგმის ადიღურ ტომებად მიიჩნევს. ამასთანავე გამოთქმულია ვარაუდი, რომ აფხაზ-აფშილები, ისეთივე ქართველური მოდგმის ტომები არიან, როგორც მათ ირგვლივ მოსახელე ეგრები (ლაზები), სვანები და სხვანი, ხოლო თანამედროვე აფხაზები XVII საუკუნიდან ჩრდილო კავკასიიდან გადმოსახლებული აფსუები არიან.
ზოგიერთი მკვლევარი მიგრაციულ-ავტოქთონობის, ნაწილობრივ ადგილობრიობისა და ნაწილობრივ მოსულების თვალსაზრისზე დგას. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ძვ. XI საუკუნის ასურულ წარწერებში ჩრდილო-აღმოსავლეთ მცირე აზიის მთიელთა ზოგად სახელად მოხსენიებული «აბეშლა» შეიძლება (სახელის მსგავსების გამო) იყვნენ ანტიკურ წყაროებში შავი ზღვის სანაპიროზე მოხსენიებული აფსილების წინაპრები, რომელთაც შემდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლეს.
ბერძნული წყაროების «აფსილიას» ქართული შუასაუკუნოვანი წყაროების (ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება) «აფშილეთი» შეესატყვისება. აფშილეთი ჯუანშერთან მოხსენიებულია VIII ს-ის 30-იან წლებში მურვან ყრუს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობასთან დაკავშირებით.8
აფშილეთი და მისი მთავარი მარინი მოხსენიებულია VIII საუკუნის დასაწყისის მოვლენებთან დაკავშირებით თეოფანე ჟამთაღმწერელთან9 . ამის შემდეგ წყაროებში აფშილეთი აღარ იხსენიება, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აფშილეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, წყვეტს არსებობას, ის აფხაზეთის ნაწილად იქცევა და მასზე ვრცელდება სახელწოდება «აფხაზეთი» («აბაზგია»)10 , ისევე როგორც სანიგები, რომელნიც VI საუკუნიდან ჩამოდიან ისტორიული სარბიელიდან და რომელთა მიწა-წყალი აგრეთვე შეიერთეს აბაზგებმა 11 . ამ დროს იწყება ცნება «აფხაზეთის» მნიშვნელობის გაფართოება.
ერთიანი კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ საქართველოში რამდენიმე, პოლიტიკურად რომის იმპერიაზე დამოკიდებული, სამთავრო შეიქმნა, რომელთა შორის ფლავიურს არიანე აფსილებისა და აბაზგების სამთავროებსაც ასახელებს.
II ს-ის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველო ეგრისის (ლაზიკის) სამეფოშია გაერთიანებული. საკუთრივ აფშილეთი მდ. ეგრისწყლიდან (ღალიძგა) კოდორამდე უშუალოდ შედიოდა ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო კოდორს ჩრდილოეთი აფშილეთი აფხაზეთთან იყო გაერთიანებული, რომელიც ლაზთა სამეფოს დაქვემდებარებული ქვეყანა, მისი ვასალი იყო 12 .
ბერძნული წერილობითი წყაროების ეს ლაზიკის (ქართული წყაროების ეგრისის) სამეფო კოლხეთის უშუალო მემკვიდრეა. V საუკუნის ბიზანტიელი ანონიმი, VI საუკუნის ისტორიკოსები: პროკოპი კესარიელი, იოანე ლიდე, აგათია სქოლასტიკოსი, როდესაც ლაზიკისა და ლაზების შესახებ მოგვითხრობენ, როგორც წესი, აღნიშნავენ, რომ ლაზები ძველი კოლხების მემკვიდრენი არიან, რომ მათ ძველად კოლხებს უწოდებდნენ, რომ კოლხები ლაზების წინაპრები არიან. ისინი ამ ორ ცნებას სინონიმური მნიშვნელობით ხმარობენ. მაგ. VI ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი წერს: «კოლხიდა, რომელსაც ახლა ლაზიკა ეწოდება» 13 .
VI ს. ეგრისის სამეფო თანდათან დასუსტდა (ბიზანტია-ირანის ომების შედეგად), საუკუნის დასასრულისათვის მას გამოეყო აბაზგია, რომელიც უშუალოდ ბიზანტიის იმპერიას დაუქვემდებარდა. აბაზგიის მთავრები (არქონტები) იმპერატორის ვასალები იყვნენ. ეგრისის შემდგომი დასუსტება არაბთა თავდასხმებმაც განაპირობა. თანდათან გაძლიერება დაიწყო აბაზგიამ, რომელმაც, როგორც უკვე ითქვა, საკუთრივ აბაზგიასთან ერთად, მოიცვა სანიგეთის, მისიმიანეთის, აფსილიის (აფშილეთის) მიწა-წყალიც. ზოგი მკვლევარი ეჭვის ქვეშ აყენებს სანიგთა და მისიმიანთა ქართველურ წარმომავლობას (ინალ-იფა, ანჩაბაძე), მაგრამ, ვფიქრობთ, მეცნიერულად დასაბუთებულია იმ მეცნიერთა თვალსაზრისი, რომელნიც მათ ქართველურ მოდგმას მიაკუთვნებენ (ჯანაშია, ინგოროყვა, ყაუხჩიშვილი, ინაძე...). შეწყდა მათი პოლიტიკური არსებობა და გაფართოვდა ცნება აბაზგიას (აფხაზეთის) მნიშვნელობა. დაიწყო ცნება «აფხაზეთის» მნიშვნელობის გაფართოება. ალბათ, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ჯუანშერი («ქართლის ცხოვრება»), როდესაც VIII ს-ის 30-იან წლებში არაბი სარდლის მურვან ყრუს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობაზე მოგვითხრობს, წერს, რომ მან დაანგრია ქალაქი «აფშილეთისა და აფხაზეთისა ცხუმი» 14 . ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ტექსტის ასეთი წაკითხვა, რომ ცხუმი აფშილეთის და აფხაზეთის ქალაქია, «ქართლის ცხოვრების» ჩვენამდე მოღწეულმა უძველესმა ანასეულმა ნუსხამ შემოგვინახა, ხოლო შემდგომდროინდელ ნუსხებში აფშილეთი უკვე აღარ არის. ჩანს, ადრე იცოდნენ, რომ ცხუმი აფშილეთის ქალაქი იყო, მაგრამ მურვან ყრუს დროს ის უკვე პოლიტიკურად აფხაზეთი იყო, შემდეგ ეს ცოდნა დაიკარგა და კონტექსტიდან ამოვარდა «აფშილეთი».
VIII ს-ის 80-იანი წლებიდან, როდესაც განხორციელდა აფხაზეთისა და ეგრისის გაერთიანება და შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს, ცნება «აფხაზეთის» მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა და ის ამიერიდან აღნიშნავდა მთელ დასავლეთ საქართველოს, ხოლო აფხაზად წერილობით წყაროებში იწოდებოდა, როგორც საკუთრივ აფხაზი (აბაზგი, აფსილი), ისე ყველა დასავლელქართველი.
VIII ს-ის 80-იან წლებში, დასავლეთ საქართველო რომ გაერთიანდა, ამ სახელმწიფოს მეთაური გახდა ლეონ აფხაზთა მთავარი. ეს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან ჭოროხის ხეობამდე 15 და შავი ზღვიდან ლიხის ქედამდე 16 და აღიარებდა ბიზანტიის სიუზერენიტეტს. იოანე საბანისძე ამ სახელმწიფოს მეთაურს «მთავარს» უწოდებს 17 .
ქართული წერილობითი წყაროების ცნობით (სხვა წყაროები კი არ არსებობს) ქართლის ერისმთავართა (სამეფო) სახლის უკანასკნელმა მამაკაცმა წარმომადგენელმა არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის მირის ასული ცოლად შერთო ლეონ აფხაზთა მთავარს, რომელსაც გადასცა ეგრისის გვირგვინი 18 , რითაც ლეონმა სიძობით, ე.ი. მემკვიდრეობით, მიიღო ეგრისი და ეგრისის სამეფო გვირგვინი, რაც სიმბოლურად და რეალურად ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას ნიშნავდა. აღნიშნული გარემოება იძლევა საფუძველს თვალსაზრისისათვის, რომ ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანება დინასტიური, ნებაყოფლობითი აქტი იყო 19 . შემდეგ ლეონ აფახაზთა მთავარმა (VIII ს-ის დასასრულს) გაინთავისუფლა თავი ბიზანტიის ვასალობისაგან და თავი მეფედ გამოაცხადა. «მატიანე ქართლისას» ცნობით «და იპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე 20 ».
აფხაზეთი ლეონის სამკვიდრო ქვეყანა იყო, ეგრისი ასევე სამკვიდრო, სიძობით მოპოვებული და ეს ორივე ქვეყანა ლეონმა ერთნაირად «იპყრა», დაუმორჩილა თავის ხელისუფლებას იმპერიისაგან დამოუკიდებლად და ”სახელ-იდვა მეფე აფხაზთა» 21 . აფხაზთა მეფედ იმიტომ იწოდა, რომ დინასტია აფხაზთა სამთავროდან იყო გამოსული.
აფხაზთა მეფეების ეთნიკური კუთვნილება ცნობილი არ არის, ამაზე არ არსებობს არავითარი მითითება წერილობით წყაროებში. ზოგი მკვლევარი მათ საკუთრივ აფხაზებად თვლის, ზოგი ბერძნებად, რადგან ისინი ბიზანტიის იმპერიის ვასალები იყვნენ, ზოგი ქართველებად. სამივე თვალსაზრისი მოსაზრებათა სფეროში რჩება და სამივეს ერთნაირად აქვს არსებობის უფლება. მაგრამ ეს არ არის არსებითი, არსებითია ის, რომ აფხაზთა სამეფო ენით, დამწერლობით, კულტურით, სარწმუნოებით, პოლიტიკით ქართული სახელმწიფო იყო, ხოლო მისი მეფეები, ამავე ნიშნებით - ქართველები იყვნენ. ალბათ, ისიც სათქმელია, რომ X - XIსს. ზოგი სომეხი ისტორიკოსი, მაგ. იოანე დრასხანაკერტელი, ამ სახელმწიფოს «ეგრისს» უწოდებს, მათ მეფეს - «ეგრისის მეფეს», ხოლო მცხოვრებთ - «ეგრისელებს» 22 .
აფხაზთა სამეფო ქართული (დასავლურქართული) სახელმწიფო იყო. მისი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველები: ქართები, ეგრები, სვანები, ნაწილს - საკუთრივ აფხაზები. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით აფხაზთა სამეფო რვა ადმინისტრაციული ერთეულის, საერისთავოსაგან შედგებოდა 23 . საკუთრივ აფხაზეთი დასახლებული იყო ძირითადად აფხაზეთის საერისთავო და ნაწილობრივ ცხუმის საერისთავო, ხოლო დანარჩენი ექვსი - ეგრისის (ცენტრი ბედია), გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არგვეთის (ცენტრი შორაპანი), ვაკე იმერეთის (ცენტი ქუთაისი) - ქართველებით იყო დასახლებული.
სწორედ აფხაზთა სამეფოს არსებობის დროს, IX-X საუკუნეებში, აფხაზთა მეფეების აქტიური მონაწილეობით, აფხაზთა სამეფო საბოლოოდ გამოეყო ეკლესიურად კონსტანტინეპოლს და მცხეთის ტახტს დაუქვემდებარდა.
