როლანდ თოფჩიშვილი

ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

ქართველთა ეთნოგენეზი, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და მის ისტორიულ სამხრეთ ტერიტორიაზე განხორციელდა, საუკუნეთა მიღმა მოხდა. ქართული ეთნოსის წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველი და შესასწავლია, რადგან, ცნობილია, რომ ისტორიის სიღრმეში ჩამოყალიბებულ ხალხთა ეთნოგენეზის შესწავლა ერთობ ძნელია. ქართველთა ეთნოგენეზის კვლევას ისიც ართულებს, რომ დღეს მას არა ჰყავს უეჭველად მონათესავე ენობრივ-ეთნიკური ერთეული. ისევე როგორც სხვა ეთნოსები, ქართველებიც მხოლოდ ერთი - ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ტომების შერწყმის შედეგად როდი არიან ჩამოყალიბებული. ქართული ეთნოსი, როგორც მისი ეთნოგენეზის, ისე მთელი ეთნიკური განვითარების მსვლელობაში მრავლად იკრებდა და ისრუტავდა არაქართულ ეთნიკურ ერთეულებსაც. მიჩნეულია, რომ ქართული ეთნოსის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს წინა აზიაში მცხოვრებმა ეთნიკურმა ერთეულებმა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ თვალსაზრისით მათ ერთ-ერთი კომპონენტის როლი შეასრულეს.

კავკასიასა და მის მოსაზღვრე წინა აზიის ტერიტორიაზე წინარე ქართველური ენის მატარებელი კოლექტივების ფორმირება ოთხი ათასწლეულის წინ მოხდა. შემდეგ წინარე ქართველური ენობრივ-ეთნიკური ერთობა ძირითადად ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ერთმანეთს გამოეთიშა და მივიღეთ სამი ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ერთეული: ქართები, ზანები და სვანები. ქართული საისტორიო ტრადიცია ყოველთვის ხაზს უსვამდა სამივე ქართველურ ენაზე (თავდაპირველად დიალექტზე) მოლაპარაკე ერთობის საერთო წარმომავლობას. ქართების განსახლების არეალი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა. ზანები და სვანები კი დასავლეთ საქართველოში ბინადრობდნენ. მიჩნეულია, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ძირითადი ტერიტორიაც თავდაპირველად ზანური ერთობით იყო დასახლებული, სადაც შემდეგ ზანები ქართებთან ერთად თანაცხოვრობდნენ, ბოლოს კი ქართების საცხოვრისი იყო. როგორც ყველა ენობრივ-ეთნიკური კოლექტივის, ისე ქართველურად მეტყველი ქართების, ზანების (ჭან-მეგრელების) და სვანების განსახლების არეალი მუდმივი არ იყო. ის ცვლილებებს განიცდიდა, რაც ძირითადად ამ ქართველური ტომების ურთიერთში შერევა-შეღწევით იყო განპირობებული. ასე, მაგალითად, ანტიკური წყაროებითა და ტოპონიმებით აშკარაა, რომ სვანები თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მთაში არ მკვიდრობდნენ. მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ისინი კოლხეთის დაბლობსა (მდ. ხობისწყლის ხეობა) და დღევანდელი აფხაზეთის გარკვეულ მონაკვეთშიც ცხოვრობდნენ. უფრო ვრცელი მონაკვეთი ეკავათ ზანებს, რომლებიც არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანპიროზე, არამედ აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის დასავლეთY ნაწილშიც კი მკვიდრობდნენ. მაგრამ ქართის ტომის თანდათანმა სამეურნეო-ეკონომიკურმა და კულტურულმა დაწინაურებამ, რაც თავის მხრივ ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოებით იყო განპირობებული, განსაზღვრა მასში როგორც ზანების, ისე სვანების თანდათანობითი შესვლა.

არქეოლოგიური მასალით დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ ოთხი ათასი წლის წინ ქართველურ ტომებში საკმაოდ დაწინაურებული იყო მეურნეობის სხვადასხვა დარგი. ძვ.წ. II ათასწლეულში ქართველურ ტომთა მნიშვნელოვანი მაღალგანვითარებულობის მაჩვენებელია აღმოსავლეთ საქართველოში (თრიალეთის მხარეში) ნაპოვნი მაღალმხატვრულად დამუშავებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს განძი და აგრეთვე დიდი ხელოვნებით დამუშავებული კერამიკული ნაწარმი.

ქართველურად მეტყველმა ტომებმა ქრისტეს დაბადებამდე ორი სახელმწიფოებრივი გაერთიანება-კოლხეთის (ეგრისის) და იბერიის (ქართლის) სახელმწიფოები შექმნეს. ძვ.წ. VI ს-ში კოლხეთი მსხვილი სახელმწიფოებრივი ერთეული იყო, რომელიც მთელ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს და შავი ზღვის სამხრეთ რაიონებსაც მოიცავდა. კოლხეთის სახელმწიფოს შემქმნელები იყვნენ დასავლურ ქართული კულტურის მატარებელი ზანური (მეგრულ-ჭანური) ტომები. რაც შეეხება იბერიას (ქართლს), ის აღმოსავლურ ქართულმა ტომებმა, იბერებმა (ქართებმა) შექმნეს ძვ.წ. IV-III სს. მიჯნაზე. იბერიის (ქართლის) სამეფოს შექმნიდან ცოტა ხანში აღმოსავლურ ქართულმა ტომებმა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც იწყეს გავრცელება. ფაქტია, რომ უკვე ამ პერიოდისათვის ქართები გავრცელებული არიან და მოსახლეობენ დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ მხარეში შემდეგდროინდელი (ფეოდალური) პერიოდის წყაროებში არგვეთის სახელით რომაა ცნობილი. ამ დროს იბერები (ქართები) მკვიდრად მოსახლეობენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც. იბერიის (ქართლის) სამეფოს გასასვლელი შავ ზღვაზეც ჰქონდა და ქართის ტომის წარმომადგენელთა განსახლება ოდესღაც ზანური ტომებით დასახლებულ შემდეგდროინდელ კლარჯეთსა და შავშეთში ამ დროს უნდა განხორციელებულიყო.

ისტორიულად ჩამოყალიბებული ქართველურად მეტყველი სამი კოლექტივის (ერთობის) წარმომადგენლები მუდმივად ერთმანეთთან კავშირში იყვნენ, მუდმივად ერთმანეთს ერეოდნენ და ისტორიულმა მოვლენებმა ისინი კვლავ ერთ ეთნიკურ ერთეულად (ეთნოსად) ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ ზანებმა და სვანებმა დღემდე შეინარჩუნეს საკუთარი მეტყველება, რომლებსაც ქართული ეთნოსის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მხოლოდ საოჯახო, საშინაო ენების ფუნქცია ჰქონდათ.

ისევე როგორც ყველა ეთნოსი, ქართული ეთნოსიც ეთნოგენეზის დღიდან მუდმივ განვითარბას განიცდიდა. ქართული ეთნოსი გადაურჩა მძიმე ისტორიულ განსაცდელს და თავი დღევანდლამდე მოიტანა. საკუთრივ ქართველური ერთეულების გარდა, ქართველი ხალხის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი არაქართულ ეთნოსებსაც, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ მცირე აზიური ეთნიკური ერთეულები, მაგალითად, ურარტელები (მელიქიშვილი, 1954). მუდმივად შემოედინებოდა ქართულ ეთნიკურ სამყაროში სხვადასხვა ჩრდილოეთ კავკასიური (დაღესტანური, ვაინახური, ადიღეური, ოსური) ეთნიკური ერთეულები, რაც ძირითადად მიგრაციის გზით ხორციელდებოდა. ქართულ ეთნოსში დადასტურებულია აგრეთვე ალბანური და სომხური ელემენტის ინფილტრაციაც. მეზობელ ეთნოსთა ქართულ ეთნოსში შემოდინება, ინფილტრაცია, მხოლოდ ცალმხრივი პროცესი არ ყოფილა. ქართველებიც თავის მხრივ სხვა ეთნოსებში შედიოდნენ, რაც მათ ასიმილაციას იწვევდა.

ცნობილია, რომ მარქსისტული მეცნიერება ეთნოსთა (ეთნიკურ ერთობათა) ძირითადად სამ კატეგორიას იცნობდა: ტომი-ხალხი ანუ ეროვნება (народность) - ერი (ნაცია). დასავლეთ ევროპულ ენებზე народность-ს ადექვატურად შესატყვისი ტერმინი არა აქვს. აშკარაა, რომ მარქსისტების მიერ შემოთავაზებული ეთნოსის ფორმები ხელოვნურად იყო შექმნილი და რეალურად მხოლოდ ეთნოსის ორი ფორმა - ტომი და ერი არსებობდა. დასავლეთის სოციოლოგიურ და ისტორიოგრაფიულ მეცნიერებაში ერის (ნაციის) წარმოქმნა განიხილება, როგორც გვარტომობრივი კავშირების უშუალო გაგრძელება და განვითარება. ისიც აღსანიშნავია, რომ ეტატისტური თეორია ერის (ნაციის) წარმოქმნას უშუალოდ სახელმწიფოს წარმოქმნას უკავშირებს (ფილოსოფიური.., 1989). დღევანდელი დასავლეთის მეცნიერებაში ერებად (ნაციებად) ითვლებიან ის ეთნოსები, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა გააჩნიათ. ამასთანავე, ეთნოსი ერად (ნაციად) რჩება სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემთვევაშიც. ერთხელ ჩამოყალიბებული ერი (ნაცია) უფრო დაბალი საფეხურის ეთნიკურ ერთობას-ტომობრიობას აღარ უბრუნდება. ეს ტენდენცია მკვეთრად იყო გამოხატული XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ლიტერატურაში: "ეროვნება ისახება და ჩნდება სწორედ იმ ხანაში, როდესაც საგვარეულო წესს თავს აღწევს და როდესაც მყარდება და მკვიდრდება სახელმწიფო" (ჯორჯაძე, 1990, გვ. 7). მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფ. ენგელსიც წერდა: "Из племен развились нации и государства" (К.М., Ф.Э. т. 20, с. 493). ამავე დროს, ისტორიის თვალთა- ხედვით, აშკარა განსხვავებაა ძველ და ახალ ერებს (ნაციებს) შორის, რომელთა გამმიჯვნელად შეიძლება რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური მომენტები მოგვევლინოს (თოფჩიშვილი, ქურდიანი, 2000, გვ. 68-75). აგრეთვე: ერის ჩამოყალიბების მიმანიშნებელია, როდესაც ეთნოსი სახელმწიფოებრიობის შექმნისაკენ ისწრაფვის. ამდენად, ჰქმნიან რა ძველი წელთაღრიცხვის VI და IV-III სს-ში ქართველური ტომები სახელმწიფოებს (კოლხეთი ანუ ეგრისი და იბერია ანუ ქართლი), ცხადია, რომ ისინი მაღალი კლასის საფეხურის ეთნიკური ერთობები (ეთნოსები) არიან, რომლებსაც ტომობრიობის საფეხური უკვე განვლილი აქვთ და იწყება მათი ერებად (ნაციებად) ჩამოყალიბება, რადგან გააჩნიათ სახელმწიფოებრიობა, ერთ ტერიტორიულ ერთეულზე განსახლება და მჭიდრო თანაცხოვრება, საერთო სახელმწიფო ენა, საერთო რელიგია, საერთო ისტორიის მახსოვრობა და რწმენა საერთო წარმომავლობის შესახებ. ქართული საისტორიო ტრადიციით, ყველა ამ ნიშნის მატარებელნი არიან იბერები, ქართლის სახელმწიფოს მკვიდრნი. ქართლის (იბერიის) მკვიდრნი გარშემო იკრებენ და თავიანთი კულტურული გავლენის ქვეშ აქცევენ სხვადასხვა ქართველურ ტომებს, როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველოდან. იგივე ქართული საისტორიო ტრადიცია ხაზს უსვამს იმას, რომ დასავლეთ ქართველთა გაერთიანება საერთო ქართულ სახელმწიფოში (ქართლის ანუ იბერიის სახელმწიფოში) მოხდა მათივე ინიციატივით. ეგრისის ანუ კოლხეთის მმართველი ქუჯი მიმართავს ქართლის პირველ მეფეს ფარნავაზს: "შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი. შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი" (ქც, 1955, გვ. 22). კოლხეთის (ეგრისის) მმართველი ქუჯი თავისი ქვეშევრდომებით აღმოსავლეთ საქართველოს ქართულ სახელმწიფოებრიობაში (ქართლში ანუ იბერიაში) შემოდის სვანეთთან ერთად, რომელსაც მეფე ფარნავაზი გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულზე (ეგრისსა და სვანეთში-რიონსა და ეგრისის წყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე) ერისთავობას უბოძებს. ამ დროს ყალიბდება ერთიანი ქართული ერი (ნაცია). თუმცა ქართული ტერიტორიული ერთეულები ხშირად საგარეო ფაქტორის გამო, საერთო სახელმწიფოში აღარ თანაცხოვრობდნენ, მაგრამ მათ მუდმივად ჰქონდათ მისწრაფება ერთმანეთისაკენ, საერთო სახელმწიფოში ცხოვრებისაკენ, რასაც რეალურად კვებავდა გადმოცემა და საისტორიო ტრადიცია საერთო წარმომავლობის შესახებ. საქართველოს ისტორიიდან კი ცნობილია, რომ ამ სურვილს ერთ ერად ყოფნისა, საერთო სახელმწიფოში თანაცხოვრებისა, უფრო ხშირად იჩენდა არა ქართლის მოსახლეობა და მისი ხელისუფლება, რომლის გარშემო მოხდა საერთო ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნების ჩამოყალიბება, არამედ განაპირა მხარეების, ჯერ ეგრისის (კოლხეთის), შემდეგ აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს), ტაო-კლარჯეთის (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს) მცხოვრებნი და მათი ხელისუფალნი, რის განმაპირობებელ ფაქტორებთან ერთად შეიძლება სამეურნეო-ეკონომიკურიც და სოციალური (ქართული ფეოდალური სისტემა) დასახელდეს. საქართველოს სხვადასხვა მხარეებს ერთმანეთის გარეშე, ცალ-ცალკე არსებობა უჭირდათ. მათმა განვითარებამ უცილობლად მოითხოვა ეკონომიკურ - სამეურნეო თვალთახედვით მჭიდრო კავშირები, დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებს ბუნებრივ-გეოგრაფიული და ლანდშაფტური ფაქტორებიდან გამომდინარე არ შეეძლოთ დამოუკიდებლად განვითარება. ეს განსაკუთრებით ითქმის როგორც სამეგრელოზე (აქ ჭაობები ჭარბობდა), ისე აფხაზეთზე. აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ სწორედ აფხაზები აერთიანებენ მთელ დასავლეთ საქართველოს (VIII ს. 80-იანი წლები) და მათ აქვთ სწრაფვა ტაო-კლარჯეთთან (სამხრეთ - დასავლეთი საქართველო) ერთად საქართველოს გაერთინებისაკენ. ასე რომ, სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების პროგრესული განვითარების პირობა გაერთიანებაში და მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკურ კავშირურთიერთობაში იყო. ქართული ეთნოსით დასახლებული ტერიტორიების გაერთიანება ერთ ქვეყნად, როგორც ძვ. წ. IV-III სს. (მეფე ფარნავაზის დროს), ისე X-XI სს-ში (ბაგრატ III-ის დროს) მოხდა არა საქართველოს ცენტრალური პროვინციის - ქართლის სხვა პროვინციების დაპყრობის ხარჯზე, არამედ, პირიქით. განაპირა მხარეები მოისწრაფვოდნენ ქართლისაკენ. ეს იყო ეთნიკური ქართველების (და არაეთნიკური ქართველებისაც) სწრაფვა ერთ სახელმწიფოში ცხოვრებისაკენ. ენობრივი ბარიერი პრობლემას არ ქმნიდა. პირიქით, შეუძლებელი იყო როგორც მეგრელს, ისე სვანს, აფხაზს და დვალს თავის მეტყველებაზე შეექმნა დამწერლობა. ეს განვითარების ხელშემშლელი იქნებოდა. გაერთიანების, ერთ ერად (ნაციად) ჩამოყალიბების გარეშე, ბუნებრივ-გეოგრაფიული, ლანდშაფტური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა მხარეების ეკონომიკური და კულტურული განვითარება არ მოხდებოდა.

მართალია, საქართველოს ისტორიული მხარეების-სამეგრელოსა და სვანეთის მცხოვრებთ საკუთარი საოჯახო სალაპარაკო ენა ჰქონდათ, მაგრამ ისინი ყოველთვის თავს გაიაზრებდნენ საერთო ქართველი ერის (ნაციის) შემადგენელ ნაწილად. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია და საერთო ქართული ერთობის შეგნების გამომხატველია XI ს-ის "სვანური ხატის" ერთი წარწერა: "ადიდენ მეფენი ბაგრატოანნი". სვანური სოფლის მიერ ამოჭრილი ეს წარწერა სხვა, სვანეთშივე შექმნილ საბუთთან ერთად, რომელშიც ლოცვაა აღვლენილი "ერთობილი საქართველოს" სიძლიერისა და კეთილდღეობისათვის, საკმაოდ ადრინდელი ტრადიციის მქონეა. როგორც მეგრელებისათვის, ისე სვანებისა, დვალებისა და აფხაზებისათვის, სახელმწიფო, სალიტერატურო და საღვთისმეტყველო ენა ყოველთვის ქართული ენა იყო და მათ ისეთივე წვლილი ჰქონდათ შეტანილი საერთო ქართულ კულტურაში, როგორც სხვა ქართული ეთნოგრაფიული მხარეების წარმომადგენლებს. საყურადღებოა, რომ ქართული საისტორიო ტრადიცია ქართლის (ფაქტობრივად სრულიად საქართველოს) სამეფოს შემქმნელ მეფე ფარნავაზს მიაწერს ქართული დამწერლობის შექმნასაც, რომლითაც სარგებლობდნენ ყველა ქართველურად მეტყველნი და რომელზედაც ქრისტიანობის მიღების შემდეგ (IV ს. დასაწყისი) ითარგმნა ქრისტიანული სასულიერო ლიტერატურა. ქართველ მემატიანეს ესმის, რომ მყარი ეთნიკური ერთობის (ნაციის) არსებობისათვის ენასა, სახელმწიფოსა და საერთო ტერიტორიასთან ერთად აუცილებელი ნიშანია რელიგიაც და ხაზი ესმის იმ გარემოებას, რომ ქრისტიანობის მიღებამდე მეფე ფარნავაზმა ქართველებს საერთო რელიგიური სისტემაც ჩამოუყალიბა და ასეთ ღვთაებად თავისი სახელმწიფოს მკვიდრთ ის უწესებს არა ქართლის, ან რომელიმე სხვა ეთნოგრაფიული კუთხის ღვთაებას, არამედ უცხო ღვთაებას - არმაზს, რათა ყველა ის ეთნოგრაფიული მხარე, რომელიც ქართლის სამეფოში შემოდის თანაბარ საწყისებზე ყოფილიყო ერთმანეთთან.

ქართლის (იბერიის) სამეფოს მცხოვრებთ ქართველი ეწოდებოდათ, მიუხედავად იმისა, ისინი ქართლის (იბერიის) პროვინციიდან იყვნენ, თუ ქართლის სამეფოს სხვა ეთნოგრაფიული კუთხეებიდან. ქართული ეთნოსის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთისაკენ ბუნებრივმა სწრაფვამ და ეთნოსის განვითარების ბუნებრივმა კანონზომიერებამ მიგვიყვანა ქართველი ერის წარმოქმნამდე. როგორც აღინიშნა, ქართველი ერი ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც წარმოიქმნა ერთიანი ქართული სახელმწიფო მეფე ფარნავაზის (ძვ.წ. IV-III სს. მიჯნა) მეთაურობით. მემატიანის სიტყვით, "ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა (ქართლოსი-ქართველთა ეპონიმი - რ.თ.) ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა (ამ ქართლში მთლიანი საქართველო იგულისხმება - რ.თ.) თვინიერ ქართულისა და შექმნა მწიგნობრობა ქართული" (ქც, 1955, გვ. 26). ამრიგად, ძვ.წ. IV-III სს. მიჯნაზე ქართველი ერის (ნაციის) ჩამოყალიბება უკვე ფაქტია. "ბარის ქართლი ეროვნულად უკვე ჩამოყალიბებული იყო" (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 252). თუმცა, როგორც ცნობილია, ეთნოსები და მათ შორის ერებიც მუდმივ განვითარებას განიცდიან. ნაცია განუწყვეტელ განვითარებაში მყოფი ფენომენია. ამ დროიდან მოყოლებული მუდმივ განვითარებას, თანაც აღმავალი ხაზით, განიცდიდა ქართული ეთნოსიც (ქართველი ერი). ძველი წელთაღრიცხვის IV-III სს. მიჯნაზე ჩამოყალიბებული ქართველი ერი თავისი განვითარების გზაზე, მუდმივად იკრებდა, საკუთარ ეთნიკურ (ეროვნულ) ქვაბში ხარშავდა იმ ქართულ ტომებს, რომლებიც ჯერ არ იყვნენ შესული ქართველი ერის შემადგენლობაში. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება საქართველოს მთის ეთნოგრაფიული მხარეები დავასახელოთ. მართალია, მთიელები ეთნიკურად ქართველები იყვნენ, მაგრამ ერთიან ქართულ სახელმწიფოში მათი ავტონომიური ფუნქციონირება, როგორც სოციალური, ისე რელიგიური თვალსაზრისით, ნაკლებ საფუძველს გვაძლევს, ისინი ქარველ ერში შესულებად ვიგულისხმოთ მთელი ადრეფეოდალური პერიოდის განმავლობაში. ეთნიკურად ქართველი მთიელები შედარებით გვიან, განვითარებული ფეოდალური პერიოდიდან შედიან ქართველი ერის შემადგენლობაში. საერთოდ, ქართველი ერის (ნაციის) განვითარებაში ორი მნიშვნელოვანი პერიოდი გამოიყოფა. პირველი ესაა ვახტანგ გორგასლის ეპოქა და მეორე - X-XI სს-ის მიჯნა, როდესაც ქართული ფეოდალური სამეფოები ერთ ფეოდალურ მონარქიად გაერთიანდნენ. ქართველი ერის შემადგენლობაში შედიოდნენ აგრეთვე არაქართული ეთნოსების წარმომადგენლებიც და თანდათან ხდებოდა ქართველი ერის თვისობრივი განვითარება, აღმასვლა. ძვ.წ. IV-III სს. მიჯნიდან ახ.წ. IV ს-ის დასაწყისამდე პერიოდი, ქართლის სახელმწიფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე იყო ქართველი ერის დადგინების და განმტკიცების პერიოდი. "ქართველი სრულიად გამოკვეთილი კულტურული ცნება იყო და ამ მხრით ახალი სარწმუნოება "ქართველის" კულტურულ ჩამოყალიბებაში ახალ მომენტს ვერ შეიტანდა. ქრისტიანობამ მხოლოდ ის ქნა, რომ ქართული წარმართობის ადგილი დაიჭირა" (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 383). ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, საბოლოოდ გამოიკვეთა ქართველი ერის კულტურული იერსახე. ქართველი ერი ახალ თვისობრობაში გადავიდა და ის უფრო განმტკიცდა. ქრისტიანობამ ზღვარი გაავლო ძველი და ახალი ტიპის (ფორმაციის) ქართველ ერს შორის. ამიერიდან ქრისტიანობა ქართველთა ეროვნულ რელიგიად და ქართული ეროვნული ცნობიერების (თვითშეგნების) ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად იქცა. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ერთიანი ქართული კულტურა მას დაეყრდნო. ეს იყო ისეთი გარდატეხა, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მომხდარა ქართველი ერის ისტორიაში. ამიერიდან ქრისტიანობა (სხვა რელიგიებთან დაპირისპირებაში) ქართველების ყველაზე დიდი განმსაზღვრელი გახდა. ყველა ის, ვინც აღიარებდა ქრისტიანობას და წირვა-ლოცვას ქართულად ასრულებდა, ქართველად ითვლებოდა, მისი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ქართლად ითვლებოდა ყველა ის "ქვეყანა,” სადაც ჟამი ქართულად შეიწირებოდა: "ქართლად ფრიადი ქუეყანაბ აღირიცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაბ ყოველი აღესრულების" - წერდა X ს-ის ქართველი მწერალი გიორგი მერჩულე. უფრო მეტიც: ეთნიკურად არაქართველი, რომელიც ქრისტიანობას მიიღებდა, ქართველად ითვლებოდა. VIII ს-ის მწერალი იოანე საბანისძე თავისი გმირის შესახებ ასეთ სიტყვას ხმარობს: "აბო ისმაიტელ-ყოფილისა ქართველისაბ". აბო, რომელიც ეთნიკურად არაბია და სარწმუნოებით მაჰმადიანი იყო, ქრისტიანობისათვის ეწამა. აგიოგრაფიული თხზულების ავტორისათვის მაჰმადიანი არაბი უკვე ქართველია, მას შემდეგ, რაც მან მიიღო ქართული აღსარება ქრისტიანობისა. აღნიშნული ეპოქა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა ბატონობის შედეგად მართალია, ერთიანი სახელმწიფო მოისპო და ქვეყანაში ახალი ფეოდალური სამთავროები წარმოიქმნა, მაგრამ ეკლესია ერთიანობას იცავდა, რაც გარანტი იყო ეროვნული მთლიანობისა. ქართული საისტორიო წყაროებით განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში ქართველად, ეთნიკურად არაქართველები და არამართმადიდებელი სარწმუნოების მატარებელნიც ითვლებოდნენ. მთავარი იყო ესა თუ ის პიროვნება საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და ის ამ სახელმწიფოს სამსახურში ყოფილიყო. "უკვე საკმარისი არ ხდება რელიგიური მომენტი. უფრო მეტია ეროვნული შეგნება" (ჯანაშია, 1988, გვ. 197). ასე რომ, ერის (ნაციის) ის გაგება არსებობდა XII ს-ის საქართველოში, რაც დღეს დასავლეთის სახელმწიფოებში არსებობს.

ქრისტიანობის მიღებით დადასტურდა, რომ ქართულ ეთნოსს ტომობრიობის ეტაპი დიდი ხნის განვლილი ჰქონდა. ქრისტიანობა ხომ განვითარებულ საზოგადოებაში ვრცელდებოდა, ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც საზოგადოებრივი წყობილება წინ იყო წასული, სადაც ერი (ნაცია) იყო ჩამოყალიბებული, ანდა ამის წინაპირობა მომზადებული იყო. "ქრისტიანობის გავრცელება და ოფიციალურ კულტად მიღება, შედეგი იყო არა რომელიმე მქადაგებლის მოღვაწეობისა, არამედ ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისა" (სინ, 1973, გვ. 67).

ქრისტიანობის მიღებამდე ქართველების ერად ჩამოყალიბება ჩანს იქიდანაც, რომ ქართულ ეროვნულ ორგანიზმში პრობლემას არ წარმოადგენდა უცხო ეთნოსთა მიღება. ქართველად გაიზრებოდა არა მხოლოდ ნათესავით ქართველი (სისხლით ნათესავი), არამედ, ნათესავით არაქართველიც, ვინც ქართული პოლიტიკურ-კულტურული ერთობის წევრი იყო. ამიერიდან, "ნათესავით ქართველში" მხოლოდ სისხლით ქართველი როდი იგულისხმებოდა, არამედ ყველა, ვისი დედაენაც უკვე ქართული იყო და ქართული კულტურის ნაწილად თვლიდა თავს. მკვლევართა სამართლიანი დაკვირვებით უკვე ადრეული პერიოდიდან ტერმინი "ნათესავი" დღევანდელ ტერმინს "ერს" (ნაციას) შეესატყვისებოდა (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 288-289; დ. მელიქიშვილი, 1997). ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ქართული წყაროების მონათხრობი მირიან მეფის შესახებ, რომელმაც IV ს-ის დასაწყისში საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ცნობილია, რომ მირიანი სპარსი იყო. ქასრე სასანიანმა "მისცა ქართველთა მეფედ ძე მისი და დასუა მცხეთას". "და აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შგდთა მათ კერპთასა და ცეცხლისა. ხოლო შეიყუარნა ქართველნი და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავა ენა ქართული" (ქც. 1955, გვ. 64, 65). ამრიგად, ქრისტიანობამდელი ხანის ქართველი იყო "გამოკვეთილი ეროვნულ-კულტურული მთლიანობა". "აქედან ქართველი ამ კულტურის მატარებელი ადამიანი. ამრიგად, უცხო, არაქართული ჩამომავლობის ადამიანი შეიძლებოდა გამხდარიყო ქართველი. ასეთი იყო მირიან" (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 378).

ქართველი ერის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენის საკითხი. ცნობილია, რომ ქართველი ერის შემადგენლობაში ოდითგანვე შედიან ზანები (მეგრელები) და სვანები. ასევე ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი არიან წოვა-თუშები. ასევე იყვნენ ისტორიულად აფხაზები და დვალები. მათთვის ისტორიის მთელ მანძილზე ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა, ლიტერატურული ენა, საღვთისმეტყველო ენა, საურთიერთო ენა. მართალია, ლინგვისტური თვალსაზრისით სვანური და მეგრული ენებია (ქართველური ენები) (თუმცა უკანასკნელ ხანს ენათმეცნიერთა ნაწილი მეგრულსა და სვანურს არა ენებად, არამედ დიალექტებად მიიჩნევს - ტ. ფუტკარაძე, თ. გვანცელაძე, რ. შეროზია), მაგრამ სოციოლინგვისტური თვალსაზრისით ისინი უთანაბრდებიან ქართული ენის სხვადასხვა დიალექტებს (ჯორბენაძე, 1995, გვ. 20; ონიანი, 1997; ფუტკარაძე, 1997; ქურდიანი, 1997). სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იგივე მოსაზრება უფრო ადრე გამოთქმული იყო რუსულ საბჭოთა ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში (ს. არუთინოვი): "Почти все этноформы грузинского этникоса, т.е. лица, осознающие себя грузинами, как в Грузии, так и за ее пределами говорят на различных диалектах и говорах грузинского (картульского) языка. Кроме того, целый ряд субэтнических групп, таких, как мегрелы, сваны, в быту пользуются языками, более или менее отдаленно родственными грузинскому. С лингвистической точки зрения бесспорно, что это особые языки, имеющие даже собственное внутреннее диалектное членение. Но их носители осознают себя грузинами и особых ЭСО эти языки не обслуживают, так что с функциональной, этносоциальной точки зрения их роль равна роли главных диалектов грузинского языка, тем более что по крайней мере в пределах Грузии почти все их носители владеют и литературным нормативным грузинским языком" (ეთნიკური..., 1987, გვ. 45).

ისტორიული თვალთახედვით იგივე შეიძლება ითქვას აფხაზებისა და დვალების შესახებ. ქართული საისტორიო წყაროებით აშკარაა, რომ ფეოდალური პერიოდის აფხაზი და დვალი (ეს უკანასკნელი XVII ს-ში, როგორც ცალკე ინდივიდუალური ერთეული, ქრება) ისეთივე ქართველად გაიაზრებოდა, როგორც საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონში მცხოვრები ქართველები. მათაც თავისი საკუთარი საოჯახო ენა ჰქონდათ, მაგრამ ცხოვრობდნენ რა ქართულ სახელმწიფოში, მათთვისაც საურთიერთო, სახელმწიფო, საღვთისმეტყელო, კულტურის ენა ქართული ენა იყო. ნაციის აღმნიშვნელ, ადრეულ ქართულ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ისინიც ისეთივე ნათესავით ქართველები იყვნენ, როგორც სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში მცხოვრები ქართლელები, კახელები, იმერლები, სამცხელები, ჯავახები, გურულები, კლარჯელები, აჭარლები და სხვ. ეთნოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში აფხაზები ქართველი ერის ასოცირებულ წევრებად არიან მიჩნეული (არუთინოვი, 1989, გვ. 30). თავდაპირველად, აფხაზები ქართველ ხალხთან იყვნენ ინტეგრირებულნი, მაგრამ გვიანშუასაუკუნეებიდან, ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ინტეგრაცია შეწყდა და სხვადასხვა ფაქტორების გამოისობით, ისინი დღეს ცალკე, მცირე ერად არიან ჩამოყალიბებული. აფხაზეთსა და აფხაზებს განსაკუთრებული როლი უკავიათ საქართველოსა და ქართული ეთნოსის (ქართველი ერის) ისტორიაში. აფხაზეთი ქართული სახელმწიფოს ნაწილი იყო და ის მთლიანად მოქცეული იყო ქართულ კულტურულ წრეში. საქართველოს სახელმწიფოს ერთ მონარქიად გაერთიანებამდეც, ყოველ შემთხვევაში, VIII-IX საუკუნეებიდან უცილობლად აფხაზეთში, სახელმწიფო, მწიგნობრობისა და საეკლესიო ენა იყო ქართული. აფხაზთა მთავრებმა მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანებაც შესძლეს, რის გამოც საისტორიო წყაროები დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის სახელით მოიხსენიებენ. ისინი ერთ-ერთი აქტიურნი იყვნენ საქართველოს ფეოდალური მონარქიის გაერთიანების საქმეში.

ქართულ ენასა და ქართულ კულტურას თავისი წამყვანი როლი არ დაუკარგავს მაშინაც, როდესაც გაერთიანებული საქართველოს დარღვევის შემდეგ, აფხაზთა სამთავრო წარმოიშვა (XVII ს.). ეკლესიურად აფხაზეთი მთელ დასავლეთ საქართველოსთან ერთად (იმერეთი-სამეგრელო-გურია) ერთ მთლიან ერთეულს წარმოადგენდა, ერთი საეკლესიო ქართული ენით. ქართული ენა იყო სამთავრობო დაწესებულებათა და მწიგნობრობის ენა. აფხაზეთში შემორჩენილი ფეოდალური ეპოქის ყველა მატერიალური კულტურის ძეგლი ქართულია და ქართული წარწერებით არის დამშვენებული. XIX საუკუნეშიც აფხაზეთის მთავრის კანცელარია ქართულად მუშაობს. ქართული ენა რომ საერთოდ გავრცელებული იყო აფხაზეთში, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 1714 წელს კუნძულ მალტაზე ქართველ მწერალსა და ლექსიკოგრაფს - სულხან საბა ორბელიანს ხვდება აფხაზი ტყვე, რომელიც ქართულად ლაპარაკობდა. ასე რომ, მართალია, აფხაზებს საკუთარი საოჯახო სამეტყველო ენა ჰქონდათ, მაგრამ ქართული მათთვის მეორე, კულტურის ენა იყო. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზები თანაცხოვრობდნენ ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის სხვადასხვა წარმომადგენლებთან (მეგრელები, სვანები) ერთად. საკუთრივ აფხაზების განსახლების არეალი ახალი ათონის ჩრდილო-დასავლეთით იყო. ქართველები მათ ყოველთვის ეთნონიმ "აფხაზით" მოიხსენიებდნენ და აფხაზების ჩამოთვლა ქართულ საისტორიო წყაროებში ხდებოდა ქართველთა სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფების გვერდით. მაგალითისათვის შეიძლება თამარ მეფის (1184-1213 წწ.) ისტორიკოსის თხზულებიდან ერთი ნაწყვეტი მოვიყვანოთ. თამარ მეფე დიდ დარბაზობას აწყობს. აღმოსავლეთიდან სტუმრები მოდიან და როდესაც ისინი თბილისს უახლოვდებიან, მათ წინ ქართველთა ლაშქარი მიეგებება. ქართველთა ამ ლაშქარში ყოფილან "ჰერნი და კახნი. შემდგომად ქართველნი (ე.ი. ქართლელები-რ.თ.) და შემდგომად მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი, შემდგომად სომხითარნი; შემდგომად აფხაზნი და სუან-მეგრელ-გურულნი თანა რაჭა-თაკუერ-მარგველითურთ" (ქც, 1959, გვ. 65).