დასავლეთ საქართველოს ეკლესიის კონსტანტინეპოლის სამწყსოსაგან გამოყოფის საკითხის გარკვევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში შემავალი კათედრების ნუსხებს. სახელდობრ, ჩვენთვის საინტერესო საკითხისათვის მნიშვნელობა აქვს ამ ნუსხათა ჯგუფს, რომელთაგანაც ერთი იმპერატორ ლეონ VI-ის (886-911) მეფობამდეა შედგენილი, ხოლო მერე - X ს-ში. პირველი რიგის ნუსხებში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კათედრები კონსტანტინეპოლის სამწყსოში შედიან, ხოლო X საუკუნიდან დასავლეთ საქართველოს კათედრები ან ნუსხებში აღარ ისხენიებიან. აღნიშნული გარემოება იძლევა საფუძველს თვალსაზრისისათვის, რომ ამ დროს დასავლეთ საქართველო ეკლესიურად გამოყოფილია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან. ხოლო რიგი ქართული წყაროების მონაცემთა ანალიზი აშკარას ხდის, რომ დასავლეთქართული ეკლესია მცხეთის ტახტს დაექვემდებარა და გაერთიანდა ზოგადქართულ ეკლესიასთან. აღნიშნულ საკითხზე ვრცელი ლიტერატურა არსებობს, ეს პრობლემა საგანგებოდა აქვს შესწავლილი ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის, პ. ინგოროყვას, კ. კეკელიძეს, ს. ყაუხჩიშვილს, ზ. ანჩაბაძეს 24 .
ძნელი იყო ბიზანტიის პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლება, მაგრამ უფრო ძნელი იყო კონსტანტინეპოლის საეკლესიო ბატონობის აღმოფხვრა. ამ მიზნით აფხაზთა მეფეები აუქმებდნენ ბიზანტიის დასაყრდენ ბერძნულ საეპისკოპოსო კათედრებს. გაუქმდა ფოთის, გუდავის და სხვა ბერძნული კათედრები. მათ მაგიერ აფხაზთა მეფეებმა ახალი ქართული საეპისკოპოსოები დააარსეს. მაგ., აფხაზთა მეფე გიორგი II-ის დროს (922 - 957)დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო, ლეონ III-ის (957 - 963) დროს - მოქვის, გუდავის მოშლილი საეპისკოპოსოს მაგიერ ბაგრატ III (975 -1014) ბედიის საეპისკოპოსო დააარსა 25 . ეს საეპისკოპოსოები წარმოადგენდნენ ქართული კულტურის ცენტრებს. ამიერიდან ქართული ეკლესია ქართული ენით დაუპირისპირდა ბერძნულს 26 .
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართელოს საეკლესიო გაერთიანების ცდებს ადრეც ჰქონდა ადგილი. ამ მხრივ გარკვეული წარმატებები იქნა მოპოვებული V ს-ში, VII ს-ში, მაგრამ მთლიანად და საბოლოოდ დასავლეთ საქართელოს ეკლესიის ბიზანტიიდან გამოყოფა და მცხეთასთან შეერთება მეცხრე საუკუნეში განხორციელდა. პ. ინგოროყვა თვლის, რომ ეს «დიდი რეფორმა» დასავლეთ საქართელოს ნაციონალიზაციას და მასში, ბერძნულის ნაცვლად, ქართული ენისა და მწიგნობრობის დამკვიდრებას რომ ისახავდა მიზნად მეცხრე საუკუნის 30 – 40 წლებში გატარდა. ეხება რა აფხაზთა მეფეების მიერ ბერძნული კათედრების გაუქმებისა და ახალი ქართული საეპისკოპოსოების დაარსებას პ. ინგოროყვა ასკვნის: «ასეთი იყო ის ღონისძიებანი, რომელნიც ჩაუტარებია დასავლეთ საქართელოს - აფხაზეთის სამეფოს ხელისუფლებას დასავლეთ საქართველოს ეკლესიის რეფორმაციასთან, მის გაქართულებასთან დაკავშირებით» 27 .
დასავლეთ საქართელოს ეკლესიის ეს «დიდი რეფორმა», რომელსაც პავლე ინგოროყვა «აფხაზეთის ეკლესიის გაქართულება, ნაციონალიზაციას» უწოდებს და დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში «ბერძნულის ნაცვლად - ქართული ენისა და მწიგნობრობის დამკვიდრებას» უკავშირებს28 გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე იმ შიდამიგრაციულ პროცესებთან, რაც აღმოსავლეთ საქართველოდან საკუთრივ ქართლის ტომის დასავლეთ საქართველოში გავრცელებას სდევს თან.
ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისით, «პლინიუსის, პტოლემაიოსისა და პროკოპი კესარიელის ცნობებით მტკიცდება, რომ კოლხეთის სამხრეთსა და აღმოსავლეთის ნაწილში მხოლოდ მეგრელ-ლაზების ტომები ცხოვრობდნენ” 29 , მაგრამ შემდეგ იმ რთული ისტორიული პროცესების შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში და რამაც განაპირობა აღმოსავლეთ საქართველოდან მოსახლეობის მიგრაცია დასავლეთ საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, «გურულები და იმერლები გაქართებულ მეგრელ-ლაზებად უნდა ჩავთვალოთ». ამ პროცესს ივ. ჯავახიშვილი მეშვიდე-მერვე საუკუნეებით ათარიღებს 30 .
ამგვარად, «აფხაზეთის ეკლესიის გაქართულება» (პ. ინგოროყვა) ან მეგრელ - ლაზების გაგურულებ-გაიმერლება «გაქართება» (ივ. ჯავახიშვილი) არ შეიძლება ჩაითვალოს დასავლეთ საქართველოს «გაქართულებად» იმ გაგებით, რომ თითქოს აქ დასავლეთ საქართელოს არაქართული მოსახლეობის გაქართველება იგულისხმებოდეს.
ქართიზაციის პროცესზე შემდგომში ყურადღება გაამახვილა ნიკო ბერძენიშვილმა, რომელმაც შექმნა კონცეფცია საკუთრივ ქართის ტომის ეთნიკურ-კულტურული ექსპანსიისა და ისტორიული საქართველოს დასავლური (და ზოგი აღმოსავლური) ქართული ტომების გაქართების შესახებ (იხ. ნიკო ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VIII. ამ კონცეფციის დასავლურ-ქართული, საკუთრივ აფხაზური ნაწილის გამო იყო თავის დროზე ეს წიგნი რომ დაიჭრა). ეს მეცნიერული კონცეფცია შეიძლება არ გავიზიართო, მაგრამ დასავლეთ საქართველოს «ქართიზაცია» (ივ. ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი) ამ ავტორთა აზრით არ ნიშნავს დასავლეთ საქართველოს თითქოს არაქართული მოსახლეობის «გაქართველებას» და, ამდენად, ამ კონცეფციის ამ თვალსაზრისით კრიტიკა არ მიგვაჩნია გასაზიარებლად 31 .
აქვე უნდა შევნიშნოთ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ იმერელ-გურულები გაქართებული მეგრელ-ლაზები არიან ძირითადად ლინგვისტურ მონაცემებს ემყარება. ხოლო პავლე ინგოროყვას თვალსაზრისი აფხაზეთის ეკლესიის «გაქართულების», ნ. ბერძენიშვილისა დასავლეთ საქართველოს «გაქართების» შესახებ გიორგი მერჩულეს თხზულების რიგ ცნობებს და კონკრეტულად მერჩულეს ფორმულირებას «ქართლის» ცნების მნიშვნელობის შესახებ.
მერჩულე სწერს: «პირველად აღმოსავლისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსაჱ მით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტჱ სმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალჱ მისა პატრიარქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირიცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კვრიელეჱ სონი ბერძნულად ითქუმის» 32 .
ბ-ნ ანანია ჯაფარიძე შენიშნავს, რომ «გ. მერჩულის» «გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში» არსებული ერთი ქარაგმის არასწორი გახსნის წყალობით მიღებულია ისეთი კარდინალური დასკვნები, როგორისაა, «პირველად მეცხრე-მეათე საუკუნეებში ეწოდა დასავლეთ საქართველოს «ქართლი». აღნიშნულ თხზულებაში - განაგრძობს ბ-ნი ანანია ჯაფარიძე - არსებული ქარაგმა «ა-სა» გადამწერს თუ პირველ რედაქტორს ნ. მარს გაუხსნია არასწორად, კერძოდ უნდა გახსნილიყო როგორც «აფხაზეთისა» და გახსნილიყო ასე - «აღმოსავლისა», აღმოსავლეთისა» 33 . ავტორის აზრით ქარაგმის « სწორად» გახსნის შემთხვევაში მერჩულეს თხზულების ეს ადგილი სხვაგვარად იქნებოდა გაგებული 34 .
აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ: ჯერჯერობით გირგი მერჩულეს «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების» მხოლოდ ერთადერთი ხელნაწერია ცნობილი, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ინახება და საიდანაც გადმოიწერა და გამოსცა ნიკო მარმა «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება». მართალია, ამ ხელნაწერზე ხელი არ მიგვიწვდება, მაგრამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხენაწერთა ინსტიტუტში არის ამ უძველესი ხელნაწერის მიკროფირი (იხ. ξ- 2 ), რომელშიც ეს ადგილი ყოველგვარი ქარაგმების გარეშე არის წამოდგენილ და გარკვევით წერია: «პირველად აღმოსავლისა კათალიკოსთა», ასე რომ, ქარაგმის გახსნის საჭიროება არ არსებობდა.
მითითებულ სტატიაში არაერთი საგულისხმო მოსაზრებაა გამოთქმული, რომელთა გათვალისწინება, ალბათ, სასურველია, მაგრამ, რადგან ეს საკითხები ჩვენი ნარკვევის ფარგლებს სცილდება, ამჯერად მათზე მსჯელობა არ მიგვაჩნია შესაძლებლად. ამ ისედაც ვრცელი ექსკურსის ბოლოს მხოლოდ მიას ავღნიშნავთ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მკვლავარის მიერ გაზიარებული კონცეფცია ჩვენში მიმდინარე «ქართიზაციის» ისტორიული პროცესის შესახებ თავისთავად შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ის ნამდვილად არ ნიშნავს დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოს რომელიმე რეგიონის «გაქართულებას», ის მხოლოდ საკუთრივ ქართის ეთნო-კულტურულ ექსეპანსიას გულისხმობს და გიორგი მერჩულეს თხზულება ამის ერთ-ერთი დასტურია.
აფხაზთა სამეფოში დაიწერა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული თხზულებები, იქ, აფხაზთა მეფეების კარზე, ქართულად დაიწერა «მეფეთა დივანი» - აფხაზეთის მეფეთა სიტორია, აიგო ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა იმ დიდ ეროვნულ ბრძოლაში, რომლის შედეგად შეიქმნა ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფო.
აფხაზთა სამეფო ქართული სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, მისი დედაქალაქი იქნებოდა არა ძველი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ცენტრი ქუთაისი, არამედ ანაკოფია (აფხაზეთის საერისთავო ცენტრი), ეკლესია ან არ გამოეყოფოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და თუ გემოეყოფოდა, ჩამოყალიბდებოდა საკუთრივ აფხაზეთის ეკლესიად, არ შეუერთდებოდა მცხეთის საკათალიკოსოს და არ დამკვიდრდებოდა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე.
IX საუკუნის დასაწყისიდან, თუ უფრ ადრე არა, ქართულმა ენამ აფხაზთა სამეფოში გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა, მან საბოლოოდ გამოდევნა დასავლეთ საქართველოს ეკლესიიდან ბერძნული ენა და ქართული ხდება აქ კულტურის, სამეფო კანცელარიის და ეკლესიის ენად 35 .
IX საუკუნიდან აფხაზთა სამეფოში ქართული ეპინრაფიკა დასტურდება 36 .
ამ დროიდან მოყოლებული აფხაზეთში ეკლესიებზე, ხიდებსა და სხვა სახის ნაგებობებზე, როგორც წესი, ქართული წარწერებია 37 .
დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ შუასაუკუნოვან ქართულ არქიტექტურაში არსებულ სკოლებს: დასავლურქართულს (აფხაზურს), კახურს, ქართლურს, ტაო-კლარჯულს, ჰერულს განმასხვავებელ, ლოკალურ თავისებურებებთან ერთად ზოგადქართული ხასიათი აქვთ, ყველა ესენი საერთო ქართული ნიშნებით ხასიათდებიან 38 . ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ეს თვისებები საქართველოს ერთიანი შუასაუკუნოვანი სახელმწიფოს შექმნამდე ვლინდება პოლიტიკურად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ აფხაზთა (დასავლურ ქართულ), ქართველთა (ტაო-კლარჯეთი), კახეთის და სხვა სახელმწიფოებში, რაც სწორედ უძველეს ისტორიულ ძირებზე, მათ საერთო ზოგადქართულ კულტურაზე მიუთითებს.
ამგვარად, როგორც უკვე აღინიშნა, აფხაზთა სამეფოს შემქნით ფართოვდება ცნება «აფხაზეთსი» და «აფხაზების» მნიშვნელობა და ის ახლა უკვე ნიშნავს დასავლეთ საქართველოს დასავლელ - ქართველს და საკუთრივ აფხაზსაც და საკუთრივ აფხაზეთსაც 39 .
კიდევ უფრო ფართოვდება ცნებების «აფხაზის» და «აფხაზეთის» მნიშვნელობა მეათე საუკუნის დასასრულიდან.
ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე იდგა «მეფე აფხაზთა», რადგან ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატიონთა სამეფო სახლის («ქართველთა მეფის») კანონიერი მემკვიდრე ბაგრატი (მეფე ბაგრატ III, 975 – 1014), რომელიც დედის ხაზით დასავლეთ საქართველოს სამეფოს ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეც იყო 978 წ. აკურთხეს «აფხაზთა მეფედ», ხოლო «ქართველთა მეფის» ტიტული მან მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში მიიღო თავისი წინაპარი «ქართველთა მეფის» გარდაცვალების შემდეგ. ის იწოდა «მეფე აფხაზთა, მეფე ქართველთა». კახეთ-ჰერეთის შემოერთებრის შემდეგ ბაგრატმა მიიღო «ჰერეთა და კახთა მეფის» ტიტულიც და ერთიანი ქართული შუასაუკუნოვანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურა ამ ეტაპე ასე გამიართა: «მეფე აფხაზთა, ქართველთა, ჰერთა, კახთა».
ამ დროიდან ქართულ წერილობით წყაროებში «აფხაზეთი» და «აფხაზი», როგორც წესი, ნიშნავს ზოგად «საქართველოს» და «ქართველს» 40 .
ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე «მეფე აფხაზთა» რომ დგას, ამის შედეგად უცხოურ წყაროებში «აფხაზი» იხმარება ზოგადად ქართველის და «აფხაზეთი» საქართველოს მნიშვნელობით. ამასთანავე ამ უცხოელებმა, ბერძნებმა, არაბებმა, რუსებმა კარგად იციან, რომ «აფხაზეთი» იგივე «იბერია» - «საქართველოა» მაგ., მეთერთმეტე ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კეფრენე საქართველოს მეფე გიორგი I-ს (1014 – 1027) უწოდებს აფხაზეთის არქონტს 41 , ხოლო მის შვილს, მეფე ბაგრატ მეოთხეს (1027 – 1072), იბერიის არქონტს 42 . მეთერთმეტე საუკუნის დასასრულის და მეთორმეტე საუკუნის დასაწყისის ბიზანტიელი ისტორიკოსი იოანე ზონარა იმავე ბაგრატ მეოთხეს აბასგიის არქონტად იხსენიებს. კედრენ როდესაც მოგვითხრობს იმპერატორ ბასილ II-ის საქართველოში ლაშქრობის შესახებ წერს, რომ ბასილმა გაილაშქრა გიორგი აბაზგის წინააღმდეგ და იბერიისაკენ გაემართა 43 .
როგორც ვხედავთ, იმდროინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსებისათვის აბაზგი - აბაზგი და იბერია -იბერი იდენტური ცნებებია. ასევე აფხაზი ქართველია, ხოლო აფხაზეთი - საქართველო აღმოსავლელი (არაბი, სპარსი) ავტორებისათვის.
მეცამეტე საუკუნის არაბი გეოგრაფი და ისტორიკოსი იაკუთი წერს, რომ აფხაზეთი ქრისტიანი ხალხით დასახლებული ქვეყანაა, - რომელთაც ქურჯებს უწოდებენ. მეცამეტე საუკუნის დასასრულის სელჩუკი ქრონისტი იბნ ბიბი საქართველოს მეფე თამარზე წერს, რომ ის გურჯთა (ე.ი. ქართველთა. - მ.ლ.) მეფეა, რომელიც მართავს აფხაზთა სამეფოს, რომლის დედაქალაქი თბილისია. აფხაზეთს საქართველოსთან აიგივებს ნიზამ განჯევი, ხაყანი და სხვანი. საგანგექბოდ უნდა აღინიშნოს, რომ რუსული შუასაუკუნოვანი წყაროებიც მიუთითებენ, რომ იბერია იგივე აფხაზია (ობეზი) 44 .
მაგალითის მოტანა კიდევ მრავლადშეიძლებოდა. ამ საკითხის შესახებ ვრცელი ლიტერატურა არსებობს, დასკვნა მხოლოდ ერთია, შუასაუკუნეებქის ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების «აბხაზი» (სხვადასხვა ფორმით), როგორც წესი, ნიშნავს ქართველს 45 .
საკუთრივ აფხაზეთი, რომელიც მეცხრე-მეათე საუკუნეებში დასავლურ ქართულ სახელმწიო - აფხაზთა სამეფოში ორი საერისთავოთი, აფხაზეთის და ცხუმის საერსითავოებით იყო წარმოდგენილი, ერთიანი საქართველოს არსებობის პერიოდში წარმოდგენილია ერთი საერსითავოთი, რომელსაც ეწოდება ცხუმის საერსითავო და როლის ერისთავი შერვაშიძეა 46 .
ცნება «აფხაზეთის» მნიშვნელობის მაქსიმალური გაფართოების შემდეგ დაიწყო უკუპროცესი.
როგორც ცნობილია მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა ოთხ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად: ქართლის, კახთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. აფხაზეთი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში მიყოფებოდა. ქვეყნის ფეოდალური დაშლის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა და საკუთრივ იმერეთის სამეფოში შეიქმნა გურიისა და სამეგრელოს სამთავროები. აფხაზეთი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო მეჩვიდემეტე საუკუნეში ცალკე სამთავროდ ჩამოყალიბდა შერვაშიძეებით სათავეში. სამთავრო სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მდ. კოდორზე გადიოდა 47 . ნაგვიანევი შუასაუკუნეების ხანის აფხაზეთის სამთავრო კლუტურულ-პოლიტიკურად ისეთივე «საქართველო» იყო, როგორც სხვა დანარჩენი «საქართველოები» 48 . ხოლო კოდორის სამხრეთ-აღმოსავლეთი ქვეყანა ფეოდალური ურთიერთოის დასაწყისიდანვე (ხოლო ტრადიციით უძველესი დროიდანვე) ეგრისში შედიოდა. აფხაზეთში ეს ქვეყანა XVII ს-ში შევიდა 49 . ამ სამთავროსშექმნის შემდეგ ქართველები, და არა მხოლოდ ქართველები, აფხაზეთს საკუთრივ ამ სამთავროს უწოდებენ.
XV – XVI საუკუნეებიდან საქართველოში რთული პროცესები მიმდინარეობს. დასტურდება ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე ტომების ჩამოსახლება. ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარეთა ჩომოსახლების პროცესის შედეგად, რაც საქართველოში შექმნილი უმძიმესი ვითარებისპირობებში მიმდინარეობდა, ხდება კახეთში დაღესტნელი ტომების, შიდა ქართლში ოსთა და დასავლეთ საქართველოში ჩერქეზულ-ადიღეური მოდგმის ხალხთა დასახლება.
XV ს-ის დასასრულისა და XVI საუკუნის დასაწყისიდან დაშლილ-დასუსტებულ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სეფიანთა ძლიერი და აგრესიულად განწყობილი სახელმწიფო დაუმეზობლდა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან - აგრეთვე აგრესიულად განწყობილი და ძლიერი თურქ-ოსმალთა სახელმწიფო. XVI - XVIII საუკუნეების მანძილზე ამ ორ სახელმწიფოს შორის თითქმის გამუდმებული საომარი ოპერაციები მიმდინარეობდა (თუ ომი არ იყო, ორივე მხარე ომისათვის ემზადებოდა). ეს საომარი ოპერაციები, რომელთა მიზანი მახლობელ აღმოსავლეთში გავლენის სფეროების განაწილება იყო, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად საქართველოს დამორჩილებას ისახავდა და მთელი ამ ხნის მანძილზე საქართველოს მიწა-წყალზე ომი მიმდინარეობდა. ქართული სახელმწიფოები შეძლებისდაგვარად უმკლავდებოდნენ კარზე მომდგარ სპარსეთსა და თურქეთს. მოსახლეობა წყდებოდა მტერთან ბრძოლებში, საქართველოში საგრძნობლად შემცირდა მცხოვრებთა რიცხვი. დაცარიელებულ ბარის რეგიონებში მთიდან ჩამოსული მოსახლეობა სახლდებოდა. მოსახლეობაშემცირებულ და დაცარიელებულ მთის ფერდობებს კავკასიოანის ჩრდილო კალთებიდან გადმოსულნი იკავებდნენ.
მთიდან მოსახლეობის ბარში ჩამოსვლა მთაგორიანი ქვეყნებისათვსი ჩვეულებრივი და კანონზომიერი პროცესია. მთის მწირი ბუნება სათანადოდ ვერ უხრუნველყოფს მზარდ ჭარბ მოსახლეობას და ნამატი ბარში ჩამოდის. მშვიდობიან ვითარებაში ეს პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ხელისუფლება მეტ-ნაკლებად აკონტროლებს მას, მაგრამ, როდესაც სახელმწფო სუსტდება და ამ პროცესს ვეღარ არეგულირებს, იქმნება მძიმე ვითარება. ასე შეიქმნა კახეთში ჭარ-ბელაქნისა და თალას ე.წ. უბატონო თემები, შიდა ქართლის მთიანეთსა და შემდეგ მთისწინა ზოლში და ბარშიც - ოსთა კომპაქტური მოსახლეობა, კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე - ჩრდილეთიდან ჩამოსული მოსახლეობა.
ჩვენ არ ვიცით რა ეწოდებოდა იმ ხალხს იქ, თავის თავდაპირველ სამშობლოში, აქ რომ დასახლდნენ, სავარაუდოა, რომ ქართველებმა აქ მოსახლე «აფხაზების» გამო მათაც «აფხაზები» უწოდეს.