ნიშანდობლივია ერთი ფაქტი. გვიანფეოდალური პერიოდის "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი გადამწერი, იქ სადაც საუბარია მეფე ლაშა-გიორგიზე, შემდეგ ჩანართს აკეთებს, რომ ლაშა "ითარგმნების აფსართა ენითა "ქუეყნის მანათობელად" (ქც, 1959, გვ. 151). აქ "აფხაზის" ნაცვლად ჩნდება ეთნონიმი "აფსარი" (აფხაზთა თვითსახელწოდება "აფსუა"-დან). ჩანართის ავტორის მიერ "აფხაზის" ნაცვლად "აფსარის" ხმარება შემთხვევითი არ იყო, რადგან გვიანფეოდალურ პერიოდში, კერძოდ, XVI-XVII სს-დან აფხაზის შინაარსი შეიცვალა. ისინი კულტურულად უკვე შეცვლილნი იყვნენ. ადრეული აფხაზები ქართული კულტურის ერთ-ერთი შემქმნელნი, კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ქართველები იყვნენ. გვიანდელი აფხაზები კი ამ თვალსაზრისით ადრინდელი აფხაზებისაგან განსხვავდებოდნენ, პირველ რიგში მათი ქრისტიანობისაგან მიქცევის თვალსაზრისით. ადრინდელი აფხაზი თუ მიწათმოქმედი და ქრისტიანი იყო, რომლისათვის ქართული კულტურა და ენა სისხლხორცეული იყო, მოგვიანო პერიოდის აფხაზი წარმართი და მეცხოველე გახლდათ, რაც Aძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსახლეობის ახალი მიგრაციული ნაკადების გადმოსვლის შედეგი იყო. ე.ი. აფხაზეთის მოსახლეობის გაუცხოვება მას შემდეგ მოხდა, რაც მოსახლეობა შეიცვალა. ჩრდილოეთ კავკასიიდან მიგრირებული სხვა კულტურისა და მენტალიტეტის მოსახლეობა დანარჩენ საქართველოსთან სამეურნეო-კულტურულ კავშირებს მეკობრეობას არჩევდა. გაუცხოებას ხელს უწყობდა აგრეთვე საგარეო ფაქტორი და ფეოდალური სეპარატიზმიც. გვიანდელი პერიოდის ჩანართის ავტორი კარგად გრძნობდა ქართული კულტურული სამყაროსაგან აფხაზების გაუცხოებას და სწორედ ამიტომ მათ აღსანიშნავად ხმარობს არა ქართულ ეთნონიმს აფხაზს, არამედ აფხაზთა თვითსახელწოდების აფსუას ვარიანტს - აფსარს.

სულხან-საბა ორბელიანი, როდესაც აღნიშნავდა კუნძულ მალტაზე აფხაზის მიერ ქართულის ცოდნას, აფხაზებსაც ქართველებად თვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი საოჯახო სალაპარაკო ენა ჰქონდათ. ავტორი წერს, რომ კუნძულ მალტაზე ოსმალთა ტყვეობიდან განთავისუფლებულთა შორის "ქართველებიც ვნახე: ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურული, მეგრელი. ენა ისევ კარგად იცოდნენ."

ასე რომ, გვიანშუასაუკუნეებში (XVI-XVII სს-დან) "შეიქმნა ახალი აფხაზეთი" (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 610) და ამ ახალი აფხაზეთისა და აფხაზების შემადგენლობაში მხოლოდ ძველი აფხაზები როდი შედიან. ლომის წილი ახალ აფხაზებში ჩრდილოეთ კავკასიიდან მიგრირებულ ადიღეურ ტომებს უძევთ და ამ ახალ აფხაზებში მიგრანტ ჩრდილოეთკავკასიელებს თავისი წილით არც ქართველები (ძირითადად მეგრელთა ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები) ჩამორჩებიან. მიუხედავად ახალი აფხაზების შექმნისა, აფხაზი ფეოდალის სახლი "ქართულია" და ეს ასეა არა მხოლოდ ქრისტიანობის თვალსაზრისით, არამედ საერთო კულტურის თვალსაზრისით. საშუალსაუკუნეების აფხაზეთში არ არსებობდა ფეოდალური კულტურა გარდა ქართულისა, გარდა ვეფხისტყაოსნის კულტურისა..." (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 610, 611). ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ალექსანდრე შარვაშიძის პროტესტი: "Я не абхазский, а грузинский князь..."

გვიანფეოდალურ პერიოდამდე ეთნიკური პროცესები საქართველოში აღმავალი ხაზით ვითარდებოდა. ერთიანი ქართული ეთნოსი (ქართველი ერი) ინტენსიურად ისრუტავდა სხვადასხვა ტერიტორიულ და ეთნიკურ ერთეულებს. ის ფართოვდებოდა და თვისობრივად იცვლებოდა: "ქართველი ერი წარმოშობით რთული შემდგენლობისა არის, თავისი ტომობრივი წარმოშობის მიხედვით მასში შედიან არა მარტო ერთი ტომის შვილები, არამედ მონათესავე სხვა ტომის შვილები და გარდა ამისა, აგრეთვე, სხვა ტომის შვილებიც. შეიძლება პირდაპირ ითქვას გადაჭრით იმის შესახებ, რომ ყველა მნიშვნელოვან ერთეულს კავკასიაში თავისი წვლილი უძევს ქართულ ეროვნებაში" (ჯანაშია, 1988, გვ. 187).

ეთნიკური ისტორიის თვალსაზრისით უკვე აღარაფერს ნიშნავდა ის, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფო ხშირად იშლებოდა. ეს იყო შედეგი ფეოდალური საზოგადოების განვითარებისა და საგარეო ფაქტორისა. სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველო მაინც ერთიანი (ერთი) სამყარო იყო ერთი საღვთისმეტყველო, სახელმწიფო და ლიტერატურული ენით, ერთი კულტურით. "არავითარი ტომობრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ფეოდალურმა საქართველომ არ იცოდა. ფეოდალები "საქართველოს" განსახიერება იყვნენ. ფეოდალი თუ სეპარატისტულად განწყობილი იყო, ის ამოდიოდა არა მისი საფეოდალოს კულტურული (ტომობრივი) თავისებურებების ფაქტიდან, არამედ საკუთარი ფეოდალური, სამეურნეო, პოლიტიკური ინტერესებიდან. ამას მოწმობს ის გერემოება, რომ არც ერთი პოლიტიკურად დამოუკიდებლობამოპოვებული ფეოდალი არ ცდილა ქართული ფეოდალური კულტურის უარყოფას და მის ნაცვლად ძველის (წინაფეოდალური კულტურის) აღდგენას, ან ქართული ენისა და ვეფხისტყაოსნის კულტურის უარყოფას" (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 416).

გვიანშუასაუკუნეებში ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლამ და საგარეო ფაქტორმა ქართველთა ეთნიკური ისტორიის აღმასვლითი პროცესი შეაჩერა და ზოგიერთ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში რამდენიმე ხნის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ქართველი ერის დეზინტეგრაციული მოვლენები. ამ დეზინტეგრაციულმა მოვლენებმა ქართველი ერი საბოლოოდ ვერ აღგავა, რაც ფაქტორთა მთელმა რიგმა განაპირობა. გეოგრაფიულ ფაქტორთან ერთად გარკვეული როლი ითამაშა იმან, რომ ქართველი ერი უაღრესად მყარი ეროვნული ერთეული (ორგანიზმი) იყო მძლავრი კულტურით. ამ მძლავრი ეთნიკური კულტურის მოშლა არც ისე ადვილად დასაძლევი აღმოჩნდა ქართველთა მტრებისათვის. თუმცა გვიანშუასაუკუნეებში მას საგარეო ფაქტორის გამო ფრთები აქა-იქ ჩამოემტვრა: "ნაციონალურ-კულტურული ერთობის შეგნება არ გამქრალა საქართველოში გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგაც, არ გამქრალა იგი ქვეყნის უაღრესი სამეურნეო და პოლოტიკური დაცემის პერიოდშიც კი" (ჯანაშია, 1988, გვ. 193).

ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერება (თვითშეგნება) კარგად ჩანს 1790 წელს ქართველი მეფეებისა და მთავრების მიერ დადებულ მოკავშირეობის ტრაქტატიდან: ჩვენ-ქართლის, კახეთის, იმერეთის, ოდიშის ანუ სამეგრელოს, გურიის, მთელი ზემო და ქვემო ივერიის მფლობელნი, ერთმორწმუნე და ერთ ენაზე მეტყველი, ერთიანი კათოლიკური აღმოსავლური ეკლესიის შვილნი, მივედით იმ კეთილ აზრამდე, რომ დავამკვიდროთ ჩვენს სამშობლოში მშვიდობა, გავავრცელოთ მასში აღიარებული სარწმუნოება, აღვადგინოთ სიყვარული, რასაც გვიქადაგებს ჩვენ ქრისტიანული ენა და მჭიდრო ნათესაური კავშირი.

ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს. დასასრული) ქართული სამეფო-სამთავროები საქართველოებად იწოდებოდა. პოლიტიკური დაშლის შემდეგ რამდენიმე საქართველო გაჩნდა. "დაშლის შემდეგ საქართველოები დარჩნენ მესხეთსა და კახეთ-ჰერეთში, ქართლში, იმერეთში, გურიაში და ოდიშ-აფხაზეთში. და ეს არა მარტო სახელად, არამედ საქმიან შინაარსიანად" (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 190). "მართალია, ყველაზე ადრე ქართლია ძველი საქართველოს მემკვიდრე და ამიტომ უპირატესად მას უნდა ეწოდოს "საქართველო", მაგრამ სხვა თემებსაც ხომ უძევთ წილი ამ მემკვიდრეობაში! მაშასადამე, მარტო ქართლი კი არ არის საქართველი, სხვა კუთხეებიდანაც თითოეული საქართველოა. ასეთი "მრავლობის" შეგნებიდან იბადება უჩვეულო ფორმა: "საქართველონი" ანუ, "საქართველოები": "როდესაც საქართველონი იყო ხელმწიფის ერთისა" ამბობს რუსთაველის ეპოქის შესახებ თეიმურაზ მეორე" (ჯანაშია, 1988, გვ. 56). 1722 წლის ერთ-ერთ საბუთში კი ვკითხულობთ: "ყოველთა შვიდთავე საქართველოთა მეპატრონენი", XVIII ს-ში საქართველოსა და ქართველების აღსანიშნავად აღორძინებული იქნა ანტიკური ტერმინები ივერია და ივერიელნი. 1790 წლის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს სამეფო-სამთავროების მესვეურებმა დადეს, ეწოდება "ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული..." საბუთში ხაზი ესმის ქვემო ივერიელთა (დასავლეთ ქართველების) და ზემო ივერიელთა (აღმოსავლეთ ქართველების) ერთმორწმუნეობას, საერთო ენის მქონებლობას, სისხლით ნათესაობას, საერთო ისტორიის ქონას (ისტორიის მახსოვრობას). "ყოველთა ივერიის" მეფე-მთავრები გამოსთქვამენ წადილს, "რათა არა განყოფილ იქნას საუკუნოდ ერი."

ერთიანი სამეფოს დაშლის შედეგად ქართულ სამეფო-სამთავროებში სალიტერატურო ენას ქართული ენა წარმოადგენდა, მათ შორის, იქაც, სადაც საკუთარი საოჯახო სამეტყველო ენა ჰქონდათ. XVIII ს-ის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი (1973, გვ. 793) წერდა: "ხოლო რაოდენნი ქვეყანანი ანუ ადგილნი დავსწერეთ მთათა, ბართა ანუ კავკასითა შინანი-საქართველოსანი, გარნა თუ აქუთ ზოგთა ენა სხუა, თგსნი საკუთარნი, არამედ წიგნი არცა ერთსა რომელსავე აქუს, თგნიერ ქართულის წიგნისა საკუთრად." ვახუშტი იმასაც გვეუბნება, რომ მოუხედავად საქრთველოს სხვადასხვა სამეფო-სამთავროებად დაშლისა და ზოგიერთ მათგანში დამპყრობთა გაბატონებისა, საქართველოს, რომელი კუთხის წარმომადგენელსაც გინდათ კითხოთ რა რჯულისა, ე.ი. რა ეროვნებისა ხარ, გიპასუხებენ, ქართველიო: "პირველი, უკეთუ ჰკითხო ვისმე ქართლსა ანუ იმერსა (იმერში დასავლეთ საქართველოს მცხოვრები ყველა ეთნოგრაფიული ჯგუფი იგულისხმება - რ.თ.), მესხსა და ჰერკახსა რა რჯული ხარ, წამს მოგიგებს: "ქართველი". მეორედ, არს ამათ ყოველთა წიგნი და ენა ერთი-იგივე ფარნაოზ პირველისა მეფისაგან ქმნული. და ჰკითხო რო წინათქმულთა მათ კაცთა: "რა ენა და წიგნი უწყი, მოგიგებს მყის: "ქართული." რამეთუ არა იტყვს, არცა რჯულსა, ენასა და წიგნსა იმერთასა, ანუ მესხთა და ჰერ-კახთასა, არამედ ქართულსა" (გვ. 291-292). ვახუშტი კარგად ახასიათებს ერთიან ქართულ ხასიათს, ქართულ ბუნებას, თვისებებს (ქართველთა ნათესავის ანუ ქართველი ერის დახასიათება ადრეული პერიოდის არაერთ ქართულ წყაროშიც გვხვდება. მაგალითად, XI ს-ში ანტიოქიის პატრიარქთან კამათისას ქართული ეკლესიის ავტოკეფალობის უფლებამოსილებაზე გიორგი ხუცესმონაზონი ეუბნება მას, რომ ქართველთა ნათესავი (ერი, ნაცია) წრფელი და უმანკო ბუნებისა არის). თუმცა ვახუშტი იმასაც კარგად შენიშნავს, რომ ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, საგარეო ფაქტორთა ზემოქმედების გამო, შეიცვალა სხვადასხვა კუთხის ქართველთა წესი და რიგი. აქა-იქ ოსმალურმა და ყიზილბაშურმა რიგმა და წესმა დაიწყო დამკვიდრება.

გვიანშუასაუკუნეებში ქართველ ერში მომხდარი დეზინტეგრაციული მოვლენები ძირითადად ორი მიზეზით იყო განპირობებული: ა) ქართველთა შორის სხვადასხვა სარწმუნოების გავრცელებით და ბ) ქართველთა საცხოვრისში (განსახლების არეალში) უცხო ეთნიკურ ერთეულთა ჯგუფური შემოსახლებით და შესაბამისად ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ეთნოდემოგრაფიული სიტუაციის შეცვლით. დეზინტეგრაციული მოვლენები განხორციელდა საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც XVI-XVII სს-ში მოსული უცხო ეთნოსების გარემოცვაში ქართველთა გარკვეული ჯგუფები გააფხაზდნენ (საერთოდ, აფხაზთა ქართველთაA კულტურული სამყაროსაგან მიქცევა მოხდა), გაოსდნენ და გალეკდნენ. ისტორიაში ცნობილია, აგრეთვე, ქართველთა გათათრება-გათურქების (სამცხე, ჯავახეთი, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი, აღმოსავლეთ კახეთი), გაგრიგორიანება-გასომხების (ჯერ ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლი და კახეთი), "გაფრანგების" (კათოლიკური სარწმუნოების მიღების) არა ერთი შემთხვევა, რის ძირითადი მიზეზი არამართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე გადასვლა იყო.

ქართველი ერის დეზინტეგრაციული მოვლენები, რომლებიც გვიანშუასაუკუნეებში დაიწყო, XIX საუკუნეშიც გრძელდებოდა. ეს პროცესი ემთხვევა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლას, ქვეყნის დაქუცმაცებასა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. XIX ს-ში მეფის რუსეთი ქართველი ერის (ნაციის) სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს ცალკე ხალხებად (народность-ებად) აცხადებდა. 1886 წელს შედგენილი საოჯახო სიების მიხედვით ასეთ ცალკე "ნაროდნოსტებად" არიან გამოცხადებული: მეგრელები (მეგრელები და ლაზები), სვანები, აჭარლები, გურულები, ფშაველები, თუშები, ხევსურები, მთიულები. ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მეგრელები ცალკე "народность" - ად - სამურზაყანოელებად არიან ჩაწერილი. მართალია, რუსეთის იმპერიაში საქართველო ტერიტორიულად გაერთიანდა, მაგრამ ხდებოდა ქართველი ხალხის სულიერად გათიშვა. ოფიციალურად აღარსად არ იხსენიებოდა ქვეყნის სახელი "საქართველო". ქართულ ეკლესიას წაერთვა ავტოკეფალია (1811) და აიკრძალა ქართული წირვა-ლოცვა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რუსული მართმადიდებელი ეკლესიის ნაწილად იქცა. სკოლებიდან განიდევნა ქართული ენა. ქართველი მაჰმადიანები არაქართველებად გამოცხადდნენ. ცარიზმს მათდამი ჰქონდა დიფერენცირებული მიდგომა. აჭარასა და ართვინის მხარეში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანები 1886 წლის საოჯახო სიებში თუ народность-ის გრაფაში ქართველებად არიან ჩაწერილი, სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანი ქართველები-თურქებად. XIX ს-ში ეს უკანასკნელნი საბოლოოდ ჩამოშორდნენ ქართულ ეთნიკურ სამყაროს და მიკუთვებული იქნენ თურქული ეთნოსისადმი. თუმცა ისინი თურქებად არ გაიაზრებდნენ თავს და მათგან გასამიჯნავად თავის თავს "იერლის" (ადგილობრივს) უწოდებდნენ. ისინი ის მაჰმადიანი ქართველები არიან, რომლებიც ახლა "თურქი-მესხის" ეთნონიმით არიან ცნობილი. ამავე დროს, ხელი ეწყობოდათ მაჰმადიან ქართველებს, რომ დაეტოვებინათ საქართველო და თურქეთში გადასახლებულიყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების დროს (XX ს-ის 30-იანი წლები) სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანი ქართველების თხოვნას, მათთვის ქართული სკოლების გახსნის შესახებ, უარი ეთქვათ. ამ ფონზე კი ფრიად ალოგიკურია იოსებ სტალინის და საბჭოთა მეცნიერების მტკიცება, რომ ქართველები ერად რუსეთის იმპერიაში XIX ს-ის მეორე ნახევარში წარმოიქმნა, მაშინ, როდესაც მას წაერთვა ერისათვის (ნაციისათვის) დამახასიათებელი ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ტერიტორია, სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფო ენა, ეთნიკურად ააჭრელა საქართველო.

ქართველ ერში დეზინტეგრაციული პროცესები ძირითადად XX ს-ში შეწყდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრიობის რაღაც ფორმა მიიღო, ფაქტიური ავტონომიის სახით საბჭოთა რუსეთის იმპერიაში. XX ს-ში საქართველოში თავი იჩინა ეთნიკური პროცესებისათვის დამახასიათებელმა აღმავალმა ხაზმა-ინტეგრაციულმა მოვლენებმა. ამდენად, ქართული ეთნოსის (ქართველი ერის) პროგრესული განვითარების ძირითადი პირობა სახელმწიფოებრიობაა. თუმცა, დღეს თითქმის რეალური სახელმწიფოებრიობის პირობებში, თავი იჩინა რამდენიმე საშიშმა მოვლენამ, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენონ ქართულ ეროვნულ ორგნიზმს. ესენია: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დროებით დარღვევა, რასაც იმავდროულად ერთიანი კულტურული სივრცისა და პროცესის რღვევაც მოჰყვა; ბ) ქართველთა ინტენსიური ემიგრაცია; გ) სხვადასხვა რელიგიური სექტების სწრაფი გავრცელება და დ) ზოგიერთი უცხოური (დასავლური) ცხოვრების წესის დაუბრკოლებელი დანერგვა, რამაც შეიძლება საუკუნოვანი ქართული ტრადიციის და წეს-ჩვეულებების (ეთნიკური კულტურის) ტრანსფორმაცია გამოიწვიოს. ერის ერთად, კომპაქტურად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, საერთო რელიგია და ტრადიციები კი ეთნოსის (ერის) დამახასიათებელი კომპონენტებია.

* * *

როგორც აღინიშნა, ქართული ეთნოსის და მისი ეთნიკური კულტურის ფორმირება და განვითარება დღევანდელი საქართველოს ტერიტორიასა და მის ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებში მოხდა. ქართული ეთნოსით განსახლებული ტერიტორია ორ ძირითად ერთეულად იყოფოდა: დასავლეთ საქართველოდ და აღმოსავლეთ საქართველოდ, სადაც თავის დროზე, კოლხეთისა და იბერიის სახელმწიფოებრივი ერთეულები წარმოიქმნა. შესაბამისად, პირველში დასავლურ-ქართული და მეორეში აღმოსავლურ ქართული ტომები მკვიდრობდნენ. ისტორიულად დასავლურ და აღმოსავლურ ქართულ ტომთა თანაცხოვრების ადგილად მიჩნეულია სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, რომლის ძირითადი ნაწილი დღეს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთაა.

საქართველოს ორ ნაწილად დაყოფას ჰქონდა როგორც გეოგრაფიული, ისე პოლიტიკური საფუძველი. ამასთანავე, ქართველთა განსახლების მთელი ტერიტორია, ისე როგორც ყველა ხალხისა, შედგებოდა სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულისაგან. ამ ტერიტორიულ ერთეულებს შეიძლება ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები ვუწოდოთ (ქართულ საისტორიო საბუთებში, წყაროებში ამ ისტორიულ-ტერიტორიული ერთეულების აღსანიშნავად "თემი" გამოიყენებოდა. ამ ტერმინს ხმარობდა დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი), რომლებიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ჩამოყალიბდა, ზოგიერთი საკმაოდ ადრე, ზოგიც კი შედარებით გვიან. თითოეული ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეული სპეციფიური ეთნოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდებოდა, რაც მათ დღემდე შემოინახეს. თითოეულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში მაცხოვრებელ ქართული ეთნოსის წარმომადგენლებს როგორც მიღებულია დღევანდელ ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში, ჩვენც შეიძლება ეთნოგრაფიული ჯგუფი ვუწოდოთ.

ქართული ეთნოსის (ქართველი ერის) ყველა ეთნოგრაფიული ჯგუფი გამოირჩეოდა დიალექტური თავისებურებებით, ე.ი. ამა თუ იმ ისტორიულ-გეოგრაფიულ (ისტორიულ-ეთნოგრაფიულ) კუთხეში მცხოვრებნი მეტყველებდნენ ქართული ენის შესაბამის დიალექტზე. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ზოგიერთი მხარის მკვიდრებს საკუთარი საოჯახო-სამეტყველო ენაც ჰქონდა. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ სვანეთისა და სამეგრელოს ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულები, რომელთა მკვიდრნი ქართულ ენასთან ახლოს მდგომ შესაბამის ქართველურ ენებზე მეტყველებდნენ. ისინი, ყველანი თავს ქართული ეთნოსის (ქართველი ერის) განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ. იგივე შეიძლება ითქვას წოვა-თუშების მცირე ეთნოგრაფიულ ჯგუფზე, რომელიც ორენოვანი იყო და არის (საოჯახო-სამეტყველო ენა ერთ-ერთი ვაინახური ენაა). მიუხედავად ამისა, კულტურულ-ისტორიული, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით და, რაც მთავარია თვითშეგნებით ისინი ქართველები არიან. ასევე იყვნენ ისტორიული აფხაზები, რომლებიც გვიანშუასაუკუნეებამდე ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთი აქტიური შემქმნელები იყვნენ.

ქართული ეთნოსით განსახლებული ტერიტორია უაღრესად რთული რელიეფით და მრავალფეროვანი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება. სწორედ ამით და სამეურნეო-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებით, ისტორიული განვითარების მსვლელობით იყო განპირობებული არცთუ ისე მცირე ისტორიულ-გეოგრაფიული//ისტორიულ-ეთნოგრაფიული ტერიტორიების (მხარეების) არსებობა და შესაბამისად, ქართულ ეთნოსში ეთნოგრაფიული ჯგუფების სიმრავლეც. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ესა თუ ის ქართული "ისტორიულ-გეოგრაფიული "ქვეყანა" გარკვეულ დროსა და ვითარებაში ჩნდება, სახეს იცვლის დროსა და ვითარების შესაბამისადვე: იზრდება, მცირდება თუ მოიშლება..." (ბერძენიშვილი, 1975, გვ. 345). ასე რომ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს და შესაბამისად ეთნოგრაფიულ ჯგუფებს უცვლელად როდი მოუღწევიათ ჩვენამდე. ისტორიის მანძილზე ზოგიერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე გაქრა, სხვას შეეზარდა, გამსხვილდა, ანდა პირიქით, ორად გაიყო. იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამა თუ იმ ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულის ფართობი და საზღვრები მუდმივი არ იყო. ის ხშირად იცვლებოდა საგარეო და საშინაო ფაქტორების, მოსახლეობის მიგრაციის შედეგად. ბარში დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულები არსებობდა, მთაში კი, პირიქით, მცირე ტერტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულები გვქონდა, ამავე დროს, მეტი რაოდენობით. ისტორიულად არსებულმა ყველა ეთნოგრაფიულმა ჯგუფმაც არ მოაღწია ჩვენამდე. საგარეო ფაქტორის გამო, რამდენიმე ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულში საერთოდ გაქრა მოსახლეობა. "საქართველოს აწინდელი მოსახლეობა მის ძველ მოსახლეობასთან შედარებით დიდად შეცვლილია. ძველი ტომურ-ნათესაური სიწმინდით დღემდის არცერთ კუთხეს არ მოუღწევია" (ბერძენიშვილი, 1964, გვ. 237).

ქართულ ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულებიდან, რომლებიც დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე არიან წარმოდგენილი, აღმოსავლეთ საქართველოდან შეიძლება ჩამოვთვალოთ: ქართლი, კახეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, გუდამაყარი, ხევი, ერწო-თიანეთი; დასავლეთ საქართველოდან: იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, აჭარა; სამხრეთ საქართველოდან: სამცხე, ჯავახეთი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სხვა არაერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეც გვქონდა, რომლებიც ახლა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და რომელთა უმრავლესობამ დღეისათვის ფაქტობრივად დაკარგა ის ეთნოგრაფიული თავისებურებანი, რაც მას XVIII ს-ში ჯერ კიდევ მკვეთრად ჰქონდა შემორჩენილი. სამცხისა და ჯავახეთის გარდა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ჩვენ გვქონდა შემდეგი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები: შავშეთი, კლარჯეთი, ერუშეთი, კოლა, არტაანი, ტაო... შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე განსახლებული იყვნენ ჭანები (ლაზები), რომლებიც ერთ-ერთი ქართველური ენის - ზანურის ჭანურ (ლაზურ) დიალექტზე მეტყველებდნენ და მეტყველებენ. ისტორიულმა მსვლელობამ ლაზების (ჭანების) მხოლოდ მცირე ნაწილს მისცა შესაძლებლობა ქართულ სახელმწიფოში თანაცხოვრებისა. ამავე დროს, სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მოქცეული იყო ორი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე - თორი და თრიალეთი - რომლებშიც გვიან შუასაუკუნეებში მოსახლეობის ცვლა მოხდა, პირველში ქართული ეთნოსით, მეორეში - საქართველოს საზღვრებს გარედან შემოსახლებული არაქართული ეთნოსებით.

დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ - აზერბაიჯანშია საინგილოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეული, რომელიც ისტორიული აღმოსავლეთ კახეთის მემკვიდრეა და დვალეთი, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის (ოსეთის) ტერიტორიის ფარგლებში შედის.

ქართველთა კიდევ ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი ირანში, ფერეიდნის პროვინციაში ცხოვრობს, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ფერეიდნელი ქართველების სახელწოდებით არიან ცნობილი. ისინი XVII ს-ის დასაწყისში კახეთიდან აყრილი ქართველების შთამომავალნი არიან.

ქვემოთ მხოლოდ ზოგადად წარმოვადგენთ თითოეულ ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულს, შესაბამისად, ეთნოგრაფიულ ჯგუფსაც.

საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა ქართლი. ქართლში, როგორც პოლიტიკურ ერთეულში სხვა ეთნოგრაფიული მხარეებიც შედიოდა და მასში მცხოვრებნი ყველანი ქართველებად იწოდებოდნენ. "ქართველმა" კი სახელი მისცა საქართველოს. ქართლს დასავლეთიდან იმერეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია, სამხრეთით - სომხეთისა და ნაწილობრივ აზერბაიჯანის რესპუბლიკები ესაზღვრება. აღმოსავლეთიდან ქართლს კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონთან აქვს საზღვარი. ამავე დროს, ქართლს ჰქონდა თავისი, მთის ეთნოგრაფიული მხარეები (მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი და დვალეთი, აგრეთვე: ისტორიული ცხრაძმა). ქართლი სამ: შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და ზემო ქართლის ერთეულებად იყოფოდა, რომლებიც ასევე მათთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული რეალიებით ხასიათდებოდნენ. შიდა ქართლი ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავს, ქვემო ქართლი კი მის სამხრეთ ნაწილს. ქართული წყაროებით უფრო ადრე შიდა ქართლის სახელწოდება "ზენა სოფელი" იყო, ქვემო ქართლის შესატყვისი კი - "ქვენა სოფელი." რაც შეეხება ზემო ქართლს, მას მესხეთიც ეწოდებოდა (პოლიტიკური "სამცხე-საათაბაგო") და ის საქართველოს მთელ სამხრეთ-დასავლეთს ფარავდა და ეთნოგრაფიულ ქართლად არ მოიაზრებოდა.

ისტორიული ტრადიციით სახელწოდება ქართლი მომდინარეობს ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის ქართლოსის სახელისაგან (ქც, 1955, გვ. 4). თავდაპირველად ქართლი ერქვა ქართლოსის პირველსაცხოვრისის მთას, დღევანდელი მცხეთის საიხლოვეს, რომელიც შემდეგ არმაზის მთისა და არმაზის სალოცავის სახელით იყო ცნობილი. აღნიშნულ გეოგრაფიულ პუნქტზე გადიოდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეთა დამაკავშირებელი უმოკლესი გზები. ქართულ ისტორიოგრაფიაში ის მოსაზრებაც არსებობს (ნ. ბერძენიშვილი), რომ ქართის ტომის თავდაპირველი საცხოვრისი ქვემო ქართლი იყო. ძვ.წ. III ს-ში ქართლის ჰეგემონობით ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფო, რომლის საერთო სახელწოდება "ქართლი" იყო (ბერძნულ-ლათინური წყაროების "იბერია"). მოგვიანებით, დაახლოებით X საუკუნიდან ქვეყნის აღმნიშვნელი ახალი ტერმინი - "საქართველო" წარმოიქმნა, რადგან ერთმანეთის პარალელურად არსებობდა ეთნოგრაფიული ქართლი და ქართლის სახელმწიფო, რომელიც ეთნოგრაფიული ქართლის გარდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა (ნიშანდობლივია, რომ VIII ს-ის დასაწყისში ატენის სიონის ფრესკული წარწერით სტეფანოზ III მამფალი (711-739) "ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ-ერისთავთა უფალი"-ა (აბრამიშვილი, 1977).

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქართლი მოიცავს საშურის, ქარელის, გორის, ცხინვალის, ჯავის, ზნაურის (ყორნისის), ახალგორის, კასპის, მცხეთის, დუშეთის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, გარდაბნის რაიონებს.

ქართლმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მარტო ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, არამედ ერთიანი ქართული კულტურისა და ენის (სახელმწიფო, საღვთისმეტყველო, სალიტერატურო ენის) შექმნაში.

ქართლი დაწინაურებული მიწათმოქმედების ქვეყანა იყო. უძველესი დროიდანვე მიწათმოქმედების დაწინაურება სარწყავ სისტემებთან იყო დაკავშირებული. მიწათმოქმედება (მემინდვრეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა) აქ მესაქონლეობის მაღალ კულტურასთან ერთად იყო განვითარებული. როგორც აღნიშნულია სამეცნიერო ლიტერატურაში ქართლში მიწათმოქმედება და მესაქონლეობა სიმბიოზური მეურნეობის სახით იყო წარმოდგენილი. ქართლში იყო სახვნელი იარაღის განსაკუთრებული რთული კონსტრუქციული სახეობა "დიდი ქართული გუთანი", რომელშიც 9-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ. ქართლი დღესაც განთქმულია ხილის სხვადასხვა უნიკალური ჯიშით, რომლებიც ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომა-საქმიანობის შედეგად არის მიღებულ-გამოყვანილი. ქართლის სხვადასხვა კუთხეში გამოყვანილი იყო მხოლოდ ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები, რომლებისაგანაც განსაკუთრებული ხარისხის ღვინოები დგებოდა, რომელთაგან აქ შეიძლება ატენური დავასახელოთ. XVIII ს-ის პირველი ნახევრის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: "ღვინო აქაური (ქართლის გაღმა მხარი იგულისხმება - რ.თ.) უმჯობესი ყოვლისა ქართლისა და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა" (ვახუშტი, 1973, გვ. 345).

ქართლში იყო გავრცელებული ქართული ხალხური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში-დარბაზული საცხოვრებელი სახლი გვირგვინისებური გადახურვით. ქართლშია დღემდე შემორჩენილი უძველესი ქართული ეკლესია ბოლნისის სიონი (V ს.).

ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ქართლშიც ხდებოდა მოსახლეობის მოძრაობა. ძველი ქართლის მოსახლეობის უმნიშვნელო რაოდენობას თუ მოუღწევია ჩვენამდე. საგარეო ფაქტორის გამო მისი ძველი მოსახლეობა რამდენჯერმე შეიცვალა. მისი აღწარმოება ხდებოდა როგორც საკუთრივ მთიელთა, ისე დასავლეთ საქართველოდან მიგრაციის შედეგად. შიდა ქართლში XVII ს-ის შუა ხანებიდან იწყება ოსების ინტენსიური გადმოსახლება ჩრდილოეთ კავკასიიდან: "ხოლო რაოდენნი ოსნი დავსწერეთ ამ ადგილებთ შინა, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი, შემდგომ მეპატრონეთ მათთაგან გარდმოსახლებულან ოსნი, და ქართველნი ბართა წინა ჩამოსულან, ვინაბთგან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან" (ვახუშტი, 1773, გვ. 363-364). ქართლი ეთნოგრაფიული თვალსაზრისით იმითაც გამოირჩევა, რომ ქვემო ქართლში მკვიდრობდნენ ქართველ გრიგორიანელთა (მონოფიზიტთა) მნიშვნელოვანი ჯგუფები, რომლებიც ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით მხოლოდ სარწმუნოებით იყვნენ სომხები, ენით, ქცევა-ზნითა და ტრადიციით კი ქართველები.

XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ქართლში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ბევრი დიდი ოჯახი. ჩვეულებრივ, ქართლში დიდი ოჯახების სულთა რაოდენობა ძირითადად 20-დან 30-მდე მერყეობდა. მაგრამ იყო ისეთი ოჯახები, რომელთა სულადობრივი რაოდენობა 40 სულს აჭარბებდა. მაგალითად, 1830 წლის აღწერით შიდა ქართლის სოფელ ხოვლეში დიმიტრი ბახტაძის ოჯახში 45 სული იყო აღრიცხული.Dდღეს ქართლში გვარსახელები ძირითადად –შვილი სუფიქსით ბოლოვდება. მაგრამ, როგორც ირკვევა, აქ გვარსახელებს თავდაპირველად –ძე ფორმანტი ერთვოდა. მაგალითად, დღეს სოფელ დიღომში მოსახლე თეთრაშვილები, მძევაშვილები და სონღულაშვილები XIV _ XVIII სს-ის საისტორიო საბუთებში თეთრაძედ, მძევასძედ და სონღულიძედ არიან ჩაწერილი.

აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონია კახეთი. კახეთი მდ. ივრისა და მდ. ალაზნის აუზებს მოიცავს. კახეთს დასავლეთიდან ქართლი ესაზღვრება (აქ ქართლსა და კახეთს შორის საზღვარი მდ. არაგვზე გადიოდა), აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აზერბაიჯანი. ჩრდილოეთიდან კახეთს კავკასიონის ქედი დაღესტნისაგან ყოფს. დღევანდელი კახეთი ოთხ მცირე ერთეულად იყოფა: შიგნით კახეთი (მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპირო), გარე კახეთი (მდ. ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდ. ივრისა და მდ. ალაზნის ქვემო წელს შორის მოქცეული ტერიტორია) და გაღმა მხარი (მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო). XVI-XVII სს-დან კახეთს ჩამოსცილდა ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და "საინგილოს" სახელს ატარებს.

თავდაპირველად კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა და იგი მდ. ივრის ზემო წელით შემოისაზღვრებოდა. ადრეფეოდალურ ხანაში კახეთის ცენტრს უჯარმა წარმოადგენდა. კახეთის ეთნოგრაფიული საზღვრები შემდეგ თანდათანობით აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა. VIII ს-თვის მან ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და კუხეთი გადაფარა. "ხოლო ქუეყანისა ამისა სახელნი არიან სამნი: რამეთუ ჰერეთი ეწოდა თარგამოზის ძისა ჰეროსის გამო, რომელსა ძმათა თგსთა შორის წილად ხუდა ქუეყანა ესე და დაიპყრა საზღვარი თგსი... ხოლო კახეთი და კუხეთი არიან წილნი ქართლოსისა რამეთუ შემდგომად ქართლოსის სიკუდილსა, განუყო დედამან მათმან ძეთა თგსთა ქართლოსის წილი ქუეყანა" (ვახუშტი, 1973, გვ. 523). შუა საუკუნეებში კახეთის მცხოვრებნი ჰერკახებად მოიხსენიებოდნენ. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-ემ როდესაც კახეთის ტერიტორია შეიერთა მისი მცხოვრებნი ჰერკახებად მოიხსენიებიან. ვახუშტი ჰერეთის პროვინციის სახელის გაქრობას კახეთის მეფე გიორგი VIII-ეს (1466-1476) უკავშირებს: "მანვე (გიორგი VIII-ემ - რ.თ.) _ მოსპო სახელი ჰერეთისა" (ვახუშტი, 1973, გვ. 568). კახეთის მცხოვრებთა შესახებ ვახუშტი (1973, გვ. 526) შემდეგს წერდა: "ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენით და სარწმუნოებით ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი."

საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.) კახეთი ცალკე სამეფო ერთეულს წარმოადგენდა.

ქართლისაგან განსხვავებით კახეთში გვიანშუასაუკუნეებში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი სახნავ-სათესი მიწების საერთო-სასოფლო (თემური) მფლობელობა.

ნ. ბერძენიშვილი (1964, გვ. 239) აღნიშნავდა, რომ "ჩვენი დროის კახეთში, მაგალითად, მცირე ვინმეა ძველ კახთა და ჰერთა ჩამომავალი, რომ ეთნიკურ-ნათესაურად ჩვენი დროის კახელს მცირე რამ აქვს საერთო ძველ კახთან და ჰერთან." "ისე როგორც საქართველოს სხვა მხარეები, კახეთიც რთული ისტორიული პროცესის შედეგად წარმოქმნილი ქვეყანაა... აწინდელი კახეთი გაცილებით უფრო გვიან ყალიბდება, ვიდრე საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეები და ამიტომაც ამ პროცესის შესახებ ცნობებიც მეტი მოგვეპოვება... კახნი, კოხნი, წანარნი, გარდაბანელნი, ალვან-ჰერნი, სოჯნი, ფხოელ-ფშაველნი, ხევსურნი, თუშები, ქისტები და შემდეგ ლეკები, თურქები, ოსები, სომხები და ყველა თემის ქართველები (მეგრელები, გურულები, იმერლები, რაჭველები, ჯავახ-მესხნი, სომხითარნი) - ყველა ამათ შერწყმა - "შეჯვარების" (ბრძოლისა და თანამშრომლობის) ისტორიული სარბიელი იყო ეს შედარებით პატარა, მაგრამ დიდი შესაძლებლობის ქყეყანა. თითოეულ ამათგანს თავისი წვლილი შეუტანია აწინდელი კახეთის შექმნაში. ათეულ საუკუნეთა სიგრძეზე მიმდინარეობდა აქ მოსულ-დამხვდურთა თუ მეზობელთა ეს რთული ურთიერთობა, მთისა და ბარის, ველისა და ზეგნის სამეურნეო და სოციალურ სისტემათა ჭიდილი" (გვ. 175). სხვაგან ნ. ბერძენიშვილი იმასაც აღნიშნავდა, რომ XVII ს-ში ყიზილბაშთაგან ამოწყვეტილი კახეთი იმერეთიდან, ქართლიდან და მთიდან გადმოსახლებულებმა მოაშენეს" (გვ. 337).

კახეთი დაწინაურებული მეურნეობის ქვეყანა იყო. "ხოლო ქუეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა... რამეთუ თგნიერ ნარინჯისა, თურინჯისა, ლიმონისა და ზეთისხილისა, ნაყოფიერებენ ყოველნი, რომელნიცა აღვსწერეთ, აბრეშუმით ბამბით, ბრინჯით და ხურმა წაბლი იმერეთისგანაცა აქ უმჯობესი არს" (ვახუშტი, გვ. 525). კახეთში განსაკუთრებით მაღალგანვითარებას მიაღწია მევენახეობა-მეღვინეობამ. კახური ღვინო არა მარტო გვიან პერიოდში, არამედ ადრეც ექსპორტის საგანი იყო. თითქმის ყველა სოფელში ვაზის ადგილობრივი, მცირე რეგიონისათვის დამახსიათებელი ჯიშები იყო გავრცელებული, მაგრამ გვიანი პერიოდისათვის საბაზრო ურთიერთობების შედეგად განსაკუთრებით რქაწითელი და საფერავი გავრცელდა. გარე კახეთში ამ მხრივ მანავის მწვანე გამოირჩეოდა. კახეთის ეთნოგრაფიულ ყოფაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ შეიძლება აქ დამზადებული ისეთი ნუგბარი დავივიწყოთ, როგორიცაა ჩურჩხელა, რომელიც ყურძნის ტკბილი წვენისა და ფქვილის ნახარშში (თათარაში) ამოვლებული ნიგვზის ასხმულაა. თათარას ისედაც მიირთმევენ (დასავლეთ საქართველოში კი მსგავს ნახარშს ფელამუში ეწოდება, რომელიც ყურძნის ტკბილი წვენისა და სიმინდის ფქვილის მოდუღების შედეგადაა მიღებული).

კახეთში განსაკუთრებით განვითარებული იყო მეცხოველეობა. ამ მხრივ პანკისის ხეობა (მდ. ალაზნის ზემო წელი) გამოირჩეოდა, ცნობილი თავისი მდიდარი ტყეებით, სადაც ღორებისათვის ბუნებრივი საკვები უხვად მოიპოვებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით, ზოგიერთ გლეხს ოთხასი, ათასი და ზოგჯერ ორი ათასი ღორიც ყოლია. კახეთში მეაბრეშუმეობაც სათანადო დონეზე იყო.

კახეთში ერთგვარად გამოირჩეოდა ქიზიყის მხარე, რომლის ადრინდელი სახელწოდება კამბეჩოვანი იყო, რასაც მესაქონლეობის ისეთი დარგის ფართოდ გავრცელებას უკავშირებენ, როგორიცაა მეკამეჩეობა: "ამას ეწოდა პირველ კამბეჩოვანი, კამბეჩთა სიმრავლისათვის" (ვახუშტი, გვ. 543). სტრაბონი კამბეჩოვანს კამბისენეს ფორმით მოიხსენიებს. საისტორიო წყაროებითა და სამეცნიერო გამოკვლევებით აშკარაა, რომ კამბეჩოვანი (ქიზიყი), რომელიც დღეს თანამედროვე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებს მოიცავს, ძველი ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო და ის შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. თუ დღევანდელი ქიზიყი მდინარეების ალაზნისა და იორის ქვემო წელს შორისაა მოქცეული, ადრე ის (კამბეჩოვანი) სამხრეთითაც გრძელდებოდა და ალაზნისა და მტკვარს შორის არსებულ ტერიტორიას მოიცავდა (მუსხელიშვილი, 1997).

კამბეჩოვანი თავდაპირველად ცალკე ეთნოგრაფიული ერთეული იყო და შემდეგ, გვიანშუასაუკუნეებში, შეერწყა კახეთს. მხარის სახელწოდება - კამბეჩოვანი ქიზიყით XIV ს-ის მეორე ნახევარსა და XV ს-ის პირველ ნახევარში შეიცვალა (მუსხელიშვილი, 1997), რაც დაკავშირებული იყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონის ისტორიაში მომხდარ ცვლილებასთან. კამბეჩოვანი სამეურნეო თვალსაზრისით ორ ნაწილად იყოფოდა: სამხრეთ-აღმოსავლეთში საძოვრების სიმრავლის გამო მეცხოველეობა იყო განვითარებული, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - ინტენსიური მიწათმოქმედება. ამ ორი სამეურნეო ერთეულის შესაყართან, დღევანდელი დედოფლისწყაროს საიხლოვეს იყო ძველი კამბეჩოვანის ცენტრი ხორნაბუჯი, რომლის დიდი ციხე-კომპლექსი აქ დღესაც დგას. კამბეჩოვანის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი XIII ს-ის ბოლოს მტერთა ხშირი თავდასხმების შედეგად მოოხრდა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დემოგრაფიული თვალსაზრისითაც. კამბეჩოვანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ზამთრის საძოვრები არ იყო, მოსახლეობა კვლავ აგრძელებდა ცხოვრებას. აღნიშნულის გამო, მხარის ცენტრმა თავისი ფუნქცია დაკარგა და მან ხორნაბუჯიდან დაბა ქიზიყში (დღევანდელი სიღნაღი) გადაინაცვლა. ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულის ცენტრის სახელწოდება გვიანშუასაუკუნეებში მთელ მხარეზე გავრცელდა (მუსხელიშვილი, 1997). ასე დაერქვა კამბეჩოვანს ქიზიყი.

კამბეჩოვანი (ქიზიყი) საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მხარე იყო. აქ საქართველოს აზერბაიჯანული (უფრო ადრე ალბანური) და სომხური პროვინციები ესაზღვრებოდა. ამდენად, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მხარე იყო. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ქვეყნის დაცვა იყო მაჰმადიანური გარემოცვისაგან. სწორედ ამაში იყო მისი გამორჩეულობა. ქიზიყში გლეხები თავისუფალნი იყვნენ. ქიზიყელებს ფაქტობრივად ბატონი არ ჰყოლიათ. ბევრი ქიზიყელი გლეხი სახელმწიფო გადასახედებისაგანაც კი სრულიად თავისუფალი იყო ბრძოლებში გამორჩეული განსაკუთრებული გმირობისათვის. კამბეჩოვანის (ქიზიყის) ამ ერთგვარად თავისუფალი რეგიონის სტატუსს საფუძველი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს (V ს.) ჩაჰყრია, რომელმაც ის საუფლისწულო მამულად აქცია (მუსხელიშვილი, 1997).

ქიზიყში ზამთრობით აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა საქონელი "გამოიზამთრებდა." ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობდა კამბეჩოვანში (ქიზიყში) მთიელთა მიგრაციასაც. ეს ტენდენცია საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე შეიმჩნევა. ქართველ მთიელთა უკანასკნელი დიდი მიგრაცია აქ XX ს-ის დასაწყისიდან განხორციელდა (თოფჩიშვილი, 1984). ქიზიყის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განვითარებული იყო ინტენსიური მიწათმოქმედება, რასაც აქ არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი საირიგაციო არხების ნაშთებიც მოწმობს.

ქიზიყი იმ მხრივაცაა საყურადღებო, რომ აქ, ბოდბეში განისვენებს ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. ბოდბე ბოდბელი ეპისკოპოსის საჯდომიც იყო. იქვეა V-VI საუკუნეებით დათარიღებული ხირსის მონასტერიც.

კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე ახლა საინგილოს სახელს ატარებს. დღეს ის აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და მოიცავს ამ რესპუბლიკის სამ რაიონს: ზაქათალის, ბელაქნისა და კახის რაიონებს. ტერმინები "საინგილო" და "ინგილო" XIX ს-ში დამკვიდრდა. მისი ქართული სახელწოდება გვიანშუასაუკუნეებში ელისენი იყო, ხოლო უფრო ადრე ეს ტერიტორია საკუთრივ "ჰერეთს" მოიცავდა. საინგილოს ტერიტორიაზე დღემდე ქრისტიანული კულტურის არაერთი ძეგლი და ძეგლთა ნანგრევებია შემონახული, რომელთა მშენებლობა აქ VI-VIII საუკუნეებიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა.. საინგილოში ძირითადად XVI-XVII სს-დან მოსახლეობის ეთნიკური ცვლა მოხდა. შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად ეს მხარე მოსახლეობისაგან თითქმის სულ ამოვარდა (მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყვეტილ იქნა. გადარჩენილი ნაწილი ირანში გაიყვანეს ტყვედ). ქართული მოსახლეობა მინიმუმამდე შემცირდა. ქართველთა ნასოფლარებში დაღესტანელი ხუნძები და წახურელები დასახლდნენ, რომლებმაც ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ყმებად გაიხადეს და გაამაჰმადიანეს. ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული დაღესტნელები თურქეთისა და ირანის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. საინგილოში ქართული მოსახლეობა კუნძულეობრივად შემორჩა. ამ მხარის ადგილობრივ მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს "ახლად მორჯულებულები" (ძველი თურქულით "იანგოლი") უწოდეს, საიდანაც წარმოდგა "ინგილო" და ამ მხარის სახელწოდება "საინგილო".

დღეს საინგილოში მკვიდრობენ როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი ქართველები. მაჰმადიანი ქართველების (ინგილოების) გარკვეულ ნაწილს შემორჩენილი აქვს დედა-ენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება ქართველებად მხოლოდ ქრისტიან ინგილოებს ცნობს. XIX ს-ის რუსულ მეცნიერებაში აღნიშნულია, რომ "ბევრი შავი დღე ნახეს იმ ქართველებმა, რომელთაც სახელწოდება "ქართველი" "ინგილოთი" უნდა შეეცვალათ. ქრისტიან ქართველებს, რომელთაც დანარჩენი კახეთიდან მდ. ალაზანი გამოჰყოფდა, თაყვანი უნდა ეცათ ისლამის მაშინდელი მრისხანე ხმლისათვის. ქართველებს არბევდნენ და ანადგურებდნენ, ერთი მხრივ, სპარსელები, მეორე მხრივ კი, კავკასიელი მთიელები. ორი ბარბაროსი ხალხი, თითქოს ერთიმეორეს ეცილებოდა მათზე გაბატონებაში" (პოსერბსკი, 1865, გვ. 17). გერმანელი ფონ პლატო (1870, გვ. 5) კი წერდა: "ზაქათალის ოლქის ტერიტორია ოდესღაც შეადგენდა კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილს. გაბატონებული ხალხი იყო ქართველები, გაბატონებული რელიგია ქრისტიანობა”.

წარმოადგენდა რა ლანდშაფტურად კახეთის გაღმა მხარის გაგრძელებას, საინგილოში მეურნეობის ის დარგები იყო განვითარებული, რაც კახეთში. ოღონდ კახეთისაგან ამ მხარის ჩამოცილებამ და ძირითადი მოსახლეობის ეთნიკურმა და რელიგიურმა ცვლამ აქ ოდესღაც აყვავებული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა გადააშენა. საინგილოში მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობაა განვითარებული, რომეთაგანაც აღსანიშნავია მეაბრაშუმეობა და თამბაქოს წარმოება, მემინდვრეობა და მესაქონლეობა. საინგილო განსაკუთრებით განთქმულია კაკლის ნარგავებით.

ცალკე ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონია ერწო-თიანეთი, რომელიც ივრის ხეობის ზემო წელში მდებარეობს. სამეცნიერო ლიტერატურაში ერწო-თიანეთი ზოგჯერ კახეთის ერთ-ერთ მხარედ გაიაზრება. მაგრამ საისტორიო წყაროები და საბუთები ერწო-თიანეთს ცალკე ისტორიულ-გეოგრაფიულ//ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარედ გვაგულვებინებს. ასევეა დღევანდელი ეთნოგრაფიული მონაცემებით. ერწო-თიანეთი არც მთაა და არც ბარია. იგი მთიდან ბარში გარდამავალი ზონაა, მთისწინეთია. ერწო-თიანეთს, რომელიც დღევანდელი თიანეთის რაიონს მოიცავს, ჩრდილოეთიდან ფშავი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან-შიდა კახეთი, სამხრეთიდან-გარე კახეთი, დასავლეთიდან კი არაგვის ხეობის დაბლობი ნაწილი. ერწო-თიანეთი, საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეებთან ერთად, ნახსენები აქვს პირველად ლეონტი მროველს, როდესაც ის ქართველ მთიელთა გაქრისტიანების შესახებ საუბრობს (IV ს.): "გარდმოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნეთელ-იღეს" (ქც, 1955, გვ. 126). თიანეთს ცალკე ახსენებს ჯუანშერი ვახტანგ გორგასლის ისტორიის თხრობისას.

ერწო-თიანეთის დღევანდელი მოსახლეობა არაა მემკვიდრე XVII საუკუნემდე აქ მცხოვრები მოსახლეობისა. 1614 წელს, გაზაფხულზე შაჰ-აბასის ურდოებსა და ქართველებს შორის პირველი შეტაკება სწორედ აქ, ჟალეთში მოხდა. ერწო-თიანეთიდან ირანის შაჰს მაშინ 30.000 ტყვე და 40.000 მსხვილფეხა საქონელი გაუყვანია (სინ, 1973, გვ. 265). შემდგომში გადარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი კახეთის ბარში გადასახლდა. ერწო-თიანეთში კი ძირითადად ქართველი მთიელები დაფუძნდნენ XVII-XIX სს-ში (თოფჩიშვილი, 1984). ასე რომ, თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში ერწო-თიანეთი ისრუტავდა საქართველოს მთიანეთის (ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის...) ნამატ მოსახლეობას. აქ დასახლებულმა მთიელებმა ერწო-თიანელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი შექმნეს, რომელთა მეტყველება თიანურის კილო-კავის სახელითაა ცნობილი და რომელიც კახურის, ფშაურის და ხევსურულის ურთიერთგავლენის შედეგადაა წარმოშობილი (ცოცანიძე, 1970).

მეურნეობის დარგებიდან ერწო-თიანეთში მემინდვრეობასა და მესაქონლეობას თანაბარი მნიშვნელობა ჰქონდა. ერწო-თიანეთის ადრინდელი მოსახლეობისათვის ვენახის კულტურაც არ უნდა ყოფილიყო უცნობი, რასაც ტყეებში გაველურებული ვაზის არსებობა მოწმობს. როგორც ჩანს, მის ადრინდელ მოსახლეობას ვაზის შედარებით ყინვაგამძლე ჯიშები ჰქონდა გამოყვანილი.

ერწო-თიანეთი არა მარტო მთისა და ბარის დამაკავშირებელი მთისწინა ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეული იყო, არამედ მასზე გადიოდა ქართლისა და კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზებიც.

ერწო-თიანეთში ქრისტიანული ნაგებობების არაერთი ნაკვალევია, რომელთაგან აღსანიშნავია VIII ს-ის 40-50-იან წლებში მოღვაწე მეფის - არჩილის აშენებული მონასტერი, რომელსაც დღესაც ხალხი "არჩილის მონასტერს" უწოდებს. მთიელთა მიგრაციამ ერწო-თიანეთში მთური სალოცავების ნიშებიც მოამრავლა, რომლებსაც ნ. ბერძენიშვილი მოსწრებულად "ქრისტიანობის მოქიშპეებს" უწოდებდა. შეიძლება დავასახელოთ "ლაშარის ჯვარი", "თამარის სალოცავი", "იხინჭა", "კოპალა", "ლომისა", "იახსარი" და სხვ. მრავალი.

ერწო-თიანეთს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ფშავი ესაზღვრება. ფშავს ჩრდილოეთით ხევსურეთი აკრავს, დასავლეთით-გუდამაყარი, სამხრეთ-დასავლეთით - ქართლის მთისწინეთი. ფშავი დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის და ის ფშავის არაგვის ხეობაში მდებარეობს. ფშავი ისტორიული ფხოვის ერთი ნაწილია. დღეს ფშავი ორად იყოფა: უკანაფშავად და წინაფშავად. უკანაფშავი არის ფშაველთა თავდაპირველი საცხოვრისი. XVI ს-ში ფშაველთა უკანაფშავიდან წინაფშავში მიგრაციის შედეგად წარმოიქმნა წინაფშავი და თავდაპირველი ფშავიც უკანაფშავად იქნა სახელდებული. ფშავი თერთმეტი ტერიტორიული თემისაგან შედგებოდა, რომლებიც გარეგნულად გვაროვნული თემის შთაბეჭდილებას სტოვებდნენ, რადგან ამა თუ იმ ძირითადი გვარის გარშემო იყო წარმოქმნილ-შემომტკიცებული ესა თუ ის ტერიტორიული თემი. ყველა ტერიტორიულ თემს თავისი გამაერთიანებელი სალოცავი ჰქონდა. ამავე დროს ფშავის თერთმეტივე ტერიტორიული თემი მკაცრად იყო თავმოყრილი ცენტალური სალოცავის - ლაშარის ჯვრის გარშემო. ქართული საისტორიო ტრადიციით, "აქ ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აღშენებული, რომლისა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვერცხლისანი ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯუარს და აქუთ სასოება მას ზედა ფრიად" (ვახუშტი, 1973, გვ. 533). ფშაველთა თავდაპირველი საცხოვრისი რომ უკანაფშავი იყო ეს იქიდანაც ჩანს, რომ თერთმეტივე ფშაური ტერიტორიული თემის ძირითადი განსახლების არეალი და მათი სალოცავები უკანაფშავში იყო.

ფშავლებმა სხვა ქართველ მთიელებთან ერთად (ხევსურები, თუშები) დიდი როლი ითამაშეს 1659 წელს ბახტრიონის ბრძოლაში, რითაც ფაქტობრივად კახეთი ეთნიკურ გადაგვარებას გადაარჩინეს. ფშაველებისა და სხვა ქართველი მთიელებისათვის უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლას ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ კახეთის ბარში უცხო ძალის გაბატონებით ხელი ეშლებოდა ტრადიციული სამეურნეო დარგის - მთაბარული (გადარეკვითი) მეცხოველეობის შემდგომ განვითარებას. ვახუშტი ბაგრატიონი (1973, გვ. 573) წერდა: "არამედ ამას წინათთა კახთა მეფეთა არღარა მორჩილებდნენ ფშავ-ხევსურნი და თუშნი და ამან ლევან დაიპყრა არა ძალითა, არამედ აღუთქვა, რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მძოვარ იყვნენ კახეთს, და მისცა შეწირულობა ლაშას ჯუარსა თიანეთსა შინა და მიერითგან მოსცემდნენ ლაშკარსა და ბეგარასა".

ფშავისა და ბარის ურთიერთობისათვის იმის აღნიშვნაც ნიშანდობლივია, რომ ფშაველებისათვის, მათი ჯვარ-ხატ-სალოცავებისათვის ქართველ მეფეებს ბარში ნაბოძები ჰქონდათ მამულები, სადაც მოწეული ღვინო მთაში მიჰქონდათ და იქ რელიგიურ დღესასწაულებზე სვამდნენ (ბარდაველიძე, 1974).

ფშავი, ისევე როგორც ხევსურეთი და თუშეთი, უშუალოდ ექვემდებარებოდა სამეფო ხელისუფლებას. ფშაველებს რომელიმე ფეოდალის ტვირთი არ ედოთ. მათი ვალდებულება მხოლოდ სამხედრო ბეგარა და სამეფო კარზე მცველთა გამოყვანა იყო. ანდა რა უნდა გადაეხადათ ფეოდალებისათვის, როდესაც ქვეყანა უაღრესად მცირემიწიანი იყო და ადგილზე მოწეული მარცვლეული თავად არ ყოფნიდათ, თუ მეცხოველეობის პროდუქტებზე ბარში არ გადაცვლიდნენ.

საქართველოს სამეფო კარს გვიანშუასაუკუნეებში ფშაველებთან (და სხვა ქართველ მთიელებთან) ურთიერთობის ისეთი ფორმა ჰქონდა გამოძებნილი, რომელიც ადგილობრივ მთურ ტრადიციებს ეყრდნობოდა. ცნობილია, რომ ქართველ მთიელებში მაღალ დონეზე იდგა ძმადნაფიცობის ინსტიტუტი. ძმად ეფიცებოდნენ ერთმანეთს არა მარტო პიროვნებები, არამედ მთის სხვადასხვა თემთა ჯვარ-ხატები. ძმადნაფიცობა ავალდებულებდა გაფიცულებს თანხმობაში ყოფილიყვნენ და ერთმანეთს დახმარებოდნენ. გარდა იმისა, რომ ქართველი ხელისუფალნი ბრძოლებში დამსახურებისათვის უხვად ასაჩუქრებდნენ მთიელთა სალოცავებს ბარის საძოვრებით, უძრავი ქონებითა თუ ვენახ-მარნებით, ისინი (ბაგრატიონები) თავიანთ თავს აცხადებდნენ მთიელთა სალოცავების, მაგალითად, ფშავის ცენტალური სალოცავის - ლაშარის ჯვრის, ხევსურთა ძლიერი სალოცავის - გუდანის ჯვრის და სხვათა მოძმეებად (ბარდაველიძე, 1971, გვ. 79-89). უფრო მეტიც, მთაში ამოსული მეფეები თავიანთ მოძმე ჯვარ-ხატებს ესაუბრებოდნენ და შემდეგ სალოცავის სურვილს, დანაბარებს ხალხს გადასცემდნენ. ასე უსაუბრია ხევსურეთში მეფე ერეკლეს გუდანის ჯვართან (ბარდაველიძე, 1982, გვ. 14-15). მთიელებთან ურთიერთობის ეს ფორმა, როგორც ჩანს, ერთნაირად მისაღები იყო როგორც სამეფო ხელისუფლებისათვის, ისე თვითმმართველობით მცხოვრები მთიელთა (ამ შემთხვევაში, ფშაველთა) თემებისათვის. მეფის ხელისუფლებას მოძმეობის ინსტიტუტის საშუალებით ისინი ჩართული ჰყავდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. უფრო მეტიც, 1747 წ. ერთი საბუთით ერეკლე II ფშავში წარგზავნილ თავის მოხელეზე თავდასხმისათვის, დამნაშავეს ასამართლებს არა ოფიციალური ფეოდალური კანონით, არამედ მთური, ხალხური, ჩვეულებითი სამართლით.

ფშავი ეთნოგრაფიული თვალსაზრისით იმ მხრივაცაა საყურადღებო, რომ, მართალია, ფშაველები და სხვა ქართველი მთიელები ქრისტიანებად მიიჩნევდნენ თავს, მაგრამ აქ ქრისტიანობამ მხოლოდ ზედაპირულად შეაღწია და ფაქტობრივად, ისინი მიმდევარნი იყვნენ სინკრეტული რწმენა-წარმოდგენებისა, რაც ძველი ქართული ქრისტიანობამდელი რელიგიისა და ქრისტიანობის ნაზავს წარმოადგენდა. ფშავში არ არის არც ერთი ქრისტიანული ტაძარი. ფშავლები ლოცულობდნენ ადგილობრივ ჯვარ-ხატებში, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტიანული წმინდანების სახელს ატარებდა. ფშავში დიდი იყო თამარ მეფის კულტი, სადაც მის სახელზე სალოცავიც არსებობდა. ფშავის ძირითადი, საერთო სალოცავი კი თამარის შვილის - მეფე ლაშა-გიორგის სახელს ატარებდა, რაც მაჩვენებელია მთის ამ პატარა ეთნოგრაფიული რეგიონის ბართან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან სიახლოვისა და კავშირისა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ფშაური ზეპირსიტყვიერების უაღრესად მაღალი დონე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სატრფიალო პოეზია. განთქმულია ფშაური კაფიები, რაც ექსპრომტად ლექსების თქმას ნიშნავს. თითქმის ყველა ფშაველს შეეძლო ექსპრომტად ლექსის თქმა და ალბათ, შემთხვევითი არაა ისიც, დიდი ქართველი პოეტი ლუკა რაზიკაშვილი (ვაჟა-ფშაველა) (1861-1915) ამ კუთხეში რომ დაიბადა.

ფშავის ჩრდილოეთით ხევსურეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი მდებარეობს. ხევსურეთს აღმოსავლეთიდან თუშეთი ესაზღვრება, დასავლეთიდან - ხევი და გუდამაყარი. ჩრდილოეთიდან ხევსურთა მეზობლები ვაინახები არიან. ხევსურეთს, კავკასიონის მთავარი მთაგრეხილი ორ ნაწილად ყოფს. არაგვისა და მისი შენაკადების ხეობებში პირაქეთა ხევსურეთია, ასა-არგუნის სათავეებში კი პირიქითელები-არხოტელები და შატილ-მიღმახეველები მოსახლეობენ. ხევსურების რემდენიმე სოფელი მეზობელი გუდამაყრის (სოფლები: ბაკურხევი და საკერპო) და ხევის (სოფლები: ჯუთა და ართხმო) ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებშიცაა. ისევე როგორც ფშავი, ხევსურეთიც წყაროებში XV ს-დან ჩნდება. ამავე დროს, წყაროებსა და საბუთებში (აგრეთვე დღევანდელ სასაუბრო ენაშიც) ხშირად ხევსურეთი ფშავთან ერთად, ხევსურები ფშაველებთან ერთად მოიხსენიებიან: ფშავ-ხევსურეთი, ფშაველ-ხევსურნი. ეს არცაა გასაკვირი, რადგან უფრო ადრე ფშავი და ხევსურეთი ერთი ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, რომელიც ფხოვის სახელს ატარებდა: "...აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურეთს, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოელნი (ვახუშტი, გვ. 523, 651).

ფხოველები წყაროებში პირველად IV ს-ში იხსენიებიან, როდესაც ხელისუფლება მთაში ქრისტიანობას ავრცელებდა. წმინდა ნინომ სხვა ქართველ მთიელებთან ერთად (ჭართალელები, წილკნელები, გუდამაყრელები), ფხოველებსაც უქადაგა ქრისტიანობა. მათ ქრისტიანობა არ მიუღიათ, რის გამოც "ფხოელთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს" (ქც, 1955, გვ. 125-126). ამის დამადასტურებელია დღეს, თუშეთში არსებული ხევსურული სალოცავების - ხახმატის, კარატეს და აგრეთვე ფშაველთა სალოცავის - ლაშარის ჯვრის ნიშები. XIII ს-ის დასასრულს ფხოვი ცენტრალურ ხელისუფლებას აჯანყებია. ნიშანდობლივია, რომ ხევსურეთის სოფლების მოსაზღვრე არაქართული მოსახლეობა (ვაინახები) ხევსურეთს "ფხიას" უწოდებს.

ხევსურეთი ყოველთვის სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა და მათი ვალდებულება ხელისუფლების წინაშე მხოლოდ სამხედრო ბეგარა იყო. გვიანშუასაუკუნეებში არაგვის ერისთავებმა სცადეს ხევსურეთის დამორჩილება, მაგრამ ამაოდ (ისინი, ვინც არაგვის ერისთავებს ხელს უწყობდნენ ხევსურეთის დამორჩილებაში, ხევსურებმა აიძულეს მხარიდან აყრილიყვნენ). ხევსურეთში არ იყო რა სოციალური დიფერენციაცია, ასეთ სოციალურ სტრუქტურაში დისონანსის ყველა შემტანი სასტიკად ისჯებოდა (თოფჩიშვილი, 1991). ისევე როგორც საქართველოს მთიანეთის ზოგიერთი სხვა კუთხე, ხევსურეთიც საქართველოს სახელმწიფოს სტრუქტურაში ავტონომიურად ფუნქციონირებდა (გ.მელიქიშვილი). ხევსურები არც ოფიციალურ ფეოდალურ სამართალს სცნობდნენდ და ყველა სადავო საკითხი აქ ჩვეულებითი სამართლით განისჯებოდა. ხევსურეთი გადმოცემებით, ანდრეზებით ცხოვრობდა (ოჩიაური, 1977).

ხევსურეთისათვის, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა მხარეებისათვის, კოშკურ-ქვიტკირული სახლთა ტიპები იყო დამახასიათებელი (ოჩიაური, 1977, გვ. 24).

ხევსურები ბავშვებს გმირულ და ვაჟკაცურ სულს უნერგავდნენ. ისინი ხომ მუდმივად მზად იყვნენ გარეშე მტერთა დასახვედრად. ამიტომაცაა, რომ ხევსურული პოეზიის ძირითადი ჯანრი საგმირო პოეზიაა (შანიძე, 1931).

ხევსურეთში მეურნეობის ძირითადი დარგი მესაქონლეობა იყო. ფშაველებისა და თუშებისაგან განსხვავებით, ხევსურები მთაბარულ (გადარეკვით) მეცხვარეობას არ მისდევდნენ. ადგილზე თითოეულ ოჯახს მხოლოდ რამდენიმე სული ცხვარი ჰყავდა. საუკუნეების მანძილზე ხევსურეთში ადგილობრივი ძროხის ჯიში იქნა გამოყვანილი, რომელიც ამტანობითა და რძის ძალიან მაღალი ცხიმიანობით გამოირჩეოდა. ბუნებრივია, ხევსურები მისდევდნენ მიწათმოქმედებასაც. მიწის პატარა ნაკვეთიც კი არ რჩებოდა დაუმუშავებელი. ისევე როგორც ფშავში, აქაც ჯვარ-ხატებს მიწის მოზრდილი და კარგი ნაკვეთები ჰქონდათ, საიდანაც მოწეული ჭირნახულიდან გამოხდილი არაყი და ლუდი რელიგიურ დღეობებზე იხარჯებოდა. უფრო მეტიც, ხევსურებს და სხვა ქართველ მთიელთა ჯვარ-ხატებს მიწის ნაკვეთები, ქართველ მეფეთაგან ნაბოძები ჰქონდათ ბარშიც. მიწის სიმცირე და სიმწირე ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობას მარცვლეულით მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ ხევსურეთს სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ბართან ჰქონდა და კარაქს, ერბოსა და ყველს ბარში მარცვლეულზე ცვლიდნენ. ხევსურები ღვედების შესანიშნავი მკეთებლებიც იყვნენ, რასაც ბარში ყიდდნენ.

ხევსურეთი საქართველოს სხვა ეთნოგრაფიული რეგიონებისაგან სხვა მხრივაც გამოირჩეოდა. განთქმული იყვნენ ხევსური ხალხური მკურნალები, დასტაქრები, რომლებიც თავის ქალის ურთულეს ოპერაციებს აკეთებდნენ (მინდაძე, 1981). ორიგინალური იყო ხევსურული ტანსაცმელი ჯვრებისა და სხვა სიმბოლოების გამოსახულებით. "ხევსურული "ტალავარი" (კოსტუმი) იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიულ ტანსაცმელებს შორის. ეს ტანსაცმელი მნიშვნელოვანია როგორც თავისი მასალის და თარგის გამო, ისევე და კიდევ უფრო მეტად ორნამენტის გამოც. ხევსურული კოსტუმის ზემოხსენებული იშვიათობა და მნიშვნელობა ეხება არა მარტო ხევსურული მამაკაცის ტანსაცმელს, არამედ ამდენადვე, თუ უფრო მეტად არა, ქალის ტანსაცმელსაც (ბარდალევიძე, ჩიტია, 1939, გვ. 1).

ხევსურეთი ორიგინალური იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ თითქმის მთელ საქართველოში გავრცელებული დიდი ოჯახები ხევსურეთში არაა დადასტურებული.

ხევსურთა სარწმუნოება ძირითადად წარმართული ხასიათისა იყო, რომელსაც უხვად ჰქონდა შერწყმული ქრისტიანული ელემენტები. ასე რომ, ისინი სინკრეტული რწმენა-წარმოდგენების მიმდევრები იყვნენ. აქ არ იყო არცერთი ქრისტიანული ტაძარი (ეკლესია), თუმცა ყველა თავს ქრისტიანად მიიჩნევდა (ხევსურეთი და ფშავი ხარჭაშნელის ეპარქიაში შედიოდა. ხარჭაშნელი ეპიკოპოსი არაგვის ხეობის მთისწინეთში - თვალივში იჯდა). ხევსურთა მთავარ ღვთაებად მორიგე ღმერთი ითვლებოდა, მის ხელქვეითებად კი-ხევსურეთის სხვადასხვა თემ-სოფლის ღვთაებები (ოჩიაური, 1977). ხალხმრავალი თემისა და გვარის ღვთაების კულტი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მცირე საყმოსი. ხევსურეთის ძირითადი გვარების (არაბული-გოგოჭური-ჭინჭარაული) სალოცავი - "გუდანის ჯვარი" - ყველაზე ძლიერ სალოცავად ითვლებოდა, რასაც მის ყმათა სიმრავლე-სიძლიერე აპირობებდა (ოჩიაური, 1977, გვ. 123). ხევსურეთში, ფშავისა და მთიულეთისაგან განსხვავებით, არ გვქონდა ცენტალური ხევსურული სალოცავი. ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა რეგიონებში, ხევსურეთშიც ლუდს საკულტო დღესასწაულებზე ხდიდნენ. როგორც დამოწმებულია ხევსურეთის მკვიდრნი თავიანთ მიცვალებულებს სხვადასხვა ფერის სუდარაში ახვევდნენ. პირველი სუდარა თეთრი ფერისა უნდა ყოფილიყო, მეორე ლურჯი და მესამე - წითელი.