ამ დროიდან იწყება აფხაზეთში ქრისტიანობის პოზიციების შერყევა, რასაც აპირობებს ერთი მხრივ, მთიდან ჩამოსული მოსახლეობის მიერ თავისი წარმართული რწმენების ჩამოტანა, მეორე მხრივ, თურქთა გაბატონება, რომელნიც აქ ისლამის გავრცელება-დამკვიდრებას ცდილობდნენ.
ქართული და უცხოური წერილობითი წყაროებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ხდება XV საუკუნიდან მოყოლებული ქართული და ქრისტიანული პოზიციების შევიწროება დასავლეთ საქართველოში.
სამეგრელოს სამთავროდან აფხაზეთის სამთავროს გამოყოფის შემდეგ მიმდინარეობს გამუდებული შინაფეოდალური ბრძოლა მფხაზთა მთავრები XVII საუკუნის ბოლოს იპყრობენ სამეგრელოს ნაწილს მდინარეებს - კოდორსა და ენგურს შორის და აფხაზეთის სამთავროს უერთებენ. ეს ის მიწა-წყალია, რომელიც სამურზაყანოს სახელწოდებათაა ცნობილი. ამ დროიდან იწყება ამ მხარის «გააფხაზება», «გააფხაზების» ეს პროცესი კარგადაა ასახული ქართულ, ძირითადად დოკუმენტურ, და უცხოურ წერილობით წყაროებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ცნობა აქ აფხაზების საგანგებოდ ჩამოსახლების შესახებ 50 . ი. ანთელავას მითითებულ წიგნში მოაქვს XIX ს-ის ბოლოს სოფ. ბედიაში ნაპოვნი და გაზეთ «კვალში» (1987 წ. №20) გამოქვეყნებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტში, რომელიც XIX ს-ის ათიან წლებში უნდა იყოს შედგენილი, ვკითხულობთ, რომ XVII საუკუნეში ძმებმა რსოტომ, ჯიქეშია და ყვაპუ შერვაშიძეებმა აფხაზეთის სამთავროში გაიყვეს სამფლობელოები. როსტომს ერგო მდ. ბზიფიდან მდ. კორდორამდე, ჯიქეშიას - მდ. კოდორიდან მ. ღალიძგამდე. ხოლო უმცროს, ყვაპუს - მდ. ღალიძგადან მდ. ენგურამდე, რომელიც «благадаря смутному времени, было относительно безлюдна. Поэтому Квапу из Бзыбы, т.е. владения старшего брата, переселил несколько княжеских и дворянских фамилий, как-то: Анчабадзе, Эмухвари, Иналишвили, Маргания, Званбая, Лакербая и Акиртава» 51 .
მართალია, დოკუმენტი XIX ს-ის დასაწყისისაა, მაგრამ რადგან მასში მოთხრობილი ეთანხმება XV – XVIII სს-ის ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების ცნობებს, ნდობას იმსახურებს. ამ მხრის გააფხაზების პროცესი საკითხის სპეციალურ ლიტერატურაშიც არის განხილული. შედარებით სრულად ეს პროცესი წარმოჩენილია ზემოთ ნახსენებ ირაკლი ანთელავასა და ზურაბ ანჩაბაძის მონოგრაფიებში.
XV საუკუნის შემდეგ აფხაზები თავდასხმებს იწყებენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ოლქებზე, უპირატესად სამეგრელოზე. ვახუშტი ბაგრატიონს აღწერილი აქვს XVII - XVIII ს-ის I მეოთხედში აფხაზების თითქმის ყველა თავდასხმა გურია-სამეგრელოზე 52 . ასეთ თავდასხმებზე უცხოური წერილობითი წყაროებიც მოგვითხრობენ, მაგ., შარდენი. ლამბერტი< 53 . XV საუკუნის დოკუმენტებით აშკარაა, რომ სოხუმი (ცხუმი) სხვაა, აფხაზეთი - სხვა 54 . XVII საუკუნის შუა წლებში, არქანჯელო ლამბერტის ცნობებით, დრანდა, მოქვი, ილორი, ბედია ეგრისშია 55 .
ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ XVII საუკუნეში უცხოელები ბიჭვინთას აფხაზეთში არ ათავსებენ.
იტალიელი მისიონერი ძამპი, რომელის თხზულება შარდენმა თავის «მოგზაურობის» წიგნში შეიტანა, მოგვითხრობს რა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის შესახებ, წერს: ამ კათალიკოსის ძალაუფლება ვრცელდება ოდიშში, იმერლების, გურულების, აფხაზთა და სვანთა ქვეყნებში. მისი სამიტროპოლიტიო საყდარი არის ბიჭვინთაში, აფხაზთა ახლოს 56 , ეს ცნობა იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ის მოსახლეობა, რომელიც თავისი ყოფით, რწმენით განსხვავდება სამეგრელოს და დანარჩენი დასავლეთი საქართველოს მოსახლეობისაგან, ბიჭვინთაში ჯერ არ არის დამკვიდრებული და ამიტომ უცხოელ დამკვირვებელს ის «აფხაზეთად» არ მიაჩნია.
XV საუკუნის ძეგლი «მცნება სასჯულო» გვაუწყებს, რომ «აფხაზეთი ქრისტიანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს» 57 . ეს ქრისტეს მცნებისაგან განშორებული აფხაზები არიან, რომ ესხმიან თავს სამეგრელოს. XVII ს-ის პირველი ნახევრის დოკუმენტში («მამულების მფლობელობის განახლების სიგელი ლევან დადიანისა ხობის საყდრისადმი») აღნიშნულია, რომ «მას ჟამსა უღმერთოდ და უსჟულოებად მიიქციეს აფხაზნი»,რომ «აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა» 58 . იმავე დოკუმენტური მასალიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ვიწროვდება დასავლეთ საქართველოს ქრისტიანული ეკლესიის იურისდიქციის ფარგლები, როგორ იკარგება ეს ქვეყანა ქრისტიანობისა და ქართველობისათვის. თუ არქანჯელო ლამბერტის და სხვა უცხოელი ავტორებისათვის XVII საუკუნის შუა წლებში დრანდა, მოქვი, ილორი, ბედია ეგრისშია, ბიჭვინთა აფხაზეთი არაა, XVI ს-ის დასასრულსა და XVII საუკუნის დასაწყისში ქართული დოკუმენტური მასალით ენგურს გაღმა სოფელი ნიჟანელი ჯერ კიდევ მეგრული სოფელია. ეგრისში ნიჟანეული 1626 წლის აფხაზეთის საკათალიკოსოს დიდი დავთრის მიხედვით 59 ; ოდიშში ნიჟანეული 1939 წლის დოკუმენტებითაც 60 . მაგრამ მდგომარეობა საგრძნობლადაა შეცვლილი უკვე XVIII ს-ის დასაწყისში. 1712 წლის დოკუმენტში კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე წერს: «ნაჟანევს სოფელი აფხაზს აეყარა. სამოცი მოსახლე კაცი ნეფსაძე კათალიკოზს ყვაპუ შარვაშიძისათვის მიებარებინა. უფროსი ერთი დაკარგულიყო», ვინც მოახერხა კათალიკოზმა წამოიყვანა და ხობსა დახიბულაში დაასახლა. ჩამოთვლილია გვარები და ყველა მეგრული (ქართულია) 61 . ასე თანდათან კარგავენ ქართველები პოზიციებს ისტორიულ სამეგრელოში და მათ მომხდური აფხაზები იკავებენ. ეს დოკუმენტი ერთ საინტერესო გარემოებაზეც მიანიშნებს, მომხდურ აფხზთაგან დარბეულ ქართველ გლეხებს კათალიკოსი შერვაშიძეს მიაბარებს, ის მომხდურ აფხაზებს სხვები არიან და შერვაშიძე სხვაა, ისიც ცდილობს ამ მომხდურთაგან თავის დაცვას. თავდაცვა თანდათან ძნელდება. სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611 – 1657) საგანგებო კედელს აგებს აფხაზთაგან თავდასაცავად. ამ კედლის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: «შევლო ზღუდე დიდმა ლევან დადიანმა, აფხაზთა გამოუსვლელობისათვის» 62 . არქანჯელო ლამბერტის რუკაზე ამ კედელს აფხაზთაგან დასაცავი კედელი აწერია 63 .
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ XVII საუკუნემდე აფხაზებით დასახლებულ ქვეყანას სოციალურად და სარწმუნოებრივ-კულტურულად არავინ ანსხვავებდა საერთოდ საქართველოს და საკუთრივ დასავლეთ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისაგან. უცხოელები, რომელნიც ანგარიშგასაწევ დაკვირვებებს გვაწოდებენ, სწორედ ამ თვალსაზრისით ცხუმს XIII – XIV სს-ის ქართულ ქალაქად თვლიან. არაბი მწერალი აბულფიდა ცხუმს საქართველოს ქალაქს უწოდებს, ხოლო ცხუმის კათოლიკე ეპისკოპოსი პეტრე გვერალდი 1330 წელს დაწერილ წერილში ცხუმის მცხოვრებლებად თვლის ქართველებს და აგრეთვე მუსლიმანებსა და ებრაელებს 64 . რაც იმას ნიშნავს, რომ იმდროინდელ ცხუმში ან საერთოდ არ იყვნენ საკუთრივ აფხაზები, ან თუ იყვნენ, რადგან ისინი ენით, სარწმუნოებით, ცხოვრების წეთის არ განსხვავდებოდნენ ქართველებისაგან, უცხოელისათვის ისინი ქართველები იყვნენ და არა აფხაზები. ასევე უნდა აიხსნას ცნობა ბიჭვინთის შესახებაც. ანგარისგასაწევია ის გარმოება, რომ პიტერო გერალდი «ქვემო იბერიის» კათოლიკე ეპისკოპოსად იწოდება. XIV ს. ცხუმში მონეტას ჭრის სამეგრელოს მთავარი ვამეყ დადიანი, რომელიც მთავრად 1384 - 1396 წლებში იყო. XV საუკუნის იტალიურ რუკებზე მდ. კელასურის შესართავთან დატანილია «მეგრული პორტი», მაგრამ XVII საუკუნისთვის მდგომარეობა შეცვლილია. იტალიელი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელმაც 1630 წ. იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში, წერს: «აფხაზები გაფანტულნი არიან ზღვის სანაპიროზე. მათი ცხოვრების წესი ისეთივეა, როგორც ჩერქეზებისა... აფხაზების ენა ძალიან განსხვავდება მათი მეზობელი ხალხების ენისაგან. მათ არ აქვთ არავითარი დაწერილი კოანონები და დამწერლობის გამოყენებაც არ იციან. რწმენით ქრისტიანები არიან, რაიმე ქრისტიანული წეს-ჩვუულების გარეშე. ტყეები მათ ემსახურებათ როგორც მყუდრო ადგილი, როდესაც ისინი აირჩევენ ერთ ადგილს საცხოვრებლად, მერე მას არ ტოვებენ. იცვამენ ჩერქეზების მსგავსად, მაგრამ თმებს იკრეჭენ სხვანაირად, ვიდრე ჩერქეზები... რადგანაც მათ არ აქვთ სხვა საცხოვრებელი ადგილი, გარდა ტყისა, ამიტომ ჰყავთ მცირე რაოდენობის ჯოგი და აქვთ მცირე მასალა თავიანთი ტანისამოსისი დასამზადებლად. ისინი კმაყოფილდებიან თაფლისაგან გაკეთებული ღვინოთი და ტყეში გაზრდილი ნაყოფით. ხორბალი მათთან არ მოდის. მარილს აქ არ ხმარობენ» 65 .