ხევსურეთის ნამატი მოსახლეობა, ისევე როგორც მთის სხვა მხარეებისა, დროდადრო ავსებდა ბარის შეთხელებულ მოსახლეობას. მაგრამ ხევსურეთისათვის სავალალო აღმოჩნდა, როდესაც 1952 წელს ხევსურები ხელისუფლებამ ნაძალადევად ჩამოასახლა სამგორის ველზე, რის შედეგადაც ბევრი სოფელი ნასოფლარად იქცა.

ხევსურეთი გამოირჩეოდა სტუმარმასპინძლობის მდიდარი ტრადიციებით. აქ სტუმარ-მასპინძლობის დაუწერელი კანონი იერარქიულად აღემატებოდა სისხლის აღებისას. ხევსურეთში ქალისა და კაცის ერთად წოლის ("სწორფრობა") ტრადიციაც არსებობდა, რითაც ის მსგავსებას მეზობელ ფშავთან ჰპოვებდა, სადაც მსგავსი წეს-ჩვეულება "წაწლობის" სახელით იყო ცნობილი.

თუშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი კახეთის მთიანეთს ეკუთვნის და ის მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. IV ს-ში თუშეთი გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი ფხოველების თავშესაფარი იყო. ქართული მხარეებიდან თუშეთს საზღვარი მხოლოდ ფშავსა და ხევსურეთთან აქვს. სხვა მხრივ მას ჩრდილო-კავკასიელი მთიელები-ჩაჩნები და დიდოელები ესაზღვრებიან.

თუშეთი XIX-XX სს-ის მიჯნაზე ოთხ ტერიტორიულ თემად იყოფოდა: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითი. პირიქითის თემს ვახუშტი ბაგრატიონი "ფარსმის თუშეთს" უწოდებს. გომეწრის, ჩაღმისა და პირიქითის თემის თუშები ქართული ენის თუშურ დიალექტზე მეტყველებენ, რაც შეეხება წოვებს, ისინი ორენოვანნი არიან. მათი საშინაო-საოჯახო სალაპარაკო ენა ბაცბური იყო; გარეთ კი ქართული ენის კახური დიალექტის მსგავს კილოზე მეტყველებენ. თუშების ეს ორი ჯგუფი სხვამხრივ კი თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეთნოგრაფიულად ისინი ერთნი არიან. დღეს თუშეთი ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისაგან და კახეთის ბარში არიან ჩამოსახლებულნი. თუშების კახეთის ბარში ჩასახლება ერთდროულად მოხდა. XIX ს-ის 30-იან წლებში ჯერ მეწყერ-ნიაღვარისაგან შეწუხებული წოვები აყრილან, ხოლო XX ს-ის დასაწყისში - ჩაღმა თუშები. თავდაპირველად, წოვებისაგან განსხვავებით, ჩაღმა თუშებს თუშეთში ბინადრობა არ მოუშლიათ: ხვნა-თესვას ეწეოდნენ მთაშიც და ბარშიც. "ამისდაკვალად შეიქმნა საქართველოს სინამდვილეში მხოლოდ თუშეთისათვის დამახასიათებელი ორგანბინადარი მოსახლეობის ტიპი, რასაც დაუკავშირდა სათანადო ტერმინებიც: "კახურაები" - საზამთროდ კახეთში მიმავალნი და "თუშურაები" - ზამთარ-ზაფხულს მთაში მცხოვრებნი" (ცოცანიძე, 1987, გვ. 13).

მართალია, XX ს-ის დასაწყისში თუშეთში ოთხი ტერიტორიული თემი იყო, მაგრამ ეთნოგრაფიული მონაცემებით აქ ტერიტორიულ თემთა რაოდენობა უფრო მეტი ყოფილა და მათი გამსხვილება მომხდარა. გომეწრის თემს ივანაურთა და ხეცურთა თემები შეუერთებია, ჩაღმის თემს-ჭანჭახოვანის თემი, პირიქითის თემს კი სამციხის თემი. ამრიგად, ისტორიულ თუშეთში რვა თემი არსებობდა: ჭინჭახოვანი, ჩაღმა, ხეცუურთა, ივანაურთა, გომეწარი, პირიქითი (აღმა), სამციხი, წოვათა.

თუშეთში მეურნეობის დარგებიდან მეცხვარეობა იყო დაწინაურებული. კახეთის ბარში საზამთრო საძოვრებზე ცხვრის ჩამოყვანას ისინი უკვე საუკუნეებია მისდევენ. "თუშნი ინახავენ ცხოვართა სიმრავლესა, ვინაბთგან აქუთ ზაფხულსა თგსთა მთათა შინა საძოვარი და ზამთარს ჩამოვლენ გაღმამდარსა შინა, და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა" (ვახუშტი, გვ. 554). ვახუშტი ბაგრტიონი ხაზს უსვამდა, რომ თუშები საქართველოს სამეფო კარის მოლაშქრეები არიანო და განსაკუთრებით მათ ბრძოლისუნარიანობას აღნიშნავდა.

თუშეთში მაღალ განვითარებას მიაღწია რა გადარეკვითმა, მთაბარულმა მეცხვარეობამ, საუკუნეთა განმავლობაში თუშებმა ამ პირობებს შეგუებული ცხვრის განსაკუთრებული ჯიში _ თუშური ცხვარი გამოიყვანეს. საქართველოში განსაკუთრებით სახელგანთქმულია თუში მეცხვარეების მიერ დამზადებული თუშური გუდის ყველი, რომელიც მაღალი ცხიმიანობითა და კარგი გემოთი გამოირჩევა (მისი ცხიმიანობა 35-39% უდრის). თუში ასევე გამოირჩევა ტილოების, ფარდაგების, წინდების ქსოვის მაღალი დონითა და ჩითების, ქუდების დამზდებით (თუშური ქუდი ქართლში "კახური ქუდის" სახელით იყო ცნობილი).

თუშეთი გამოირჩევა ციხე-კოშკების სიმრავლითაც. ეს საგვარეულო და სასოფლო ხუთ-ექვს სართულიანი კოშკები საიმედო თავშესაფარი იყო მტერთა თავდასხმების დროს. ყველა სოფელს თავისი სალოცავი ჰქონდა. მაგრამ ზოგან ორი სოფელი ერთ სალოცავს ლოცულობდა. ორი და სამი მეზობელი სოფლის ან ჯვრის საყმოს წარმომადგენლები ერთიმეორეს "მეკოდენი" იყვნენ და ამასთან განსაზღვრული მოვალეობანი ეკისრებოდათ ერთმანეთის მიმართ (კანდელაკი, 1995; ცოცანიძე, 1987, გვ. 9). ამრიგად, თუშეთში მეკოდე სოფლების სახით ტერიტორიული თემის განსაკუთრებული, თავისებური სახე არსებობდა. სახნავი და სათიბი მიწები თუშეთში საერთო საგვარეულო საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც გვარში შემავალ ოჯახებს შორის დროდადრო ნაწილდებოდა (ცოცანიძე, 1987, გვ. 10-11).

ხევი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთი ძველი ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია მდ. თერგის ხეობის ზემო წელში. ხევი იწყება ჯვრის უღელტეხილიდან, რომელიც ზღვის დონიდან 2.395 მ. სიმაღლეზე მდებარეობს და რომელიც მას მთიულეთისაგან გამოჰყოფს და მთავრდება დარიალში. "ამას ქუეით არს დარიელა არაგვს აღმოსავლით, კიდესა ზედა, გ მეფის მირვანის მიერ. შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათვს, რათა უმისოდ ვერღარა ვიდოდნენ" (ვახუშტი, 358).

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევი ყაზბეგის რაიონს მოიცავს. ჩრდილოეთიდან ხევს რუსეთის ფედერაცია (ოსეთი და ინგუშეთი) ესაზღვრება, სამხრეთიდან-მთიულეთისა და გუდამაყრის ეთნოგრაფიული ერთეულები, აღმოსავლეთიდან-ხევსურეთი; დასავლეთიდან ხევს თერგისავე ხეობაში მდებარე მცირე ეთნოგრაფიული ერთეული თრუსო ესაზღვრება, საიდანაც დვალეთის "ქვეყანაშია" გადასასვლელი. ხევს, თავისი მდებარეობის გამო საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სტრატეგიული დანიშნულება. ხევით ხდებოდა ძირითადად საქართველოს დაკავშირება ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხებთან. თავისი საკომუნიკაციო და სტრატეგიული დანიშნულების გამო იყო, ალბათ, რომ ხევი სოციალურად უფრო განვითარებული და დაწინაურებული იყო, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეები. განსხვავება იყო რელიგიურ ინსტიტუტებშიც. აქ აღმართული იყო მნიშვნელოვანი ქრისტიანული საეკლესიო ნაგებობანი: სიონი, გერგეტის სამება... "მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზარად, სადაცა ესუენა ნინოს ჯუარი, შუენიერნაშენი, შუენიერს ადგილს" (ვახუშტი, გვ. 357). გერგეტის სამება საერთო სახევო (სათემო) სალოცავი იყო.

საისტორიო წყაროებით აშკარაა, რომ თერგის ხეობა თავის დროზე წინართა ქართველური ტომით იყო დასახლებული, რომლებმაც შემდეგ დიდი როლი ითამაშეს VIII-IX სს-ში კახეთის სამთავროს წარმოქმნაში. მთიელი წანარების კახეთში გადასახლების შემდეგ, მათი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი ისტორიის სარბიელიდან გაქრა. თერგის ხეობის ზემო წელი მოსახლეობისაგან თითქმის თავისუფალი გახდა. ისტორიული წანარეთის დიდ ნაწილს სახელი ეცვლება და ხევად იწოდება. "მოქცევაბ ქართლისაბ"-ში ნახმარია ტერმინი "წანარეთისა დევსა." დროთა განმავლობაში "წანარეთის დევი"-დან "წანარეთი" დაიკარგა და მივიღეთ "ხევი."

ხევი სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. მხოლოდ XVII ს-ის 20-იანი წლებიდან იყო არაგვის ერისთავების გამგებლობაში. მოხევეთა ძირითადი ფუნქცია საქართველოს ძირითადი ჭიშკრის-დარიალის დაცვა იყო.

ვარგისი მიწის სიმცირემ და სიმწირემ ხევში მეურნეობის წამყვან დარგად მეცხოველეობა და განსაკუთრებით მეცხვარეობა აქცია. "ხევის მოსახლეობის ძირითად საარსებო საშუალებას ოდითგანვე შეადგენდა მესაქონლეობა და მთის მიწათმოქმედება, ხოლო შემოსავლის დამხმარე წყაროს-შინამრეწველობა, მონადირეობა, საქართველოს სამხედრო გზაზე მუშაობა და ქირის ტვირთის ზიდვა" (ითონიშვილი, 1984, გვ. 3). ხევის შესახებ ვახუშტი (გვ. 358-359) შემდეგს წერდა: "ხოლო დეობა დევის არს მოსავლიანი ხორბლისა, ქრთილისა, სელისა, შვრივისა შთასავლით გუელეთამდე. არა არს აქა ხილნი, თგნიერ მთის ხილითა; არს კოწახური, მოცხარი, კლდის მერსენი და სხუანიცა ბალახთა ხილნი. არს ვარდი ჭალათა მრავალფურცლოვანი და წითელი მრავალი და სხუანიცა ყუავილნი მთისანი მრავალნი პირუტყუნი, რაც ოდენ ეტევის, მრავალნი ცხვარი უდუმო. არს აქა მჯიხგ მრავალი ჯოგად და არჩგ. არს ფრინველი შურთხი, გნოლი და ზაფხულს მწყერი ურიცხუნი. იტყგან ლითონს ოქროსასა და ვერცხლისასა. არა არს ტყე აქა, არამედ ზიდვენ გუელეთის ქუემოდან. ჰავით არს კეთილმშუენი. კაცნი არიან მებრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი, ვითარცა მთიულნი... სარწმუნოებით ქართველთა თანა, არამედ მისიცა უმეცარნი”.

ისევე როგორც მთიანეთის სხვა მხარეებშიც, ხევშიც ბევრი გვქონდა ციხე-კოშკები, რომელთაგანაც ბევრმა ნაკოშკარ-ნაციხვრების სახით მოაღწია.

ხევს სამხრეთიდან მთიულეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეული ესაზღვრება. მთიულეთს აღმოსავლეთიდან გუდამაყარი, დასავლეთიდან-შიდა ქართლის მთიანი ნაწილის ქსნის ხეობა (ისტორიული "ცხრაძმა"), სამხრეთიდან კი მცირე ეთნოგრაფიული ერთეული-ხანდო ესაზღვრება. სამხრეთით მთიულეთი ფასანაურამდე, თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) არაგვთა შეერთებამდე გრძელდებოდა, ჩრდილოეთით კი მას ხევისაგან ჯვრის უღელტეხილი გამოყოფდა. დღევანდელი მთიულეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი უფრო ადრინდელი, ორი სხვადასხვა ასეთი მხარის - ხადისა და ცხავატის გაერთიანების შედეგადაა მიღებული, რაც XIV-XV სს. მიჯნისათვის უკვე ფაქტია. მთიულეთს ჰქონდა თავისი გამაერთიანებელი სალოცავი "ლომისა", რომელსაც ქსნისხეველებიც ეყმობოდნენ. "მთის თხემსა ზედა არს ეკლესია წმინდის გიორგისა, წოდებული ლომისა, არამედ უგუმბათო არს და არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვერცხლისანი, დახიზნულობით უჭურეტს სამდრით კსანსა, ჩრდილოთ მთიულეთს" (ვახუშტი, გვ. 355). თუმცა XIV-XV სს. საისტორიო წყაროში ("ძეგლი ერისთავთა") თეთრი არაგვის ხეობაში მოსახლე მთიელთა ხადელებად და ცხავატელებად სახელდება კვლავ გრძელდება. ზოგჯერ ერთად ("დადელცხავატელნი") არიან მოხსენიებულნი (ქსძ, 1965, გვ. 105). ირკვევა, რომ ხადასა და ცხავატს, როგორც დამოუკიდებელ ეთნოგრაფიულ ერთეულებს, თავისი სალოცავი ჰქონდა. ასეთად წარმოგვიდგება ხადაში არსებული სალოცავი "ხადიჯვარი" ანუ "ხადისა თორმეწამე," რომელიც ყველა ხადელის, ხადაში შემავალ სოფელთა და გვართა საერთო გამაერთიანებელი სალოცავი იყო და "ცეცხლიჯვარი" ნასოფლარ ზამთრეულთაში, რომელიც ცხავატის ისტორიული თემის საერთო სალოცავი იყო (თოფჩიშვილი, 1985). მთიულეთის ეთნოგრაფიული რეგიონის ხადისა და ცხავატის ტრადიციის ძალით, ცალ-ცალკე სახელდება მოგვიანო პერიოდშიც გრძელდებოდა. მაგალითად, 1770 წლის საბუთში არაგვის ხეობის ჩამოთვლილ რეგიონთა შორის ხადა კვლავ ცალკეა მოხსენიებული.

მიჩნეულია, რომ ხადის ადრინდელი სახელწოდება იყო წილკანი. ლეონტი მროველი, როდესაც წმინდა ნინოს მიერ მთიელთა გაქრისტიანებაზე საუბრობს, სხვა მთიელებთან ერთად, წილკნელებსაც ასახელებს. ცხავატი კი პირველად ბუღა_თურქის ლაშქრობის დროსაა (853 წ.) "ქართლის ცხოვრებაში" სახელდებული. ხადისა და წილკანის გაიგივება ჩვენ არადამაჯერებლად მიგვაჩნია. წილკნელთა თემის არსებობა არაგვისავე ხეობაში სხვაგანაა საგულვებელი. XIII ს. დასასრულს სამეფო ხელისუფლებისაგან განდგომილი ფხოველების წინააღმდეგ ხადელები და ცხავატელებიც იბრძოდნენ. XIN ს-ში ცხავატსა და ხადას ბრძოლა ჰქონდა ცხრაზმისხევთან (ქსნის ერისთავებთან). ერთ-ერთი ბრძოლის დროს 18 ცხავატელი ხევისბერი დაღუპულა.

მთიულეთი კოშკებით იყო დაფარული. მარტო ხადაში 60 კოშკი ყოფილა. "...გარდა სვანეთისა ჩვენ არ ვიცით არც ერთი კუთხე, სადაც მცირე ტერიტორიაზე ასე ბევრი კოშკი იდგეს" (ზაქარაია, 1962, გვ. 50). მთიულეთში კოშკების განსაკუთრებული ტიპი _ ზურგიანი კოშკები იყო აგებული. კოშკებს ზურგი მთისაკენ აქვთ მიქცეული. ისინი ძირითადად ადრეფეოდალურ ხანაში (X ს-ის ჩათვლით) არის აგებული. სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ მთიულეთის კოშკებში შერწყმულია თავდაცვითი და საკულტო ფუნქციები.

როგორც მთიანეთის ყველა მხარეში, მთიულეთშიც მეცხოველეობა, როგორც მესაქონლეობა, ისე მეცხვარეობა იყო განვითარებული. თავისთავად ცხადია, აქ მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ, მაგრამ მიწის სიმცირისა და სიმწირის გამო, მოსავალს საკმარისი რაოდენობით ვერ იღებდნენ. პურეულს ბარში ყიდულობდნენ. მთიულები ზამთრობით ცხვარს თბილისის მახლობლად, დიღმის ველზე და აგრეთვე სოფელ აღაიანთან აბალახებდნენ, ხოლო ზაფხულობით-თავიანთ მთებში. ყიდდნენ ყველს, ერბოს, მატყლსა და ცხვრის ტყავებს, ამზადებდნენ მატყლის უხეშ ქსოვილს, თელავდნენ ნაბდებს. მოყავდათ კანაფი, რომლისაგანაც თოკს გრეხდნენ. მთიულეთში განვითარებული იყო ასევე ხელოსნობა, მატყლისა და რქის დამუშავება. მთიულეთსა და მთიულებზე საუბარს ვახუშტის სიტყვებით დავამთავრებთ: "და არს მოზღუდვილი მთიულეთი მთითა, ამის გამო მაგარი და შეუვალი არს, უვენახო, უხილო, მცირე მოსავლიანი. არამედ მოიღებენ ბარიდან ტკბილსა, შთაასხმენ აქა და ლომისას, და დადგების ღგნო კეთილი, თეთრი და ტკბილი... არს ცხვარი უდუმო-კუდიანი, ძროხა და ცხენიც არა მრავალ, სივიწროვის გამო. ჰავითა არს ფრიად კეთილი და შუენიერი, წყარო-წყლითა და მწუანითა... პური ნოყიერი, ეგრეთვე ქრთილიცა. კაცნი ჰაეროვანნი, მდნენი და მბრძოლნი, ერთგულნი, ბრიყუ-უსაქციელონი, საჭურველთ-მოყუარენი, სამოსელთა და იარაღთა გამწყონი. ქალნიცა მშუენიერნი." (გვ. 355-356).

შავი არაგვის ხეობაში მდებარეობს გუდამაყარი. ეს ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი, მართალია, ხშირად მთიულეთთან ერთად ერთ კონტექსტში მოიხსენიება ("მთიულეთ-გუდამაყარი") და ეთნოგრაფიულად გუდამაყარს ბევრი რამ აქვს საერთო მთიულეთთან, მაგრამ მაინც გუდამაყარი ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. ცალკე გვიხასიათებს მას ვახუშტი ბაგრატიონიც. გუდამაყარს საზღვარი აქვს მთიულეთთან, ხევთან, ხევსურეთთან და ფშავთან. მას იხსენიებს ლეონტი მროველი ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით (IV ს.). ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო ქრისტიანობას სხვა მთიელებთან ერთად გუდამაყრელებსაც უქადაგებდა (ქც. 1955, გვ. 125). გუდამაყარი ნახსენები აქვს VII ს. სომხური გეოგრაფიის ანონიმ ავტორს. 1071-1080 წლების საისტორიო საბუთში ნახსენებია "ჩაბალახი გუდამაყრული" (ქსძ. 1984, გვ. 40). ძველ ქართულში "ჩანალახი" იგივე "მუზარადია." ასე რომ, X ს-ის საქართველოში ძალიან ფასობდა გუდამაყრული მუზარადი. გუდამაყრელებს, როგორც კარგ ხელოსნებს, ვახუშტი ბატონიშვილიც ახასიათებს. მათ უკეთებიათ აგრეთვე მშვილდ-ისრები: "და არს გუდამაყრის დეობა მაგარი, მოსავლით ვითარცა სხუა მთის ალაგნი და უფროს მწირი. კაცნი და ქალნი მგზავსნი მთიულთა, დელოსანნი, მშგლდთმოქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და დართაგან" (გვ. 354).

გუდამაყარი რომ ცალკე ეთნოგრაფიული რეგიონი იყო და რომ ის მთიულეთთან ერთად ერთ ეთნოგრაფიულ ერთეულს არ ქმნიდა ეს ჩანს იქიდანაც, რომ გუდამაყრელები არ ეყმობოდნენ საერთო მთიულურ სალოცავს - "ლომისა." გუდამაყრელების საერთო სალოცავი "პირიმზე ფუძის ანგელოზი" იყო. გუდამაყრის დღევანდელი მოსახლეობის უმეტესობა ხევსურეთიდანაა მიგრირებული. ადრინდელი მოსახლეობა რამდენჯერმე შეცვლილა. ისინი ბარში გადასახლებულან. ხევსურეთიდან გუდამაყარში მოსახლეობის მიგრაციამდე, გუდამაყრის მოსახლეობის მთავარი სალოცავი "საბურთველოს წმინდა გიორგი" იყო (თოფჩიშვილი, 1985). მხოლოდ გუდამაყრისათვის იყო დამახასიათებელი ე.წ. "უყმო ყმის" ინსტიტუტი. "პირიმზე ფუძის ანგელოზი" წიკლაურ-ბექაურთა საგვარეულო სალოცავი იყო. მაგრამ, როგორც ძლიერ სალოცავს, მას გუდამაყრის სხვა გვარები (ჩოხელები, აფციაურები, ანთაურები) ეყმობოდნენ როგორც უყმო ყმანი.

გუდამაყარში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეცხვარეობა და მთის მიწათმოქმედება.

არაგვის ხეობაში, მთიულეთის სამხრეთით მდებარეობს მთიანეთის კიდევ ორი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ხანდო და ჭართალი. ხანდოსა და ჭართლის ეთნოგრაფიული თემები არასდროს არ შედიოდა მთიულეთის ეთნოგრაფიულ რეგიონში. ამ ორი თემის მკვიდრნი ქართლურ დიალექტზე მეტყველებენ. ხანდოელი მთხრობელის თქმით, "მთიულები იღმინებიან, რაღაც აგრძელებენ. ჩვენ კიდევ ქვევით ხალხს (ე.ი. ქართლელებს) ვემგვანებით." ორივე მხარეში მოსახლეობის ცვლას ჰქონია ადგილი, განსაკუთრებით ეს ითქმის ჭართალზე, სადაც მხოლოდ ადგილობრივი მკვიდრი ორი გვარია. ჭართლის დანარჩენი მოსახლეობა ხევსურეთიდანაა გადმოსახლებული XVII ს-ის პირველ ნახევარში, XIX ს-ის შუა ხანებიდან კი მთიულეთიდან და გუდამაყრიდან. 1746 წლის საისტორიო საბუთში, რომელშიც ჩამოთვლილია არაგვის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულები, ხანდო და ჭართალი ცალკეა დასახელებული: "და ჩვენც დელახლა წყალობა გიყავით თქვენი სამწყსო: მთიულეთი, დევი, გუდამაყარი, დანდო, ჭართალი..." (ქსძ, 1965, გვ. 397). XVIII ს. II ნახევრის საბუთში "კათალიკოზის სამწყსო სოფელნი და მღვდელმთავარნი ქართლსა და კახეთში" ვკითხულობთ: "წილკანისა მიტროპოლიტი იოანე, რომელიც აქ სცხოვრობს წილკანს, რომელსაცა ჰყავს სამწყსოდ აწ შენნი სოფელნი რიცხვით ორმოცდაექვსი და ხეობანი: მოხევენი, მთიულნი, გუდამაყრელნი, ხანდოელნი, ჭართლელნი" (ქსძ, 1970, გვ. 1114). პირველი საბუთით ირკვევა, რომ XVIII ს-ის შუა ხანებში არაგვის ხეობის მთიელები (მთიულები, მოხევეები, გუდამაყრელები, ხანდოელები და ჭართლელები) "რჯულზედ მიდრეკილები იყვნენ." მათ წილკნელი ეპისკოპოსი თავის სამწყსოში არ შეუშვიათ. მთიელების მხრივ ამგვარი პრობლემები ცენტრალურ ხელისუფლებას, როგორც ირკვევა, დროდადრო ექმნებოდა. საქართველოს მთიანეთის ჩამოთვლილ მხარეებში ქრისტიანობის ოდითგანვე გავრცელების მიუხედავად კვლავ მძლავრად იყო შემორჩენილი წარმართული ელემენტები. ქართული საისტორიო ტრადიციით, ფარნავაზის მომდევნო მეფეს საურმაგს (ძვ.წ. III ს.) აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიანეთში დურძუკები გადმოუსახლებია. მათი დასახლების ერთ-ერთი რეგიონი "ჭართალეთი" ყოფილა (ქც, 1955, გვ. 28). ჭართალი ნახსენებია "ქართლის ცხოვრებაში" ბუღა-თურქის ლაშქრობის დროს (გვ. 256). ცალკე ეთნოგრაფიულ ჯგუფად არის ნახსენები ჭართალელნი წმ. ნინოს მიერ ქართველთა მოქცევისას. "ხანდო" კი პირველად მოიხსენიება XIV-XV სს. მიჯნის "ძეგლი ერისთავთაში" (ქსძ, 1965, გვ. 106). ხანდოში და ჭართალში სასოფლო სალოცავებთან ერთად სათემო ცენტრალური სალოცავებიც არსებობდა.

ქართლის მთიანეთს ეკუთვნოდა ისტორიული დვალეთი, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა. დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო მთელი ისტორიის მანძილზე. ცარიზმმა დვალეთი ქართლ-კახეთთან ერთად შეიერთა; თბილისის გუბერნიას ის 1859 წელს ჩამოაჭრა და თერგის ოლქს გადასცა. დვალეთი კავკასიონის ორ მთავარსა და პირიქითელ ქედებს შორის არის მოქცეული. ჩრდილოეთით მდებარე ქედი, ე.ი. პირიქითელი სამხრეთისაზე, ე.ი. წყალგამყოფ ქედზე (დვალთგორა) უფრო მაღალია. დვალეთი, როგორც საქართველოს მონაპირე მხარე, დანარჩენ საქართველოსთან გეოგრაფიულად და ორგანულად იყო დაკავშირებული თერთმეტი გადასასვლელით. ასე რომ, მიმოსვლა დვალეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის (შიდა ქართლისა და რაჭის გავლით) ზამთარშიც არ წყდებოდა. შიდა ქართლიდან დვალთგორაზე მთავარი გადასასვლელი იყო "ზეკარა." ჩრდილოეთ კავკასიასთან კი დვალეთი ერთი გადასასვლელით-კასრის კარით იყო დაკავშირებული, რომელიც მხოლოდ ზაფხულში (სამი-ოთხი თვე) ფუნქციონირებდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან კასრის კარით შემოსასვლელ გზას ქართულ წყაროებში - "გზა დვალეთისა" ეწოდებოდა. დვალეთი ექვსი ხეობის (თემის) - კასრის ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა-ერთობლიობას წარმოადგენდა. დღევანდელი ნომენკლატურით დვალეთი მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთის მდინარეების: არდონის, ფიაგდონის და გიზელდონის აუზების ზემო წელს. შეცდომით დვალეთს მიათვლიან მდ. თერგის სათავეს - თრუსოს და მდ. დიდი ლიახვის სათავეს-მაღრან-დვალეთს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ამ ორ, მცირე გეოგრაფიულ ერთეულში ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში მოხდა დვალთა მიგრაცია. თრუსო ისტორიული წანარეთის ერთი ნაწილია.

შიდა ქართლის მთიანეთის სხვა ხეობების მსგავსად, დვალეთშიც ქრისტიანობა ადრიდანვე გავრცელდა (VI ს.). დვალეთი შედიოდა ნიქოზის ეპარქიაში (სამწყსოში). საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.) ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში ჩაკეტილმა ოსებმა დვალეთზე ხშირი თავდასხმების, ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართული მოსახლეობა-დვალები, მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვა მხარეებში გადასახლებულიყვნენ. ოსთა მიგრაცია დვალეთში ძირითადად XVI ს-ში განხორციელდა და ადგილზე დარჩენილი დვალური მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნიკურ სამყაროში გაოსდა. ასიმილაციის ეს პროცესი XVII-XVIII სს. მიჯნაზე ძირითადად დასრულდა. ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს. II ნახევარი) დვალეთი ქართლის სამეფოში შედიოდა. დვალეთს, ჩვეულებრივ, როგორც სამეფო ქვეყანას, სამეფო კარის მიერ დანიშნული მოურავები განაგებდნენ. მაგალითად, XVII ს. დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რომელიც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურაობასთან ათავსებდა. მოგვიანებით დვალეთის ზოგიერთი ხევი რაჭის ერისთავთა გამგებლობაში გადასულა. XVIII ს. ბოლოს, მხოლოდ ზახა და ნარა იყო ქართლ-კახეთის მეფეთა გამგებლობაში. მაღლა დვალეთი, ჟღელე (იოანე ბაგრატიონის მიხედვით - "ჟღერე"), ლესრე, თებე, ლეთა, კასარა და სხვა წვრილი სოფლები რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდა. დვალეთში ოსთა დასახლკარების შემდეგ, ჩანს, ოსები ხანდახან ქართლის სამეფო კარის მორჩილებაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ ქართველი მეფეები მაინც ახერხებდნენ თავიანთ გამგებლობაში ყოლას. მაგალითად, დვალეთში განსახლებული ოსების წინააღმდეგ ძალა გამოუყენებია მეფე ვახტანგ VI-ეს. მან 1711 წელს ჯარით შემოიარა ეს კუთხე: "ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის ხევი და გადმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდან ქართლს გამარჯვებული" (ვახუშტი). ოს ისტორიკოსებს აქვთ ტენდენცია და სურვილი დვალეთად მიიჩნიონ საბჭოთა პერიოდის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი ლიახვის ხეობის უკიდურეს სათავეში, არსებობდა მაღრან-დვალეთის თემი, რომელიც ცხრა მთური სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა და რომელიც წარმოიქმნა გვიან, X-XI სს. დვალეთიდან დვალთა გადმოსახლების შედეგად.

დვალეთიდან გამოსულ მოღვაწეთაგან ცნობილი არიან XI ს-ის სასულიერო მოღვაწენი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი.

დვალეთში, თავის დროზე ქართული მატერიალური კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რომელთაგანაც მცირე რაოდენობამ მოაღწია ჩვენამდე. კასრის კარი იყო "კლდისაგან და ქვიტკირით ქმნილი, რათა არა ვიდოდნენ თგნიერ მთასა ოვსნი." ზრამაგაში იყო "ციხე დიდი, ფრიად მაგარი, იტყგან აღშენებულს თამარ მეფისაგან და დაბა კოშკოვანი" (ვახუშტი). ვახუშტი ბაგრატიონი ზახაში ეკლესიის არსებობაზე მიუთითებდა. მთლიანად დვალეთი კი თავის დროზე, ისევე როგორც საქართველოს მთიანეთის სხვა მხარეები, კოშკებით იყო დაფარული.

ქართველი მთიელები-დვალები სპორადულად იყვნენ განსახლებულნი დიდი ლიახვის მთის რამდენიმე სოფელსა და თრუსოში (მდ. თერგის სათავე, ისტორიული წანარეთის ნაწილი). ოსთა მოწოლის შედეგად დვალები განსახლდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (რაჭა, ზემო იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე), სადაც მტერთა ხშირი თავდასხმების გამო, ბევრი ნასოფლარი იყო.

დვალები პირველად ანტიკურ წყაროებში ახ.წ. I და II სს-ში არიან მოხსენიებული (პლინიუს უფროსი, პტოლემე) თალის, ვალის, უალის სახელწოდებით. ქართულ წყაროებში დვალებით დასახლებული ქვეყანა დვალეთი პირველად ნახსენებია III ს-ის შუა ხანებში მეფე ამაზასპის დროს. მეცნიერებაში დვალთა ეთნიკური წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობდა. ქართული წყაროებით ისინი ჩვეულებრივ ქართველი მთიელები იყვნენ, ისევე როგორიც ფხოველები, თუშები, წანარები, გუდამაყრელები, ხადელები, ცხავატელები, ჭართლელები, ცხრაზმელები... ოღონდ შენარჩუნებული ჰქონდათ მთიანეთისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი (სოციალური, რელიგიური) თავისთავადობა. ოსი მეცნიერები (ვ. აბაევისა და გ. თოგოშვილის გამოკლებით) დვალებს უსაფუძვლოდ ირანულენოვან ტომად მიიჩნევენ. ნ. ვოლკოვას, დვალები ერთ-ერთ იბერიულ-კავკასიურ ტომად წარმოედგინა. დვალების შესახებ ფუნდამეტურ გამოკვლევაში ვ. გამრეკელმა ისინი ნახურ სამყაროს დაუკავშირა, რომლებიც ადრეფეოდალური ეპიქიდანვე გაქართებული იყვნენ. თუმცა შემდგომი კვლევა-ძიებით მან თავისი შეხედულება უარყო და ქსე-ში დვალთა ენა ქართველურ (ზანურ) ენას დაუკავშირა. მეცნიერებაში არის შეხედულება დვალების სვანურობის შესახებაც. უკანასკნელი გამოკვლევებით, დვალები ზანებსა და სვანებს შორის მდგომნი ერთ-ერთი ქართველური ტომი იყო. ისინი ერთ-ერთ (აწ გადაშენებულ) ქართველურ ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელსაც ყველაზე მეტი საერთო ზანურ მეტყველებასთან ჰქონდა. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე დვალები აქტიური მონაწილენი იყვნენ საერთო ქართული კულტურის შექმნისა და მათ ისეთივე წვლილი შეიტანეს საერთო ქართულ კულტურაში, როგორც საქართველოს სხვა მხარეების წარმომადგენლებმა.

დვალეთში ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს XV ს. დასაწყისის სახარებაზე მინაწერი. ერთ-ერთი დვალი, გვარად ფარუხული, ხელთ იგდებს რა აღნიშულ სახარებას, მას გასაყიდად დედამისს უგზავნის დვალეთში. მინაწერიდან ჩანს, რომ დვალეთში დიდი მოთხოვნილება იყო ქართულ სახარებაზე, რომ აქ ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა (თოფჩიშვილი, 1999). დვალეთში გვარსახელები ძირითადად საქართველოს მთიანეთის მოსახლეობისათვის დამასახიათებელი - ურ სუფიქსით იწარმოებოდა. დვალების ვაინახობასა და ოსობას გამორიცხავს აგრეთვე დვალეთში მიწისზედა დასაკრძალავი ნაგებობების (აკლდამების) არარსებობა. ცნობილია, რომ ოსები, ჩეჩნები და ინგუშები ასეთ ნაგებობებში იკრძალებოდნენ (თოფჩიშვილი, 2001).

დვალების მსგავსად ასევე აღარ არსებობს თრიალელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, რომლებიც თრიალეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონში მკვიდრობდნენ. თრიალეთი დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით წალკის რაიონია. თრიალეთი სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით ჯავახეთს ესაზღვრება, ჩრდილოეთით-თორსა და შიდა ქართლს, აღმოსავლეთითა და სამხრეთით - ქვემო ქართლს. თრიალეთის ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი მტერს შეაკვდა, ნაწილი კი აქედან აიყარა. თრიალეთი პირველად ნახსენები აქვს ისტორიკოსს ჯუანშერს მეფე არჩილის დროს. ის მოხსენიებულია 1073 წ. სიგელში, 1123-1124 წწ. მეფე დავით აღმაშენებლის ანდერძში (ქისკ. გვ. 46, 48, 56).

ჯავახეთსა და ქართლს შორის მდებარე თრიალეთის "ქვეყენა" მთიანი რეგიონია. თრიალეთი, რომელიც სამეფო მამული იყო (აქ საეკლესიო ყმებიც ცხოვრობდნენ), ეპოქათა მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოს გზასაყარს წარმოადგენდა. XVIII ს. ძეგლის "დასტურლამალის" მიხედვით, აქ 17 დასახლებული პუნქტი იყო. XVIII ს. დასასრულს, იოანე ბატონიშვილს თრიალეთში 68 სოფელი აქვს ჩამოთვლილი, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი ნასოფლარია. დღეს თრიალეთის სოფლების ქართული ოიკონიმია (სოფლის სახელები) მთლიანად წარხოცილია, თუ არ ჩავთვლით წალკასა და რეხას. აქ მოსულმა არაქართულმა ეთნიკურმა ერთეულებმა თავიანთი თავდაპირველი საცხოვრისიდან ტოპონიმებიც თან მოიტანეს. თრიალეთის ზოგიერთი ტოპონიმი საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებშიც გვხვდება (ოლთისი, ნადვალეთი, აბანო, ახალქალაქი, ტამალა, ლიპი, მოხისი, კუკია, რეხა, თეზი, ლოში, მერეკანი...). თრიალეთის სახასო სოფლები სამოურაოდ ქართველ აზნაურებს ჰქონდათ მიცემული (ქსძ, 1965, გვ. 313-314). 1763 წლის ერთ საბუთში ლაპარაკია თრიალეთის სოფელ ტამალიიდან მოსახლეობის მიგრაციაზე. XVIII ს. დასასრულსა და XIX ს. დამდეგს, თრიალეთი თითქმის უკაცრიელია. ქართული მოსახლეობის მცირე ნაწილი, თითო-ოროლა ოჯახი, მთების შორეულ სოფლებშიღა იყო შემორჩენილი. დღეს აქ ძველი თრიალელებით დასახლებული ერთი ქართული სოფელია - რეხა. 1829-1832 წლებში ცარიზმმა აქ თურქულენოვანი ბერძნები (ე.წ. ურუმები) და სომხები შემოასახლა თურქეთიდან.

თრიალეთი მდიდარია ძველი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებით (ნაციხარ-ნაქალაქარები, მღვიმე ქვაბები, ლოდოვანი ნამოსახლარები, ქვის მონოლითები - "ვეშაპები", "ცხენები", "ვერძები"). აქ ასზე მეტი ეკლესია და ნაეკლესიარია აღრიცხული ქართული წარწერებით (ჩიქოვანი, 1976).

თრიალეთი მესაქონლეობით განთქმული მხარე იყო. აქ შემორჩენილია ოვალური მოყვანილობის, ლოდებით ნაგები საქონლის ღია სადგომები. მესაქონლოებასთან ერთად მემინდვრეობასაც დიდი ადგილი ეჭირა. თრიალეთში, დღესაც მრავლადაა შემორჩენილი ხორბლის შესანახი ხაროები - მიწისქვეშა საცავები და ზეთსახდელის ნაშთები (ჩიქოვანი, 1976, გვ. 69). ორი-სამი მეტრის ქვიტკირით ნაგებ ხაროში, ხორბლის ჩაყრამდე, მის ძირზე ჯერ ბზესა და შემდეგ თივას ჩაყრიდნენ, რათა ხორბალი არ აშმორებულიყო. სარქველის დახურვისა და ზემოდან მიწის დაყრის შემდეგ, მხოლოდ მისმა პატრონმა იცოდა ხაროს ადგილსამყოფელი. საერთოდ, ხაროები მთელ აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული.

თრიალეთში დიდი რაოდენობით მოყავდათ სელი, რომლისაგანაც ზეთს ხდიდნენ. გვიან პერიოდამდე რეგიონში შემორჩენილი იყო ძველი ქართული ზეთსახდელები. ვახუშტი თრიალეთს უვენახო და უხილო მხარედ მოიხსენიებს. ისევე როგორც სხვა ქართველ მთიელებს, თრიალელებსაც მოჰქონდათ ბარიდან ყურძნის ტკბილი ნაწური, რასაც ადგილობრივ ქვევრებში ასხამდნენ და რისგანაც "კეთილი და გემოიანი" ღვინო დგებოდა.

თრიალეთში საცხოვრებელი ნაგებობა ძირითადად დარბაზი იყო გვირგვინისებური გადახურვით, ისეთი, როგორიც ქართლსა და სამცხეში გვხვდებოდა.

ამით ვასრულებ აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონების მიმოხილვას და ახლა ლიხის ქედის დასავლეთით, დასავლეთ საქართველოში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც ყველაზე დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია იმერეთი. იმერეთი საქართველოს ისტორიაში დიდი პოლიტიკური და გეოგრაფიული ერთეულიც იყო. აღმოსავლეთ საქართველო თუ ქართულ წყაროებში ამერეთად (ლიხის ქედის ამიერ მხარედ) გაიაზრებოდა და იწოდებოდა, დასავლეთ საქართველოს (ლიხის ქედის იმიერ მხარეს) იმერეთს უწოდებდნენ, რომელშიც საკუთრივ იმერეთის ეთნოგრაფიული რეგიონის გარდა დასავლეთ საქართველოს სხვა ეთნოგრაფიული რეგიონებიც იგულისხმება. ახლაც "იმერელი" აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის დასავლეთ საქართველოს ყველა მკვიდრია. ამავე დროს, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, დასავლეთ საქართველო იმერეთის სამეფოში შევიდა, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე ცალკეული სამთავროსაგან შესდგებოდა.

ისტორიოგრაფიაში არის მოსაზრება, რომ იმერეთი უნდა მომდინარეობდეს ადრეფეოდალური ქართლის ანტიკური სახელწოდებიდან "იბერია." ასეთი ფონეტიკური გადასვლა "იბერისა" "იმერში" არც ლინგვისტური თვალსაზრისითაა ლოგიკური და ისტორიული თვალსაზრისითაც ნაკლებ სარწმუნოა. მხოლოდ შემთხვევით დამთხვევასთან გვაქვს საქმე.

დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ქართველების აღსანიშნავად ქართველი ისტორიკოსები ხშირად "იმერნი და ამერნი"-ს ხმარობდნენ. მაგალითად, ვახუშტი ბაგრატიონი წერდა (გვ. 283): "... ძლიერისა ბრძოლითა მოსწყდნენ მრავალნი იმერნი და ამერნი."

ეთნოგრაფიულ იმერეთს აღმოსავლეთიდან ლიხის მთა ქართლისაგან გამოჰყოფდა. სამხრეთით იმერეთს სამცხე ესაზღვრება, ჩრდილოეთით - რაჭა და ლეჩხუმი, დასავლეთით-სამეგრელო, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - გურია. იმერეთი ორ ნაწილად - ზემო იმერეთად და ქვემო იმერეთად იყოფა. ზემო იმერეთი ქართლ-იმერეთის ქედიდან იწყება და აღწევს იმ ადგილამდე, სადაც მდინარეები ყვირილა (ჩრდილოეთიდან) და ხანისწყალი (სამხრეთიდან) მდ. რიონს ერთვიან. ქვემო იმერეთი მოიცავს ტერიტორიას მდ. ყვირილის შესართავიდან ცხენისწყლამდე. ქვემო იმერეთი კოლხეთის დაბლობზეა გაშლილი. ის მეტნაკლებად პლატოა, ვაკეა, ხოლო ზემო იმერეთი მთაგორიანი მხარეა. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა, რომელიც ძირითადად დღევანდელი ტყიბულის, რაიონია. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით იმერეთი მოიცავს აგრეთვე წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის რაიონებს. ოთხი უკანასკნელი რაიონი ზემო იმერეთში შედის. იმერეთის ცენტრია ქალაქი ქუთაისი. XVIII-XIX სს. მიჯნაზე იმერეთში 120 ათასი მცხოვრები იყო.

"ზემო იმერეთი" ფეოდალური ხანის გვიან საუკუნეებში გაჩენილი ტერმინია. უფრო ადრე იმერეთის აღმოსავლეთი მხარის სახელწოდება არგვეთი (მარგვეთი) იყო. ლეონტი მროველის ცნობით არგვეთი (მარგვეთი) მოიცავდა ტერიტორიას რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე და ლიხის ქედიდან რიონამდე. თავდაპირველად არგვეთში შედიოდა ოკრიბაც. არგვეთი საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული იყო. არგვეთს ერისთავი მართავდა. ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, არგვეთში ქართლის პირველ მეფეს ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი. ვახტანგ გორგასლის დროს (V ს.) არგვეთი თაკუერთან (შემდეგდროინდელი რაჭა და ლეჩხუმი) ერთად ერთ საერისთავოს შეადგენდა. როგორც ჩანს, თავდაპირველად, ფარნავაზ მეფის დროს, "მარგვი" მთლიანად დღევანდელი იმერეთის სახელწოდებაც იყო: "ერთი გაგზავნა მარგვს ერისთავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღურდამდე ეგრისისა, რიონს ზემოთ" (ქც, 1955, გვ. 24). ასეთივე ვითარება გვქონდა ისტორიკოს ჯუანშერის ტექსტის მიხედვით VIII ს-ის დასაწყისში. ის ჩამოგვითვლის დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ რეგიონებს: ეგრისს, სუანეთს, თაკუერს, არგვეთს და გურიას (ქც, 1955, გვ. 241). როგორც ვხედავთ, აქ იმერეთი საერთოდ არაა დასახელებული. შემდეგ თანდათან "არგვეთი" დღევანდელი იმერეთის აღმოსავლეთ ნაწილზე ვრცელდება. დასავლეთ ნაწილს კი "სამოქალაქო" ერქმევა. დავით აღმაშენებლის დროს "დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა" (ქც, 1955, გვ. 319). რაც შეეხება "ოკრიბას" ის პირველად XI ს-ის საბუთში იხსენიება (ქისკ, I, 1984, გვ. 43); ხოლო "იმერეთს" პირველად იხსენიებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი: "მას ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს" (ქც, 1955, გგვ. 331). მაგრამ, მასში ეთნოგრაფიული იმერეთი იგულისხმება, თუ პოლიტიკურ-გეოგრეფიული (დასავლეთ საქართველოს მნიშვნელობით), გაუგაბარია.

ეთნოგრაფიულად ზემო იმერეთი განსხვავდებოდა ქვემო იმერეთისაგან, რასაც უპირველეს ყოვლისა, რელიეფი, ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო განსაზღვრავდა. პირველი უფრო მშრალია და ხასიათდება გორებისა და ხეობების სიხშირით. ამდენად, ზემო იმერეთში მეტწილად ხევური დასახლება შეიმჩნევა. ქვემო იმერეთში დასახლება უფრო გაშლილია და ეზო-კარმიდამო დიდი.

არგვეთში (ზემო იმერეთში) ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო გავრცელებული. იმერეთის პლატოზე ძირითადად მარცვლეული კულტურების მოყვანით იყვნენ დაკავებულები. ვაზი თავისი განვითარების მაღალ დონეს მაღლობ ადგილებში აღწევს (ვანი, ბაღდათი, ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული). რუსი ელჩების ტოლოჩანოვისა და იევლიევის აღწერილობაში, რომელიც 1650-1652 წლების ვითარებას ასახავს, ნათქვამია, რომ იმერეთში ყოველ მოსახლეს, ეზოში ხეხილი და ვაზი აქვს დარგული, ისე რომ, ხეხილი ტყესავითაა და სახლები არ ჩანანო (ტოლოჩანოვი და იევლიევი, 1970, გვ. 187). 1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგარის დავთრით ქვემო იმერელი გლეხები იხდიდნენ: ღვინოს, საკლავს, ღომს, ფეტვს, გოჭს, ქათამს, ყველს, კვერცხს, თევზს. ქვემო (ვაკე) იმერეთში წამყვანი კულტურებია-სუბტროპიკული მცენარეები: დაფნა, ლეღვი, ხურმა, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ჩაი...

იმერეთში საცხოვრებელი სახლები ძირითადად ხის იყო, რასაც აქაური კლიმატური პირობები განპირობებდა. ღობეები წნულისაგან კეთდებოდა. იმერლები დახელოვნებული ხის მუშაკები იყვნენ. საქართველოს ამ რეგიონში მეტად განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, ქვის კარიერის დამუშავება, ფეიქრობა. აქ თიხის ჭურჭლის ნაწარმის არაერთი ცენტრი იყო (შროშა, ტყემლოვანა, ოკრიბა, ვანი). XI ს-ში რაჭაში მოწონებაში ყოფილა არგვეთის სოფელ ნავარძეთში დამზადებული ჭურები.

იმერეთისათვის დამახასიათებელი რელიეფი და დასახლების გაშლილი ტიპი მტერთა ხშირი თავდასხმებისაგან დაცვის თავისებურ სისტემას მოითხოვდა. ამ სისტემაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა უსწორმასწორო რელიეფი და ტყე, რაც მოსახლეობას მტერთან ბრძოლას უადვილებდა.

იმერეთში გვიან პერიოდში მარცვლეული კულტურებიდან სიმინდის მოყვანამ წამყვანი ადგილი დაიკავა, რომელმაც უკანა რიგში გადასწია ისეთი ტრადიციული მარცვლეული, როგორებიცაა ხორბალი, ქერი და ფეტვი. იმერეთში ყანების დამუშავების ნადური ფორმა არსებობდა. საქართველოში იმერული ყველი ცნობილია თავისი შესანიშნავი გემოთი.

იმერელ გლეხებს გარემო პირობებისათვის შეგუებული ხალხური სატრანსპორტო საშუალებანიც შეუქმნიათ. ბარში, ქვემო იმერეთში ორთვლიანი ურემი იყო გავრცელებული, ხოლო მთაგორიან ადგილებში, ძირითადად ზემო იმერეთში "აჩაჩა", ჩოჩიალა ურემი თავისი სამუხრუჭე სისტემით. იმერეთში ფართოდ იყო გავრცელებული დაწნული ჭურჭელიც.

ზემო იმერეთს ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ბევრი რამ აქვს საერთო შიდა ქართლთან (პურეულის კევრით ლეწვა, პურის ცხობა თორნეში და სხვა მრავალი).

აღმოსავლეთ საქართველოში თუ ღვინის შესანახი ჭურჭელი - ქვევრები დახურულ შენობაში იყო მოთავსებული ("მარანი"), იმერეთში - ღია ცის ქვეშ, ხეების ჩრდილქვეშ, რასაც "ჭურისთავი" ეწოდებოდა. ეს ბუნებრივია, რადგან მარნის დასავლური და აღმოსავლური ტიპები კლიმატით იყო განპირობებული. როგორც შენიშნულია: "ღია ჭურისთავი კარგად იცავს ღვინოს, სიმშრალეში ზომიერად ინახავს. დასავლეთში დახურული ჭურისთავი საზიანოა ღვინისათვის" (რუხაძე, 1982, გვ. 78).

მართალია, საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული რეგიონი გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, მაგრამ იმერული სტუმარმასპინძლობის წესები განსაკუთრებულია. იმერელი გლეხკაცი თავისი ეტიკეტითაც ცნობილი იყო. ვახუშტი ბაგრატიონი (1979, გვ. 745-746) იმერლებს შემდეგნაირად გვიხასიათებს: "ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთცა იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაბთგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა, ცქგტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი მას შინა და სხუბთა შინაცა, უხუნი და მომხუეჭენი, დღეისის მძიბელნი, ხუალისის არა გამმკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ უცქგტესად მოუბარნი."

იმერეთს ჩრდილოეთიდან რაჭა ესაზღვრება. რაჭას კი ჩრდილოეთით ოსეთისაგან კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი ჰყოფს. აღმოსავლეთით რაჭას შიდა ქართლი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ქვემო სვანეთი, დასავლეთით ლეჩხუმი. რაჭა, რომელიც რიონისა და ჯეჯორის ხეობებში მდებარეობს, დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ამბროლაურისა და ონის რაიონებს მოიცავს. ისტორიულად კი რაჭა ზემო და ქვემო რაჭად იყოფა. ცალკე გამოიყოფა მთის რაჭაც.

ხშირად რაჭას ლეჩხუმის ეთნოგრაფიულ ერთეულთან ერთად გაიაზრებენ ხოლმე - "რაჭა-ლეჩხუმი." მაგრამ საქართველოს ჩრდილოეთის ეს ორი მხარე დამოუკიდებელი ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულებია. რაჭასა და ლეჩხუმის ერთად გააზრებას, ერთ კომპლექსში წარმოდგენას ისტორიული საფუძველიც აქვს. ამ ორი ეთნოგრაფიული ერთეულის გაჩენამდე, ეს ორი კუთხე ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, რომელსაც თაკვერი ეწოდებოდა. "თაკვერი" დამოწმებულია VII ს. სომხურ გეოგრაფიაში. თაკვერს თავდაპირველად რაჭის ერთეული გამოჰყოფია და "თაკვერის" სახელწოდება მხოლოდ ლეჩხუმს ჰქონდა შემორჩენილი. X ს-დან რაჭა ცალკე საერისთავო იყო. რაჭის შემადგენელი ნაწილი იყო კუდაროს "ქვეყანაც," რომელიც ჯეჯორის ხეობის ზემო წელშია. ის პირველად სორის სახარების XIV ს-ის მინაწერშია მოხსენიებული: "ერთი ზროხა კუდარული და ერთი ცხვარი" (თაყაიშვილი, 1963, გვ. 86). იმავე სახარების XVI ს-ის მინაწერში კი ვკითხულობთ: "ერთი ზროხა კუდაროს ბეგრისაგან" (გვ. 37). გვიან ფეოდალურ ხანაში კუდაროში ოცამდე სოფელი შედიოდა. მოგვიანებით, კუდაროდან რაჭველთა გადასახლების შემდეგ, მათ ნასახლარებზე ოსები დაფუძნდნენ (XVIII ს. დასაწყისი) "მას ზეით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს" (ვახუშტი, გვ. 767). კუდაროს ოიკონიმია (სოფლის სახელები) ქართულია.

მთის რაჭას რაც შეეხება, ის XV ს-მდე სვანეთის საკუთრება ყოფილა. ვახუშტი მთის რაჭის სოფლებს გლოლას, ჭიორასა და ღებს მოიხსენიებს, როგორც "კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიან" დასახლებულ პუნქტებს. მთის რაჭაში ბევრი კოშკი ყოფილა, რასაც ვახუშტიც აღნიშნავდა. ის ხაზს უსვამდა იმას, რომ გლოლა, ჭიორა და ღები "კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი..." სოფლები იყო. ამას ადასტურებს დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX ს-ის 30-იან წლებში გადაღებული ღების სურათი, სადაც რაჭულ დუროიან (სათოფურიან) სახლებს შორის არაერთი კოშკიც ჩანს.

რაჭაში ბევრი ეკლესია და ნაეკლესიარი, ციხე და ნაციხარია აღრიცხული. რაჭველები ცნობილი ხელოსნები იყვნენ (კალატოზები, ხე-ტყის ოსტატები, ქვის დამმუშავებლები). XI ს-ში, ნიკორწმინდის "დაწერილის” მიხედვით, რაჭასა და მის მეზობელ არგვეთ-ოკრობაში მრავლად უშენებიათ ორსამსართულიანი სახლები, რომლის ქვედა ქვითკირით აშენებული სართული ბოსლად და ფარეხად იყო გამოყენებული. ზედა მეორე და მესამე სართულებში, რომელიც ძირითადად ხისაგან კეთდებოდა და "სენა" და "ქორედი" ერქვა, ადამიანები ცხოვრობდნენ. თუმცა ისეთი სახლებიც შენდებოდა, რომლის პირველი სართულიც საცხოვრებლად იყო გამოყენებული. აქვე ტრადიცია ყოფილა მარნის შენობების მუხის ხით აგებისა (ისინი ქვიტკირისაც უშენებიათ) და ზემოთ დახერხილი ხისაგან ბეღლების გამართვისა. სოფელი წედისი რკინის მადნის მოპოვებითა და რკინის იარაღების დამზადებით იყო ცნობილი: "ჯეჯორისავე აღმოსავლით არს დაბა წედისი და ციხე მცირე. აქ არს ლითონი რკინისა და იღებენ მრავალს" (ვახუშტი, გვ. 766).

რაჭაში მოჰყავდათ საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბალი, ქერი და შვრია. ეს ორი კულტურა უფრო მაღალმთიან სოფლებში იყო გავრცელებული. აქვე დიდი ადგილი ეკავა მევენახეობას. ქვემო რაჭაში თუ მევენახეობა-მეღვინეობა იყო წამყვანი - ზემო რაჭაში - მესაქონლეობა. "დახელოვნება ისე შორს წავიდა, რომ თითოეულმა სოფელმა თავისი მიკროჰავის შესაფერისი საგანგებო ჯიშიც კი გამოიყვანა (თხმორული, ხოტეური)... რიონის მარჯვენა სანაპიროზე მზიგულ, თორნიადაგიან ფერდობებზე გაშენებული ალექსანდროული, მუჯირეთული და კეთილშობილური საფერავი იძლეოდა საყოველთაოდ სახელმოხვეჭილ "ყიფიანის ღვინოს," ამჟამად "ხვანჭკარის" სახელწოდებით რომაა ცნობილი" (ფრუიძე, 1986, გვ. 9).

რაჭაში მესაქონლეობაც სათანადო დონეზე იყო განვითარებლი. რაჭველთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ღორის მოვლა-მოშენებას. "ღორი-სიცოცხლე მათი," - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. რაჭული ლორი მთელ საქართველოში იყო და არის ცნობილი. სალორე ღორებს საგანგებოდ უვლიდნენ. დამარილებული ღორის ხორცი კვამლში გამოყავდათ და იღებდნენ შესანიშნავი გემოვნების ლორს.

"მრავალდარგოვან მეურნეობას დიდი ოჯახები უძღვებოდნენ, ამიტომ ძმები გაუყრელად ცხოვრობდნენ და ერთ ჭერქვეშ 50-60-70 და მეტი სული ცხოვრობდა" (ფრუიძე, 1986, გვ. 8).

რაჭველებს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილო-კავკასიელ მთიელებთან. ისინი ერთმანეთს შვილებს უგზავნიდნენ აღსაზრდელად, რათა მეზობელთა ენა და წეს-ჩვეულება ესწავლათ. ეს მათ ერთმანეთთან ურთიერთობას უადვილებდა. ამ წეს-ჩვეულებას რაჭველები "კერძ-მოკეთეობას" უწოდებდნენ.

რაჭის მოსახლეობისათვის ტრადიციული იყო გარესამუშაოზე სიარული, რასაც "მოსაგებში" წასვლას უწოდებდნენ. გარე სამუშაოზე რაჭველი გლეხები გვიან შემოდგომაზე მიდიოდნენ და გაზაფხულზე, მიწის სამუშაოების დაწყების დროისათვის ბრუნდებოდნენ. XIX ს-ის 30-იანი წლებიდან რაჭველების გარე სამუშაოზე სიარული საქართველოს ფარგლებს გასცდა. ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში და უფრო შორსაც მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გადასული ბევრი რაჭველი უკან აღარ დაბრუნებულა, საცხოვრებლად იქ დარჩა. რაჭველები საქონლით ვაჭრობასაც ეწეოდნენ "ზამთრის მოახლოებისას გლეხი, საზამთრო საკვების სიმცირის გამო, იალაღზე ნასუქ პირუტყვს მოგებით ჰყიდის, სამაგიეროდ, გაზაფხულზე ამავე ფულით ნაზამთრ საქონელს იაფად ყიდულობს. რაჭველებს აგრეთვე გადმოყავთ ბალყარეთიდან საქონლის ჯოგები და ონში მოგებით ჰყიდიან. ამ მხრივ დიდ უნარიანობას ჩრდილო კავკასიაში ღებელები იჩენენ, რომლებიც გადადიან ჩრდილო კავკასიაში, ეწევიან იქ ფაზიკურ შრომას და შინაური პირუტყვითაც ვაჭრობენ" (მაკალათია, 1987, გვ. 45).

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ რაჭაში შემუშავებული იყო განსაკუთრებული ტიპის სახვნელი იარაღი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბუნებრივ-გეოგრაფიულ, რელიეფურ პირობებთან იყო შეგუებული. რაჭული სახვნელი ნიადაგს ისე ამუშავებდა, რომ მის გამოფიტვა-დაცურებას გამორიცხავდა.

ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებს ახასიათებს შემდეგნაირად: "კაცნი ტანოვანნი, მდნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. ქალნი მშუენიერნი, მქცევნი ეგრეთნივე რბილი" (გვ. 770).

რაჭას დასავლეთით ლეჩხუმი ესაზღვრება. მას საზღვარი აქვს აგრეთვე სვანეთთან, ქვემო იმერეთთან და სამეგრელოსთან. დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ლეჩხუმი ცაგერის რაიონს მოიცავს. ისტორიული ლეჩხუმი, რომლის ადრინდელი სახელწოდებაა "თაკვერი," უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა (ვახუშტი: "ხოლო გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს დეობა ლეჩხუმისა, რომელსა უწოდებენ თაკვერად"). ლეჩხუმი მდინარეების: ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებშია მოქცეული. ლეჩხუმის სოფლები, მსგავსად ზემო იმერეთისა და რაჭისა, მთის კალთებზე და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.

ეთნოგრაფიული ლეჩხუმი XVII ს. 80-იან წლებამდე იმერეთის სამეფოში შედიოდა და მხოლოდ შემდეგ დაემორჩილა სამეგრელოს მთავარს. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ "თაკუერის მთლიანად ლეჩხუმით შეცვლა XIII-XIV სს-ში მოხდა." "ქართულ წერილობით წყაროებში ლეჩხუმი პირველად XV ს-ის დასასრულის, ჯაფარიძეთა და ბალსზემო სვანეთის სისხლის ზღვევის სიგელშია მოხსენიებული" (ბერაძე, 1976, გვ. 66). ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის სახელწოდების - "თაკვერის" "ლეჩხუმით" შეცვლა მოსახლეობის მიგრაციასთან უნდა იყო დაკავშირებული. თუმცა ტრადიციით ლეჩხუმის ძველი სახელწოდება "თაკუერი" ბოლო დრომდე არსებობდა. მაგალითად, ლეჩხუმის გვიანდელი მფლობელების დადიანების ტიტულიტურაში "ლეჩხუმის მფლობელის" ნაცვლად გვხვდება "სვან-თაკუერის მპყრობელი." 1748 წლის საბუთში დადიანი თავის თავს იხსენიებს, როგორც "დელმწიფედ დადგინებულმან დიდისა ოდიშისა, სვან-თაკუერის მპყრობელმან, დადიანმან პატრონმა ოტიამ..." (კაკაბაძე, 1921, გვ. 154).

ლეჩხუმის ძველი მოსახლეობა სვანურენოვანი უნდა ყოფილიყო. მის განაპირა მხარეებში კი მეგრული ელემენტი ჭარბობდა. თაკვერის ქართიზაციას VIII ს. ბოლოსათვის ვარაუდობენ (მუსხელიშვილი, 1977, გვ. 146). ლეჩხუმის დღევანდელი მოსახლეობა მიგრირებულია სვანეთიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურია-აჭარიდან. პროკოფი კესარიელი (VI ს.) "თაკვერს" "სკვიმნიას" სახელით მოიხსენიებს. თამარ მეფის დროს რაჭასა და ლეჩხუმს (თაკვერს) ერთი ერისთავი ჰყოლია. თამარის მეფედ კურთხევას 1184 წელს ესწრებოდა "კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა" (ქც, 1959, გვ. 27).

ბუნებრივი და კლიმატური პირობები ლეჩხუმში ბარული ტიპის მეურნეობას ქმნიდა. ვახუშტი წერდა: "არამედ თუმცა არს ლეჩხუმი მთის ადგილად თქმული, გარნა არს ვენახიანი, ხილიანი, მოვალს ყოველნი მარცვალნი, თგნიერ ბრინჯ-ბამბისა, გარნა სივიწროვისა და კლდიანობისათგს არა ეგოდენი სიმრავლით" (გვ. 749). განვითარებული იყო მევენახეობა-მეღვინეობა, მემინდვრეობა და მესაქონლეობა. XVII ს-ში ლეჩხუმელი გლეხები იხდიდნენ: ღომს, პურს, ცერცვს, ძროხას, ცხვარს, ტახს, ბატს, ქათამს, თევზს, სანთელს. ლეჩხუმში ღვინო ბევრი მზადდებოდა. მას ჰყიდდნენ კიდევაც. XV ს. მიწურულს ლეჩხუმში 400 საპალნე ღვინო სვანებს შეუძენიათ. განსაკუთრებული ვაზის ჯიში - "უსახელოური" მხოლოდ ლეჩხუმის სოფლებში - ზუბში, ოყურეშსა და ლასურიაშში იყო გავრცელებული.

ლეჩხუმში მოყვანილი მარცვლეულიდან შეიძლება დავასახელოთ იფქლი, ზანდური, მახა. ლეჩხუმში ზანდურსა და მახას სპეციალური საკრეფი იარაღით - შნაკვით კრეფდნენ (აგროვებდნენ). ზანდური და მახა ლეჩხუმისა და აგრეთვე რაჭისათვის ენდემური კულტურები იყო. ასე რომ, "მსოფლიოში პურეული მცენარეების აკულტურაციის ერთ-ერთ წრეში ლეჩხუმ-რაჭაც შედის" (ჩიტაია, 1944, გვ. 264). გვიან პერიოდში ლეჩხუმში ფართოდ გავრცელდა სიმინდის კულტურა ლეჩხუმელთა მეურნეობაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი მეხილეობას უკავია.

ლეჩხუმელები ცნობილი ხის ოსტატები იყვნენ. ზოგჯერ მასალად ვაზსაც ხმარობდნენ. ძველად ლეჩხუმში ხიდების ასაშენებლად ვაზს იყენებდნენ:"არამედ წყალი ესე, ვინაბთგან არა უტევებს ხიდსა ქვისასა და ხისასა, ამისთგს შესწვენ ვაზისაგან და გააბამენ ამიერ კიდით იმერამდე და გაუბმენ ვაზისგანვე სახელურებსა აქეთ და იქით და ვლენ ქვითინი მას ზედა" (ვახუშტი, გვ. 748).

ლეჩხუმის სოფელ საირმეში ამზადებენ თიხის ჭურჭელს. ცნობილი იყვნენ ლეჩხუმელი ქვის მთლელები და კალატოზები. ლეჩხუმელები ციხე-კოშკების მშენებლებიც ყოფილან, რომელთაგანაც Dდღეს არაერთია შემორჩენილი (მური ციხე, ორბელის ციხე...). ქართული საისტორიო ტრადიციით, ცაგერის ეკლესიაში "არს მაქსიმე აღმსარებელი დაფლული. არს შუენიერშენი, კეთილს ადგილს და აწ ხუცის ამარად." ლეჩხუმისა და ლეჩხუმელების შესახებ საუბარი ვახუშტი ბაგრატიონის (გვ. 749) სიტყვებით უნდა დავამთავროთ: "მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, რემეთუ არა არს მოსახლე, რომელსა არა ედგას კოშკი ქვითკირისა და შენობანი ყოველნივე ქვითკირისანი. და არს მთითა და კლდითა ფრიად მაგარი, და კაცნი მუნებურნი მბრძოლნი და შემმართებელნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მდნენი და მორჩილნი უფალთა თგსთა."

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია. იგი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. სვანეთი ზემო სვანეთად (ენგურის ხეობა) და ქვემო სვანეთად (ცხენისწყლის ხეობა) იყოფა. ასევე ცალკე გამოიყოფა კოდორის ხეობის სვანეთი, სადაც სვანები XIX ს. არიან დასახლებული, მაგრამ უფრო ადრეც აქ სვანები მკვიდრობდნენ, რასაც ანტიკური წყაროებიც ადასტურებენ, რომლებიც სვანებს "მისიმიანელების" სახელით მოიხსენიებენ. სვანების თვითსახელწოდება "მუ-შუან" ბერძნულ ენაზე "მისიმიანად" გარდაიქმნა (ყაუხჩიშვილი, 1936, გვ. 277-280; მელიქიშვილი, 1965, გვ. 67). ადმინისტრაციულად ზემო სვანეთი მესტიის რაიონში შედის, ქვემო სვანეთი - ლენტეხის რაიონში, ხოლო კოდორის (დალის) სვანეთი - აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში. სვანეთს აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით - ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით-აფხაზეთი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედის იქითა მხარეს-ყარაჩაი და ბალყარეთი.

სვანები თავდაპირველად უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი. მათ თავის დროზე ეჭირათ ლეჩხუმისა და რაჭის მნიშვნელოვანი ნაწილი. სვანები ცხოვრობდნენ დღევანდელი სამეგრელოს გარკვეულ ტერიტორიაზეც. სტრაბონი წერს, რომ სვანები კავკასიონის მწვერვალებზე, დიოსკურიის ზემოთ ცხოვრობენო, ე.ი. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეც ყოფილან განსახლებულები, რასაც უდავოდ მოწმობს ის სვანური ტოპონიმები, რომლებიც არაერთია აფხაზეთში და მათ შორის "სოხუმი," რომლის თავდაპირველი სახელწოდება "ცხუმი" იყო. სვანები განსახლებულნი ყოფილან ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მდინარეების - თერგისა და ყუბანის სათავეებში, სადაც ასევე დასტურდება სვანური ტოპონიმები (ლავროვი, 1956, გვ. 78, 89). თერგის, ბახსანის და ყუბანის სათავეებში ამჟამადაც არის სვანური ტიპის სხვადასხვა შენობა-ნეგებობანი.

სვანეთი ჯერ დასავლეთ საქართველოს ეგრის-ლაზიკის მეფეებს ემორჩილებოდა, შემდეგ - ერთიანი საქართველოს მეფეებს. სვანეთი, როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად საუკუნეთა მანძილზე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. სვანებს ისეთივე წილი აქვთ შეტანილი ერთიანი ქართული კულტურის შექმნაში, როგორც საქართველოს დანარჩენი ეთნოგრაფიული ერთეულების წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომ სვანებისათვის საოჯახო სამეტყველო ენა ერთ-ერთი ქართველური ენა-სვანური იყო, დღემდე შემორჩენილი ყველა საისტორიო საბუთი სვანეთში ქართულ ენაზეა შესრულებული და ბევრ მათგანში სვანები ღმერთს შესთხოვენ არამარტო თავიანთი თემისა და სვანეთის, არამედ "ერთობილი საქართველოს" სიკეთეს.

სვანეთი თემებად იყოფოდა. ქვემო სვანეთი, რომელიც სამეგრელოს მთავრების გამგებლობაში იყო სამი თემისაგან (ლენტეხი, ჩოლური, ლაშხეთი) შედგებოდა. ზემო სვანეთი, რომელიც ბალის ქედით ორ ნაწილად იყოფოდა, 12 თემის ერთობლიობას წარმოადგენდა. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელო იყო და მასში ეცერის, ფარის, ცხუმარის და ბეჩოს თემები შედიოდა. თავისუფალ სვანეთში კი რვა თემი იყო: ლატალი, ლენჯერი, მესტია, მულახი (მულახ-მუჟალი), წვირმი, იფარი, კალა და უშგული.

სვანეთი ქართული ეკლესია-მონასტრების განძთსაცავი იყო. ამავე დროს სვანი ოსტატების მიერ დიდი რაოდენობითაა შექმნილი ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობისა და ხეზე კვეთის ნიმუშები. სვანეთი კოშკების მხარეა, რომლებსაც თავდაცვის ფუნქცია ჰქონდათ. აქ ორასამდე კოშკს ითვლიან. სვანეთში ყველა გვარს თავისი კოშკი ჰქონდა, რომელთა მშენებლობაში მთელი სოფელი, თემი მონაწილეობდა. არანაკლებ საყურადღებოა კოშკების გვერდით მიდგმული ქვითკირის ორსართულიანი ძველი საცხოვრებელი სახლები. შემორჩენილია ასამდე, ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოში შესანიშნავად ჩაწერილი ეკლესია. სვანური მცირე ზომის ეკლესიები ერთნავიანი და დარბაზული ტიპისაა. ისინი ძირითადად X-XV სს. შექმნილი და დამშვენებულია ქართული წარწერებით. სვანეთი საქართველოს ერთადერთი ეთნოგრაფიული მხარეა, სადაც ეკლესიის გარეთა კედლებზე ფრესკები გვხვდება. ამასთანავე, გარე კედლებზე შესრულებული ზოგიერთი ფრესკა საეკლესიო-სასულიერო მოვლენასთან როდია დაკავშირებული. მაგალითად, ლაშთხვერისა და ჩაჟაშის ეკლესიების გარე ფრესკებზე მოსე ხონელის "ამირანდარეჯანიანის" რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული.

სვანებს ჰქონდათ საერთო სასვანო დროშა - ლემ, რომელიც ზემო სვანეთის დროშად ითვლებოდა. "ლემ"-ი სინამდვილეში მგლის გამოსახულებას წარმოადგენდა.