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ჯოვანი და ლუკა, როდესაც აფხაზებზე იწყებს საუბარს, განაკვეთის სათაურში მათ უწოდებს «აბაზას» («Abbazza») 66 , ხოლო ტექსტში ხმარობს ტერმინებს «აბკასა» და «აბაცა» 67 . ეს «აბაცა» ხომ არ არის «აფსუა»?
არქანჯელო ლამბერტის თანახმად, რომელიც XVII საუკუნეში ოც წელიწადს ცხოვრობდა დასავლეთ საქართველოში, აფხაზები არ ცხოვრობდნენ ქალაქებსა და ციხეებში. ერთი გვარის რამდენიმე ოჯახი შეიყრებოდა ერთად, დასახლდებოდნენ მაღლობ ადგილზე, სადაც ააშენებდნენ სილით დახურულ ფაცხებს, თავდაცვის მიზნით ირგვლი ღობეს და ორმაგ თხრილს შემოავლებდნენ. საინტერესოა, რომ მათ სხვა კი არ ერჩის, ისინი თვით ესხმიან ერთმანეთს თავს და ძარცვავენ 68 .
XVII ს-ის 50-იან წლებში საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი თურქი ისტორიკოსი და გეოგრაფი ევლია ჩელები, რომლის აღწერილობიდან კარგად ჩანს იმდროინდელი აფხაზების ყოფა და კულტურა. ამ დროისათვის აფხაზეთში უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებულია ისლამი, მაგრამ მისი სიტყვეით აფხაზები «ყურანს არ იცნობენ და არც რამე სარწმუნოება აქვთ» 69 .
როგორც მოტანილი ცნობებიდან ჩანს მართებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება იმდროინდელ აფხაზეთში, წინანდელთან შედარებით, მეზობელ ქართველთაგან განსზვავებული ყოფის დამკვიდრების, მათში ქრისტიანობის მოშლის შესახებ, რაც გამოწვეული უნდა იყოს მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობის ან ნაწილობრივ (ნ. ბერძენიშვილი ), ან მთლიანად ახალი ეთნიკურნი ჯგუფით, აფსუებით შეცვლით (პ. ინგოროყვა), ჩრდილ კავკასიიდან მოსახლეობის ჩამოსვლით.
უცხოელი ავტორები, რომელნცი ამ ცნობებს გვაწვდიან, არ იყვნენ შემთხვევითი პირები. ისინი ინფორმაციას აგროვებდნენ, რიგ შემთხვევებში ოფიციალურად აწვდიდნენ ცნობებს მთი საქმიანობის სფეროში მყოფი ხალხების შესახებ. მათ მიზანს შეადგენდა შეესწავლათ ამ ხალხების ზნე-ჩვეულება, მეურნეობა, კულტურა. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რიგ შემთხვევაში არც სუბიექტური დანახვა მოვლენებისა, ობიექტური მიზეზით გამოწვეული შეცდომებიც, მაგრამ, როდესაც მათი ცნობების მნიშვნელოვანი მხარე დადასტურებას პოულობს ქართული დოკუმენტური მასალით, უკვე ამ ცნობების არგათვალისწინება არ შეიძლება.
აფსუების (ან მათი ნაწილის) აფხაზეთის მიწაზე მოსულობის თვალსაზრისს გარკვეულწილად ეხმიანება მათი გადმოცემები. ამ გადმოცემათა სხვადასხვა ვარიანტები არსრებობს, ზოგის თანახმად ისინი აფხაზეთში ეგვიპტიდან, აბისინიიდან არიან მოსულნი, ზოგი ვერსიის თანახმად ისინი არმენიაზე გავლით ჯერ ყუბანში დასახლდნენ, საიდანაც სიცივისაგან შეწუხებულნი აფხაზეთში გადმოვიდნენ და სხვა 70 . ამ თვალსაზრისით საინტერესოა გადმოცემა აფხაზეთში აცანების, ჯუჯა ხალხის შესახებ, რომელნიც გაწყდნენ და რომელთაგან მხოლოდ ქვის სადგომები «აცანგუარების» ნაშთებიღა დარჩა 71 , რაც შემდგომში ახალი მოსახლეობის მოსვლას გულისხმობს. ამასვე ეხმაურება ცნობილი აფხაზური ხალხური ლექსი «აირგ შენ მხოლოდ ზღვისპირეთს ძარცვავ», რომლის თანახმად აფსუათა მითოლოგიის ომის ღმერთი აირგი მაღალ მწვერვალებს დარაჯობდა და ზღვისპირეთს საძარცვად ჩამოდიოდა 72 . და სხვა. ეს გადმოცემები, რასაკვირველია, არ იძლევა აფსუათა ჩამოსახლების ეპოქის განსაზღვრის შესაძლებლობას, არ არის გამორიცხული, რომ მათში სხვადასხვა დროს მიმდინარე პროცესებია ასახული, მაგრამ ზემოთ განხილულ ცნობებთან ერთად, რომელნიც აშკარად მიუთითებს XVI – XVIII სს. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, ეს გამოცემებიც იმსხაურებს ყურადღებას.
ევლია ჩელები, რომელმაც XVII ს-ის 40-იან წლებში (1640 – 1647 წლები) იმოგზაურა საქართველოში საგანგებოდ მოგვითხრობს აბაზას ქვეყნის შესახებ და ჩამოთვლის ყველა იმ ტომს, რომელიც ამ ქვეყანაში შავი ზღვის სანაპიროსა და მთებში მოსახლეობდა (ჩაჩები, არლანი, ჩანლები, გეჩიები და მრავალი სხვა) და აფსუებს არ იხსენიებს. ჩანს, ისინი ვერ მოხვდნენ ჩელების ყურადღების სფეროში, შესაძლებელია ჯერ კიდევ მცირერიცხოვანნი იყვნენ, შეიძლება ის აბაზას სწორედ აფსუებს უწოდებს. ჩელებისათვის აფხაზეთი აბაზას ქვეყანაა 73 . მათი ენაც აბაზას ენაა 74 . ხოლო XIX ს-ის 80-იან წლებში ცნობილი მეცნიერი უსლარი წერს, რომ აფსუა - აფხაზებია 75 .
რა ხდება, რითაა გამოწვეული ასეთი ცვლილებები? ამ კითხვაზე, როგორც უკვე ითქვა, ქართულ ისტორიოგრაფიაში პასუხი გაცემულია. აღსანიშნავია, რომ აფხაზთა ჩრდილო კავკასიიდან მოსულობის იდეა ქართველ მეცნიერთ არ ეკუთვნით. ამაზე ჯერ კიდევ XIX ს. წერდნენ მკვლევარები, მაგ.: «Афхазцы не всегда обитали там, где теперь живут; а предания их многие исторические данные и обычан их указывают, что они пришли с севера и потеснили картвельские племена, пака не остановились у Ингури». 76
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შუასაუკუნოვან საქართველოში აფხაზს არაქართველად არ თვლიდნენ. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი, რომლის თხზულებაში ეს კონცეფცია VII – VIII სს. უნდა მომდინარეობდეს 77 , როდესაც კავკასიის ხალხთა წარმომავლობაზე მოგვითხრობს დასავლეთ საქართველოს ის მთლიანად ეგროსის წილ ქვეყნად თვლის 78 .აღნიშნული კონცეფციის შესახებ ნიკო ბერძენიშვილი წერს: «ეს გადმოცემა ანგარიშგასაწევი მოწმობაა დასავლეთ საქართველოს ტომთა როგორც ეთნიკური მონათესაობისა, ისე მათი მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული თანამშრომლობისა (რაც აგრე ცხადად ჩანს ძველი ბერძნულ-ლათინური მწერლობისა და, განსაკუთრებით, არქეოლოგიურ მონაცემთა შუქზე)» 79 ლეონტი მროველმა შესანიშნავად იცის აფხაზებისა და აფხაზეთის არსებობა, მაგრამ მისთვის აფხაზეთი ეგრისია.
XI საუკუნეში, როდესაც ანტიოქიის პატრიარქმა ეჭვქვეშ დააყენა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების საკითზი, გამოჩენიმლა ქართელმა მოღვაწემ გიორგი მთაწმინდელმა, მსოფლიო პატრიარქის კარზე ქართული ეკლესიის თვითმწყსომბის კანონიერება საქართვეოში ანდრია პირველწოდელულის მოღვაწეობით დაასაბუთა და აგრეთვე აღნიშნა, რომ «ერთი შმიდა ათომრეტთა მოციქულთანი, სიმონს ვიტყვი კანანელსა, ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების» 80 . ამ ცნობიდან აშკარაა - ამ დროს «აფხაზეთი» როგორც ქართველის, ისე ბიზანტიელისათვის «საქართველოს» ნიშნავდა. ვახუშტი ბაგრატიონი, როდესაც დასავლეთ საქართველოზე მოგვითხრობს, აღნიშნავს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჯერ ეწოდებოდა ეგრისი, შემდეგ აფხაზეთი, შემდეგ იმერეთი. მისთვის დასავლეთ საქართველო ერთნაირად ეგრის-აფხაზეთ-იმერეთია, თუმცა მან კარგად იცის აფხაზების არსებობა, და ისიც იცის, რომ მათ თავიანთი სალაპარაკო ენა აქვთ 81 . ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ ისტორიულ-კულტურულად ისინი ქართველები იყვნენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყვნენ წარმოშობით. და, რაც მთავარია, ისტორიულად და მაშინაც, როდესაც ეს ავტორები წერდნენ, ეს ტერიტორია საქართველო იყო.
ერთიანი საქართველოს მეფეების (და საერთოდ ქართველებისათვის) «აფხაზი» ისეთივე ქართველი რომ არ ყოფილიყო, როგორც ქართლი, კახი და სხვა, მაშინ ისინი, ალბათ, შეეცდებოდნენ ცვლილების შეტანას საკუთარ ტიტულატურაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში მკვიდრად იყო შესული ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები: კურაპალატი, კესაროსი და სხვა. მეფე დავით IV აღმაშენებელმა (1089 – 1125), შეაფასა რა რეალურად საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, უარი ითქა ამ ტიტულებზე, რომელთაც მისი უშუალო წინაპრები საგანგებოდ ეძებდნენ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე და დიდის სიამაყით ატარებდნენ. თვით დავითსაც ჰქონდა ჯერ კიდევ უფლისწულობაში მიღებული, ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, რომლებზედაც უარის თქმა მას არ გაჭირვებია. მაგრამ «მეფე აფხაზთა»-ს საკითხი არ დამდგარა და არც შეიძლებოდა დამდგარიყო, რადგან «მეფე აფხაზთა» დასავლეთ საქართველოს, დასავლელ ქართველთა მეფობას ნიშნავდა.
იმ დროს, როდესაც ქართული საისტორიო წყაროები საკუთრივ აფხაზეთის სამთავროს მცხოვრებთ აფხაზებს უწოდებდნენ, არ ვიცით, თვითონ ისინი რას უწოდებდნენ თავიანთ თავს. მათ ჰქონდათ თავიანთი სალაპარაკო ენა (ყოველ შემთხვევაში, XVII საუკუნიდან მაინც), მაგრამ, რადგან არ ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა და მწერლობა, ეს არ არის ფიქსირებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავიანთ თავს ისინი მაშინაც (როგორც ახლა) აფსუებს უწოდებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დგება აფხაზთა (აფსუათა) ენის საკითხი. «ქართლის ცხოვრებაში» შესულ საისტორიო თხზულებაში, რომელსაც პირობით ეწოდება «ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი», თამარის ვაჟის გიორგის მეორე სახელ «ლაშა»-სთან დაკავშირებით აღნიშნულია: «რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა (აფსართა ენთია)» 82 .