სვანეთი მდიდარია მუსიკალური ფოლკლორით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საყოველთაოდ ცნობილი მზისა და განთიადის საგალობლები, საგმირო და საფერხულო - სახუმარო სიმღერები. სვანურმა ყოფამ დღემდე შემოინახა სიმღერის განსაკუთრებული სახე, სამგლოვიარო სიმღერა - "ზარი," რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. ბალს ზემო სვანეთის ყველა თემში მხოლოდ ამ თემისათვის დამახასიათებელი, ორიგინალური ზარი სრულდებოდა, ბალსქვემო სვანებს კი ერთი ზარი ჰქონდათ. სვანეთისათვის დამახასიათებელია ეპიკური პოეზია - საგმირო ბალადები, რომლებიც ურითმოა.

სვანური სოფლები მჭიდრო დასახლებით გამოირჩეოდა. აქ მცირე დასახლებული პუნქტები გვქონდა. მიწის ფართობი დიდი დასახლებული პუნქტების წარმოქმნის საშუალებას არ იძლეოდა. XIX ს. ბოლოს სვანეთში ასორმოცზე მეტი სოფელი იყო.

მესაქონლეობა სვანეთში, მარცვლეულის მეურნეობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მთავარი დარგი იყო. სვანეთი თითქმის ერთადერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონია, სადაც სათიბები ირწყვებოდა, რაც ზაფხულის განმავლობაში ბალახის ორჯერ მოთიბვის საშუალებას აძლევდა აქაურ მკვიდრებს (გეგეშიძე, 1961, გვ. 116-118). სვანები მატყლისაგან ამზადებენ ქუდებს და ნაბდებს. სვანური ქუდები, რომლებიც მთელ საქართველოში მოწონებით სარგებლობდა და სარგებლობს, სამი ფერის (თეთრი, შავი და რუხი) მზადდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სვანეთი მაღალმთიანი ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, ის ჩაკეტილი, დანარჩენი საქართველოსაგან მოწყვეტილი არ ყოფილა. სვანებს მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელებთანაც იმ არაერთი გზა-ბილიკით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყო გაჭრილ-გაყვანილი.

სვანეთისათვის ნიშანდობლივი იყო გარე სამუშაოზე სიარული. მოსახლეობის ერთი ნაწილი – შრომისუნარიანი მამაკაცები სვანეთიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ რეგიონში გადიოდა სამუშაოდ. სვანების გარე სამუშაოზე გასვლა გვიან გაჩენილი მოვლენა კი არ იყო, არამედ ის ისტორიის სიღრმეში იყო წარმოქმილი და საქართველოს არც სხვა მთიანი ეთნოგრაფიული მხარეებისათვის იყო უცხო. სვანების გარე სამუშაოზე სიარული დაფიქსირებულია 1503 წ. საისტორიო საბუთში. აღნიშნული მოვლენა იყო სვანეთის ბართან სამეურნეო-ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთი სახე. ამასთანავე, ეს იყო ერთგვარი წინაპირობა სვანეთის მოსახლეობის ბარში გადასახლებისა. გარე სამუშაოზე სიარული, რომელიც სახნავ-სათესი მიწების სიმცირით იყო გამოწვეული, ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში ხდებოდა. გარე სამუშაოზე გასული სვანები ძირითადად მუშაობდნენ ხე-ტყის დამზადებაზე, სამშენებლო მასალის ხერხვაზე, ტყის გაჩეხვაზე. ბარავდნენ ბაღებსა და ვენახებს, ჭრიდნენ თხრილებს და სხვ. საყურადღებოა, რომ 1909 წელს 1646 პასპორტი გაუციათ გარე სამუშაოზე გამსვლელთათვის.

ვახუშტის (გვ. 788) დახასიათებით, სვანები "არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკუდილის არა მომდსენენი...სარწმუნოებით არიან იმერთა თანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა." აკად. ნ. ბერძენიშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა თავისუფალ მთიელთა, კერძოდ სვანთა, უდიდეს პოლიტიკურ როლს ქვეყნის ცხოვრებაში ("მოლაშქრენი მეფისა!") შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე.

სვანეთის სამხრეთით სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე მდებარეობს. აღმოსავლეთით სამეგრელოს იმერეთი ესაზღვრება, სამხრეთით-გურია, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით - აფხაზეთი, დასავლეთით-შავი ზღვა. გეოგრაფიულად სამეგრელო დღეს რიონსა და ენგურს შორის არის მოქცეული. საისტორიო წყაროებით აშკარაა, რომ ძველად "სამეგრელო" ანუ ძველ წყაროებში მოხსენიებული "ეგრისი" შედარებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, როგორც ჩრდილო-დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩრდილო-დასავლეთით, აფხაზეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეთნოგრაფიული საზღვარი უფრო შორს ვრცელდებოდა. ეთნოგრაფიული სამეგრელოა დღეს აგრეთვე აფხაზეთში შემავალი სამურზაყანო, რომელიც მდინარეებს ენგურსა და ღალიძგას შორისაა მოთავსებული. ახ.წ. V ს-ის ანონიმი ავტორი, რომელიც ძვ.წ. VI-IV სს-ის ვითარებას ასახავს, წერს: "დიოსკურიიდან ანუ სებასტოპოლისიდან მოკიდებული ვიდრე აფსაროსამდე ძველად ცხოვრობდა ხალხი, რომელიც კოლხებად იწოდებოდა, ხოლო შემდეგ ლაზებად. ქართული წყაროებით, უფრო ადრე ეგრისისა და აფხაზეთის საზღვარი კელასურზე გადიოდა, სწორედ აქ ზღვიდან მთამდე ზღუდე (დიდი კედელი) გაუვლია (აუშენებია) სამეგრელოს მთავარს ლევან დადიანს (XVIIს. პირველი ნახევარი), რათა აფხაზები აქეთ არ გადმოსულიყვნენ და სამეგრელო არ დაერბიათ. სამეგრელო რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთით შორს გრძელდებოდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ მეგრელთა ყველაზე ძლიერი და საერთო სალოცავი დღევანდელი სამურზაყანოს დასავლეთ საზღვარზე - ილორშია.

გასაზიარებელია ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება (ო. ლორთქიფანიძე), რომ "კოლხეთის ცხოველმა კონტაქტებმა ბერძნულ სამყაროსთან, რომელიც რეგულარულად ძვ.წ. VI-V სს-დან დაიწყო, იმთავითვე განსაზღვრა შემდგომში, უკვე ახ.წ. პირველი საუკუნეებიდან, ქართული სახელმწიფოების ორიენტაცია დასავლეთ-ქრისტიანულ სამყაროზე და მით სათავე დაუდო ქართული ცივილიზაციის ევროპულ განვითარების ტენდენციას" (სამეგრელო, 1999, გვ. 91).

მხარის დღევანდელი სახელწოდება (“სამეგრელო”) მომდინარეობს ისტორიული “ეგრისის” სახელიდან (”ეგრისი””მ-ეგრ-ელი””სა-მეგრელო”). "სამეგრელო" ქართულ წყაროებში პირველად XII ს-შია ნახსენები. ეგრისი თავდაპირველად მთელ დასავლეთ საქართველოსთან იყო გაიგივებული (მსგავსად აფხაზეთისა და იმერეთისა). ქართული წყაროებით სამეგრელოს მეორენაირად "ოდიშიც" ეწოდებოდა. სამეგრელო (ოდიში)-ეს ანტიკური წყაროების "კოლხეთი" და ბიზანტიური წყაროების "ლაზიკეა." XIII-XIV სს-ში "სამეგრელოს" უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით - მეგრელებით დასახლებულ მხარეს მდინარეების - ფსირცხასა (ანაკოფიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. გვიანშუასაუკუნეებში ეს ტერიტორია სამთავროდ ჩამოყალიბდა. XVII ს-ის პირვლელ ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად სამეგრელოს საზღვარმა მდ. კლისურაზე გადაინაცვლა, XVIII ს-ის დასაწყისში კი - მდ. ღალიძგაზე. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით სამეგრელო მოიცავს აბაშის, მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, წალენჯიხის რაიონებს. სამურზაყანოში კი გალისა და ოჩამჩირის რაიონის დიდ ნაწილს. დღევანდელ აფხაზეთში შემავალმა სამურზაყანოს მხარემ სახელი მიიღო XVIII ს-ის დასაწყისში. 1705 წ. აღნიშნული ტერიტორია მემკვიდრეობით მიიღო მურზაყან შარვაშიძემ და მისი სახელისაგან მივიღეთ მხარის სახელწოდება. გეოგრაფიულად სამურზაყანო კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია. სამურზაყანო რომ ისტორიულად ეგრისის (სამეგრელოს) ორგანული ნაწილი იყო, ეს იქიდანაც ჩანს, რომ "სამურზაყანოს ყველა ტოპონიმი, რომელნიც დამოწმებულია შუა საუკუნეების ქართულ თუ უცხოურ ისტორიულ წყაროებსა და რუკებზე და რომელთა ეტიმოლოგიაც შესაძლებელია, არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველური (ძირითადად მეგრული)" (ცხადაია, 2002, გვ. 29).

სამეგრელოს ტერიტორიაზე მცხოვრები მეგრელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული კოლხების უშუალო მემკვიდრეები არიან. საშუალო საუკუნეების ადრეული პერიოდის უცხოურ წყაროებში ის ლაზიკად იწოდებოდა (ქართული ეგრისი). 782 წ. ლეონ აფხაზთა მთავარმა ისარგებლა ბიზანტიის ხელისუფლების დაუძლურებით, ხაზარების დახმარებით დაიჭირა მთელი ეგრისი ლიხის მთამდე და თავი გამოაცხადა აფხაზთა მეფედ. მთელმა დასავლეთმა საქართველომ მმართველი დინასტიის წარმომავლობის საფუძველზე აფხაზეთის სახელი მიიღო. ეთნიკური შემადგენლობისა და ფეოდალური კულტურის თვალსაზრისით, ეს იყო ქართული სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც ქუთაისი გახლდათ. "აფხაზთა სამეფომ" მთლიანად მოიცვა მთელი დასავლეთი საქართველო, ეთნოგრაფიული ეგრისი (სამეგრელო), იმერეთი, გურია, აჭარა, თაკვერი, სვანეთი. "აფხაზთა სამეფო" თავიდანვე ჩაება ერთიანი ქართული სახელმწიფოსათვის ბრძოლაში, რომელიც X ს-ის 80-იან წლებში დასრულდა, რის შემდეგაც ოდიშის სამთავრო ქართული ფეოდალური მონარქიის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, VIII ს-ის დასაწყისშიც ქართლი და ეგრისი (სამეგრელო) ერთ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მხედველობაში გვაქვს ატენის სიონის ფრესკული წარწერა, რომლითაც სტეფანოზ III მამფალი (711-739) "ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ ერისთავთა უფალი"-ა (აბრამიშვილი, 1977).

მიუხედავად იმისა, რომ მეგრელებს, ისევე როგორც სვანებს, თავისი საოჯახო სალაპარაკო ენა აქვთ, ისინი ეროვნებით ქართველები არიან. მათთვის სახელმწიფო საღვთისმეტყველო და სამწერლობო ენა ყოველთვის ქართული იყო. სამეგრელოს სამთავროს განცალკევების დროსაც სამეგრელოს მთავრების - დადიანების კარზე ყველა საბუთი და დოკუმენტი ქართულ ენაზე დგებოდა. მაშინ გადაწერეს სამეგრელოში "ქართლის ცხოვრება" და ქართული ლიტერატურის ძეგლები, მათ შორის, "ვეფხისტყაოსანი". სამეგრელოს ეკლესია-მონასტრები კი ქართული წარწერებითაა დამშვენებული.

სამეგრელოში მრავალი ქართული ეკლესია-მონასტერია შემორჩენილი, რომლებიც შუა საუკუნეების ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეა: დრანდა (VIII ს.), მოქვი (957-967), ბედია (X ს.). სამივე საეპისკოპოსო (საკათედრო) ტაძარი იყო. დრანდა ისტორიული აფშილეთისა და ოდიშის საზღვარზე მდებარეობდა. მოქვის ტაძარი მდებარეობს ოჩამჩირის ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრზე. ტაძარი აგებულია X ს-ში ლეონ III აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფის მიერ. დავით აღმაშენებლის დროს ეკლესია მოუხატავთ. ბედიის მონასტერი დღევანდელი ოჩამჩირის რაიონშია. ტაძარი ააგო ბაგრატ III-ემ, რომლის პორტრეტიც ამშვენებს მის ერთ-ერთ კედელს. ბედიის ტაძარს დადიანთა გვარის წარმომადგენელთა გამოსახულებანიც ამშვენებს. სამეგრელოს სხვა ძეგლებიდან შეიძლება დავასახელოთ: მარტვილი (VII ს.), სადაც იყო ჭყონდიდელის კათედრა, წალენჯიხა (XI-XII სს.), ცაიში, ხობი, კორცხელი...

სამეგრელო დაწინაურებული მეურნეობის "ქვეყანა" იყო. წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება. თავდაპირველად მარცვლეული კულტურებიდან პრიმატი ღომის კულტურას ჰქონდა, რომელიც XVIII ს-ის შუა ხანებიდან სიმინდმა შეცვალა. სამეგრელოს ზოგიერთ ადგილში ძველად პურიც "პიტა ქობალი" (ორფხიანი) ითესებოდა, რომელსაც "შანკით" მკიდნენ. სამეგრელოში მოჰყავდათ აგრეთვე ბრინჯი, ფეტვი, მცირე რაოდენობით ხორბალი, ტექნიკური მცენარეებიდან - კანაფი და სელი. განვითარებული იყო მევენახეობა. ყველაზე უხვ მოსავალს და საუკეთესო ღვინოს იძლეოდა ოჯალეში. ვახუშტი (გვ. 782) წერდა: "ვენახი მაღლარნი, ღგნო მსუბუქი და კარგი." განვითარებული იყო მეაბრეშუმეობაც. პირუტყვიდან ცხვარი ჰყავდათ მცირე რაოდენობით. ფართოდაა ცნობილი მეგრული ჯიშის ცხენი, ძროხა და თხა, რომლებიც ადგილობრივ ბუნებრივ-გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებთან იყვნენ შეგუებულნი. განვითარებული მეფუტკრეობის შედეგად აქ დიდი რაოდენობით ამზადებდნენ თაფლსა და ცვილს. დღეს სამეგრელოში წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა - ციტრუსებია. დიდი რაოდენობით მოყავთ სიმინდი, რომლისაგანაც ტრადიციულ ფაფას - "ღომს" ხარშავენ. სიმინდის ფქვილისაგან აცხობენ მჭადსაც (სიმინდის კულტურის გავრცელებამდე მჭადი ფეტვისაგან ცხვებოდა). მესაქონლეობას განსაკუთრებით მთიან ადგილებში, ტეხურისა და ხობისწყლის ხეობების სათავეებში მისდევენ. აქ მცხოვრები რამდენიმე გვარი ტრადიციული მეჯოგეები იყვნენ. ზაფხულობით მეგრელებს საქონლის ჯოგი არა მარტო სამეგრელოს მთებში, არამედ რაჭაში, იმერეთში (ბაღდათი) და გურიაშიც გაყავდათ.

სამეგრელო ცნობილია ყველის განსაკუთრებული და ტრადიციული სახეობის - "სულგუნის" დამზადებით.

1616-1621 წლების საცაიშლოს გამოსავალი მოსაკრებლობის დავთრით, მეგრელ გლეხებს შეწერილი ჰქონდათ სხვადასხვა გადასახადი. მაგალითი: "მართებს მისხუნდასა სერგიას 1 საკლავი, 1 ქათამი, 1 პური, 11 ლიჯი ღომი, 11 საწყავი ღვინო და გოჭკომური მისითა ღომითა, ღვინითა, ხორცითა, თევზითა, ყველითა, კვერცხითა..." (ქსძ, 1970, გვ. 453)

სამეგრელოში, ისევე როგორც იმერეთში მოსახლეობა გაფანტულად ცხოვრობდა. ერთი კომლი მეორისაგან საკმაო მანძილით იყო დაშორებული. ძველად სამეგრელოში სოფლები გვარების მიხედვით იყო დასახლებული, რასაც ოიკონიმები (სოფლის სახელწოდებები) მოწმობენ: ლესიჭინე, ლეწურწუმე, ლეძაძამე, ლეგოგიე და სხვ. ერთი სოფლისა და გვარის მოსახლეობას ჰქონდა თავისი სალოცავი - "ჯინჯი ხატი,” რომელსაც მთელი გვარი ლოცულობდა. Aასეთ “ჯინჯ ხატს" გადასახლებულებიც არ ივიწყებდნენ.

სამეგრელოში, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, საახალწლოდ იცოდნენ ჩიჩილაკის დამზადება. ჩიჩილაკს თხილის ხისაგან ამზადებდნენ. ჩვეულებრივ, ის ერთი-ორი მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო. "ჩიჩილაკის" სილამაზე იყო მისი თეთრი და გრძელი ხუჭუჭა წილამიერები, რომელსაც ბასილის წვერს უწოდებდნენ. სამეგრელოში, ქრისტიანობის ოდითგანვე გავრცელების მიუხედავად, ბევრი ძველქართული წარმართული ელემენტი შემორჩა. "სამეგრელოს ყოფაში, რომელიც მკვიდრთა ცხოვრების ამსახველია, ვხვდებით არქაულ რიტუალებს, კულტებს, მითებს, საკრალურ და თაყვანისცემის ობიექტებს..." (ნ. აბაკელია). ამ თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული იყო ღვთაება "ჟინი ანთარის" რიტუალი. ვარაუდობენ, რომ "ჟინი ანთარი" ძველკოლხურ ცის ღვთაებას წარმოადგენდა (ნ. აბაკელია). როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, წინათ სამეგრელოში ყველაზე ძლიერ სალოცავად ითვლებოდა სამურზაყანოში, ოჩამჩირიდან სამ კილომეტრში არსებული "ილორის წმინდა გიორგი," სადაც მეგრელებთან ერთად ქრისტიანი აფხაზებიც ლოცულობდნენ. ილორის წმინდა გიორგი მთელ დასავლეთ საქართველოში თავისი სასწაულებით გამოირჩეოდა. ეთნოისტორიული თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ ხალხის რწმენით ილორის წმინდა გიორგი და სვანეთის ლატალისა და ლენჯერის ჯგრაგები (წმ. გიორგი) ძმები იყვნენ. სამეგრელოში განსაკუთრებით იცოდნენ მიცვალებულის პატივისცემა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ამ მხარეში დადასტურებული რიტუალები ანალოგიას პოულობს დასავლეთ საქართველოს სხვა ეთნოგრაფიული კუთხეების რიტუალებთან. იგივე შეიძლება ითქვას სოციალური ურთიერთობის შესახებაც. მაგალითად, საქორწინო წეს-ჩვეულებებზე.

სამეგრელოში შეიქმნა შესანიშნავი ხალხური ლირიკული პოეზია. მაგრამ განსაკუთრებით არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მეგრული ხალხური სიმღერები თავისი უაღრესად მელოდიური ხასიათით, რომელიც საერთო ქართულ ხალხურ სიმღერებს ამრავალფეროვნებს.

დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია გურია. დღევანდელი გურია მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს. გურიას ჩრდილოეთით სამეგრელო ესაზღვრება, სამხრეთიდან - აჭარა, აღმოსავლეთიდან - იმერეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა. სამხრეთით გურიას საზღვარი სამცხესთანაც აქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით ზოგჯერ გურია უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და იგი სამხრეთით ჭოროხის შესართავამდე აღწევდა. 1703 წელს გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ (1774 წ.) ოსმალეთმა თანდათან დაიპყრო ზემოხსენებული ტერიტორია, დაიწყო გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX ს-ის 70-იან წლებამდე გრძელდებოდა. გურიის სამთავროში მომხდარმა ამ პოლიტიკურმა ცვლილებებმა ეთნოგრაფიული გურიის ტერიტორიული შემცირებაც გამოიწვია. XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს. 30-40-იან წლებში ქვემო გურულები გამაჰმადიანდნენ და ქვემო გურიას ქობულეთი და ქვემო გურულებს ქობულეთელები ეწოდათ. იმ დროინდელ დოკუმენტებში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ერთი ოჯახისა და გვარის წევრები ნაწილი მაჰმადიანი და ნაწილი ქრისტიანი იყო (ჩხატარაიშვილი, 1985, გვ. 10).

გურია პირველად ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერის თხზულებაშია ნახსენები VIII ს-ის ამბების თხრობისას (ქც, 1955, გვ. 241). მეფე არჩილს გურიისა და საბერძნეთის საზღვარს შორის ციხე აუშენებია. იგივე ისტორიკოსი გურიას ახსენებს მურვან-ყრუს ლაშქრობების დროს (735-736 წწ.).

გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები მიწათმოქმედება და მევენახეობა იყო. მევენახეობა, ისევე როგორც სამეგრელოში, მაღლარი იყო. ვახუშტის სიტყვით, გურიაში "ღვინო კეთილი და შემრგო" დგებოდა. გურიაში მრავალი ჯიშის მაღლარი ვაზი ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ფრანგულს (ბურგუნდიულს) ადარებდნენ.

მესაქონლეობა დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა, თუმცა საკმაო რაოდენობით იყო ცხენი, ხარ-ძროხა, თხები, კამეჩები, შინაური ფრინველი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჰყავდათ ღორები. განვითარებული იყო მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა - თაფლი და აბრეშუმის ნაწარმი გატანის საგანს წარმოადგენდა. კლიმატის თავისებურების გამო, ცხვარს იშვიათად შეხვდებოდით. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ნადირობა. პური მცირე რაოდენობით მოჰყავდათ. ძირითადი მარცვლეული კულტურები საქართველოს ამ ზღვისპირა ეთნოგრაფიული რეგიონისათვის იყო ღომი და მოგვიანებით სიმინდი, აგრეთვე სხვადასხვა პარკოსნები: ლობიო, ცერცვი, ხანჭკნოლა... თესავდნენ სელს და ბამბას. გურიიდან გასაყიდად გაჰქონდათ ღვინო, თაფლი... სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის დასაწყისში გურიის მოსახლეობას იმერეთისა და ახალციხის საფაშოს მოსახლეობასთან ჰქონდა. გურიის მთისწინა სოფლებში მოსახლეობა მასობრივად ეწეოდა ხელოსნობას - ხის ჭურჭლისა და სხვა ნივთების დამზადებას. აჭარა-გურიის ქედის კალთები დაფარული იყო ტყეთა ტევრებით და ამ მხარის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა ნადირობა. ნადირობდნენ ირემზე, შველზე, არჩვზე, გარეულ ღორზე, დათვზე... (ჩხატარაიშვილი, 1963).

XIX ს. დასაწყისში გურიაში 35 ათასამდე ადამიანს უცხოვრია. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 1812 წელს "ჟამიანობას" შეეწირა.

ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, გურიაშიც ზოგ გვარს ცალკე საჯვარე (სამლოცველო) ჰქონდა. ქვემო გურიაში მაჰმადიანობის გავრცელების გამო, არაერთი გვარი ზემო გურიას და დასავლეთ საქართველოს სხვა ეთნოგრაფიულ რეგიონებში გადასახლდა.

გურიის ყოფაზე როცა ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ გურული სიმღერების შესახებ. სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზგასმით აღნიშნავენ გურულების მუსიკალობას და მათი სიმღერების ორიგინალურ მრავალხმიანობას. მღეროდნენ არამარტო ლხინში, ქორწილში, არამედ შრომის დროსაც. "გურული სიმღერა, რომელიც შეგუებული, შეხამებული, მისადაგებული, შეხმატკბილებული იყო შრომა-გარჯილობასთან, აადვილებდა, არაქაფებდა და მეტ ნაყოფიერ-ბარაქიანს ხდიდა შრომას, აძლევდა მას შინაარსსა და ხალისს. ზარმაცს აბეჯითებდა, ლაჩარს ამხნევებდა, დაღლილს ძალ-ღონეს მატებდა, ხორციელად ამხნევებდა, სულიერად აკეთილშობილებდა" (წულაძე, 1971, გვ. 13). კარგი ყანური სიმღერა თურმე ოთხ კილომეტრზედაც კი ისმოდა.

ვახუშტი ბაგრატიონი (გვ. 793) გურულებს შემდეგნაირად ახასიათებდა: "ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი აგრეთვე და შუენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხგსა. ბრძოლასა შინა შემართებელნი... უქურდალნი, უავაზაკონი; ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილმგალობელ-მწიგნობარნი, მშგდნი, არამედ მყის გულმწყრალნი."

შემდეგი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონია აჭარა. აჭარას ჩრდილოეთით გურია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან - სამცხე. აჭარის სამხრეთით დღევანდელი თურქეთის სახელმწიფოში შემავალი შავშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია. დღევანდელი აჭარა ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედის რაიონებისაგან შედგება. პოლიტიკურად, გვიანფეოდალურ პერიოდში, აჭარა სამცხე-საათაბაგოს, შემდეგ კი საფაშოს ნაწილი იყო. ისტორიულ-გეოგრაფიულად, უფრო ადრე, აჭარა ზემო ქართლის (მესხეთის) ნაწილს შეადგენდა. ლეონტი მროველის მიხედვით, მეფე ფარნავაზის მიერ დანიშნული ოძრხის ერისთავის საგამგეო ტერიტორია აჭარასაც მოიცავდა (ქც, 1955, გვ. 24).

ისტორიული ტრადიციით, საქართველოში ქრისტიანობა ყველაზე ადრე აჭარაში გავრცელდა. I ს-ში იგი აქ ანდრია მოციქულს უქადაგია. VII ს. სომხური გეოგრაფიის მიხედვით, აჭარა ქართლის პროვინცია იყო. VIII ს-დან იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს, ე.წ. "ქართველთა სამეფოს" ნაწილად იქცა. XI ს. შუა ხანებიდან ზემო აჭარა კლარჯეთთან და შავშეთთან ერთად აბუსერიძეთა საერისთავოში შედიოდა, XIII ს. შუა წლებიდან სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი საერისთავო იყო.

XVII ს. 70-იან წლებში აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს. II ნახევარში აჭარის ფეოდალებმა მაჰმადიანობა მიიღეს, გლეხობა კი კვლავ ქრისტიანობას იცავდა. ქრისტიანული სარწმუნოება აჭარაში XVIII ს. მიწურულამდე შემორჩა. XIX ს-შიც აქ არაერთი ქრისტიანი იყო, რომელიც ფარულად იცავდა ქრისტეს რჯულს. "ჩემს ახალგაზრდობაში, დასძინა მოხუცმა, ჩვენ ვლოცულობდით მათ ნანგრევებში ძველი ჩვეულებისამებრ. ვიცოდით, რომ ჩვენი მამა-პაპანი ერთ დროს ქრისტიანები იყვნენ და რომ ჩვენ თვითონ მოდგმით გურჯები ვართ... ძველი ქრისტიანული ჩვეულებიდან ზოგი რამ შემორჩენილა, მაგალითად, კვერცხების შეღებვა სააღდგომოდ" (ბაქრაძე, 1987, გვ. 49). თურქთაგან შევიწროების გამო, აჭარის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს სხვა მხარეებში გაიხიზნა. აქ ოსმალთა ბატონობა ნომინალური იყო. აჭარის მოსახლეობა სულთანს გადასახადს არ უხდიდა და რეგულარულ სამხედრო სამსახურში არ გადიოდა. მხოლოდ ომის დროს აძლევდა მოლაშქრეებს. შემორჩენილი იყო მიწათმფლობელობის ძველი ქართული ფორმები.

თურქთა ბატონობის მიუხედავად, აჭარლებმა დაიცვეს და შეინარჩუნეს ქართული დედა-ენა და წეს-ჩვეულებები.

ფეოდალური ხანის აჭარა კულტურის მაღალ დონეზე იდგა. განვითარებული იყო არქიტექტურა, მწერლობა, წიგნების გადაწერა, ხით ხუროობა, ხისა და ტყავის დამუშავება. თურქთა ბატონობის დროს ძველი კულტურის მრავალი ძეგლი თითქმის მთლიანად განადგურდა. ჩვენამდე მოაღწია სხალთის ტაძარმა, რამდენიმე ციხემ და თაღოვანმა ქვის ხიდმა.

აჭარლები იყვნენ "კაცნი დელოვანნი ხის მუშაკობითა" (ვახუშტი, გვ. 677). ისინი მართლაც ხის დამუშავების ცნობილი ოსტატები იყვნენ და ფლობდნენ ხეზე დამუშავების მაღალ ხელოვნებას. აჭარული ხით ნაშენი სახლები გამორჩეული იყო. აჭარელ ოსტატებს სახლების ასაშენებლად აჭარის გარეთაც იწვევდნენ. აჭარლები ადრეშუასაუკუნეებში შესანიშნავი ქვითხუროებიც იყვნენ. მაგალითად, ტბელ აბუსერიძის თხზულებიდან ჩანს, რომ ქვითხურო ბოლოკ-ბასილი ეკლესიების ასაშენებლად თბილისსა და მის მიდამოებში დადიოდა. ქვითხუროობა, ეკლესიების მშენებლობა აჭარელთა გარე სამუშაოზე გასვლის ერთ-ერთი ფორმა იყო. ისინი "სიგლახაკისა მთის მოსარეწლისათგს" ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მუშაობდნენ" (აბუსერიძე, 1981, გვ. 24). რაჭისა და სვანეთის მსგავსად, აჭარაც მთიანი, ნაკლებმოსავლიანი მხარე იყო, რამაც განაპირობა ხუროობის მაღალი დონე და გარე სამუშაოზე სიარული. XIX ს-ში აჭარელი გლეხები ჭვანისა და ღორჯომის ხეობებიდან ხარითა და ცხენით ქირაზე სამუშაოდ ჭიათურის მაღაროებშიც დადიოდნენ.

ორ-სამსართულიან აჭარულ სახლებში განსაკუთრებით მოწყობილი იყო და არის სასტუმრო ოთახები. აჭარაში, განსაკუთრებულ ადგილებში, სასტუმრო სახლებიც არსებობდა. ისინი "სასტუმრო ჯარგვალის" სახელით იყო ცნობილი და აშენებდა ჩვეულებრივ მოსახლეობა, სოფლის განაპირა ანდა გზაჯვარედინ ადგილებზე. სათანადოდ მოწყობილი ასეთი სახლები უფასო იყო. სასტუმრო სახლების მშენებლობის ძველი ქართული ტრადიცია XX ს-ის დასაწყისში მხოლოდ აჭარამ შემოინახა (ჩიქოვანი, 1972; მოწერელია, 1987). ყველა სახლი მორთული იყო ადგილობრივი ხელოსნების მიერ დამზადებული ავეჯით (ორნამენტირებული ტახტები, სკამ-მაგიდები, ჯამ-ჭურჭელი). აჭარაში წნული ჭურჭლის მკეთებლებიც ბევრნი იყვნენ.

აჭარა ხასიათდებოდა რა ვერტიკალური ზონალობით, მთაში აქ მეურნეობა სიმბიოზური ხასიათის იყო. აჭარაში სამიწათმოქმედო ყოფის თავისებურება ფერდობების დატერასება იყო. მიწის დატერასება ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაც იყო. ამასთანავე, იგი ხელს უწყობდა მიწის ფონდის გონივრულ გამოყენებას. ასეთი ტიპის ტერასები ბევრი იყო სამცხესა და შავშეთ-კლარჯეთში. აჭარელთათვის არც ურთიერთდახმარების ფორმები იყო უცხო, რომელიც აქ მოდგამის, მანიდის და ნადის სახელწოდებას ატარებდა (აჭარა ნადური სიმღერების მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა).

მართალია, აჭარლები გვიან მევენახეობა-მეღვინეობას აღარ მისდევდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს ამ კუთხის მცხოვრებთათვის, მეურნეობის ეს დარგი ისტორიულად ტრადიციული იყო. აჭარაში ვაზის 70-მდე ჯიში ყოფილა გავრცელებული. მაჭახლის ხეობაში დიდი ადგილი ეკავა ჩხავერის მოშენებას. ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, აჭარაშიც ვენახი მაღლარის ფორმით იყო წარმოდგენილი. აჭარაში ვაზის ფართოდ გავრცელებასა და მევენახეობა-მეღვინეობის მაღალ კულტურაზე მიუთითებს აქ გამოვლენილი ქვის ლოდში ამოკვეთილი საწნახელები (იყო ხის საწნახლებიც). მიწებში ნაპოვნია არაერთი უზარმაზარი ქვევრი: "თითქმის ყველა სოფელში დარჩენილა უზარმაზარი ქვევრები (შიგ ასი წლის წინ ჩასხმული ღვინოც კი უნახავთ) იმას-ღა ჰმოწმობს, რომ მევენახეობას აქ ოდესღაც საპატიო ადგილი ეჭირა და ცხოვრების ერთ სახსართაგანს შეადგენდა" (სახოკია, 1965, გვ. 222). აჭარაში ქვევრები ადგილზე მზადდებოდა (შუახევის, მაჭახლის და მერისის ხეობები); შემოჰქონდათ ბორჩხიდან (ჭოროხის ხეობა). გავრცელებული იყო დახურული ტიპის მარნები.

აჭარაში განვითარებული იყო მესაქონლეობა. აჭარული ერბო და კარაქი განთქმული იყო. ჯერ კიდევ XVIII ს-ის პირველ ნახევარში მიუთითებდა ვახუშტი ბაგრაგიონი (1979, გვ. 677) აჭარაში განსაკუთრებით გემრიელი და განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებული ყველის შესახებ: "აქ აკეთებენ ყუელს... არაოდესვე წახდების, არცა დაობდების, რაჟამს გნებავს შემგბარი კეთილსადმარ არს." თ. სახოკია აჭარულ ყველს თუშურ ყველს ადარებდა. აჭარაში მეწველი კამეჩიც ბევრი ჰყოლიათ. ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში, აჭარაში ქრისტიანობის დროს ღორის მოშენებაც დაწინაურებული იყო.

აჭარაში XX ს-ში დიდი გაქანება ჰპოვა სუბტროპიკული კულტურების და თამბაქოს მოყვანამ.

აჭარაში ფრიად დაწინაურებული ყოფილა მეფუტკრეობაც. აქედან, დ. ბაქრაძის ცნობით, კონსტანტინეპოლის ბაზარზე ათი ათასი ოყა თაფლი და სანთელი გადიოდა. ყარსში თაფლი ხინოს (კინტრიშის) ხეობიდან მიჰქონდათ. მაჭახლის ხეობის სოფელ ევფრატიდან XIX ს-ში ასეულ ფუთობით თეთრი თაფლი და სანთელი გაჰქონდათ ართვინელ ვაჭრებს ცხენებზე აკიდებული გუდებით.

აჭარაში მზადდებოდა აგრეთვე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი. თოფები და დამბაჩები ოსტატურად იყო მოსევადებული. იარაღისათვის საჭირო რკინას ადგილზევე-მაჭახელში მოიპოვებდნენ (კახიძე, 1978).

აჭარელთა ყოფაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ შეიძლება ამ კუთხისათვის დამახასიათებელი ორიგინალური, ღრმა შინაარსით აღსავსე ცეკვები (მაგალითად "ხორუმი") არ გავიხსენოთ.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიულ რეგიონში, რომელსაც ზემო ქართლი ეწოდებოდა, სამცხის ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე შედიოდა. საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში შედის აგრეთვე ჯავახეთი და თორი. დანარჩენი ეთნოგრაფიული მხარეები თურქეთის სახელმწიფოს ფარგლებშია. სამცხე დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ახალციხის, ადიგენის და ასპინძის რაიონებს მოიცავს. სამცხეს დასავლეთიდან აჭარა ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ჯავახეთი. სამცხის სამხრეთით ისტორიული ქართული პროვინციები ერუშეთი და შავშეთი იყო. ჩრდილოეთით კი გურია და იმერეთია. სამცხის ნაწილი - ფოცხოვის ხეობა დღეს თურქეთშია.

სახელწოდება სამცხე წარმოსდგება მესხთა ტომის სახელისაგან (სამესხესამცხე). სამცხე საქართველოს დაწინაურებული ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. აქ იყო აგებული ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები (საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე...), კლდეში ნაკვეთი ნაგებობანი (ვარძიის კომპლექსი). სამცხეშია შექმნილი ბუღა-აღბუღას ფეოდალური სამართლის წიგნი. სამცხე მთლიანად გაუპარტახებიათ არაბ დამპყრობლებს ისე, რომ "არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამანდი და პირუტყვი ყოვლადვე" (ქც, 1955, გვ. 234). მაგრამ ეს მხარე მთელ სამხრეთ საქართველოსთან ერთად, კვლავ მოშენდა. XVI ს-ის ბოლოს სამცხე-საათაბაგო თურქებმა დაიპყრეს და 1625 წელს მან, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა. მიწათმფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეიცვალა. მიწის დროებით მფლობელად სამხედრო ვალდებული გამოცხადდა. სამხედრო ვალდებული კი მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო. ამან დააჩქარა სამცხე-საათაბაგოს (ახალციხის საფაშოს) ისლამიზაცია. ნელ-ნელა ჯერ ფეოდალები გამაჰმადიანდნენ, შემდეგ - გლეხები. გლეხების გამაჰმადიანებამ ინტენსიური ხასიათი XVII ს-ის შუა ხანებიდან მიიღო. ბევრმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა ენაც დაივიწყა და მათ დედა-ენად თურქული იქცა. სამცხელების შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი (გვ. 660-661) წერდა: "ხოლო კაცნი და ქალნი არიან მგზავსნი ქართველთანი, არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მდნენი, შემმართებელნი, შუენიერნი, ცოდვა-დელოვნების მოყუარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა. სარწმუნოებით იყვნენ წლისამდე ქრისტეს ჩქკვ, ქართულისა ტიდ-მდე სრულიად ქრისტინენი ქართველთა თანა და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი, ხოლო აწ მთავარნი და წარჩინებულნი არიან მოჰმადიანნი, და გლეხნი ქრისტიანენი... ენა საკუთრად აქუსთ იგივე ქართული. გარნა წარჩინებულნი ნადიმთა და კრებულთა შინა უბნობენ აწ თათრულსა და თგსთა სახლებთა ანუ ურთიერთის მეგობრობათა შინა იტყგან ქართულსავე. სამოსლით მოსილნი არიან წარჩინებულნი და მოჰმადიანნი ვითარცა ოსმალნი, და ქრისტიანენი ვითარცა ბერძენნი, ხოლო ჯავახეთისანი და ვიეთნიმე მესხნიცა, ვითარცა თრიალელნი. და გულისდმა ჰყავ ეგრეთვე ქალნიცა მათნი, არამედ გლეხნი კუალადცა მაჰმადიანდებიან ჭირისათგს დიდისა" (გვ. 669).

მიუხედავად იმისა, რომ სამცხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი და მთლიანად სამხრეთ-დასავლეთი საქართველო თურქეთის გამგებლობაში აღმოჩნდა, გვიანშუასაუკუნეებში აღნიშნული მხარის მოსახლეობას არ შეუწყვეტია სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობასთან.

სამცხე განვითარებული მიწათმოქმედების "ქვეყანა" იყო. VI ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი წერდა: "მესხეთის მთები არც მწირია და არც ნაყოფიერებას მოკლებული, არამედ სავსეა ყოველგვარი სიკეთით, რადგანაც მესხებიც მარჯვე მიწის მუშები არიან და აქ ვენახებიც არის" (გეორგიკა, II, 1965, გვ. 127). სამცხეში სახვნელი იარაღის რამდენიმე სახეობა არსებობდა (კავი, არონა, ჯილღა, დიდი გუთანი). ყველა ისინი სათანადო რელიეფსა და ნიადაგს იყო მისადაგებული.

ძველთაგანვე სამცხის სოფლის მეურნეობაში გავრცელებული იყო ტერასების გამართვის ტრადიცია. როგორც სამართლიანად მიუთითებენ, სამცხის მიწაზე, მის განსაზღვრულ მიკრორეგიონებში, ადგილობრივი პირობების ზუსტი გათვალისწინებით, კერძოდ, მზის, წყლის და მიწის სიკეთის სწორი შეთანწყობით ისტორიულად არის ჩამოყალიბებული ტერასული მიწათმოქმედება (გეგეშიძე, 1978, გვ. 9). სწორედ ეს ფორმა იყო მეურნეობრივად ყველაზე ეფექტური ამ განსაზღვრულ გარემოში. ტერასებზე სამცხელ გლეხებს ძირითადად ვენახი და ხეხილის ბაღები ჰქონდათ გაშენებული. მევენახეობა სამცხის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რასაც მოწმობს ნავენახარი ადგილები, ქვის საწნახელები, საქაჯავები, ქვევრები. სამცხეში თურქთა ბატონობისა და ისლამის გავრცელების შედეგად მევენახეობა დაკნინდა. ვაზის არა ერთი უძველესი ჯიში მივიწყებული იქნა. 1672 წელს სამცხეზე გაიარა ფრანგმა ჟან შარდენმა (1975, გვ. 270-271), რომელიც ფრიად აქებდა აქაური (ჯერ კიდევ უმეტესად ქრისტიანი) მოსახლეობის სტუმართმოყვარეობას, პურის გემოს: "სოფლებში რთველი იყო, შესანიშნავი მეჩვენა ყურძენი, ახალი და ძველი ღვინო. ჩვენ უხვად გვაძლევდნენ ქათმებს, კვერცხებს, ბოსტნეულს. ღვინო, პური და ხილი ბლომად გვქონდა, რადგან თითოეულ მოსახლეს თავის წილად დიდი დოქით ღვინო, ერთი კალათა ხილი და ერთი კალათა პური მოჰქონდა. ჩემგან ფულს არ იღებდნენ" (შარდენი, 1975, გვ. 270-271).

საქართველოში ცნობილი იყო სამცხური ხილი; აქ ვაშლის ორმოცამდე ჯიში ყოფილა გავრცელებული. მდიდარი იყო სამცხე მსხლის, ქლიავის, თუთის ჯიშებით. განსაკუთრებით სასიამოვნო გემო ჰქონდა სამცხის თუთის არაყს.

სამცხეში კარგად იყო განვითარებული მესაქონლეობა. დღესაც მოწონებით სარგებლობს მაღალკალორიული და ნოყიერი ე.წ. ახალციხური ყველი.

სამცხელები რუმბებისა და ტიკების ცნობილი ოსტატები იყვნენ, რომელთა ნახელავი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის ცენტრებში იყიდებოდა.

სამცხეში, ისევე როგორც ქართლსა და თრიალეთში გავრცელებული იყო ერთ-ერთი შესანიშნავი ხალხური საცხოვრებელი-დარბაზი გვირგვინისებური გადახურვით. ის დიდი ოჯახის ტიპიურ საცხოვრებელს წარმოადგენდა.

სამცხე, რომელიც პირველად განიცდიდა სამხრეთიდან შემოჭრილი მტრის თავდასხმებს, დასახლების თავისებური ტიპითაც გამოირჩეოდა. სახლები ისე შენდებოდა, რომ მომხდურისათვის თვალშისაცემი არ ყოფილიყო (ჩიქოვანი, 1979, გვ. 121). ამგვარ სოფელში მოხვედრილი ადამიანი ძნელად ერკვეოდა სოფელში იყო თუ დაუსახლებელ პუნქტში, რადგან სახლები არ ჩანდა. აქა-იქ რაღაც მიწაყრილის მაგვარი პატარა ბორცვები და მათ შორის გამავალი ბილიკები თუ შეიმჩნეოდა. საგარეო ფაქტორმა აიძულა სამცხელი გლეხი მიწისქვეშა სამალავები, ე.წ. დარანებიც აეშენებინა. სოფლის ქვეშ ანდა მის სიახლოვეს აგებდნენ მიწისქვეშა ოთახისმაგვარ სამალავებს, რომლებიც ერთმანეთთან გვირაბებით იყო დაკავშირებული. დარანებს საიდუმლო სასულეები ჰქონდა დატანებული. დარანები სოფლის სიდიდის მიხედვით კეთდებოდა. მოზრდილი სოფლების დარანებში 150-200 კაცი ეტეოდა.

სამცხეს ჯავახეთთან ერთად ხშირად ერთ ეთნოგრაფიულ ერთეულადაც გაიაზრებენ და მას "სამცხე-ჯავახეთს" უწოდებენ. მაგრამ როგორც ისტორიული, ასევე ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ჯავახეთი ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონია. თუმცა დღევანდელ ჯავახეთში ჯავახთა ეთნოგრაფიული ჯგუფების წარმომადგენლები მცირე რაოდენობით მოსახლეობენ. დღევანდელი ადმინისტაციული დაყოფით ჯავახეთი მოიცავს ნინოწმინდის, ახალქალაქის და ნაწილობრივ ასპინძის რაიონებს. ჯავახეთს ჩრდილო-დასავლეთიდან სამცხე ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ქვემო ქართლი, ჩრდილეთიდან - თორი და შიდა ქართლი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან-თრიალეთი. სამხრეთით დღეს ჯავახეთს უშუალოდ ესაზღვრება თურქეთი და სომხეთი. ამრიგად, ჯავახეთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო-გეოგრეფიული მხარე იყო. ნ. ბერძენიშვილი (1964, გვ. 53) აღნიშნავდა, რომ "გამტარგზების სიმრავლით და ცენტრალური მდებარეობით მხოლოდ თრიალეთი თუ შეედრება ჯავახეთს."

წყაროებში ჯავახეთი, "ზაბახას" სახელწოდებით, პირველად ძვ.წ. 785 წ. იხსენიება ურარტუს მეფის - არგიშტ I-ის წარწერაში. უძველეს ხანაში ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების ხანაში (XI-XIII სს.) ჯავახეთში აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები. XIII ს-დან ჯავახეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედიოდა პალაკაციო და სამცხის ნაწილი (დ. ბერძენიშვილი, 1985). XVI ს. სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად, ჯავახეთი ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში გადასახლდა (თოფჩიშვილი, 2000). ადგილზე დარჩენილები აიძულეს ისლამი მიეღოთ. მაჰმადიანმა ქართველებმაც მასობრივად მიატოვეს ჯავახეთი მას შემდეგ, რაც ეს მხარე რუსეთმა შეიერთა. ისინი თურქეთის შიდა პროვინციებში გადასახლდნენ. ქართველთა ნასოფლარებზე ცარიზმმა თურქეთიდან სომხური მოსახლეობა ჩამოასახლა 1829-1832 წლებში. აქვე დაასხლეს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან მიგრირებული სექტანტი დუხობორები. ჯავახეთში ადგილობრივი ქართული მოსახლეობა დღეს მხოლოდ რამდენიმე სოფელში ცხოვრობს და მთელი XX ს-ის მანძილზე მათ მიგრაციისადმი მიდრეკილება ახასიათებდათ.

საყურადღებოა, რომ ჯავახეთის სოფელ მურჯახეთში XVIIIს-შიც კი გადაუკეთებიათ ძველი ეკლესია. ამ ეკლესიის საკურთხეველზე XVIII ს-ის ასეთი მხედრული წარწერა ყოფილა: "ქ. ღმერთმან შეიწყალე საბა ჭანტურიძე მღვდელი..." (ბერძენიშვილი, 1964, გვ. 58).

ჯავახეთი ძირითადად მთიანი "ქვეყანაა" და მეურნეობაც მთისათვის დამახასიათებელი იყო. ვახუშტის სიტყვით, ჯავახეთი უვენახო და უტყეო მხარეს წარმოადგენდა. მაგრამ ისტორიულად ასე არ ყოფილა, რაზედაც მოუთითებს სამსარის გამოქვაბულის X ს-ის ერთ-ერთი წარწერა. ეკლესიის მშენებლობის დაწყებისას ეს ადგილი ტყით ყოფილა დაფარული (დ. ბერძენიშვილი, 2000, გვ. 6), "გურჯისტანის ველაიეთის დავთრით" კი ფარვანის ტყის ჩრდილოეთ ნაწილის ტერიტორია "ტყე-ჯავახეთის რაიონადაა" სახელდებული (იქვე). მეურნეობის წამყვანი დარგები მესაქონლეობა და მემინდვრეობა იყო. სახნავ-სათესი ფართობების დიდი რაოდენობა, ჯავახეთში მემინდვრეობის ფართოდ განვითარების საშუალებას იძლეოდა. ჯავახეთს საქართველოს ბეღელსაც უწოდებდნენ, რასაც ერთი ქართული ხალხური ლექსიც ადასტურებს: "მე ჯავახეთს რა მიშავდა, მთვარე იყო მზესავითა. კალმახი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა." ჯავახებს სხვა საქონელთან ერთად დიდი რაოდენობით ჰყავდათ ცხვარი. ტექნიკური კულტურებიდან მოყავდათ სელი, რომლისაგანაც ზეთს ხდიდნენ. ზეთსახდელი გელაზები გვიანობამდე შემორჩა საქართველოს ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ პროვინციას. ზეთსახდელების (ბაზირხანების) სიმრავლის შესახებ მიუთითებდა ნ. ბერძენიშვილი (1964, გვ. 97-98): "ადგილობრივმა სომეხმა... ეკლესიის მახლობლად ერთი ფრიად განიერი და ღრმა ორმო გვიჩვენა და დაურთო: "აი, აქ ძველად ქართველებს ბაზირხანა ჰქონიათ. საწნეხი დიდრონი ქვები მეც მახსოვს ეყარა... დიდი ბაზირხანა ყოფილა. ძველად კი როგორც ასეთი ხარაბებიდან ჩანს, თითქმის ყოველ სოფელში ჰქონიათ ბაზირხანა. ეტყობა სელი ბევრი უთესიათ და ზეთიც ბლომად უხდიათ." ჯავახეთის სოფელ გოგაშენში ნ. ბერძენიშვილისათვის უამბნიათ: "ჯავახეთში კამეჩი ზეთის წაუსმელად სრულიად ვერ გაძლებდა, ასევეა აქლემიც. ზეთია ხარ-ძროხის ერთადერთი წამალი, როცა მათ მუნი სჭირთ... ზეთი ღარიბი ხალხის მთავარი საკვებია. მარხვაში კი ყველა ზეთს ხმარობდა მხოლოდ. სანათიც ზეთისა იყო. ნავთი გვიან შემოვიდა..." მეცნიერი ასკვნიდა: "ძველ დროს ზეთს, რა თქმა უნდა, გაცილებით ფართე მოხმარება ჰქონდა: ის იყო თითქმის ერთადერთი ასანთი სითხე, საჭმელადაც მისი მოხმარება შეუდარებლად უფრო ფართე იყო: ღარიბი მოსახლეობის გვერდით, რომელიც მაშინ უმთავრესად ზეთის მომხმარებელი იყო, აუარებელი მონასტრები ზეთის მუდმივი მომხმარებლები იყვნენ, ხოლო მარხვის დღეებში (და წლის ნახევარი, თუ მეტი არა, სწორედ მარხვის დღეები იყო) მთელი მოსახლეობა ზეთის მომხმარებელი ხდებოდა... სავაჭრო ტრანსპორტის უმთავრესი მატარებელი - აქლემები დიდი რაოდენობით მოითხოვდნენ სოფლის მეურნეობის ამ პროდუქტს. ყველა ამის გათვალისწინებით ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დიდმნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო სოფლის მეურნეობის ეს დარგი ჯავახეთისათვის და გასაგები ხდება ზეთსახდელთა ნანგრევ-ნაშთების ის სიმრავლე, რომელიც აგრე დიდ ყურადღებას იქცევს ადგილობრივი მოსახლეობისას."

ჯავახეთში მრავლადაა ტბები. ტბები კი მდიდარი იყო თევზით, რაც აქ მეთევზეობის განვითარების შესაძლებლობას ქმნიდა. XVI ს-ში ჯავახეთის ყველა ტბა თევზის გადასახადით იყო დაბეგრილი (ტბების დიდი რაოდენობით არსებობამ ჯავახეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ განვითარებაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. როგორც აღნიშნავენ "გეომორფოლოგიური თავისებურებების გამო, ზემო ჯავახეთის ცალკეული მდინარეები არ ქმნიდნენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს - "ხევებს." აქ დიდი და მცირე ტბები ქმნიან პატარა მდინარეთა შემკრებ აუზებს, მთა-გორებით გამოყოფილი სხვა ასეთივე ან მშრალი ქვაბურებისაგან. სწორედ ამ ტბების ირგვლივ არსებული სოფლები შეადგენენ აქაურ მიკროქვეყნებს" – (დ. ბერძენიშვილი, 2000, გვ. 9). ჯავახეთი რომ მეურნეობრივი თვალსაზრისით მრავალფეროვანი მხარე იყო, ამას ადასტურებს 1595 წლის "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი," რომლის მიხედვით ადგილობრივ მცხოვრებლებს შეწერილი ჰქონდათ გადასახადი ქერზე, ხორბალზე, ჭვავზე, სელის თესლზე, ოსპზე, მუხუდოზე, კაკალზე, იონჯასა და თივაზე, იალაღზე, ცხვარზე, ღორზე, ფუტკარზე. მხოლოდ ჯავახეთის რვა სოფელშია აღნიშნული ვენახის არსებობა. ნ. ბერძენიშვილიც (გვ. 104) წერდა: "მსხვილი და წვრილფეხა საქონელი (მუშა-საქონელი, ხორცი, მატყლი, ტყავი, რძის ნაწარმი), სელი (ზეთი), თაფლი (- თაფლი, სანთელი), შინაური ფრინველი და თევზი, ქერი იყო ჯავახეთის მოსახლეობის დოვლათი, რაის გარდანამეტსაც ის სააღებმიცემო საქმედ აქცევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებთან."

სამცხის მსგავსად, დარანები ჯავახეთშიც უკეთებიათ. ასეთი დარანი ნ. ბერძენიშვილს (1964, გვ. 59) სოფ. მურჯახეთში უნახავს. მას ის უწოდებს "მღვიმე ფრიად მაგარი და განიერი." დარანი ორი ნაწილისაგან შედგებოდა და ერთმანეთთან ვიწრო ხვრელებით ყოფილა დაკავშირებული.

ჯავახეთში ქართული საეკლესიო არქიტექტურის არაერთი შესანიშნავი ძეგლია, რომელთაგანაც შეიძლება დავასახელოთ კუმურდოსი და წყაროსთავის ტაძრები. პირველი მათგანი X ს-ის ძეგლია. მისი ამშენებელი ყოფილა ქართველი ხუროთმოძღვარი საკოცარი. კუმურდო თავიდანვე ჯავახეთის საეკლესიო ცენტრი ყოფილა. წყაროებში კუმურდოს მღვდელმთავარი პირველად VI ს-ში იხსენიება. რაც შეეხება წყაროსთავს, ის ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, კარწახის ტბის მახლობლად. ჯუანშერის ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ გორგასალის ძემ - მირდატმა. წყაროსთავი, რომელიც ახლა დანგრეულია, თავდაპირველად ბაზილიკას წარმოადგენდა, რომელიც X ს-ში გუმბათოვან ტაძრად გადაკეთდა.

ჯავახეთში ძველ ქართულ სასაფლაოებზე დიდი რაოდენობით იყო შემორჩენილი ცხვარ-ვერძებისა და ცხენის ქანდაკებები. ქვისაგან გამოქანდაკებული ეს ზოომორფული ქანდაკებები საფლავის ძეგლებს წარმოადგენდა და “ხასიათდებიან ქართული ტრადიციული ხელოვნებისა და ხელოსნობის ნიშნებით, მათში გამოკვეთილად ჩანს, ქრისტიანული აზროვნების ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი... და მათში ძალზე რელიეფურადაა გამოკვეთილი ქართული სინამდვილისათვის დამახასიათებელი ელემენტები" (ნადირაძე, 2001, გვ. 290).

ჯავახეთი ძირითადად უტყეო მხარე იყო და მისი მკვიდრნი წივას სწვავდნენ. XX ს-ში ჯავახეთის სოფლის მეურნეობაში კარტოფილის მოყვანა დაწინაურდა.

ვახუშტი ბაგრატიონი (გვ. 672) ჯავახების შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: "კაცნი და ქალნი მგზავსნი ქართლის გლეხთა, ტანოვანნი, შუენიერ-ჰაეროვანნი, უსაქციელონი ბრიყუნი; სარწმუნოებით გლეხნი ჯერეთ ქრისტიანენი სრულიად, არამედ არღარა უვით მწყემსი ეპისკოპოზი, გარნა ჰყავთ მღუდელნი ქართველნი. ენა აქუსთ ქართული, და უწყიან მოთავეთა თათრულიცა დამჭირნეობისათვის ოსმალთა."

ზემო ქართლში (მესხეთში) შედიოდა თორიც, რომელიც ძირითადად ბორჯომის რაიონს მოიცავს. თორს სამხრეთიდან ჯავახეთი ესაზღვრება, დასავლეთით - სამცხე, აღმოსავლეთით - თრიალეთი, ჩრდილო–აღმოსავლეთით - შიდა ქართლი. შუაფეოდალურ ხანაში თორი იყო ცალკე სადროშო, რომელსაც სათავეში თორელების ფეოდალური საგვარეულო ედგა. ამ დროს თორი ჯავახეთსა და სამცხის ნაწილსაც მოიცავდა. XVI ს-ში თორი ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს. თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა, მაგრამ აქ ადგილობრივი მოსახლეობა ან ამოწყდა, ან სხვაგან გადასახლდა. თორი ხელახლა მოშენდა XIX ს-ის 30-იანი წლებიდან ძირითადად ზემო იმერეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობის მიერ. აქვე დაბრუნდა შიდა ქართლში გადასახლებული რამდენიმე გვარიც. ტყით მდიდარი თორიდან XIX ს-ში ხე-ტყე გაჰქონდათ ძირითადად ტივების საშუალებით. თორელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მეცხვარეობას, მეღორეობას. თორის საზაფხულო საძოვრებს შიდა ქართლის მოსახლეობაც იყენებდა. თორელებს მოყავდათ ხორბალი და ქერი. "მთიან ნასოფლარებში ნაპოვნი ჭურები კი მიგვანიშნებენ დაბლობიდან ღვინის ამოტანასა, ან ტკბილის ადგილობრივ დაღვინებაზე" (დ. ბერძენიშვილი, 1987, გვ. 5). თორელები ხდიდნენ სელის ზეთსაც.

თორში არაერთი ქართული ქრისტიანული ძეგლია, რომელთაგანაც აღსანიშნავია ტიმოთესუბნის მონასტერი, სადგერისა და დაბის ეკლესიები. აქვეა არაერთი ციხე და ნაციხარი.

დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეთნოგრაფიული რეალიები და ქართული ენა უმეტესად შავშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონში მაცხოვრებლებმა შემოინახეს. შავშეთი სამხრეთით უშუალოდ აჭარას ესაზღვრება. შავშეთში იყო X ს-ში დაარსებული ტბეთის მონასტერი, სადაც ტბელი ეპისკოპოსი იჯდა. 1547 წელს შავშეთი თურქებმა დაიპყრეს, ხოლო 1878 წელს შავშეთი რუსეთმა შეიერთა. შემდგომ კვლავ ოსმალეთმა დაიპყრო. შავშეთის ძველი სოფლები იქ მოსახლე ძირითადი გვარის სახელს ატარებდნენ. გვართა უმეტესობა - ძე სუფიქსს ირთავდა. 1886 წ. რუსეთის ხელისუფლებამ აღწერა შავშეთშიც ჩაატარა. აქ მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი ქართველ მაჰმადიანადაა ჩაწერილი. 1874 წელს სამხრეთ საქართველოში იმოგზაურა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელიც წერდა: "ამ საუბრის დროს ქართული მაყრული შემომესმა. და მართლაც, ზენდიდელი ბეგი თურმე შავშეთელი ბეგის ქალზე ქორწინდებოდა და შავშეთიდან მას სიმღერით მიაცილებდა კარგა მოზრდილი მაყრიონი" (ბაქრაძე, 1987, გვ. 50). შავშეთში, კლარჯეთსა და სხვა ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა არაერთი ქართული ტრადიციული ყოფითი რეალია. იმავე ავტორს თუ მოვუსმენთ, ამაში უდავოდ დავრწმუნდებით: "აქაური საქორწინო წეს-ჩვეულება ბევრ რამეში ჰგავს ქართულს. მაგალითად, წინასწარი მოლაპარაკება მშობლებს შორის შუამავლის მეშვეობით, მზითვის პირობა და თვით მზითევი, დაწინდვა და მისი ცერემონია, სიძე-პატარძლის სახელები ქორწილის დროს - მეფე, დედოფალი, ასევე სიძე პატარძლის მხლებელთა სახელები - მაყრები, სიმღერა, რომელსაც ამ დროს ასრულებენ - მაყრული, მისი სიტყვები და კილო, თვითონ ქორწინების ზეიმი სამ დღეს - ქორწილი, - ყველაფერი ეს წმინდა ქართულია და იგი შემონახულია არა მარტო აჭარაში, არამედ ყველგან ამ მხარის ქართველ მუსლიმებში" (ბაქრაძე, 1987, გვ. 50).

ვახუშტი ბაგრატიონი შავშეთს შემდეგნაირად ახასიათებს: "და არს ესე შავშეთი ტყიანი, გორა-მთიანი, ღელე-ღრანტოიანი, იწრო და მაგარი, ვენახ-ხილიანი. ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, თგნიერ ბრინჯ-ბამბისა. პირუტყვნი, ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი. და ნოყოფიერებს ფრიად მიწა ამისი, რაოდენაც იდმარების სივიწროვედ."

შავშეთის სამხრეთით კლარჯეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. კლარჯეთს გასასვლელი ჰქონდა შავ ზღვაზე. მდ. ჭოროხის დინების აუზში მდებარე კლარჯეთის "ქვეყანა" მოიცავდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის, ნიგალის და სხვა ხევებს. კლარჯეთი ძველი ქართლის (იბერიის) სამეფოში საერისთავოს სახით შედიოდა. ერისთავის რეზიდენცია არტანუჯში იყო. ვახტანგ გორგასალს აქ ეკლესია-მონასტრები აუშენებია. VIII ს. აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, რომელთა მეფობა საქართველოში XIX ს-მდე გაგრძელდა. VIII ს-ში არაბებმა კლარჯეთი გააპარტახეს. გადარჩენილი მოსახლეობის ნაწილი ეპიდემიამ მოსპო. IX ს. დასაწყისში მეფე აშოტ I-მა მხარე აღადგინა და აქ დიდი სამონასტრო მშენებლობა გაიშალა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. კლარჯეთში არაერთი ქართული ეკლესია-მონასტერი იყო აშენებული. XVI ს-ში კლარჯეთი, სხვა ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებთან ერთად, თურქებმა დაიპყრეს. XX ს-ის დასაწყისში კლარჯეთში იმოგზაურა ნიკო მარმა, რომელმაც ქართულად მოლაპარაკე კლარჯელები საკმაოდ ნახა. XIX ს-ში კლარჯეთს ტაოსთან ერთად, უფრო სწორად მთელ ჭოროხის ხეობას "ლივანად" მოიხსენიებდნენ, რომლის შესახებ XIX ს. 70-იან წლებში წერდნენ: "საერთოდ ლივანაში ძალიან ბევრია ძველი ეკლესია. ზოგი მთელია და დღემდე შემორჩენილა კედლის მხატვრობა ბერთაში, არტანუჯის ახლოს, ართვინიდან რვა საათის სავალზე, არის თამარ მეფის დროინდელი ციხე ეკლესიითურთ... ბერთაში რამდენიმე სხვა ეკლესიაც არის, ერთ მათგანს ახლა მეჩეთად ხმარობენ." "ლივანელ მუსლიმებს შემორჩენიათ წასული ქრისტიანული დროის მოგონება. 30-ოდე წლის წინათ მათში ქრისტეს ფარულ აღმსარებელსაც შეხვდებოდით; ახლა ასეთები აღარ არიან. ქართულად მთელ ლივანაში ლაპარაკობენ, თუმცა არც ისე წმინდად. ქართული ყველაზე მეტად გავრცელებულია სოფლის მოსახლეობაში (ბაქრაძე, 1987, გვ. 42). იგივე ავტორი კლარჯელთა და ტაოელთა ეთნოგრაფიული ყოფის ზოგიერთ რეალიაზეც წერდა: "რაც შეეხება ლივანას, იგი ყველაზე უფრო ნაყოფიერად ითვლება ლაზისტანის საფაშოს უბნებს შორის. აქ აწარმოებენ ცვილს, რომელიც ადგილზე 18 მან. ღირს ფუთი, აბრეშუმს, მოყავთ ზეთისხილი, ჩინებული მსხალი და ვაშლი; აქ ყველა ჯიშის ყურძენი მოდის... ლივანაში ვაზი ხეებზეა გაშენებული. მუსლიმები მას მეტწილად ფოთსა და ახალციხეში ყიდიან. ქრისტიანები კი ღვინოს აყენებენ, წურავენ ქართულად - შიშველი ფეხებით საწნახელში და ინახავენ ქვევრებში, რომლებიც ბლომადაა შემორჩენილი" (გვ. 41). "მისთვის ცნობილი ლივანის დასახლებული პუნქტებიდან ნეგაშევმა (დიმიტრი ბაქრაძის მთხრობელი - რ.თ.) დაასახელა ისეთები, რომელთაგან ზოგი აღნიშნულია ახლანდელ რუკებზე, ზოგიც არა და თითქმის ყველა მათი სახელწოდება ქართულია. ასეთები: მარადიდი, კათაფხია, ბორჩხა, მამაწმინდა, ბარი, სვეტი, ლომაშენი, სინგოთი, წყალოქრო, არტანუჯი, ბერთა, გვერდა, ორჯახი, ანჩა, ანაკერტი, ხლითი, პარხალი და უთავი. მათგან ართვინი ლივანის მთავარი ქალაქია" (გვ. 41).

ვახუშტის დახასიათებით "და არს ეს ლივანის დეობა, თგნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმინით, ზეთისხილით, ბროწეულით, ლეღგთ., ვენახით, ხილით შემკობილი, და ქებულნი მუნებურნი ყოველნივე. მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებს, გარნა სივიწროვით ვერ სთესვენ ბრინჯ-ბამბას" (გვ. 680).

კლარჯეთი ტაოსთან ერთად ხშირად ერთ რეგიონად გაიაზრებოდა: "ტაო-კლარჯეთი." მაგრამ ისინი მაინც დამოუკიდებელი ეთნოგრაფიული ერთეულები იყო. ტაო მდ. ჭოროხის შუა დინების აუზშია. ძვ.წ. 401 წ. ბერძენი ქსენოფონტი ამ კუთხის მოსახლეობას ტაოხებად მოიხსენიებს. ძვ.წ. I ათასწლეულში ტაო კოლხეთის სამეფოში შედიოდა. ისევე როგორც კლარჯეთში, ტაოშიც თავდაპირველად დასავლურ ქართული ელემენტი მკვიდრობდა. აქ ძალიან ადრე მოხდა აღმოსავლურ ქართული ტომების ინფილტრაცია. ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნისთანავე (ძვ.წ. IV-III სს.) ტაო მისი ორგანული ნაწილი გახდა. ტაოს ძვ.წ. II ს. სომხეთი დაეუფლა. ახ.წ. I-II სს. კვლავ ქართლის სამეფოში შედიოდა. შემდგომ კვლავ სომხეთმა მიიერთა და მამიკონიანთა ფეოდალური სამფლობელო იყო. ამიტომ ტაოში ქართულ მოსახლეობასთან ერთად, განსაკუთრებით იმიერ-ტაოში, სომხურიც გაჩნდა. ქართველებსა და სომხებს შორის საეკლესიო დაპირისპირების დროს, ტაოში დიოფიზიტობამ გაიმარჯვა და ის დიოფიზიტობის ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა. VIII-IX სს-ში ტაოში ფართო სამონასტრო მშენებლობა იყო გაჩაღებული. აქ აიგო ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები (ბანა, ხახული, ოშკი, პარხალი...).

კლარჯეთთან ერთად ტაოში მიეცა დასაბამი ბაგრატიონების სამეფო დინასტიას. ტაოში მოღვაწეობდნენ ქართული საეკლესიო კულტურის მოღვაწეები - იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები. XII-XIII სს-ში ტაო საქართველოს ფეოდალური მონარქიის სანაპირო ქვეყანა იყო. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ, ტაო სამცხე-საათაბაგოს სამთავროში შედიოდა. XVI ს-ის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ეთნოგრაფიული ერთეულები და მათ შორის, ტაოც ოსმალეთმა დაიპყრო.

სამცხის სამხრეთით, ჯავახეთის დასავლეთით და არტნის ჩრდილოეთით ერუშეთი მდებარეობდა. იგი მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის: ერუშეთი, არტაანთან ერთად, წუნდის საერისთავოში შედიოდა. ძველი ქართული ტრადიციის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.). ერუშეთში იჯდა ერუშნელი ეპისკოპოსი. XVI ს-ში ერუშეთი, საქართველოს სხვა სამხრეთ პროვინციებთან ერთად, ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. 1878 წ. ერუშეთი რუსეთის იმპერიამ შეიერთა, მაგრამ მას შემდგომ ისევ ოსმალეთი დაეუფლა. ვახუშტის დახასიათებით "არს ეს ერუშეთი უვენახო, უხილო, ვითარცა ჯავახეთი, ეგრეთვე მოსავლითაცა, პირუტყგთ, ნადირითა და მდინარე-თევზითა, არამედ მთანი არიან ტყიანნი გარემოს მისსა და ყუავილოვან - ბალახოვან - წყაროიანი" (გვ. 673).

მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს არტაანი მდებარეობს. "ხოლო არს არტანი ვაკე და უტყეო, ბალახყუავილიანი, მოსავლით, ვითარცა ჯავახეთი, და მთანიცა უტყეონი, მცირე არყნალთაგან კიდე" (ვახუშტი გვ. 674). არტაანი წუნდის საერისთავოში შედიოდა ჯავახეთთან და კოლასთან ერთად. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.). არტაანი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. არტაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეული თურქებმა, ამ მხარის დაპყრობის შემდეგ, ორად გაყვეს. "დიდი არტაანი" გურჯისტანის ვილაიეთში შედიოდა, პატარა არტაანი - ყარსის ვილაიეთში. "პატარა არტაანი" ანუ იგივე "კოლა" მდინარე მტკვრის სათავეების ქვაბულში მდებარეობდა. მიიჩნევენ, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონის სახელწოდება - კოლა, მომდინარეობს კოლხას ტომის სახელისაგან (თუმცა, პირიქით კი უნდა ყოფილიყო - კოლასაგან უნდა მიგვეღო კოლხა), რომლის უძველესი მოსახლეობაც დასავლურ-ქართული უნდა ყოფილიყო. იბერიის (ქართლის) სამეფოს წარმოქმნისთანავე, კოლა მის შემადგენლობაში შედიოდა. კოლაში შეიქმნა ქართული აგიოგრაფიის ერთ-ერთი ძეგლი "კოლაელ ყრმათა წამება," რომელშიც ქრისტიანობის გავრცელების გარიჟრაჟზე ქრისტიანებსა და წარმართებს შორის ბრძოლაა ასახული. ვახუშტი (გვ. 675) კოლას შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: "და არს ადგილნი კოლისანი მოსავლით, პირუტყგთ და ჰავით, ვა ჯავახეთი, და კაცნიცა ჰგონე ეგრეთვე, არამედ აწ უმეტესნი მოჰმადიანნი." XIX ს-ის მეორე ნახევარში კოლას მოსახლეობა უკლებლივ გამუსლიმანებული იყო. "ქართულად ძნელად ვინმე ლაპარაკობს" (ბაქრაძე, გვ. 40). რაც შეეხება არტაანის მხარეს, დ. ბაქრაძე (გვ. 41) წერდა: "არტაანის კაზაში მოსახლეობის მეათედი თუ ლაპარაკობს ქართულად. მოსახლეობას მოჰყავს კანაფი, ხორბალი და ქერი; ჰყავთ დიდძალი შინაური ფრინველი და ძროხა. აქედან ძალზე ძნელი გზით ოლთისში, არსიანის მთაზე გადავლით ახალციხესა და სხვა მეზობელ ადგილებში გასაყიდად გააქვთ პური, ქერი, ერბო, მიერეკებიან ცხვარს და კამეჩს."

შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთით ჭანეთი (ლაზეთი) მდებარეობს. ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით ჭანეთი "არს ესე შავი ზღგს კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპიზონის საზღვრამდე" (გვ. 689). სხვა ადგილას ვახუშტი საქართველოსა და ბიზანტიას შორის საზღვარს რიზეს დასავლეთით დებდა. ჭანეთი ნაყოფიერი მხარე იყო: "არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, ნადირიანი. გარნა ჭანეთიცა ფრიად ტყიანი, გორა-მთა-ღელიანი, არამედ ხილიანი, ვენახიანი, მარცვლებით მოსავლიანი ბრინჯ-ბამბითურთ, და ნაყოფიერებს ფრიად. პირუტყუნი, ნადირნი ფრიად მრავალნი, ფრინველნი და თევზნი ურიცხუნი, მწერნი მრავალნი, ფუტკარი და თაფლი ბევრად." ჭანები (ლაზები) განთქმული მუშაკები იყვნენ: "კაცნი არიან დელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტიანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე" (გვ. 690). ქართული ენა ძირითადად ზედაფენის წარმომადგენლებმა იცოდნენ და მათ ვინც დასავლეთ საქართველოში ხის სამუშაოდ დადიოდნენ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჭანეთი (ლაზეთი) ხანგრძლივად მოწყვეტილი იყო საქართველოს, მის მკვიდრებს სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან ჰქონდათ.

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე იყო აფხაზეთიც. აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ საუბარი წიგნის პირველ მონაკვეთში გვქონდა და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. საერთოდ, არაერთი ყოფითი მოვლენა აფხაზებს მეგრელთა მსგავსი ჰქონდათ, განსაკუთრებით სამეურნეო ყოფის სფეროში. საერთოდ, XVI ს-მდე აფხაზები მიწათმოქმედნი და ქრისტიანები იყვნენ; შემდეგ კი მეცხოველეები და წარმართები. თავდაპირველად ეთნოგრაფიულ ეგრისსა და აფხაზეთს შორის საზღვარი, ვახუშტის სიტყვებით, ახალ ათონთან გადიოდა: "ხოლო ანაკოფიის დასავლეთით არს აფხაზეთი." აფხაზეთში გამორჩეული იყო ბიჭვინტის ეკლესია "დიდი, დიდშენი, კეთილ ფრიად, გუმბათიანი, ზღგს კიდესა ზედა. პირველ იყო საეპისკოპოზო. ჟამსა აფხაზთა მეფეთათა იქმნა საკათალიკოზოდ, და აწ არს საყდარი აფხაზთა კათალიკოზისა, არამედ აწ ხუცის ამარად, ვინაითგან აფხაზნი არღარა მონებენ რჯულსა და სარწმუნოებასა" (ვახუშტი, გვ. 785). აფხაზების შესახებ ვახუშტი შემდეგ დახასიათებას გვაძლევს: "ხოლო კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქგტნი და ტანოვანნი, წერწეტნი, მპარავნი, ავაზაკნი, ზღუათა შინა მავალნი ოლეჭკანდარებითა, რომელთა შინა შთასხდებიან რ, ს და ტ, დაუდდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფროსად ოდიშგურიასა. არამედ არიან ბრძოლასა შინა მდედრნი, მალ მიმდრეკნი, ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი... არა იქნებიან მათ შორის სიძვა, მრუშება, რამეთუ დასწუენ შემცოდეთა. უყუართ სტუმარი და პატივს უყოფენ, და შეიწყნარებენ ფრიად. ენა საკუთარი თგსი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული (გვ. 785-786).

ქართველთა კიდევ ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი საქართველოდან შორს, ირანის ფერეიდანის პროვინციაში ცხოვრობს, რომლებიც ქართული ენის ფერეიდნულ დიალექტზე მეტყველებენ. ლადო აღნიაშვილი, რომელმაც 1894 წელს იმოგზაურა ფერეიდანში გვიამბობს, რომ "ჩინებულად ლაპარაკობენ ნამეტნავ რამდენიმე სოფელში. როგორც წუნი არ დეედვის ჩვენ მიერ ქართულ ლაპარაკს ხევსურისის, ქიზიყელი გლეხისას ანუ რომელიმე ტეტია სოფლელისას ქართლ-კახეთის კუთხე-კუნჭულებიდან, აგრეთვე წუნს ვერ დავდებთ იქაური ქართველების ლაპარაკს. აქცენტი მათი ლაპარაკში სწორედ ისეთივეა, როგორც ჩვენებური სოფლელი გლეხისა ნამეტნავ ქიზიყელისა და ხევსურისა (ფშავისა)" (შარაშენიძე, 1979, გვ. 98). ფერეიდნელი ქართველები 1616 წელს კახეთიდან ძალად აყრილი და გადასახლებული მოსახლეობის შთამომავლები არიან. 100 ათასამდე გადასახლებული ქართველის შთამომავალი ირანის სხვადასხვა პროვინციაში (ხორასანი, ისპაჰანი) გასპარსელდა და მხოლოდ ფერეიდანში დამკვიდრებულებმა შემოინახეს თავისი ეთნიკური ქართველობა, დედა-ენა და ზოგიერთი ტრადიცია. ფერეიდნელი ქართველები ფერეიდანის 14-ოდე სოფელში არიან განსახლებული. ქართველებს ირანში სოფლებისათვის თავიანთი სოფლების სახელები დაურქმევიათ: ნინოწმინდა, მარტყოფი, თელავი, ვაშლოვანი... ირანში გადასახლების შემდეგ ქრისტიან ქართველებს მაჰმადიანობა (შიიზმი) ძალით მიაღებინეს. როგორც სპარსელი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში წერს: "ქრისტიანებმა ზიზღით შედგეს ფეხი მუსლიმანობაში". 1840 წელს ფერეიდანი მოუნახულებია ინგლისელ ჰენრი ლეიარდს, რომელიც აღნიშნავდა: "აქ იყო ჯერ კიდევ შაჰ-აბასის მიერ დასახლებული ქართველთა კოლონია... ეს იყო შრომისმოყვარე ხალხი. ხეხილის ბაღებით გარშემორტყმული მათი სოფელი აყვავებული იყო. ქრისტიანთა ცნობა მაშინვე შეიძლებოდა, რადგან მათი ნაკვეთები განსხვავდებოდა მეზობელი მოსახლეობისაგან. ქალები უჩადროდ დადიოდნენ და ბევრი მათგანი საოცრად ლამაზი იყო. მთებიდან მომდინარე ურიცხვი წყაროებისა და ხშირი მიწისქვეშა არხების წყალი რწყავდა ბაღებს, სადაც მოდიოდა უმაღლესი ხარისხის ხილი, რომელსაც გასაყიდად გზავნიდნენ ისფაჰანში და სხვა ადგილებში" (შარაშენიძე, 1979, გვ. 61). ფერეიდნელი ქართველების რაოდენობას 12-დან 14 ათასამდე კაცით განსაზღვრავენ.

ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ყოფა უნიკალურია და განსხვავებულია სხვაგან, მაგალითად თურქეთში მცხოვრები ქართველების ყოფისა და კულტურისაგან, რადგან ფერეიდანში ისინი აღმოჩნდნენ შედარებით იზოლირებულ მდგომარეობაში. ირანის სხვადასხვა პროვინციაში მცხოვრებ ქართველთაგან, მხოლოდ ფერეიდნელებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ ეთნიკური თვითშეგნება, ენა, საოჯახო წეს-ჩვეულებები და მთელი რიგი ელემენტები, როგორც მატერიალური, ისე სულიერი კულტურის სფეროში. სარწმუნოების შეცვლამ და ცხოვრების პირობებმა, ეკოლოგიურმა გარემომ მთლიანად შეცვალა მათი ტანსაცმელი, სამეურნეო იარაღები და სხვ. მიუხედავად ამისა, ძველქართული ცხოვრების წესი მაინც შენარჩუნებული იქნა, მაგალითად, საქორწინო ურთიერთობის სფეროში - ეგზოგამიურობა, გვარებად დასახლების ფორმა; ქალს არ ათხოვებდნენ სპარსელზე, თუმცა თავად კი მოყავდათ ირანელი რძალი. ასევე შეძლეს არ გაევრცელებინათ ქართველთათვის უცხო სყიდვითი ქორწინების ფორმა (ურვადი). საინტერესოდ გამოიყურება ფერეიდნელების მიერ შენარჩუნებული მთელი რიგი რეტუალები (პატარძლის წყალზე გაყვანა, საოჯახო კერასთან ზიარება...), რაშიც აშკარად ჩანს ძველქართული ტრადიციული წეს-ჩვეულებების კვალი. ის გვარები, რომლებიც ამ ტრადიციულ წესებს არღვევდნენ და ასიმილირების პროცესში ერთვებოდნენ, მიაჩნდათ, რომ მათ თავიანთ გვარს და წეს-ჩვეულებებს უღალატეს, რაც "ნაგვარობის" სახელით იყო ცნობილი (გოცირიძე, 1987).

თავისებური ეთნოგრაფიული ყოფით გამოირჩეოდა საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომელიც ქართული საისტორიო წყაროებით V ს. ვახტანგ გორგასალმა გააშენა. თუმცა თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ძვ.წ. IV ათასწლეულშიც. ვახუშტის მიხედვით თბილისი ოთხი უბნის - საკუთრივ თბილისის, კალის, ისნისა და გარეთუბნის ერთობლიობას წარმოადგენდა. XII-XIII სს-ში თბილისი კეთილმოწყობილი ქალაქი იყო და მისი მოსახლეობა 80 ათასს აღწევდა. XVIII ს-ის დასაწყისისათვის თბილისში 20 ათასი კაცი ცხოვრობდა (ქართველი თავადაზნაურობა, ვაჭრები, სოვდაგრები, მოქალაქეები და გლეხები). საქართველოს დედაქალაქი გამორჩეული იყო აივნიანი საცხოვრებელი სახლებით. თბილისში ყოფილა არაერთი დარბაზული სახლიც. Mმას თავისებურ ეთნოგრაფიულ იერს აძლევდნენ ბაზრები და გოგირდოვანი წყლების აბანოები, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის თავშეყრის ადგილებსაც წარმოადგენდნენ. თბილისის ეკონომიკურ ცხოვრებაში გაბატონებული იყო წვრილი ხელოსნური წარმოება. თავდაპირველად ქალაქი (ასე უწოდებდა მას საქართველოს მოსახლეობა) ქართველებით იყო დასახლებული. მაგრამ რთული საგარეო ვითარების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა არაერთხელ გაწყდა. წარმოადგენდა რა კავკასიის ერთგვარ ცენტრს, თბილისი თავშესაფარად იქცა მეზობელი სომხეთიდან ლტოლვილი მოსახლეობისათვის. აქვე სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ სპარსელები, თურქები, ქართველი ებრაელები. ვახუშტის სიტყვებით თბილისელი სომხები ქცევა-ზნით ქართველები იყვნენ. უფრო მეტიც, მათთვის დედა-ენაც ქართული იყო. თბილისის ეთნიკური აჭრელება XIX ს-ში, რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ დაიწყო. თბილისისაკენ მოემართებოდა არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მოსახლეობა, არამედ უცხო ეთნოსთა წარმომადგენლებიც. XIX ს-ში თბილისი რელიგიურ-კონფესიურადაც ჭრელი ქალაქი იყო. მართლმადიდებლებს გარდა, აქ ცხოვრობდნენ კათოლიკეები, მუსლიმები, მონოფიზიტები (გრიგორიანელები), იუდეველები, ლუთერანელები... ყველა მათგანს თავისი სამლოცველო და სასაფლაო ჰქონდა. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ამ სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. თბილისელებმა გართობაც სათანადოდ იცოდნენ (ბერიკაობა, ყეენობა). ქართული ენის თბილისური კილო გამორჩეული იყო: “ქალაქის მოსახლეობა მუდამ ჭრელი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ იგი ყოველთვის თავისი ენით მეტყველებდა, ეს იყო ქალაქური ენა. ქართული ენის ბგერაში ხშირად ისმოდა არაბულ-სპარსული, სომხური სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები ყოველთვის შესისხლხორცებული იყო ქართული ენის ცოცხალ გამოთქმასთან” (გრიშაშვილი, 1986, გვ. 8).

ზემოთ ზოგადად მიმოვიხილეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულები (მხარეები), სადაც შესაბამისი ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ. ზემოთაც აღვნიშნეთ და აქაც გვინდა გავიმეოროთ, რომ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული // ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები, სხვადასხვა დროს ჩამოყალიბდა ბუნებრივ-გეოგრაფიული და ისტორიული მოვლენების შედეგად. ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფები XIX ს-ში ცარიზმს ცალ-ცალკე ხალხებად (народность-ებად) ჰყავდა წარმოდგენილი, რაც ერთიანი ქართული ეროვნული ორგანიზმის დაშლისაკენ მიმართული ქმედება იყო. მხოლოდ ქართლელებსა და კახელებს მიაკუთვნებდნენ ქართულ ეთნოსს. ცალკე აღირიცხებოდნენ იმერლები (იმერლებში შეჰყავდათ რაჭველები და ლეჩხუმელები), მეგრელები (სამურზაყანოელი მეგრელები ცალკე ხალხად იყვნენ გამოცხადებულნი, როგორც "самурзаканцы"), სვანები, ფშავლები, ხევსურები, თუშები, გურულები, აჭარლები (1910 წლის "კავკასიის კალენდარში" აჭარლები ქართველ მაჰმადიანებად არიან ჩაწერილები). რაც შეეხება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქართველთა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს (შავშელებს, კლარჯელებს...) 1886 წელს ისინი ქართველ მაჰმადიანებად იყვნენ ჩაწერილები. აღნიშნული ფალსიფიკაცია დასავლეთის სამეცნიერო გამოცემებში ამჟამადაც გრძელდება. საკმარისია მოვიხსენიოთ აშშ-ში დასტამბული მრავალტომეულის - "მსოფლიოს ხალხები და კულტურები" VI ტომი. ხშირად ქართველთა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს ეთნოსებად, ეთნიკურ ჯგუფებად მოიხსენიებენ, რაც დიდი შეცდომაა. ქართველი ხალხი არის ერთი და ერთიანი ეთნოსი, რომელიც ერად (ნაციად) საუკუნეების მიღმა ჩამოყალიბდა, რომელმაც შექმნა ერთიანი დიდი ეროვნული (ეთნიკური) კულტურა, სალიტერატურო ენა და რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული მყარი ეროვნული თვითშეგნება, ეროვნული ხასიათი, რომლის შესახებ ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ქართვლი მწერლები წერდნენ. მაგალითისათვის ჟამთააღმწერლის (XIV ს-ის I ნახ.) სიტყვებიც კმარა: "არა არს წესი ჩუენ ქართველთა უკეთუ, რა ვიხილოთ მტერი ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკუდილი;" "ვინათგან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან, და არ განცრუვდებიან;" "არა არს ნათესავი ქართველთა კაცის მკვლელი..." (ჟამთააღმწერელი, 1987, გვ. 150, 99, 92). ხოლო ვახუშტისეული ქართველთა დახასიათება ყველა ქართველს ეხება და არა ქვეყნის რომელიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის წარმომადგენელს: "ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შეუნიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმისანნი, თეთრყირმიზნი, იშგთ შავგურემან და მოყვითან, იშგთ თუალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ. ქალთა თმა გარდაშუებული და დაწნული. ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკუეცილნი; წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშგთ სქელნი, მდნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მდედრობათა შინა კადნიერნი, მკგრცხლნი, მსწრაფლნი, რამეთუ ვიეთნი ლგ ეჯს იდ ჟამს გაირბენს. სალაშკროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თგსთა სახელთათგს არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თგსსა, სტუმართა და უცხოთა მოყუარენი; მხიარულნი, უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან არარაბ შეიჭირვიან; უხუნი, არცა თგსა და არცა სხგსას კრძალავენ; საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ-მიმდდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი. ... ურთიერთის მიმყოლნი, სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი, სირცხვილის მდევარნი, კეთილ-ბოროტზედ ადრე მიმდრეკნი, თავდედნი, დიდების მოყუარენი, თუალმგებნი და მოთაკილენი" (გვ. 44-45).

საქართველოს თითოეული ეთნოგრაფიული რეგიონი ძირითადად ერთი სამეურნეო-ეკონომიკური ერთეული იყო. ზოგიერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული (ისტორიულ-გეოგრაფიული) მხარე გამოკვეთილი ბარი იყო, ზოგი - მთიანეთი, ზოგიც კი ზეგანს (მთისწინეთს) წარმოადგენდა. ზოგიერთი მათგანი სამივე გეოგრაფიული ნიშნის შემცველი იყო. საქართველოს მთელი ისტორია იმას ადასტურებს, რომ არა მარტო მთიანი და ბარის კუთხეები, არამედ ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ერთმანეთთან იყო დაკავშირებული შესაბამისი გზებითა და ბილიკებით და მათ შორის მიმოსვლა და კავშირი ხორციელდებოდა იმ დროისათვის არსებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით.

საქართველოს ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლებს თუ პურეული კულტურები ჰქონდათ მეტი რაოდენობით, სხვებს მევენახეობის პროდუქტები, ხილეული, მესაქონლეობისა და მეცხვარეობის პროდუქტები ჰქონდათ. ასე რომ, საქართველოს ეთნოგრაფიული ერთეულები დანაკლისს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ერთმანეთთან სამეურნეო-ეკონომიკური კავშირებით ივსებდნენ. საერთოდ, "საქართველოს მიწა-წყალი მთლიან ერთეულს წარმოადგენს, რომელიც ბუნებრივი ზღუდეებითაც (მთებითა და მდინარეებით) არის შემოფარგლული და თანაც, ვითარცა მტკვრისა, რიონისა და ჭოროხის აუზების შემცველი, გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ურთიერთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული" (ჯავახიშვილი, 1919, გვ. 49).

ზემოთ საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს შორის სამეურნეო-ეკონომიკური კავშირების არსებობის არაერთი მაგალითი მოვიყვანეთ (მთიელთა გარე სამუშაოზე საირული, მთიელ მეცხვარეთა მიერ ბარის საზამთრო საძოვრების გამოყენება და პირიქით; აღებ-მიცემობა სხვადასხვა რეგიონებს შორის და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული (ისტორიულ-ეთნოგრაფიული) ერთეულები XVI ს-ის ბოლოდან სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, ისტორიის სიღრმეში ჩამოყალიბებული სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები თითქმის არ დარღვეულა. ისტორიკოს პაპუნა ორბელიანზე დაყრდნობით, ივანე ჯავახიშვილი (1919, გვ. 42) ხაზს უსვამდა, რომ "XVIII საუკუნეშიაც, როდესაც მესხეთი ახალციხის საფაშოს სახით ოსმალეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა და საქართველოს პოლიტიკურად ჩამოშორებული იყო, მაშინაც კი მთელ მესხეთს, განსაკუთრებით კი ჯავახეთს და სამცხეს საქართველოსთან ჰქონდა სჭიდრო ეკონომიკური დამოკიდებულება და იქაური სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი სანოვაგე, განსაკუთრებით კი პური ტფილისში და გორში ჩამოჰქონდათ გასაყიდად." ამავე დროს, მთელი საქართველოს საქონელი, ცხვარი, სამხრეთ საქართველოს საზაფხულო საძოვრებზე იყრიდა თავს.

ამრიგად, "ივ. ჯავახიშვილის ფართო კვლევა-ძიებიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ საქართველოს თითოეულ თემს (ასე უწოდებდა იგი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს - რ.თ.) სამეურნეო-კულტურული ხასიათის საკუთარი მიღწევები ჰქონდა, რომელთაგან უმეტესობა საერთო ქართული კულტურის ფონდში შედიოდა და მის დაწინაურებასა და განვითარებას უწყობდა ხელს" (გეგეშიძე, 1979, გვ. 53). ბუნებრივ-ისტორიული არეების დანაწევრებისა და სხვაობის პირობებში ჩამოყალიბებული ისტორიულ-ტერიტორიული ჯგუფების მჭიდრო კავშირურთიერთობა საქართველოს ერთიან კულტურულ-ეკონომიკურ ორგანიზმს ქმნიდა. მათ სხვამხრივი კავშირებიც ჰქონდათ. თავი რომ დავანებოთ მუდმივ მიგრაციულ კავშირებს, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო საქორწინო კავშირებიც არსებობდა. მაგალითად, ასეთი საქორწინო კავშირები ჰქონდა რაჭის მოსახლეობას ზემო იმერეთის, ოკრიბისა და ლეჩხუმის მკვიდრებთან. XVIII ს-ის ერთ საბუთში საუბარია თრიალეთიდან ჯავახეთში (რომელიც ოსმალეთის შემადგენლობაში იყო) ქალის გათხოვაზე. Aსაქართველოს ამა თუ იმ ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებს ყმა-გლეხები ჰყავდათ სხვა მხარეებში. მაგალითად XIV ს-ში ხაჟიგ დადიანმა სამეგრელოს სოფელ წოუშხევში მცხოვრები გლეხები სვანეთის სეტის მთავარმოწამეს შესწირა. ასე რომ, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები კარჩაკეტილები არ ყოფილან და მათ ერთმანეთთან მჭიდრო კულტურული, სამეურნეო, ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობანი ჰქონდათ.

დასასრულს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და ეთნოგრაფიული ჯგუფები მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის არ ყოფილა დამახასიათებელი. ასეთი დანაყოფები თითქმის ყველა კულტურულ და ცივილიზებულ ერს ჰქონდა. მაგალითად შეიძლება ქართველთა მეზობელი სომხები დავასახელოთ. ისტორიულ სომხეთში გამოყოფენ ათ დიდ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რაიონს (ვარდუმიანი, 1964), რომლებიც თავის მხრივ, შეიცავდნენ მცირე ეთნოგრაფიულ ერთეულებს. მეცნიერები სომხურ ენაში რამდენიმე ათეულ (36, 44, 51) დიალექტს გამოყოფენ (ლინგვისტური.., 1990, გვ. 44). როგორც ცნობილია, ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს თავისი დიალექტი ჰქონდა. დასავლეთ ევროპის ხალხებიდან ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებისა და ეთნოგრაფიული ჯგუფების სიმრავლით იტალია (ვენეციელები, ლიგურიელები, კალაბრიელები, ლომბარდიელები, პიემონტელები, ტოსკანელები, სიცილიელები, სარდინიელები...) და ესპანეთი (კასტილიელები, ასტურიელები, ლეონელები, ესტრემადურიელები, არაგონელები, ანდალუსიელები, ვალენსიელები, აგრეთვე საკუთარ ენაზე მოლაპარაკე კატალონიელები, გალისიელები, ბასკები) გამოირჩევა (სეხ, 1965). ეთნოგრაფიული მრავალფეროვნება განპირობებული იყო ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებითა და ისტორიული მსვლელობით. საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული, კლიმატური გარემო კი უაღრესად მრვალფეროვანი, ისტორია კი მეტად რთული იყო. ამიტომაცაა, რომ ვრცელ და დიდ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებთან ერთად, საქართველოში პატარა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებიც გვქონდა.

დამოწმებული ლიტერატურა

აბრამიშვილი, 1977 - გ. აბრამიშვილი. სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ, 1977

აბუსერიძე, 1981 - ტბელ აბუსერიძე. ცხოვრება ქვითხუროისა ბასილისა, ი. სიხარულიძის გამოცემა, ბათუმი, 1981

ანჩაბაძე, ვოლკოვა, 1990 – Ю.Д. Анчабадзе, Н.Г. Волкова. Старый Тбилиси, М., 1990

არუთინოვი, 1889 - С.А. Арутюнов. Народы и культуры, М., 1989

ბარდაველიძე, ჩიტაია, 1939 - ვ. ბარდაველიძე, გ. ჩიტაია. ქართული ხალხური ორნამენტი, I, ხევსურული, თბ., 1939

ბარდაველიძე, 1971 - ვ. ბარდაველიძე. მთისა და ბარის მოსახლეობის ურთიერთობის ისტორიიდან საქართველოში (მოძმეობის ინსტიტუტი) //მაცნე, ისტორიის... სერია, 1971, ¹3

ბარდაველიძე, 1974 - ვ. ბარდაველიძე. აღმოსალეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. I, ფშავი, თბ., 1974

ბარდაველიძე, 1982 - ვ. ბარდაველიძე. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. II, ხევსურეთი, თბ., 1982

ბაქრაძე, 1987 - დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987

ბერაძე, 1976 - თ. ბერაძე. ლეჩხუმის ისტორიული გეოგრაფიიდან // მაცნე, ისტორიის...სერია, 1976, ¹3

ბერაძე, 1983 - თ. ბერაძე. რაჭა, თბ., 1983

ბერძენიშვილი დ., 1979 - დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი, თბ., 1979

ბერძენიშვილი დ., 1987 - დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი - თორი, ჯავახეთი, თბ., 1985

ბერძენიშვილი დ...., 1983 - დ. ბერძენიშვილი, ი. ბანძელაძე, მ. სურამელაშვილი, ლ. ჭურღულია. ლეჩხუმი, თბ., 1983

ბერძენიშვილი დ...., 1987 - დ. ბერძენიშვილი, მ. გიორგაძე, ც. ჩაჩხუნაშვილი, გ. ჭანიშვილი. გუჯარეთი, თბ., 1987.

ბერძენიშვილი დ., 2000 - დ. ბერძენიშვილი, ი. ელიზბარაშვილი, ნ. ვაჩეიშვილი, ც. ჩაჩხუნაშვილი. ჯავახეთიის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 2000

ბერძენიშვილი ნ., 1964 - ბ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1964

ბერძენიშვილი ნ., 1990 - ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1990

ბოჭორიძე, 1992 - გ. ბოჭორიძე. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992

ბოჭორიძე, 1993 - გ. ბოჭორიძე. თუშეთი, თბ., 1993

ბოჭორიძე, 1994 - გ. ბოჭორიძე. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1984

გამრეკელი, 1961 - В.Н. Гамрекели, Двалы и Двалетия в I-XVвв. н.э., Тб., 1961

გეგეშიძე, 1961 - მ. გეგეშიძე, სარწყავი მიწათმოქმედება საქართველოში, თბ., 1961

გეგეშიძე, 1973 - აკად. ივანე ჯავახიშვილი საქართველოს შინაგანი სამეურნეო, კულტურული კავშირურთიერთობის შესახებ // მაცნე, ისტორიის... სერია, 1973, ¹2

გვასალია..., 1983 - ჯ. გვასალია, მ. გიორგაძე, მ. სურამელაშვილი, ლ. ჭურღულია, ხადის ხეობა, თბ., 1983

გიგინეიშვილი..., 1961 - ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე. ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961

გეორგიკა, 1965 - გეორგიკა, II, თბ., 1965

გოცირიძე, 1987 - გ. გოცირიძე, ქორწინება ფერეიდნელ ქართველებში, თბ., 1987

გრიშაშვილი, 1986 – ი. გრიშაშვილი. ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, ბათუმი, 1986

გურჯისტანის..., 1941 - გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოცემა, წიგნი II, თბ., 1941

სეხ, 1965 – Народы зарубежной Европы, II, М., 1965

ეთნიკური, 1987 - Этнические процессы в современном мире, М., 1987

ენგელსი, 1961 - Ф. Энгельс. Диалектика природы - К. Маркс и Ф. Энгельс. Сочинения. издание второе, т. 20, М., 1961

ვახუშტი, 1973 - ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა - ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973

ვარდუმიანი, 1964 – Д.С. Вардумян. Характеристика основных этнографических районов Армении. М., 1964 (VII международный конгресс антропологических и этнографческих наук)

ვოლკოვა, 1974 - Н.Г. Волкова. Этнический состав населения Северного Кавказа в XVIII - начале XX века, М., 1974

ზაქარაია, 1962 - პ. ზაქარაია. სიმაგრეთა ერთი უცნობი სახე // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXIII - B, თბ., 1962

თაყაიშვილი, 1963 - ე. თაყაიშვილი. არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში, თბ., 1963

თოფჩიშვილი, 1984 - რ. თოფჩიშვილი. აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობის მიგრაცია XVII-XX სს., თბ., 1984

თოფჩიშვილი, 1985 - რ. თოფჩიშვილი. მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობის ზოგიერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული საკითხი // მაცნე, ისტორიის...სერია, 1985. ¹2

თოფჩიშვილი, 1997 - რ. თოფჩიშვილი. საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997

თოფჩიშვილი, 1999 - რ. თოფჩიშვილი. კვლავ დვალთა ეთნიკური ვინაობისათვის // ანალები, 1999, ¹2

თოფჩიშვილი, 2000 - რ. თოფჩიშვილი. სად წავიდა ჯავახეთის ქართული მოსახლეობა, თბ., 2000

თოფჩიშვილი, 2001 - რ. თოფჩიშვილი. ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიისათვის // ანალები, 2001, ¹2

თოფჩიშვილი, ქურდიანი, 2000 - რ. თოფჩიშვილი, მ. ქურდიანი. რელიგიის როლი ერების ჩამოყალიბებაში. - "ქუთაისური საუბრები," VII, ქუთაისი, 2000

ითონიშვილი, 1984 - ვ. ითონიშვილი. ხევი (გზამკვლევი), თბ., 1984

კაკაბაძე, 1921 - ს. კაკაბაძე. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, თბ., 1921

კანდელაკი, 1995 - მ. კანდელაკი. მეკოდეობის ტრადიცია თუშეთში, თბ., 1995

კახიანი, 1964 - კ. კახიანი. გლეხის კარმიდამო იმერეთში, თბ. 1964

კახიძე, 1978 - ნ. კახიძე. მოგზაური მკვლევარები ხელოსნობის შესახებ აჭარაში // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა, VI, თბ., 1978

კახიძე, 1990 - ნ. კახიძე. ხელოსნობა აჭარაში, თბ., 1990

კრებული, 1893 - Свод статистических данных о населении Закавказского края извлеченный из посемейных списков 1886 г. Тф., 1893

კურდღელაიძე, 1983 - გ. კურდღელაიძე, თუშეთი, თბ., 1983

ლავროვი, 1952 - Лавров Л. Расселение сванов на Северном Кавказе до XIX в. // Вопросы Этнографии Кавказа, Тб., 1952

ლინგვისტური..., 1990 – Лингвистический энциклопедический словарь, М., 1990 Лингвистический энциклопедический словарь

ლომსაძე, 1975 - შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბ., 1975

ლომსაძე, 1999 - Ломсадзе Ш. Месхети и месхи, Тб., 1999

ლორთქიფანიძე, 1990 - მ. ლორთქიფანიძე. აფხაზები და აფხაზეთი, თბ., 1990

მაკალათია, 1941 - ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941

მაკალათია, 1987 - ს. მაკალათია. მთის რაჭა, თბ., 1987

მელიქიშვილი, 1954 - Г.А. Меликишвили. Наири - Урарту, Тб., 1954

მელიქიშვილი, 1965 - გ. მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ, 1965

მელიქიშვილი დ., 1997 - დ. მელიქიშვილი. ტერმინთა - ნათესავი, ტომი, ერი მნიშვნელობისათვის წმ. წერილის ძველ ქართულ თარგმანებში // ქუთაისური საუბრები - IV, ქუთაისი, 1997

მიმინოშვილი, 1998 - ო. მიმინოშვილი. ეთნოგრაფიული მოგზაურობა საქართველოში, თბ., 1998

მინდაძე, 1981 - მ. მინდაძე. ქართული ხალხური მედიცინა, თბ., 1981

მოწერელია, 1987 - მ. მოწერელია. სტუმარმასპინძლობის ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1987

მუსხელიშვილი, 1977 - დ. მუსელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბ., 1977

მუსხელიშვილი, 1980 - ს. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. II, თბ., 1980

მუსხელიშვილი, 1997 - დ. მუსხელიშვილი. ქიზიყის ძველი ისტორია (ძვ.წ. I - ახ. წ. XV სს.), თბ., 1997

ნადირაძე, 2001 - ე. ნადირაძე. საქართველოს მემორიალური კულტურა, თბ., 2001

ონიანი, 1997 – ა. ონიანი. საქართველო და ქართველური ენები. – “ქუთაისური საუბრები – IV”, 1997

ოჩიაური, 1977 - თ. ოჩიაური. ხევსურეთი და ხევსურები, თბ., 1977

პაპუაშვილი, 1972 - თ. პაპუაშვილი, ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972

პოსერბსკი, 1865 - А. Посербский. Очерк Закатальского Округа // Кавказский календарь на 1866 г., Тф., 1865

ჟამთააღმწერელი, 1987 - ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოცემა, თბ., 1987

რუხაძე, 1982 - ჯ. რუხაძე. ვანის დღიურის ფურცლები, თბ., 1982

სამეგრელო, 1999 - სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ი. ანთელავას რედაქციით, თბ. - ზუგ., 1999

სახოკია, 1985 - თ. სახოკია. მოგზაურობანი, ბათუმი, 1985

სინ, 1973 - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973

ტოლოჩანოვი, 1970 - ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის აღწერილობა, ი. ცინცაძის გამოცემა, თბ., 1970

ფილოსოფიური...1989 - Философский энциклопедический словарь, М., 1989

ფონ-პლოტო, 1870 - А. Фон-Плото. Природа и люди Закавказского Округа // Сборник сведений о кавказских горцах, вып. IV, Тф., 1870

ფრუიძე, 1986 - ლ. ფრუიძე. რაჭა Eეთნოგრაფიის თვალით, თბ., 1986

ფუტკარაძე, 1997 – ტ. ფუტკარაძე, ზ. კიკვიძე. ეროვნული სოციოლინგვისტური პროფილის ფორმულის კომპონენტებისათვის. –“ქუთაისური საუბრები – IV“, 1997

ქისკ, 1984 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. I, თბ., 1984

ქსძ, 1965 - ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, დ. დოლიძის გამოცემა, თბ., 1965

ქსძ, 1970 - ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, ი. დოლიძის გამოცემა, თბ., 1970

ქც, 1955 - ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1955

ქც, 1959 - ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959

ქურდიანი, 1997 – მ. ქურდიანი. ენა და ერი. - –“ქუთაისური საუბრები – IV“, 1997

ყაუხჩიშვილი, 1936 - ს. ყაუხჩიშვილი. მისიმანელების ტომი // თსუ შრომები, I, თბ., 1936

შანიძე, 1931 - ა. შანიძე. ქართული ხალხურ პოეზია, I, ხევსურული, თბ., 1931

შარაშენიძე, 1979 - ზ. შარაშენიძე. ფერეიდნელი "გურჯები," თბ., 1979

შარდენი, 1975 - ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), მ. მგალობლიშვილის გამოცემა, თბ., 1975

ჩანგაშვილი, 1970 - გ. ჩანგაშვილი. საინგილო, თბ., 1970

ჩარკვიანი, 1967 - ა. ჩარკვიანი. სვანეთი, თბ., 1967

ჩიტაია, 1944 - გ. ჩიტაია. ლეჩხუმის ექსპედიციის მოკლე ანგარიში // საქართველოს მუზეუმის მოამბე, XII - B, თბ., 1944

ჩიქოვანი, 1976 - თ. ჩიქოვანი. თრიალეთი, თბ., 1976

ჩიქოვანი, 1979 - თ. ჩიქოვანი. მესხეთი, თბ., 1979

ჩიქოვანი, 1982 - თ. ჩიქოვანი. ჯავახეთი, თბ., 1982

ჩიქოვანი, 1987 - თ. ჩიქოვანი. ზემო ქართლი, თბ., 1987

ჩხატარაიშვილი, 1963 - ქ. ჩხატარაიშვილი. გურიის სამთავრო, თბ., 1963 (საკანდიდატო დისერტაცია)

ჩხატარაიშვილი, 1985 - ქ. ჩხატარაიშვილი. გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ., 1985

ცოცანიძე, 1970 - გ. ცოცანიძე. თიანური და მისი ადგილი ქართული ენის დიალექტთა შორის, თბ., 1970 (საკანდიდატო დისერტაცია)

ცოცანიძე, 1987 - გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე, თბ., 1987

ცხადაია, 2002 - პ. ცხადაია. საკუთარი სახელი კოლხურ (ზანურ) ენაში - სადოქტორო დისერტაციის ავტორეფერატი, თბ., 2002

წულაძე, 1971 - ა. წულაძე. ეთნოგრაფიული გურია, თბ., 1971

ხარაძე, რობაქიძე, 1964 - რ. ხარაძე, ალ. რობაქიძე. სვანეთის სოფელი ძველად, თბ., 1964

ჯავახიშვილი, 1919 - ივ. ჯავახიშვილი. საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, ტფ., 1919

ჯანაშვილი, 1996 - ჯანაშვილი. საინგილო, თბ., 1996

ჯანაშია, 1988 - ს. ჯანაშია. შრომები, ტ. VI, თბ., 1988

ჯორბენაძე, 1995 – ბ. ჯორბენაძე. ქართველურ ენათა დიალექტები, თბ., 1995

ჯორჯაძე, 1990 - ა. ჯორჯაძე. სამშობლო და მამულიშვილობა, თბ., 1990



დაბრუნება ისტორიის განყოფილებაში