საფუძველს იმისათვის, რომ ეს «აფსართა ენა» გაიგივებულ იქნას თანამედროვე აფხაზთა (აფსუათა) ენასთან, «აფსუა» - «აფსარის» ფონეტიკურნ მსგავსებასთან ერთად იძლევა ის გარემოება, რომ თანამედროვე აფხაზურში (აფსუათა ენაში) «ლაშა» («ალაშა») ნათელს, სინათლეს ნიშნავს. ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. «ქართლის ცხოვრების» XVII საუკუნის მარიამისეულ ნუსხაში განმარტება «აფსართა ენითა» არ არსებობს. ეს განმარტება არ არის არც მცხეთურ და არც მარიამისეული ნუსხიდან გამომდინარე მაჩაბლისეულ ნუსხაში. ეს განმარტება არის XVIII ს. ნუსხებში, რაც სათანადოდ არის მითითებული «ქართლის ცხოვრების» ყაუხჩიშვილისეულ გამოცემაში 83 .
«ისტორიანი და აზმანის» ტექსტის მარიამისებულ ნუსხაში წერია: «...ლაშასა, რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა». XIII საუკუნის ისტორიკოსი არ აღნიშნავს, რა ენიდან ითარგმნა, ე.ი. რა ენაზე ნიშნავს ლაშა სოფლის განმანათლებელს, ხოლო XVIII საუკუნის ისტორიკოსი, «ქართლის ცხოვრების» რედაქტორი განმარტავს, რომ «ითარგმნა აფსართა ენითა».
თამარის ისტორიკოსის ეს ცნობა არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მის დროს საქართველოში მცხოვრებ იმ ხალხს ჩვენ რომ აფხაზებს ვუწოდებთ ჰქონდათ თავიანთი სალაპარაკო ენა, აფსარული, მაგრამ იგივე ცნობა არც იმ შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ «აფსართა» ენაზე მოლაპარაკე ხალხი, საიდანაც თამარმა თავისი შვილის მეორე სახელი, ზედწოდება აიღო, მაშინ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობდა. თამარის დროინდელი საქართველოს და მეზობელი ჩრდილოკავკასიური ხალხების ურთიერთობა არ გამორიცხავს ასეთი ვარაუდის შესაძლებლობას. თუ დასაშვებად მივიჩნევთ პირველ შესაძლებლობას, მაშინ უნდა გავიზიაროთ თვალსაზრისი, რომ თანამედროვე აფსუათა წინაპრები (აფსარები?) ამ დროს უკვე მოსახლეობდნენ საქართველოში, რომ მათი სალაპარაკო ენა «აფსარული» ენა იყო. რადგან თანამედროვე აფხაზური (აფსუების) ენა არ განეკუთვნება ქართველურ ენათა ოჯახს, და ის ჩრდილოკავკასიურ-ადიღურ ენათა ოჯახში შედის, ეს იძლევა საფუძველს თვალსაზრისისათვის, რომ უძველესი დროიდან აქ მოსახლე აფსუები ქართველური მოდგმისანი არ იყვნენ და გენეტიკურად ჩრდილოკავკასიურ ტომებს წარმოადგენენ. მაგრამ თუ მეორე შესაძლებლობას დავუშვებთ, მაშინ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აფსართა ენაზე მოლაპარაკე ხალხი გვიან ჩამოვიდა და დასახლდა საქართველოში და მაშინ ჩამოიტანა თან თავისი სალაპარაკო ენა, და «ქართლის ცხოვრების» XVIII საუკუნის რედაქტორმაც ამის შემდეგ ჩაუმატა ცნობა აფსართა ენის შესახებ: აღნიშნულთან დაკავშირებით დგება კიდევ ერთი საკითხი: თუ «აფსარული» «აფხაზურის» იდენტურია, ქართველი ავტორი რატომ ხმარობს ქართულისათვის უცხო «აფსართას» და არა «აფხაზთას»? შესაძლებელია იმიტომ, რომშუასაუკუნოვანიქართველისთვის «აფხაზთა» იგივე «ქართულია» და სწორედ ამიტომ, რომ გაარჩიოს ძველი და ახალი აფხაზები შეიტანეს განმარტება «აფსართა ენითა» 84 .
რაც შეეხება დამწერლობას, როგორც ცნობილია, შუა საუკუნეებში მთელ დასავლეთ საქართველოში, საკუთრივ აფხაზეთის ჩათვლით, მწერლობის, წირვა-ლოცვის ენა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჯერ იყო ბერძნული, ხოლო ეკლესიის კონსტანტინეპოლიდან გამოყოფის და მცხეთის ტახტის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ - ქართული. XIX საუკუნეშიც, მიუხედავად რუსეთის იმპერიის მცდელობისა, ქართული ინარჩუნებდა თავის მდგომარეობას. პირველად აფხაზური (აფსუების ენის) ანბანი 1862 წელს შექმნა ცნობილმა მეცნიერმა უსლარმა რუსული გრაფიკის საფუძველზე 85 . რადგან რუსული გრაფიკით აფხაზური ბგერების გადმოცემა ძალიან რთული იყო, რამდენჯერმე სცადეს ამ ანბანის გამარტივება და დახვეწა. მაგ., 1892 წელს პედაგოგმა კ. მაჭავარიანმა და მისმა მოწაფემ, შემდგომში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელმა და კლასიკოსმა დიმიტრი გულიამ შეადგინეს ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე, შემდეგ ნიკო მარმა სცადა აფხაზური ანბანის ლათინური გრაფიკის საფუძველზე შექმნა, მაგრამ ვერც ამ ცდამ მოიტანა სასურველი შედეგი. 1938 წელს ისევ დიმიტრი გულიამ, ქართველი მეცნიერების - აკაკი შანიძის და სიმონ ჯანაშიას დახმარებით შექმნა ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე. პირველი წიგნი აფსუების ენაზე 1912 წელს გამოიცა თბილისში (დიმიტრი გულიას ლექსების კრებული). 1954 წელს აფხაზური ანბანი ხელახლა შემუშავდა ისევ რუსული გრაფიკის საფუძველზე.
რუსეთის მეფის ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ (1811 წ.) ცდილობდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულიდან სლავურზე გადაყვანას, რაც ქვეყნის რუსიფიკაციას ისახავდა მიზნად.
რუსეთის ხელისუფლება თავისი მიზნებისათვის იყენებდა ისეთ ტრაგიკულ მოვლენებს აფხაზი ხალხის ისტორიაში, როგორიც იყო მუჰაჯირობა. ფაქტობრივად ახდენდა რა მაჰმადიანი აფხაზების თურქეთში გადასახლების პროვოცირებას, შემდეგ დაბრკოლებებს უქმნიდა მუჰაჯირთა იმ ნაწილს, რომელიც სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა. იგივე ხელისუფლება არ აძლევდა აფხაზეთში დასახლების უფლებას ქართველებს დახელს უწყობდა მუჰახირთა მიწებზე სომხების, რუსების და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების დასახლებას. როგორც შესანიშნავად ჩანს იმდროინდელი პრესიდან, მოწინავე ქართველი ინტელიგენცია, ილია ჭავჭავაძით სათავეში, ყოველნაირად ცდილობდა აფხაზთა თურქეთში გასახლების პროცესის შეჩერებას და მხარში ედგა აფხაზ ხალხს ამ მძიმე დროს. ეს მოვლენები სათანადოდაა ასახული ცნობილი აფხაზი ისტორიკოსის გიორგი ძიძარიას ნაშრომში, რომელიც მუჰაჯირობის ისტორიას ეძღვნება. ალბათ, ისიც სათქმელია, და ნიშანდობლივია, რომ დემოკრატიული საქართველოს მთავრობას 1920 წ. მუჰაჯირთა საკითხი განსახილველად შეაქვს ანტანტის საბჭოს სხდომაზე.
აფხაზეთის რუსებით და სომხებით დასახლების პროცესი აქტიურად გრძელდებოდა საბჭოთა ეპოქაშიც, რაზეც ნათლად მიუთითებს 30 - 50-იანი წლების აღწერების მონაცემები. საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკა აშკარად იყო მიმართული მკვიდრი მოსახლეობის, ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ 86 .
აფხაზთა ქართველთაგან სოციალურ-კულტურულ გათიშვასთან ერთად მიმდინარეობდა პოლიტიკური გათივშა. XVII – XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში აფხაზთა ქართველთაგან გათიშვის პროცესს დამპყრობ თურქ-ოსმალთა ხელისუფლება ახორციელებდა, რომელიც ისლამის დამკვიდრებით ადგილობრივ მოსახლეობაში ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების შექმნას ცდილობდა.
XI საუკუნეში ამ გათიშვას ყოველნაირად უწყობდა ხელს რუსეთის ხელისუფლება.
1810 წ. აფხაზეთის მთავრამ გიორგი (საფარ ბეგ) შერვაშიძემ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, ხოლო 1864 წ. აქ რუსული მმართველობა დამყარდა. რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ მეფის ხელისუფლება ცდილობდა საერთოდ ამოეძირკვა ხმარებიდან სახელწოდება «საქართველო». ასევე ცდილობდა ის სახელწოდება «აფხაზეთის» ამოძირკვასაც. აფხაზეთის სამთავროს სოხუმის სამხედრო განყოფილება ეწოდა (Сухумский военный отдел), ხოლო 1883 წლიდან სოხუმის ოკრუგი, რომელიც ქუთაისის გენარალ-გუბერნატორს დაუქვემდებარდა.
მართალია, აფხაზეთის საქართველოდან გამოცალკევების პროცესს აქტიურად წარმართავდა და მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლება, მაგრამის კარგად ხედავდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ბუნებრივი, მისი განუყოფელი ნაწილი იყო და ამიტომ იყო, რომ სოხუმის ოკრუგი მაინც ქუთაისის გუბერნიაში იყო შეყვანილი და ქუთაისის გუბერნატორს ემორჩილებოდა. მიუხედავად მეფის რუსეთის პოლიტიკისა, 1918 წელს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა, აფხაზეთი მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მაშინ აღსდგა სახელწოდება «აფხაზეთი», რომელიც ავტონომიის უფლებით შევიდა მასში და ეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამაც სცნო 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში ქართველი ბოლშევიკები, რომელთაც რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება უჭერდა მხარს, ყოველნაირად ცდილობდნენ დემოკრატიული რესპუბლიკის დასუსტებას. ამას ისახავდა მიზნად საქართველოს კომუნისტური პარტია, რომელმაც 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულებით, რუსეთსა და საქართველოსშორის რომ დაიდო, ლეგალური პარტიის უფლებები მოიპოვა. ყველაზე აქტიურად დემოკრატიული საქართველოს მტრები განაპირა მხარეებში მოქმედებდნენ. ამ ძალების მოქმედების შედეგი იყო საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული გამოსვლები აფხაზეთში.
1921 წლის 25 თებერვალს რსფსრ მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის და აქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ვრცლად ასახული აფხაზი ბოლშევიკების ლიდერის ნესტორ ლაკობას გამოსვლებსა და წერილებში 87 . 1921 წლის მარტში რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დეკლარაცია აფხაზეთის შესახებ. 29 მარტს ამიერკავკასიის ხელმძღვანელი ამხანაგების თათბირზე გადაწყდა აფხაზეთის სსრ შექმნა. ყურადღბას იქცევს ის გარემოება, რომ აფხაზი ბოლშევიკები ნ. ლაკობა და ვ. ეშბა, მოითხოვდნენ რა დამოუკიდებლობას აფხაზეთის სახელით, მთლიანად უგულბელყოფდნენ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ინტერესებს. საქართველოს კომპარტიის IV ყრილობაზე ლაკობამ აღნიშნა, როს საკითხი აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შესახებ მის და ე. ეშბას მიერ დაყენებულ იქნა ბათუმის თათბირზე 1921 წლის 29 მარტს. ამ თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ კავბიუროს წევრები: სერგო ორჯონიკიძე, სარკო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, შავლა ელიავა, ნესტორ ლაკობა და ეფრემ ეშბა თავიანთ მოთხოვნას ასაბუთებდნენ აფხაზეთში ეროვნებათაშორის შუღლის აღმოფხვრის და ნამდვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების აუცილებლობით. ამ დამოუკიდებლობას ისინი მოითხოვდნენ, «როგორც აბრას» (Как вывеску) და დროებით ღონისძიებად თვლიდნენ, რაზედაც ქართველმა ბოლშევიკებმა უპასუხეს, რომ «თუ ეს დამოუკიდებლობა აფხაზეთს ესაჭიროება ჭეშმარიტი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებსათვის, მაშინ მიღეთ ის არა მხოლოდ როგორც აბრა, არამედ როგორც ნამდვილი დამოუკიდებლობა» 88 .
1922 წლის 15 თებერვალს, აფხაზეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე ე. ეშბამ განაცხადა, რომ ხალხის, მშრომელთა ინტერესებისათვის, რათა დავეხმაროთ ნაციონალიზმისაგან განთავისუფლებაში აუცილებელია გამოცხადდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უნდა გაკეთდეს მიუხადავად იმისა, რომ მსოფლიოში არსად ასეთი პატარა რესპუბლიკა არ არსებობს, და შემდეგ - «და მაშინ პასუხზისმგებელ მუშაკთა სხდომაზე აუცილებლად იქნა მიჩნეული დროებით მაინც გამოცხადებულიყო აფხაზეთის დამოუკიდებლობა» 89 . როგორც ახედავთ, აფხაზი ბოლშევიკების ლიდერები, რომელთაც შესანიშნავად ესმოდათ თავიანთი მოთხოვნების უკანონობა, ამ მოთხოვნებს «განსაკუთრებული მდგომარეობით» ასაბუთებდნენ და დროებით ღონისძიებად თვლიდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ დათმობაზე, რომელმაც გააოცა აფხაზი ბოლშევიკები, ქართველი ბოლშევიკების ლიდერები შემთხვევით არ წასულან. მოლაპარაკება მიმდინარეობდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლის ვითარებაში. ქართელ ბოლშევიკებს ძალიან ესაჭიროებოდათ აფხაზი ამხანაგების მხარდაჭერა. მაგრამ ქართველი ბოლშევიკების ლიდერებს არ აინტერესებდათ და არც აწუხებდათ ის გერემოება რომ ამ დათომბით ისინი ხელყოფდნენ საქართველოს ერთიანობას, მის ისტორიულ საზღვრებს, რომლის დასაცავად ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა. მათ არ აინტერესებდათ, ანგარიშს არ უწევდნენ ქართველი ხალხის კანონიერ უფლებებს, განსაკუთრებით ქართველი ხალხის იმ ნაწილსა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდა რა საკუთარ მიწა-წყალზე და საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, ამიერიდან უნდა ეცხოვრა სხვა სახელმწიფოში. ისინი ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ იმ პირობებში და ახალ სახელმწიფოს აყალიბებდნე იმ საზღვრებში, რომელიც ისტორიულად საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც, როგორც მანამდე, საუკუნეთა მანძილზე, ისე მაშინაც, აფხაზეთის სს რესპუბლიკის შექმნის დროსაც, მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ამ ქართველების ინტერესები არ აინტერესებდათ და მათი ბედი არ აწუხებდათ არც აფხაზ ბოლშევიკებს და რაც ნიშანდობლივია, არც ქართველ ბოლშევიკებს, რომელთათვის მთავარი საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება და განმტკიცება იყო.
რომ ეს ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის სსრ ხელოვნურად შექმნილი ერთეული იყო, რომლის საქართველოდან განცალკავებით არსებობა ეკონომიკურად, ისტორიულ-კულტურულად და იმდროინდელი ვითარებიდან გამომდინარეც სრულიად არაკანონზომიერი და გაუმართლებელი იყო, ეს მაშინვე გაცხადდა და, როგორც ცნობილია, ამავე აფხაზი ლიდერების თხოვნით და თაოსნობით მალვე გაუქმდა.
უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციურ ვითარებაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 20-იან წლებში ადგილი ჰქონდა რიგი დამოუკიდებელი რესპუბლიკების გამოცხადებას, მაგ. სტავროპოლის, ყუბანის, შავიზღვისპირეთის და სხვათ, რომელნიც მალე რსფსრ-ის ოლქებად იქცნენ, მსგავს შემთხვევებს ამიერკავკასიაშიც ჰქონდა ადგილი.
როდესაც საგანგებოდ მიუთითებთ აფხაზეთის ასსრ-ში ქართული მოსახლეობის მრავალრიცხოვნებაზე, საჭიროა აღინიშნოს, რომ ეს არის ბუნებრივი და კანონზომიერი მდგომარეობა, რადგან მთელი თანამედროვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ძირითადად, ქართული სახელმწიფოების უშუალო შემადგენელი ნაწილი იყო. აქ უძველესი დროიდან ქართველური ეთნოსი მოსახლეობდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ გამორიხულია აბაზგ-აფშილთ არაქართული, ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის დაშვების შესაძლებლობა, მაგრამ ეს აბაზგ-აფშილები აქ ყოველთვის უმცირესობას შეადგენდნენ.
ამასთანავე, მართალია, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მათი ეთნიკური წარმოშობის საკითხები, მაგრამ ისტორიულ-კულტურულად აფხაზები რმო ქართველები იყვნენ, ეს არ შეიძლება დავას იწვევდეს, ხოლო რაც შეეხება იმათ, ვინც თავის თავს აფსუას უწოდებენ აქ ორი მოდელი შეიძლება არსებობდეს. თუ აბაზგ-აფსილები ქართველური მოდგმისანი იყვნენ, შემდეგ, როდესაც მოსულმა აფსუებმა დაიკავეს მათი საცხოვრებელი ადგილები (მათთან ერთადაც დასახლდნენ) ქართველები მოსულებსაც «აფხაზებს» უწოდებდნენ. მაგრამ თუ აბაზგ-აფსილები წარმოშობით არ იყვნენ ქართველები და ეს ეთნიკური თვითშეგნება მათ შენარჩუნებული ჰქონდათ, მოსულმა, მონათესავე აფსუებმა, გააძლიერეს საკუთრივ აფხაზური (ამ სიტყვის ვიწრო გეგებით) ელემენტი, მოიტანეს საკუთარი ენა და ჩვევები და მას შემდეგ, რაც შექმნილ ისტორიულ ვითარებაში გაიმარჯვა დეცენტრალისტურმა ტენდენციებმ თანდათან გაძლიერდა აფსუური თვითშეგნება და ჩამოყალიბდა აფსუათა ერი, რომელსაც ჩვენ, ძველი ტრადიციებისამებრ, აფხაზებს ვუწოდებთ.
ყურადსაღებია ერთი გარემოებც, მ. აბდუშელიშვილი თავის წიგნში 90 და სხვა შრომებში განიხილავს აფხაზური სამი ჯგუფის ანთროპოლოგიურ თავისებურებებს და განსაზღვრავს მათ ადგილს კავკასიურ ანთროპოლოგიური ტიპების სისტემაში. მის მიერ შესწავლილია ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონების აფხაზები და აფხაზთა მცირე ჯგუფი, რომელიც მუჰაჯირობის დროს გასახლდა აფხაზეთიდან და დღემდე მკვიდრობს ბათუმის რაიონში. ავტორის დასკვნით, ოთხივე ეს ჯგუფი, ყოველგვრი რეგიონული თავისებურებების გარეშე, თავსდება აგილობრივი, ქართული ანთროპოლოგიური ტიპების ვარიაციების ფარგლებში, ე.წ. წინააზიური რასის შავიზღვისპირული ანთროპოლოგიური ტიპის შემადგენლობაში და, ამდენად, უპირისპირდება ენობრივად მათ მონათესავე ადიღურ ჯგუფებს, რომელნიც, თავის მხრივ, შედიან პონტური რასის ადიღური ნაირსახეობების შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა აფხაზი ანთროპოლოგი ი. ლადარია შესაბამისი ჯგუფების კვლევისას.
როგორც ცნობილია, ისტორიული საქართველოს (ძირითადად დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოს) დიდ ტერიტორიაზე გავრცელებულია სვანური და მეგრული ტოპონიმები, რაც იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ეს ტოპონიმები, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, არის არა საკუთრივ სვანური ან მეგრული, არამედ ფუძე ქართული ენის კუთვნილებაა, საიდანაც ნაწილი სვანურს შემორჩა, ნაწილი მეგრულს, და არ შევიდა ქართულში. რაც, თავის მხრივ, მიუთითებს ამ ტოპონიმების გავრცელების ტერიტორიაზე უძველესი დროიდანვე ქართული ეთნოსის არსებობას.
დღეს ისინი, ვინც თავის თავს აფსუებს უწოდებენ და ვისაც ჩვენ აფხაზებს ვუწოდებთ, როგორც უკვე ვთქვით, ქმნიან ერს, რომელსაც საქართველოს გარდა სხვა სამშობლო არა აქვს.
აფხაზები (აფსუები) და ქართველები დასავლეთ საქართველოს ერთნაირად მკვიდრი მოსახლეობაა, ერთნაირი უფლებებით ამ მიწაწყალზე, დამპყრობელი არც ქართველია და არც აფხაზი. ესაა დღევანდელობა, რაც ითქვა, ეს არის ისტორია. ქართველები აქ უძველესი დროიდან ცხოვრობენ, აფხაზები ან უძველესი დროიდან ან XVII საუკუნიდან, ან უძველესი დროიდანაც და XVII საუკუნიდანაც.
ამგვარად, აფხაზი არაერთმნიშვნელოვანი კრებით სახელია. აბაზგ-აფხაზიდან ის ფართოვდება დასავლელქართველის ცნებამდე (VIII ს.) დასავლელქართველიდან ზოგადად ქართველამდე (X ს.) აფხაზთა სამთავოს შექმნის შემდეგ (XVII ს.), როდესაც «აფხაზეთი» უკვე საკუთრივ აფხაზეთის სამთავროა, ჩვენ არ ვიცით, იმდროინდელი ქართველები ვის უწოდებდნენ აფხაზებს, ამ სამთავროს ყველა მცხოვრებთ, თუ მხოლოდ იმათ, ვინც თავიანთ თავს აფსუებს უწოდებდნენ. ალბათ, უფრო საფუძვლიანი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ აფხაზთა სამთავროში მცხოვრები ქართველები (მეგრელები) აფხაზებად არ იწოდებოდნენ. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, რომ XIX საუკუნის რუსულ სტატისტიკურ ცნობარებში დასავლეთ საქართველოში აფხაზები ცალკე არიან მოხსენიებულნი და მეგრელები ცალკე, ამასთანავე სამურზაყანოელები ცალკე არიან გამოყოფილნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ისინი ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე გააფხაზებულნი. ის გარემოება, რომ XVII საუკუნიდან გვხვდება «აბაცა» (ჯოვანი და ლუკა) ხოლო XIX საუკუნეში უსლარი საგანგებოდ მიუთითებს, რომ აფხაზი აფსუაა, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ აფსუები აქ სწორედ XVII საუკუნიდან ჩნდებიან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის შემდეგ «აფხაზეთი» ამ ავტონომიურ წარმონაქმნს ეწოდება, ხოლო «აფხაზი» მასში მცხოვრებთა იმ ნაწილს, რომელიც თავის თავს «აფსუას» უწოდებს.
ლიტერატურა
1 О.М. Джапаридзе. Западногрузинская культура, იხ. Очерки истории Грузии, I, т.б., 1989. с. 119-140.
2 Г.М. Меликишвили. К. вопросу об этиической принадлежиности населеня древней Грузии, მით. Очерки, с. 182-183.
3 Т.В. Гамкрелидзе, Вяч. Вс. Иванов. Иидоевропейский язик и индоевропейцы, II, тб., с. 907-909.
4 ამ საკითხზე ვრცელი ლიტერატურა არსებობს, ამჯერად დავასახელებთ: პავლე ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954, გვ. 131 და შემდეგ: მერი ინაძე, ანტიკური ხანის შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობის საკითხისათვის, სსსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების «მოამბე», 1960, №2, გვ. 145-162; Г.А. Меликишвили, Колхида в VI- IV вв. до и.э. Очерки, I, с. 223; დ. მუსხელიშვილი , საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბ., 1977, გვ. 46. შდრ. Ш. Нал-Ипа, Апхазы, Сухуми, 1960; З.В. Анчабадзе, Очерк энической истории абхазкого народа, Сухуми, 1976.
5 Г. А. Меликишвили, Иаселение юго-восточние Причерноморья в VIII – Iвв. до и э. მით. Очерки истории Грузии, I, გვ. 283, შდრ. მ. ინაძე, დასახ. ნაშრ., გვ. 151.
6 ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელი კეჭაღმაძისა, თბ. 1961, გვ. 42-45; პლინუსი, ბუნების ისტორია, VI, 12, SC II, 178, 179; მ. იმნაძე, დასახ ნაშრ., გვ. 156.
7 მ. ინაძე, დასახ. ნაშ. გვ. 162, მერი ინაძე ყურადღება მიაქცია პლინუსის ნაშრომში არსებულ ცნობის ჩრდილო კავკასიაში «აბზოეს» მრავალრიცხოვანი ტომების, არსებობის შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ პლინუსის ცნობაში ზოგი გეოგრაფიული კორექტივის შეტანის შემთხვევაში შესაძლოა გამოითქვას ვარაუდი გარკვეული კავშირის არსებობის შესახებ, «ამ სახელწოდებისა და აფხაზური ტომების კრებით სახელს აბაზ-ს შორის, რომელიც XIX საუკუნემდე ყველა აფხაზთა საერთო სახელად იხმარებოდა», იქვე, გვ. 85.
8 ქართლის ცხოვრება, I, თბ., 1955, გვ. 235.
9 თეოფანე ჟამთაღმწერელი, გეორგიკა, IV, I, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი, ქართული თარგმანი და კომენტარები ს. ყაუხჩიშვილის, თბ., 1941, გვ. 112.
10 მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, თბ., 1963, გვ. 78.
11 მ. ინაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 160.
12 Д.Л. Мусхелишвили. Историческая география Грузии IV- X вв. Очерки истории Грузии, II Т,б., 1988, с. 383-386.
13 პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, II, თბ., 1936, გვ. 47.
14 ქართლის ცხოვრება. I. გვ. 235.
15 იოანე საბანისძე, აბო თბილელის მარტვილობა ძქლძ, I, თბ., 1964.
16 მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, I, გვ. 251.
18 ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება, I, გვ. 243.
19 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954, გვ. 189-218.
20 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 251.
21 ქართლის ცხოვრება. I, გვ. 251.
22 მაგ. იხ. ივანეს დრასხანაკერტცი, სომხეთის ისტორია, სომხური ტექსტი, ქართული თარგმანი და კომენტარები ე. ცაგარეიშვილისა, თბ., 1965, გვ. 38, 109, 119, 257.
23 ვახუშტი, ქართლის ცხოვრება, IV, თბ., 1973, გვ. 796.
24 საკითხი განხილვა წყაროებისა და ლიტერატურის მითითებით იხ. მ. ლორთქიფანიძე, ეგრის-აფხაზეთი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, თბ., 1973, გვ. 422-428.
25 მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, I, გვ. 265, 270, 281.
26 ნ. ბერძენიშვილი, სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, საქართელოს ისტორიის საკითხები, III, თბ., გვ. 47 – 56;
27 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე. გვ. 249.
29 ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, გვ. 227 – 228.
30 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 428
31 ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყველება არს, იხ. გაზ. «სახალხო განათლება», 1990 წ. 17 მაისი, № 20 (4231), გვ. 12.
32 გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, თბ., 1964, გვ. 290
33 ა. ჯაფარიძე, მით. სტატია, გვ. 12.
35 ს. ჯანაშია, აფხაზთა სამეფოს ისტორიიდან, შრომები, II, თბ., 1952, გვ. 306.
36 Х..С. Бгажба. Из истории письменности в Абхазии, თბ., 1967, გვ. 13.
37 აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბერძნული წარწერების არსებობას თავისი ახნა აქვს, ანტიკურ ხანაში ამას სხვა საფუძველი ჰქონდა - ქრისტიანულ ხანაში საერთო მართლმადიდებლურ, ბერძნულ ქრისტიანულ მრწამსთან ერთიანობა.
38 Вахтанг Беридзе, Место памиятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981, с. 132.
39 М.Д, Лордкипанидзе. Абхазкое царства,იხ. Очерки истории Грузии, т. II, тб., 1988, с. 285; შდრ З.В, Анчабадзе, Из истории средневсковой Абхазии (VI-XVIII вв.) Сухуми, 1959, с. 117-121.
40 Афхазия и абхазцы средневсковых грузинских повествовательных источников. Груз. тексты на русский яхык перевел, предисловнем и примечаниями снабдил Г.А. Амичба, т.б., 1988.
41 გეორგიკა 5, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოსშესახებ, თბ., 1968, გვ. 46.
44 Повесть времениых лет, II, М., 1950, с. 213.
45 Г.Г.Пайчадзе. Название Грузии в русских письменных источниках, Тб., 1989
46 ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ. 33 – 34.
47 И.Г. Антелава. Социально-экономические отношеня в Абхазии в VXI – XVII вв., в книге: Очерки истории Абхзской АССР, I, Сухуми, 1960. с 100.
48 ნ. ბერძენიშვილი, აფხაზეთის შესახებ, იხ. ნ. ბერძენიშვილი, საქართელოს ისტორიის საკითხები, III, გვ. 288.
50 И.Г. Антелава. Очерки истории Абхазии XVII – XVIII вв., Сухуми, 1951, с. 42.
51 ციტ. ი. ანთელავას მით. შრომიდან, გვ. 42.
52 ვახუშტი ბაგრატიონი, მით. ნაშრომი გვ. 842, 863.
53 იხ. ანთელავა, მით. ნაშრომი, გვ. 30-34.
54 ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, შეკრებილი თ. ჟორდანიას მიერ, II თბ., 1897, გვ. 261.
55 არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, ლ. ასათიანის რედაქც., თბ., 1938, გვ. 120, 158.
56 ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხა ქვეყნებში (ცნობები საქართელოსშესახებ), ფრანგულიდან თარგმნა გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1975, გვ. 137. იტალიელი მისიონერი ძამპი დაახლოებით 26 წელი იმყოფებოდა სამეგრელოში XVII ს-ის 40-60 იან წლებში (იხ. მ. მგალობლიშვილი, შარდენის მოგზაურობის მითითებული თარგმანი, გვ. 15-16), რაც განსაკუთრებულ მნიშვნელბას ანიჭებს მის ცნობებს.
57 ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამო., III, თბ., 1970 გვ. 222.
61 ქართული სამართლის ძეგლები, III, გვ. 670-671.
62 ვახუშტი, დასახ, ნაშრომი, გვ. 82.
63 ზ. ანჩაბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 266. ამჯერად ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ძეგლი კედელია და ეხლა მას ხელახლა ამაგრებენ, თუ ეხლა აგებენ. მნიშვნელობა აქვს თვით იმ ფაქტს, რომ როგორც უცხოელს, ისე ქართველს ის აფხაზთაგან თავდაცვის საშუალებად მიაჩნია.
64 ელდარ მამისთვალაშვილი, საქართველოსშავი ზღისპირეთის ისტორიიდან, გაზ. სახალხო განათლება, 1989 წ. 18. X, გვ. II.
65 ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, III, თბ., 1987, გვ. 169- 171.
68 არქანჯელო ლამბერტი, მით. გამ, გვ. 168.
69 ევლია ჩელები, «მოგზაურობის წიგნი», თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკვეთი 1, თბ., 1971, გვ. 100-108.
70 Ш. Инал-Ипа. абхазы, Сухуми, 1960, с. 36-38.
72 აირგის სიმღერა, აფხაზური ხალხური პოეზია, თარგმანი გ. ნიშნიანიძისა, თბ., 1984; იხ. ნომადი ბართაია, «აირგ შენ მხოლოდ ზღსიპირეთს ძარცვავ», გაზ. «სახალხო განათლება», 1989 წ. 10 ოქტომბერი, №46 (4201), გვ. 12.
73 ევლია ჩელები, მით. გამ. გვ. 100-106.
75 П.К. Услар, Этнография Кавказа, Абхазскй язык. Тифлис, 1882, с. 181.
76 А.Н. Дьячков-Тарасов. Бзыбская Абхазия, Известня Кавказского отдела Императоского Руского географического общества, XVIII, Тифлис, 1905, с. 65.
77 ნ. ბერძენიშვილი, მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო. იხ. საქ. ისტორიის საკითხები, III, გვ. 278.
79 ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 278 -279.
80 ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, ძვ. ქართული აგიოგრაფიული ლიტ-ის ძეგლები, წიგ. II, თბ., 1967, გვ. 153 – 154.
81 ვუხუშტი, ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 786.
82 ქართლის ცხოვრება, II,, გვ. 58.
83 იხ. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 58 (სათანადო კითხვასხვაობები).
84 იხ. ეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე), ჟურნ. ჯვარი ვაზისა, თბ., 1989 წ. №4, გვ. 43 – 50.
85 საინტერესოა, რომ სწორედ უსლართან არის აღნიშნული, რომ აფსუა აფხაზია.
86 ანზორ თოთაძე, რადა ხნავთ, ანურად სთესავთ თქვენ ჩემსა სათამბაქოსა, გაზ. «სახალხო განათლება», 1990 წ. 14 ივნისი, 124 (4235), გვ. 10; სოლომონ ლეკიშვილი, პასუხად ისტორიკო ს. ლაკობას, იქვე, გვ. 9, 14.
87 Н. Лакоба. Статьи и речи, Сухуми, 1987.
89 Революционные комитеты Абхазии в борьбе за установление и упрочение Советской власти. Сборик документов и материалов. Сухуми, 1961, с. 350
90 М.Г. Абдушелишвили. Антропология древного и современного населеня Грузии, Тб., 1964.
დაბრუნება ისტორიის განყოფილებაში